ნატო ვაჩნაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვაჩნაძე.
ნატო ვაჩნაძე
Nato Vachnadze.jpg
დაბ. თარიღი ნატალია ანდრონიკაშვილი
14 ივნისი, 1904
ვარშავა,პოლონეთი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 14 ივნისი, 1953
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1923–1952
მეუღლე(ები) მერაბ ვაჩნაძე
ნიკოლოზ შენგელაია
შვილ(ებ)ი თენგიზ ვაჩნაძე, ელდარ შენგელაია, გიორგი შენგელაია
მშობლები მამა: გიორგი ანდრონიკაშვილი

ნატალია (ნატო) გიორგის ასული ვაჩნაძე (ქალიშვილობის გვარია ანდრონიკაშვილი) (დ. 14 ივნისი, 1904, ვარშავა — გ. 14 ივნისი 1953, დაიღუპა საჰაერო კატასტროფის დროს, დაკრძალულია თბილისში) — საბჭოთა პერიოდის ქართველი კინომსახიობი, საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი 1920-30-იან წლებში. მისი კარიერის მწვერვალზე საბჭოთა კინომ მას ჰოლივუდის სტილის ბრწყინვალება და დიდება მოუტანა. მისი ლეგენდა, შექმნილი საბჭოთა კინორეჟისორების მიერ, კინოთეატრებში ანშლაგებს ჰქმნიდა. თავისი გარეგნობისა და არტისტულობის წყალობით იგი დამსახურებულად იქცა ქართული კინოს ლეგენდად. მისმა პოპულარობამ ქართული კინოსტუდია „სახკინმრეწვი“ საბჭოთა კავშირში უდიდესი გახადა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნატო ვაჩნაძე ვარშავაში დაიბადა ძველი არისტოკრატიული ჩამომავლობის მამისა და პოლონელი დედის ოჯახში. მამა – გიორგი ალექსანდრეს ძე ანდრონიკაშვილი ვარშავაში მსახურობდა ოფიცრად. რამდენიმე თვეში გიორგი ანდრონიკაშვილი ვლადიკავკაზის თერგის ოლქის უფროსად დანიშნეს, ხოლო 1910 წელს მთელი ოჯახით საქართველოში გადმოვიდნენ.

დედა- ეკატერინე სიმონის ასული სლივიცკაია იყო პოლონელი. დედის ბებია – ვოზოლი, იტალიელი მომღერალი, იგი იტალიიდან მოუწვევიათ თბილისში საოპერო თეატრის დაარსების დროს. თბილისში იგი ცოლად გაჰყვა კაპელმეისტერსა და კომპოზიტორს - შენინგს. მათი ქალიშვილი – ნატოს დედის დედა – ცოლად შეურთავს სლივიცკის, რომელსაც მამა პოლონელი ჰყავდა, დედა კი – რუსი.

ნატოს მამა ადრე გარდაეცვალა. გიორგი ანდრონიკაშვილი რუსი ხელმწიფის სამსახურში მსახურობდა, თერგის ოლქის უფროსი იყო და მათგან მიიღო დავალება, რომ უნდა მოეკლა ვინმე ოსი ყაჩაღი სახელად ზელიმხანი, რომელიც 1901 წლიდან ყაჩაღობდა და მთავრობისთვის მოუხელთებელი იყო. ზელიმხანს პირადი შეურაცხყოფის გამო მდიდარი კაცი მოეკლა, ხოლო მისი ქონება ხალხისთვის დაერიგებინა და ყაჩაღობა ასე დაეწყო. როდესაც ზელიმხანს ეს გაუგია ნატოს მამისათვის შემოუთვლია, ქართველი კაცი არ მინდა მოვკლა და ჩემზე არ წამოხვიდეო. გიორგი ზელიმხანზე გალაშქრებისგან თავს იკავებდა, მაგრამ ერთი რუსი გენერალი ამუნათებდა, ზელიმხანი ამდენი ხანი დაჭერილი იქნებოდა, ფეხს რომ არ ითრევდეო. ანდრონიკაშვილი წასულა ყაჩაღის დასაჭერად, მაგრამ ზელიმხანს დაუსწრია და სასიკვდილოდ დაუჭრია.

ოთხი დედმამიშვილიდან ყველაზე უფროსი 10 წლის იყო, უმცროსი კი - წლინახევრის. დედამ შვილები წაიყვანა კახეთში, სადაც ქმრის განადგურებული მამული დახვდა. მიტოვებული სახლი და ვენახი ქმრის ვალების დაფარვას დასჭირდა. ოჯახი ბიძამ შეიფარა სოფელ ფხოველში. ეკატერინემ მალე ააშენა გურჯაანში ოთხოთახიანი პატარა სახლი და საცხოვრებლად იქ გადავიდნენ.

