ვინ არის დამნაშავე?
„ვინ არის დამნაშავე?“ | |
---|---|
ჟანრი | დრამა |
დამდგმელი რეჟისორი | ალექსანდრე წუწუნავა |
პროდიუსერი | გერმანე გოგიტიძე |
სცენარის ავტორი | ალექსანდრე წუწუნავა |
ნაწარმოები |
ვინ არის დამნაშავე? — ნინო ნაკაშიძე |
როლებში | ნატო ვაჩნაძე, კოტე მიქაბერიძე |
ოპერატორი | ს. ზაბოლაევი, ვ. ენგელსი, ა. პოლიკევიჩი, ნ. ტიხონოვი |
მხატვარი | დიმიტრი შევარდნაძე |
გამოსვლის თარიღი | 1925 |
ქვეყანა | სსრკ |
ენა | მუნჯი |
ვინ არის დამნაშავე? — პირველი ქართული მხატვრული ფილმი, რომელიც დაფუძნებულია პიესაზე. ფილმი გადაღებულია ალექსანდრე წუწუნავას მიერ და მისი სიუჟეტი ასახავს ამერიკაში გურული მოჯირითეების ისტორიას.
სიუჟეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გამდიდრების ჟინით შეპყრობილი ედის ჩაგონებით გურული გლეხი სიკო სხვა დაქირავებულ ცხენოსნებთან ერთად მიემგზავრება აშშ-ში, რათა იქაურ ცირკში მონაწილეობით ფული იშოვოს. შინ ცოლ-შვილი, დედა და მოხუცი პაპა რჩებიან. სიკოს წასვლის შემდეგ შვილი და პაპა გარდაიცვლებიან, მეუღლე ფატის კი დედამთილის ხელშეწყობით მეზობელი შეაცდენს და ამერიკიდან დაბრუნებულ სიკოს ცოლი ფეხმძიმედ დახვდება. შეურაცხყოფილი ფატი თავს იღრჩობს, სიკო კი სახლ-კარს გადაწვავს და თითონაც იღუპება.
როლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნატო ვაჩნაძე
- კოტე მიქაბერიძე — სიკო
- არკადი ხინთიბიძე
- ვლადიმერ ტრაპაიძე
- ცეცილია წუწუნავა — სიკოს დედა
გადაღება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფილმის გადაღებამდე წუწუნავა პიესას „ვინ არის დამნაშავე?“ წარმატებით დგამდა სცენაზე. მისი გადაღების პროცესში ოზურგეთსა და ლანჩხუთში უამრავი მასალა შეაგროვეს, რაც დაიკარგა. შემორჩენილია მოჯირითე ლუკა ჩხარტიშვილის 1925 წლის 23 აგვისტოს წერილი ივანე ურუშაძისადმი, სადაც ის საყვედურობს წუწუნავას ფოტომასალის დაკარგვის გამო.
სახკინმრეწვის ეზოში 5 დღეში ააშენეს სამწრიანი ამერიკული ცირკი, ერთ კვირაში შეიკერა კოვბოების, ინდიელების, მოჯირითე გურულების კოსტუმები. ჯირითის სცენებში მონაწილეობდნენ რეალურად ამერიკაში ნამყოფი მოჯირითეები, მათ შორის ცოლ-ქმარი ველიკო და მარო კვიტაიშვილები, რომლებიც ამერიკაში 1910-იან წლებში ჯირითობდნენ. მასობრივი სცენისთვის საჭირო დიდძალი მაყურებელი რეკლამით მოიზიდეს. მაყურებლისადმი წაყენებული მოთხოვნა იყო, რომ მათ ევროპული კოსტუმები უნდა ცმოდათ.
წუწუნავამ ფილმი ორ სერიად გადაიღო, მაგრამ სახკინმრეწვის წარმომადგენელმა გრიგოლ არუსტანოვმა, რომელმაც ფილმი მოსკოვში ჩაიტანა, ის შეკვეცა და „უაილდ ვესტის მხედარი“ დაარქვა. არუსტანოვმა შეცვალა ზოგიერთი ტიტრი, სადაც „ქართველი მოჯირითეები“ „კავკასიელ მოჯირითეებად“ გადააკეთა. წუწუნავა იმდენად უკმაყოფილო იყო გადაკეთებებით, რომ ერთხანს ტიტრებიდან საკუთარი გვარის ამოღებაც კი უნდოდა, მაგრამ შემდეგ ბედს შეეგუა.
პრემიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თბილისში ფილმის პრემიერა ერთდროულად სამ კინოთეატრში, „სოლეიში“, „არფასტოსა“ და „აპოლოში“ გაიმართა. ბილეთები ელვის სისწრაფით იყიდებოდა. სახკინმრეწვმა წინასწარ გამოსცა სარეკლამო ქართულ-რუსული ბუკლეტი. თბილისის კინოეკრანებზე პირველი სამი კვირის განმავლობაში ფილმი 60 ათასმა მაყურებელმა ნახა.
ფილმი მოსკოვის ექვს კინოთეატრში გადიოდა და დიდი მოწონება დაიმსახურა. კინოსურათი საზღვარგარეთაც გაიტანეს და აჩვენეს გერმანიაში, ფინეთში, ლიტვაში, ლატვიაში, პოლონეთში, თურქეთში, ირანში, ჩეხოსლოვაკიაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მახარაძე ი., „დიადი მუნჯი, თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2014, ISBN 978-9941-23-104-9.
- გოგიტიძე გ., „ქართული კინოს წარსულიდან“, საგა, 2013. — გვ. 100-105, ISBN 978-9941-0-5910-0.
- ელერდაშვილი ა., უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი, თბილისი: ფანტაზია, 2006.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|