შინაარსზე გადასვლა

დავით კაკაბაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კაკაბაძე.
ავტოპორტრეტი სარკესთან
დავით კაკაბაძე საფოსტო მარკა. 2018 წელი ავტ. გ. ქართველიშვილი.

დავით ნესტორის ძე კაკაბაძე (დ. 20 აგვისტო [ძვ. სტ. 8 აგვისტო], 1889, სოფელი დიდი კუხი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი — გ. 10 მაისი, 1952, თბილისი) — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრისა და კინოს მხატვარი, ხელოვნების მკვლევარი, გამომგონებელი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, პროფესორი.

კაკაბაძე მოწაფეობის წლებიდან ბეჭდავდა ნახატებს ქართულ პერიოდულ პრესაში. 1916 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება, იმავე დროს, 1915 წლამდე, მეცადინეობდა მხატვარ ლ. დიმიტროევ-კავკაზსკის სახელოსნოში; გაეცნო რუსულ და დასავლეთევროპული მხატვრობის უახლეს მიმდინარეობებს და დაჯგუფებებს. სტუდენტობის წლებში დაიწყო ძვ. ქართული ხელოვნების კვლევა. პეტერბურგში კაკაბაძე 1918 წლამდე დარჩა. ამ პერიოდს მიეკუთვნება ფინეთსა და საქართველოში ნატურიდან დახატული პეიზაჟები, 3 ავტოპორტრეტი („ავტოპორტრეტი სარკესთან“, 1913, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი; „ავტოპორტრეტი ბროწეულით“, 1913; „ავტოპორტრეტი რუხ ხალათში“, 1917 — ორივე მხატვრის ოჯახის კუთვნილება), დედის პორტრეტი, 1914 და ძმის პორტრეტი, 1915 (ორივე მხატვრის ოჯახის კუთვნილება). რეალისტურ ნამუშევრებთან ერთად კაკაბაძემ შექნმნა კუბისტური ხასიათის სურათებიც („დასაფლავება იმერეთში“, 1913; „ავტოპორტრეტი“ 1913 — ორივე მხატვრის ოჯახის კუთვნილება), 1918–1919 წლები კაკაბაძემ საქართველოში გაატარა. ამ პერიოდში საბოლოოდ ჩამოყალიბდა მისი, როგორც მკაფიო თავისებურებების მქონე მხატვრის, შემოქმედებითი სახე. კაკაბაძემ შექმნა იმერული პეიზაჟების ციკლის პირველი ნიმუშები. ადრინდელი პეიზაჟებისაგან განსხვავებით, ისინი ბუნების უშუალო ასახვას კი არ წარმოადგენენ, არამედ მკაფიოდ გამოკვეთილი პრინციპების თანახმად აგებულ სურათებს, რომლებშიც მოცემულია იმერეთის ბუნების განზოგადებული სახე; კომპოზიციას ახასიათებს ნათელი, კლასიკური ტექნიკურობა („პეიზაჟი წითელი გზით“, „პეიზაჟი ციხითა და მდინარით“, 1918, ორივე მხატვრის ოჯახის კუთვნილება).

1918 წელს კაკაბაძემ შექმნა სურათი „იმერეთი - დედაჩემი“, სადაც მხატვრისთვის ჩვეული იმერეთის პეიზაჟის ფონზე გამოსახულია მოხუცი ქალის ალეგორიული ფიგურა. ამავე წელს შექმნა ლაკონიური და გრაფიკულად მკაფიო „იმერული ნატურმორტი“ (ორივე ნამუშევარი საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება); ამავე პერიოდს განეკუთვნება ძვ. თბილისის ამსახველი ნახატები და წაღვერის სერია (მხატვრის ოჯახისა და დასავლეთ ევროპის სხვადასხვა მუზეუმების კუთვნილება). 1919–1927 წლებში კაკაბაძე პარიზში ცხოვრობდა, მონაწილეობდა „დამოუკიდებელ მხატვართა საზოგადოების“ ყოველწლიურ გამოფენებში, სხვა ქართველ მხატვრებთან ერთად აწყობდა გამოფენებს (მოაწყო თავისი სურათების გამოფენა ამერიკაში); კითხულობდა ლექციებს ხელოვნების საკითხებზე, მუშაობდა სტერეოკინოს გამოგონებაზე (მიღებული აქვს ევროპის მრავალი ქვეყნის პატენტი), აქვეყნებდა თეორიულ ნაშრომებს (ქართულ და ფრანგულ ენებზე).

კაკაბაძის ამ პერიოდის შემოქმედებაში აისახა ორი მიმართულება: ერთი მხრივ, მხატვარი ქმნიდა რეალისტურ, საგნობრივი სამყაროს მიერ შთაგონებულ სურათებს (პარიზის ჩანახატების სერია, აკვარელების სერია „ბრეტანი“ - საქართველოს ხელოვნების მუზეუმისა და მხატვრის ოჯახის კუთვილება; „წურბელების გამყიდველი“, „ბანანების გამყიდველი“ — ადგილსამყოფელი უცნობია), მეორე მხრივ — უსაგნო სურათებს და კოლაჟებს (ცალკეული სერიები ინახება მხატვრის ოჯახში და საქართველოს ხელოვნების მუზეუმში).