ნატო და მისი უფროსი და სწავლობდნენ თბილისის ქალთა პირველ გიმნაზიაში. უმცროსი და-ძმა კი გურჯანიის პირველ დაწყებით სკოლაში. მისი ერთ-ერთი და კირა ანდრონიკაშვილი აგრეთვე მსახიობი იყო.

კახეთში ნატომ გაიცნო მერაბ ვაჩნაძე, რომელსაც მეშვიდე კლასის გამოცდების ჩაბარების შემდეგ გაჰყვა ცოლად. მერაბ ვაჩნაძისგან ნატოს ჰყავდა ვაჟი – თენგიზი (შემდგომ არქიტექტორი გახდა). ნატო და მერაბი მალე დაცილდნენ ერთმანეთს. იგი 1919 წლიდან მუშაობდა ასანთის ფაბრიკა „პრომეთეი“-ში და საქართველოს იმ დროინდელ სხვა საწარმოებში. იყო მუსიკის მასწავლებელი. 1939 წ. მერაბ ვაჩნაძე გადასახლებაში დაიღუპა.

ნატო ვაჩნაძის აღმოჩენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნატო აღმოაჩინა იმ დროს ძალიან ცნობილმა რეჟისორმა ამო ბეკ-ნაზაროვმა. ნატოს ფოტოსურათი ბეკ-ნაზაროვმა რუსთაველის გამზირზე შიხმანის ფოტოატელიეს ვიტრინაში შეამჩნია. ამო ბეკ–ნაზაროვმა შაქრო ბერიშვილი გააგზავნა ნატოს მოსაძებნად. შაქრო მეორე რეჟისორის ფუნქციას ასრულებდა და ერთ–ერთი როლის შემსრულებელი იყო ფილმში „მამის მკვლელი“. შაქრო ბერიშვილმა გაიგო ნატოს მისამართი, კითხვა-კითხვით მიაგნო გურჯაანში. ბერიშვილმა ნატო სამსახიობო ნიჭზე შეამოწმა, ამღერა და აცეკვა. თავიდან ვაჩნაძე კინოში მოღვაწეობაზე უარს ამბობდა, მაგრამ ბოლოს მაინც დასთანხმდა.[1] პირველი როლი „არსენა ყაჩაღში“ შეასრულა. ვაჩნაძე ხიბლავდა აუდიტორიას მიმზიდველობითა და სილამაზით. მისი მონაწილეობა ფილმში იყო გარანტი სტაბილური საკასო შემოსავლებისა.[2]

მეორე ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1926 წელს ნატო მეორედ დაოჯახდა. ამჯერად მისი მეუღლე გახლდათ ახალგაზრდა და ნიჭიერი კინორეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია. ნიკოლოზ შენგელაია კარგა ხანს ეტრფოდა ნატოს, მაგრამ ვერ უბედავდა საოცნებო ქალს სიყვარულში გამოტყდომას. ცნობილია ერთი ეპიზოდი, რომელმაც დასაბამი მისცა ნატოსა და ნიკოლოზის ოჯახს:

ერთ საღამოს თბილისელებმა ვლადიმერ მაიაკოვსკის გაუმართეს შეხვედრა. დარბაზი ხალხითაა სავსე. ნატოსა და ნიკოლოზს დააგვიანდათ, სცენამდე ვერ მიაღწიეს და ბოლოში გაჩერდნენ. მაიაკოვსკიმ თვალი მოჰკრა მათ: რას დაყუდებულხართ მანდ? ახლოს მოიწიეთ, ჯვარი უნდა დაგწეროთო… და როცა პოეტმა მასთან მისულ წყვილს პირჯვარი გარდასახა, ორ დღეში ოფიციალურად ხელი მოაწერეს. მალე ქვეყანას მოევლინება ელდარ შენგელაია, რამდენიმე წლის შემდეგ კი – გიორგი შენგელაია.

