შინაარსზე გადასვლა

საქართველოს კულტურა 1921-1941 წლებში

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის განვითარებაში
თბილისის სამხატვრო აკადემია

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების ერთ-ერთ უპირველეს ღონისძიებას წარმოადგენდა განათლების ძველი სისტემის ლიკვიდაცია. აღებულ იქნა გეზი საყოველთაო-სახალხო განათლების შემოღებისაკენ, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავდა მუშათა და გლეხთა მასებში განათლების შეტანას. ეს ფუნქცია დაეკისრა დაწყებითი განათლების სისტემას. გატარდა ღონისძიებები მოზრდილ მოსახლეობაში წერაკითხვის უცოდინრების ლიკვიდაციის მიზნით. მუშათა რიგებიდან უმაღლესი განათლების მქონე სპეციალისტების მოსამზადებლად 1922 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა პირველი მუშათა ფაკულტეტი. ეს ფაკულტეტი მუშა ახალგაზრდობას ამზადებდა უმაღლეს სასწავლებელში შესასვლელად.

საბჭოთა ხელისუფლებამ უნდობლობა გამოუცხადა განათლების ძველი სისტემის მუშაკებს. დაიწყო მასწავლებელთა ახალი კადრების მომზადება. დაწყებით და საშუალო სკოლაში მასწავლებელთა ძველი კადრების შეცვლა გაცილებით ადვილი გამოდგა, ვიდრე უმაღლეს სასწავლებელში. საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა შეჰგუებოდა იმ ფაქტს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წამყვანი ადგილი ისევ ძველ პროფესურას ეჭირა. სხვა გამოსავალი იმ ხანად არ არსებობდა.

უმაღლესი განათლების ერთადერთ კერას თავდაპირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმოადგენდა. უნივერსიტეტში იყო თავმოყრილი სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების უდიდესი ნაწილი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან იღებენ სათავეს სხვა ქართული უმაღლესი სასწავლებლები. კერძოდ, თბილისის სახელმწიფო უნიფერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტების ბაზაზე დაარსდა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (1928 წ.), საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი (1929 წ.) და თბილისის სამედიცინო ინსტიტური (1930 წ.). პედაგოგიური კადრების მომზადების საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის პედაგოგიურმა ინსტიტუტებმა.

სახვით ხელოვნებაში ეროვნული კადრების მომზადებას საფუძველი დაუდო თბილისის სამხატვრო აკადემიამ, რომელიც 1922 წელს გაიხსნა. 1924 წელს დაარსდა თბილისის კონსერვატორია. 1924 წელსვე შეიქმნა თბილისის საოპერო სტუდია.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ამავე დროს იყო პირველი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. უნივერსიტეტი აძლევდა ტონს მეცნიერების ყველა დარგის განვითარებას. უნივერსიტეტელი მეცნიერები გახდნენ შემდგომში სხვა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების დამაარსებელნი. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების შექმნა ინტენსიურად მიმდინარეობდა 20-30-იან წლებში. 1929 წელს დაარსდა ქიმიის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი. 1933 წელს ნიკოლოზ მუსხელიშვილის თაოსნობით თბილისში ამოქმედდა მათემატიკის ინსტიტუტი. იმავე წელს შეიქმნა გეოფიზიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი. 1935 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ჩამოყალიბდა ფიზიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი. ქართველოლოგიის განვითარების ისტორიაში ღირსშესანიშნავ მოვლენათა რიცხვს განეკუთვნება ენის, ისტორიის და მატერიალური კულტურის ინსტიტუტის (ენიმკი) დაარსება (1935 წ.), რომლის ბაზაზეც 1941 წელს შეიქმნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში თავდაპირველად 16 ნამდვილი წევრი იყო, მათ შორის იყვნენ ქართველი მეცნიერების კორიფეები: გიორგი ახვლედიანი, ივანე ბერიტაშვილი, კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე, არნოლდ ჩიქობავა, სიმონ ჯანაშია, ნიკოლოზ მუსხელიშვილი, ალექსანდრე თვალჭრელიძე და სხვ.

