შინაარსზე გადასვლა

იაკინთე ლისაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაკინთე ლისაშვილი
დაბადების თარიღი 19 სექტემბერი, 1897(1897-09-19)
დაბადების ადგილი ზედუბანი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 1 მარტი, 1972(1972-03-01) (74 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი და დრამატურგი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ

იაკინთე ბარნაბას ძე ლისაშვილი (ნამდვილი გვარი ხომერიკი; დ. 19 სექტემბერი, 1897, ზედუბანი, ოზურგეთის მაზრა — გ. 1 მარტი, 1972, თბილისი) — ქართველი მწერალი, დრამატურგი.

დაიბადა გლეხის, ბარნაბ ხომერიკის ოჯახში. ოჯახში შრომით საქმიანობას ადრე შეუდგა. 1913-1914 წლებში ასოთამწყობად მუშაობდა ბათუმში, თავართქილაძის სტამბაში. 1916-1917 წლებში ჯარში მსახურობდა, თუმცა ფრონტზე ყოფნა არ მოსწევია. 1918 წელს მონაწილეობდა ჩოლოქის ბრძოლაში. 1918 წელს თბილისში დამკვიდრდა და მუშაობა დაიწყო სამხედრო სამინისტროს სტამბაში ასოთამწყობად. ლიტერატურული საქმიანობას 1918 წლიდან შეუდგა. პირველი ერთმოქემედებიანი პიესა „უნაყოფო ნუგეში“ 1919 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „თეატრსა და ცხოვრებაში“. მალე ამას მოჰყვა ოთხმოქმედებიანი დრამა „ომის ბრალია“, რომელიც იმავე წელს „მხედარში“ დაიბეჭდა. 1920 წელს ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამო დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში ჩასვეს, სადაც იჯდა საბჭოთა ოკუპაციამდე.

1921-1922 წლებში იყო ქართული დივიზიის პოლიტგანყოფილების უფროსი. 1922-1926 წლებში სწავლობდა კომუნისტურ უნივერსიტეტში 1923 წელს გამოსცა პოეტური კრებული „მანქანების ჭრაღები“. მისი ლექსები იბეჭდებოდა სხვადასხვა გამოცემებში. 1926 წელს დაიბეჭდა მისი პოემა „ზვირთების ქარავანი“, ხოლო 1927 წელს ლექსების და პოემების მეორე კრებული. 1926-1928 წლებში მუშაობდა სახკომსაბჭოს ინსტრუქტორად. 1928-1931 წლებში იყო ცეკავშირის გაზეთ „კოოპერაციის“ რედაქტორი. 1931 წელს გამოიცა მისი ლექსების მესამე კრებული „გაშლილი ფრონტი“. 1931-1936 წლებში გამომცემლობა „ფედერაციის“ დირექტორი. 1933 წელს გამოიცა მისი რომანი „ვარდნილი“. 1934 წელს გახდა საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. 1935 წელს გამოიცა მისი მოთხრობა „კადონა“, 1937 წელს „ძახილი მთაში“. 1936-1939 წლებში იყო საქლიტფონდის დირექტორი; 1939 წლიდან იყო საავტორო უფლებათა დაცვის სამმართველოს დირექტორი. 1941 წელს გამოვიდა მისი რომანი „კეცხოველი“, რომელიც ითარგმნა რამდენიმე ენაზე. 1942 წელს გამოსცა წიგნი „მოთხრობები ომზე და შრომაზე“. 1946 წელს გამოსცა რომანი „სიცოცხლისთვის“, 1951 წელს — „ერთგულება“.

დაჯილდოვებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

  • თევზაძე, დ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 251.
  • (2013) „იაკინთე ლისაშვილი“, მწერალთა ავტობიოგრაფიები, წიგნი I. თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი, გვ. 784-790. ISBN 978-99940-28-84-9. 
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 237, თბ., 1994
  • ჯიბუტი, ვ., „რომანი სიყვარულსა და ერთგულებაზე“, „მნათობი“ N10, 1960

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]