1927 წელს ახალგაზრდა ლეო პუშმა და ნიკოლოზ შენგელაიამ ნატო ვაჩნაძე ფილმზე “გიული” მიიწვიეს. ნატოს ურჩევდენ, არ მიეღო მონაწილეობა ჯერ კიდევ უცნობ რეჟისორთა ფილმში – არ გაეწია რისკი, მაგრამ მსახიობი დათანხმდა გადაღებაზე. სულ ცოტა ხნის წინ შენგელაიას მიერ თქმული სიტყვები – “თუ ოდესმე კინორეჟისორი გავხდი, იცოდეთ ჩემს სურათში უბრალო მოსამსახურის როლსაც არ გაღირსებთო”, საპირისპიროდ ახდა. მსახიობმა შენგელაიასთან მნიშვნელოვანი სკოლა გაიარა. “ნათელა”, “გიული”, “ნარინჯის ველი”, “სამშობლო” ის ფილმებია, სადაც ნატო ვაჩნაძემ პლასტიკისა და კინოენის სპეციფიკა აითვისა. სწორედ ამიტომ ნატო ვაჩნაძემ ნიკოლოზ შენგელაიას “ჩემი ცხოვრების რეჟისორი უწოდა”.

ნიკოლოზ შენგელაია 1943 წელს, კახეთიდან თბილისს მომავალი დაიღუპა.

მესამე ქორწინება და გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნატოს მესამე სიყვარული, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს დამაარსებელი, მეზღავაური ანატოლი კაჭარავა იყო. მათ 1952 წლის შემოდგომაზე შექმნეს ოჯახი.

მოსკოვიდან ნატო 1953 წლის 14 ივნისს, თავის დაბადების დღეს გამოფრინდა. ავიაკატასტროფა თვითმფრინავმა ნიკოლოზ შენგელაიას მშობლიურ სოფელ უბიჯთან ახლოს განიცადა. მიზეზად უამინდობას დასახელდა.

ნატოს დამწვარი სხეული მისმა დამ კირა ანდრონიკაშვილმა საგვარეულო პატარა ბრილიანტის ბეჭდით ამოიცნო. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი სათური როლი რეჟისორი
1923 არსენა ყაჩაღი ნენო ვლადიმერ ბარსკი
მამის მკვლელი ნუნუ ამო ბეკ-ნაზაროვი
1924 სამი სიცოცხლე ესმა ივანე პერესტიანი
1925 ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე დესპინე ივანე პერესტიანი
ვინ არის დამნაშავე? ფატი ალექსანდრე წუწუნავა
ათასის ფასად ვლადიმერ ბარსკი
1926 კრაზანა ჯემა კოტე მარჯანიშვილი
ნათელა ნათელა ამო ბეკ-ნაზაროვი
1927 ამოკი ქალი კოტე მარჯანიშვილი
გიული გიული ნიკოლოზ შენგელაია, ლევ პუში
1928 Живой труп მაშა ფედორ ოტსეპი
1930 Кварталы предместья დორა Grigori Gritscher-Tcherikover
1931 Железная бригада მაშა დიმიტრი ვსილევი
1934 უკანასკნელი ჯვაროსნები ციცია სიკო დოლიძე
უკანასკნელი მასკარადი თამარი მიხეილ ჭიაურელი
1937 ნარინჯის ველი ნანი ნიკოლოზ შენგელაია
არსენა ნენო მიხეილ ჭიაურელი
1939 ქალიშვილი ხიდობნიდან გვირისტინე დიომიდე ანთაძე
1940 სამშობლო ნათელა დიომიდე ანთაძე და ნიკოლოზ შენგელაია
1941 ქაჯანა მარტა კონსტანტინე პიპინაშვილი
1943 ის კიდევ დაბრუნდება მანანა დიომიდე ანთძე და ნიკოლოზ შენგელაია
1947 აკაკის აკვანი მანო კონსტანტინე პიპნაშვილი
1948 ქეთო და კოტე ბოლო სცენაში ცეკვავს ვახტანგ ტაბლიაშვილი და შალვა გედევანიშვილი
1952 მწვერვალთა დამპყრობნი ელისაბეტ ლომიძე დავით რონდელი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 332, თბ., 1979 წელი.
  • გოგოძე კ., ნატო ვაჩნაძე, თბ., 1949;
  • სეფიაშვილი ო., ნატო ვაჩნაძე, თბ., 1962.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994
  • ნატო ვაჩნაძე, „მოგონებები და შეხვედრები“ — „აფხაზეთის სახელგამი“, სოხუმი, 1953

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. გერმანე გოგიტიძე, „ქართული კინოს წარსულიდან“ გვ. 77 — საგა, 2013
  2. Denise J. Youngblood, "Movies for the masses: Popular cinema and Soviet society in the 1920s" გვ. 87 — Cambridge University press. 1992