1921—1941 წლები აღინიშნა ქართველი მეცნიერების დიდი მიღწევებით როგორც ჰუმანიტარულ, ისე საბუნებისმეტყველო დარგში.

ენათმეცნიერების დარგში უმნიშვნელოვანესი გამოკვლევები შექმნეს: აკაკი შანიძემ (1887—1988), გიორგი ახვლედიანმა (1887—1973), არნოლდ ჩიქობავამ (1898—1985) და სხვ. ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის შესწავლის საქმეში განუზომელია კორნელი კეკელიძისა (1879—1962) და პავლე ინგოროყვას (1893—1983) წვლილი.

ქართული ისტორიოგრაფიის დიდი მიღწევები დაკავშირებულია ივანე ჯავახიშვილისა (1876—1940) და მისი მოწაფეების სახელთან. 1921—1941 წლებში გამოქვეყნდა ივანე ჯავახიშვილის უმნიშვნელოვანესი ნაშრომები: „ქართველი ერის ისტორიის“ მესამე წიგნი (1941 წ.), „საქართველოს ეკონომიკური ისტორიის“ პირველი და მეორე წიგნები (1930—1934 წწ.), „ქართველი საფასთმცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკამეტროლოგია“ (1925 წ.), „ქართველი სიგელთმცოდნეობა ანუ დი პოლმატიკა“ (1926 წ.), „ქართული სამართლის ისტორიის“ პირველი და მეორე წიგნები (1927—1929 წწ.) და სხვ. საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პრობლემას მიეძღვნა სარგის კაკაბიძის (1886—1967), სიმონ ჯანაშიას (1900—1969) და ნიკო ბერძენიშვილის (1888—1965) გამოკვლევები.

ქართულ ფილოსოფიურ სკოლას შორს გაუთქვა სახელი შალვა ნუცუბიძემ (1888—1969). ფსიქოლოგიის დარგში მსოფლიო მნიშვნელობის გამოკვლევები შექმნა დიმიტრი უზნაძემ (1886—1950).

ქართული ხელოვნების ისტორიაში, კერძოდ, ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში, ფუნდამენტური გამოკვლევები შექმნა გიორგი ჩუბინაშვილმა (1885—1973).

20-30-იანი წლები საბუნებისმეტყველო მეცნიერების მძლავრი აღმოვლობის პერიოდია. მათემატიკის მეცნიერების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს ანდრია რაზმაძემ (1889—1929) და ნიკოლოზ მუსხელიშვილმა (1891—1976). საქართველოში ფიზიოლოგიური მეცნიერების ჩასახვა და განვითარება დაკავშირებულია ივანე ბერიტაშვილის (1885—1974) სახელთან. ალექსანდე ჯანელიძესა (1888—1975) და ალექსანდრე თვალჭრელიძის (1881—1957) მიერ შექმნილმა ქართულმა გეოლოგიურმა სკოლამ მეცნიერება გაამდიდრა უმნიშვნელოვანესი გამოკვლევებით. ალექსანდრე ჯავახიშვილმა ქართულ ენაზე შექმნა გეოგრაფიის პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელოები.

ქართული ჰუმანიტარული და საბუნებისმეტყველო მეცნიერების მიღწევებს დაუფუძვნა შემდგომი ეპოქის წარმატებები.

კონსტანტინე გამსახურდია

ცხადია, საბჭოთა პოლიტიკური სისტემა ხელსაყრელ პირობებს ვერ შექმნიდა მწერლობის განვითარებისათვის. პოლიტიკური რეჟიმი მიისტრაფოდა, მწერლობა თავისი მიზნებისათვის დაექვემდებარებინა. 30-იანი წლების პოლიტიკურმა რეპრესიებმა კი საერთოდ უმძიმეს მდგომარეობაში დააგდო ქართული მწერლობა.