აბსტრაქცია

1927 წელს შექმნა ალეგორიული სურათი „ინდუსტრია“. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კონსტანტინე მარჯანიშვილის მოწვევით კაკაბაძემ მუშაობა დაიწყო თეატრალურ-დეკორაციული ხელოვნების დარგში. გააფორმა რამდენიმე სპექტაკლი (ერნსტ ტოლერის „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!“, 1928; პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“, 1929; შალვა დადიანის „ნინოშვილის გურია“, 1932; დავით კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“, 1937; პოლიკარპე კაკაბაძის „კოლმეურნის ქორწინება“, 1946 — ყველა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი; ილო მოსაშვილის „სადგურის უფროსი“, 1947, რუსთაველის სახელობის თეატრი; პეტრე ჩაიკოვსკის „პოკის ქალი“, 1947 — თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და სხვა), აგრეთვე კინოფილმები („მარილი სვანეთს“, რეჟისორი მიხეილ კალატოზიშვილი, 1930; „დაკარგული სამოთხე“, რეჟისორი დავით რონდელი, 1936 და სხვა). კაკაბაძის შესრულებული დეკორაციები გამოირჩევა ფუნქციური მიზანშეწენილობით, სტილის ღრმა გრძნობით. ამავე პერიოდში კაკაბაძე აქტიურად მუშაობდა როგორც ფერმწერი და გრაფიკოსი. იგი კვლავ დაუბრუნდა იმერული პეიზაჟის თემას, შექმნა ინდუსტრიული პეიზაჟები („რიონჰესი“, 1934, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი და სხვა). ამ სურათების კომპოზიური აგებულება და დეკორატიულობა ძველებურია, მაგრამ ციხის ნანგრევს ცვლის ახალი ცხოვრების ნიშნები - ელექტროსადგური, მშრომელთა მანიფესტაცია; უფრო ცხოველი და ხალისიანია კოლორიტი („ყვითელი მთა“, 1937; „წითელი მთა“, 1944 - ორივე მხატვრის ოჯახის კუთხვილება; „მიტინგი იმერეთში“, 1942, საქართველოს ხელოვნების მუზეუმი). 1930-1940 წლებს მიეკუთვნება კიდევ რამდენიმე სერია („სვანეთი“, 1939;„თბილისი და მისი მოდამოები“, 1944 — ყველა მხატვრის ოჯახის კუთვნილებაა). 1940-1950 წლების მნიშვნელოვანი სურათებია: „ყაზბეგი“, „ფოთი-ელევატორი“ (1949, ორივე საქართველოს ხელოვნების მუზეუმი), „სვანეთი - მადნის დამუშავება“ (1949, მხატვრის ოჯახის კუთვნილება) და სხვა. 1928-1948 კაკაბაძე იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი (1933-1942 - პრორექტორი).

კაკაბაძე ახალი ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელია. მისი სურათები, დიდი კომპოზიციური ოსტატობისა და გადმოცემის სისხარტის გარდა, გამოირჩევა განსაკუთრებული ფერადოვანი სიფაქიზითა და დახვეწილობით; რაციონალურობასთან ერთად, მათ ახასიათებს მაღალი პოეტურობა. კაკაბაძემ პირველმა შექმნა ქართული ბუნების განზოგადებული სახე, პეიზაჟი-სურათი; დიდი მხატვრული ღირსებით გამოირჩევა ადრინდელ პერიოდში შექმნილი პორტრეტები. კაკაბაძე არის ქართული თეატრალური-დეკორაციული ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელი. იგი იყო მკაფიოდ ჩამოყალიბებული შეხედულებების მქონე, მოაზროვნე მხატვარი, რომელიც ყოველთვის ღრმად გააზრებულად, ლაკონიური საშუალებებით ასხამდა ხორცს თავის მხატვრულ ჩანაფიქრს.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მისი ძმა იყო ისტორიკოსი სარგის კაკაბაძე. თბილისში არსებობს ძმების სახელობის ქუჩა.

  • გ. კალანდია, „ქართველი მხატვრები და თბილისი“, თბ., 2014, გვ. 28
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 194, თბ., 1994
  • ბერიძე ვ., დავით კაკაბაძე. «საბჭოთა ხელოვნება», 1979 №№ 11-12;
  • დავით კაკაბაძე (ალბომი), შესავალი წერილი ლ. რჩეულიშვილისა, თბ., 1966;
  • Алибегашвили Ф., Давид Какабадзе, Тб., 1958;
  • Беридзе В., Езерская Н., Искусство Советской Грузии. 1921-1970, М., 1975;

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]