1920-იანი წლებიდან ლიტერატურული სკოლებიდან აღსანიშნავია ეგრეთ წოდებული „აკადემიური ჯგუფი“ (კონსტანტინე გამსახურდია, იოსებ გრიშაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, გრიგოლ რობაქიძე, ლეო ქიაჩელი და სხვ.), „ცისფერყანწელები“ (პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, გიორგი ლეონიძე), „ფუტურისტები“ (სიმონ ჩიქოვანი, აკაკი ბელიაშვილი, დემნა შენგელაია და სხვ.), „არიფიონელები“ (შალვა დადიანი, კონსტანტინე ჭიჭინაძე, გერონტი ქიქოძე და სხვ.). აღნიშნული სკოლები თავისი ლიტერატურული მრწამსით მიუღებელი იყო საბჭოთა (კომუნისტური) იდეოლოგიისათვის. სწორედ ამიტომ მათ წინააღმდეგ მიმდინარეობდა შეურიგებელი ბრძოლა. უხეში, არაპროფესიული კრიტიკა და დაუსრულებელი თავდასხმები აუტანელ ატმოსფეროს ქმნიდა სამწერლო მოღვაწეობისათვის. პოლიტიკური რეჟიმისათვის მიუღებელი ლიტერატურული სკოლების წინააღმდეგ ბრძოლით განსაკუთრებით გამოიჩინა თავი საქართველოს პროლეტარულ მწერალთა ასოციაციამ, რომლის რიგებშიც შედიოდნენ: იაკინთე ლისაშვილი, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, იონა ვაკელი, ალიო მირცხულავა და სხვები. ცხადია, საბჭოთა ხელისუფლებას ადმინისტრაციული ღონისძიებებით შეეძლო ცალკეული ლიტერატურული მიმდინარეობის წარმომადგენლები აეძულებიმა, უარი ეთქვათ თავიანთ ლიტერატურულ-ესთეტიკურ მრწამსზე და ამით დაეთმოდ უხეში ძალისათვის. ასეთ ადმინისტრაციულ ღონისძიებებს განეკუთვნებოდა საქართველოს მწერალთა კავშირის მეორე ყრილობის (1928 წ.) დადგენილება, რომლის ძალითაც ფაქტობრივად იკრძალებოდა ცალკეული ლიტერატურული ჯგუფებისა და ასოვიავიების საქმიანობა. ამიერიდან ყველა ქართველი მწერალი საქართველოს საბჭოთა მწერლობის ერთიან ფედერაციაში უნდა გაერთიანებულიყო.ჰჰლებში შექმნა მწერალმა ქართული პროზის მშვენება: „ჰაკი აძბა“ და „თავადის ქალი მაია“. ცოტა მოგვიანებით — „გვადი ბიგვა“. 20-იანი წლების დამდეგიდან ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ახალი შემოქმედებითი იმპილსი მიეცა მიხელ ჯავახიშვილის (1880—1937) მწერლურ ნიჭს. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა მისი რომანი „კვაჭი კვაჭანტირაძე“, მოგვიანებით კი მეორე რომანი — „არსენა მარაბდელი“. 20-იანი წლებში შექმნა მწერალმა უდიდესი მხატვრული სიმართლით აღბეჭდილი მოთხრობები: „ლამბალო და ყაშა“, „მუსუსი“, „მართალი აბდულაჰ“. 20-30-იან წლებში შეიქმნა კონსტანტინე გამსახურდიას (1891—1975) მრავალი შედევრთაგანი, მათ შორის რომანები „დიდოსტატის მარჯვენა“ და „მთვარის მოტაცება“.

20-30-იან წლებში ქართული პროზის მდიდარი ტრადიციები გააგრძელეს გრიგოლ რობაქიძემ, დემნა შენგელაიამ, ალექსანდრე ქუთათელმა და სხვებმა.

20-იანი წლების დამდეგიდან აგრძელებს მოღვაწეობას ქართული ლექსის ჯადოქარი გალაქტიონ ტაბიძე (1891—1959). 20-30-იან წლებში შექმნილი მისი ლირიკული მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია: „ქარი ქრის“, „ჩვენ პოეტები საქართველოსი“, „ეს მშობლიური ქარია“, „ეფემერა“, „ისევ ეფემერა“, „პროლოგი 100 ლექსის“, პოემა „ჯონ რიდი“ და სხვა მრავალი მარგალიტი ქართული პოეზიისა.

20-30-იან წლებში კიდევ უფრო გამობრწყინდა ქართული ლირიკის შენაშიშნავი ოსტატის ტიციან ტაბიძის (1895—1937) შემოქმედებითი ნიჭი. ამ პერიოდში შეიქმნა მისი „ლექსი-მეწყერი“, „რია-რია“, „ოქროყანიდან“, „ორპირის ოქროპირი“ და მრავალი სხვა.

20-30-იან წლებში ქართული პოეზიის საგანძური გამდიდრდა გიორგი ლეონიძის, პაოლო იაშვილის, ალექსანდრე აბაშელის, ვალერიან გაფრინდაშვილის, სიმონ ჩიქოვანის, ტერენტი გრანელის, ლადო ასათიანის, მირზა გელოვანის ლექსებით. ქართული ლექსის ბურმუხა გიორგი (1899—1966) ამ პერიოდში ქმნის პოეზიის შესანიშნავ ნიმუშებს: „ოლე“, „ღამე ივერიისა“, „ნინოწმინდის ღამე“, „ყივჩაღის პაემანი“ და სხვ. ნაყოფიერი აღმოჩნდა 20-30-იანი წლები პაოლო იაშვილის (1894—1937) შემოქმედებისათვის. მისი პოეტური მემკვიდრეობიდან აღსანიშნავია „პოეზია“, „როგორც აფრის ტკაცუნი“, „ლირიკული მისამართიდან“ და სხვ.

20-30-იანი წლების ქართული დრამატურგიის განვითარებაში დიდია პოლიკარპე კაკაბაძის წვლილი. სწორედ ამ ეპოქაში შეიქმნა მისი საყოველთაოდ ცნობილი ნაწარმოები „ყვარყვარე თუთაბერი“.

საბჭოთა რეჟიმმა არახელსაყრელი ვითარება შექმნა ხელოვნების ყველა დარგის განვითარებისათვის. მიუხედავად ამისა, ქართველ ხელოვანთა დიდმა ნიჭმა და ტალანტმა თავისი გზა იპოვა და ქართულმა ხელოვნებამ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.

20-30-იან წლებში მოღვაწე მხატვრებიდან აღსანიშნავია: გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძის, ლადო გუდიაშვილის, დავით კაკაბაძის, ელენე ახვლედიანის, ქეთევან მაღალაშვილის, უჩა ჯაფარიძის, ირაკლი თოიძის და სხვათა შემოქმედება.

გიგო გაბაშვილის (1862—1936) შემოქმედებიდან ყურედღებას იპყრობს „ავტოპორტრეტი“, „შემზარავი სიწყნარე“, „მზადება ბრძოლისათვის ხევსურეთში“. მოსე თოიძის (1871—1953) ნამუშევრებიდან აღსანიშნავია „მრისხანე ბატონი“, „ბედნიერი ცხოველი“; ლადო გუდიაშვილის (1896—1980) ყოველი ქმნილება პროფესიული დახელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. მისი თითქმის ყოველი ნამუშევარი კომპოზიციის შესანიშნავი გააზრებითა და ინდივიდუალური ფერწერით ხასიათდება. მხატვრის ნამუშევრებიდან შეიძლება დავასახელოთ „ახალი მცხეთა“, „ლოჟაში“, „სულო ბოროტო“, „ნიკოლოს ბარათაშვილის პორტრეტი“. დავით კაკაბაძის (1889—1958) ფერწერული ნამუშევრები გამთბარია ეროვნული კოლორიტით. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აღსანიშნავია მხატვრის მიერ შესრულებული იმერეთის პეიზაჟები, „იმერეთი, დედაჩემი“, „სვანეთი“. უფრო ადრეული ნამუშევრებიდან ყურადღებას იპყრობს „წურბელების გამყიდველი“, „ბანანების გამყიდველი“. ელენე ახვლედიანის (1901—1975) შემოქმედებიდან აღსანიშნავია „მანავი“, „კახეთი, ზამთარი“, „ძველი სამრეკლო“. ქეთევან მაღალაშვილის ნამუშევრებიდან ყურადღებას იპყრობს შალვა დადიანის, სვიატოსლავ რიხტერის და სხვათა პორტრეტები. უჩა ჯაფარიძე ქმნის ფერტერულ ტილოებს: „სიყრმის მეგობრები“, „ბაზრის კუთხე“, „პატარა ჯიხვი“. ირაკლი თოიძეს ეკუთვნის პორტრეტების მთელი სერია. მათ შორის აღსანიშნავია „მხატვრის მეუღლის პორტრეტი“.

ქართული ქანდაკების განვითარებაში განმსაზღვრელი იყო იაკობ ნიკოლაძის (1876—1951) შემოქმედება. მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ილია ჭავჭავაძის ბარელიები, ასევე პეტრე მელიქიშვილის ქანდაკება. ქართული ქანდაკების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნიკოლოზ კანდელაკმა.

ზაქარია ფალიაშვილი

20-30-იან წლებში ქართული მუსიკის განვითარებაში განმსაზღვრელი როლი შეასრულა უფრო თაობის მოღვაწეებმა: ზაქარია ფალიაშვილმა, ია კარგარეთელმა, ვანო სარაჯიშვილმა, დიმიტრი არაყიშვილმა, მელიტონ ბალანჩივაძემ, ვიქტორ დოლიძემ და სხვებმა.

დიდი წარმატებით იდგმებოდა ოპერები: ზაქარია ფალიაშვილის (1871—1933) „აბესალონ და ეთერი“, „დაისი“, „ლატავრა“, დიმიტრი არაყიშვილის (1871—1953) „თქმულება შოთა რუსთაველზე“, ვიქტორ დოლიძის (1890—1933) „ქეთო და კოტე“.

რომანსის ჟანრში წარმატებით მოღვაწეობდა მელიტონ ბალანჩივაძე (1862—1937), რომელმაც შექმნა რომანსები „შენ გეტრფი მარად“, „ოდეს გიცქერ“. ასევე პოპულარული იყო ანდრია ყარაშვილის „დავრდომილი სნეული“, „ისევ შენ“, ია კარგარეთელის „მშვენიერთა ხელმწიფევ“, „არაგვო“, ვიქტორ დოლიძის „ახ, ტურფავ“, კოტე ფოცხვერაშვილის „ლალე“ და „ინდი-მინდი“.

30-იან წლებში ყურადღება მიიპყრო კომპოზიტორმა შალვა მშველიძემ, რომელსაც ეკუთვნის სიმფონიური პოემა „ზვიადაური“. გრიგოლ კილაძემ ილია ჭავჭავაძეს პოემის მიხედვით დაწერა სიმფონიური პოემა „განდეგილი“.

ანდრია ბალანჩივაძემ შექმნა გმირულ-რომანტიკული ბალეტი „მზეჭაბუკი“, ბალეტი „მთების გული“. ქართული ბალეტის ჩასახვასა და განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის უნიჭიერეს მოცეკვავეს, ბალეტმაისტერსა და პედაგოგს ვახტანგ ჭაბუკიანს.

ქართული კულტურის ისტორიაში ღირსშესანიშნავ მოვლენას წარმოადგენს ქართული ხელოვნების დეკადა მოსკოვში (1937 წ.). მაყურებელზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ქართულმა საოპერო სპექტაკლებმა, ქართული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებმა. დეკადის დღეებში გაიბრწყინა დიდი ქართველი დირიჟორის ევგენი მიქელაძის ტალანტმა. დეკადის განსაკუთრებულ მოველანდ იქცა ქართული ქორეოგრაფიის კორიფეების ვახტანგ ჭაბუკიანისა და ნინო რამიშვილის ხელოვნება.

კოტე მარჯანიშვილი

20-30-იანი წლები ქართული თეატრის დიდი აღმავლობის პერიოდია. თეატრალური ცხოვრების მოვლენად იქცა რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის (1872—1933) მიერ ლოპე დე ვეგას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ცხვირს წყარო“, გიორგი ერისთავის „გაყრა“, მოლიერის „გააზნაურებული მდაბიო“, უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“, შალვა დადიანის „კაკალ გულში“, პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“ და სხვ. ქართული თეატრის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელმა (1886—1937). მისი სპექტაკლები „ლამარა“, „ანზორი“, „სამშობლო“ საეტაპო მნიშვნელობისა იყო.

თბილისის შოთა რუსთაველისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრებს გარდა საინტერესო სპექტაკლები იდგმებოდა ქუთაისსა და ბათუმში.

ქართული თეატრის განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს რეჟისორებმა: ვასილ ყუშიტაშვილმა, დოდო ანთაძემ, დიმიტრი ალექსიძემ და სხვებმა, მსახიობებმა: ვერიკო ანჯაფარიძემ, უშანგი ჩხეიძემ, აკაკი ხორავამ, აკაკი ვასაძემ, შალვა ღამბაშიძემ, ალექსანდრე ჟორჟოლიანმა, სესილია თაყაიშვილმა, ვასო გოძიაშვილმა, სერგო ზაქარიაძემ, გიორგი შავგულიძემ, აკაკი კვანტალიანმა და სხვებმა.

ვერიკო ანჯაფარიძე

საბჭოთა ხელისუფლებისათვის კინო აგიტავიის შესანიშნავ საშუალებას წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ პირველი მხატვრული ფილმები რევოლუციის თემას მიეძღვნა. მათ შორის უნდა მოციხსენიოთ „არსენა ჯორჯიაშვილი“ და „წითელი ეშმაკუნები“. 20-იან წლებში გადაღებული სხვა ფილმებიდან აღსანიშნავია „სამი სიცოცხლე“, „ტარიელ მკლავიძის მკვლელობის საქმე“ და სხვ. კოტე მარჯანიშვილმა გადაიღო ფილმები: „ქარიშხლის წინ“, „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ამოკი“ და სხვ., ალექსანდრე წუწუნავამ — „ვინ არის დამნაშავე?“

20-იანი წლების ბოლოს ქართულ კინემატოგრაფიაში მოვიდნენ ახალგაზრდა რეჟისორები: მიხეილ ჭიაურელი, ნიკოლოზ შენგელაია, სიკო დოლიძე, ლეო ესაკია, დავით რონდელი და სხვები. ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა მხატვურლმა ფილმებმა: „ელისო“ (რეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია), „ჯანყი გურიაში“ (რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა), „უკანასკნელი ჯვაროსნები“ (რეჟისორი სიკო დოლიძე), „არსება“ (რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი), „დაკარგული სამოთხე“ (რეჟისორი დავით რონდელი) და სხვ. ამ პერიოდში გადაღებული სხვა ფილმებიდან ყურადღებას იპყრობს: „ჟუჟუნას მზითები“, „უკანასკნელი მასკარადი“, „დარიკო“, „ნარინჯის ველი“, „დაგვიანებული სასიძო“ და სხვ.

ქართული კინემატოგრაფიის დიდი წარმატება განაპირობეს შესანიშნავმა მსახიობებმა: ნატო ვაჩნაძემ, ვერიკო ანჯაფარიძემ, აკაკი ხორავამ, ალექსანდრე ჟორჟოლიანმა, სერგო ზაქარიაძემ, შალვა ღამბაშვილმა, თამარ ციციშვილმა, უშანგი ჩხეიძემ, სპარტაკ ბაღაშვილმა, აკაკი კვანტალიანმა, ბათუ კრავეიშვილმა, აკაკი ხინთიბაძემ და სხვებმა.

საქართველოში ამ პერიოდში XX საუკუნის დასაწყისში პოპულარული მოდერნის სტილი ჩაანაცვლა ე. წ. სტალინისტურმა არქიტექტურამ. 20-30-იანი წლების არქიტექტურის შესახებ შეიძლება ვიმსჯელოთ თბილისის ხუროთმოძღვრული ძეგლებით, რომელთა შორის შეიძლება დავასახელოთ: კინოსტუდია „ქართული ფილმის“, მთავრობის შენობა, იმელის შენობა, ცირკი და სხვ. ამავე პერიოდში ვითარდებოდა ქუთაისის, ბათუმის, სოხუმისა და სხვა ქალაქების ხუროთმოძღვრება.

  • საქართველოს ისტორია (XIX-XX საუკუნეები) – IX კლასის სახელმძღვანელო