ალექსანდრე ჟორჟოლიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სანდრო ჟორჟოლიანი
დაბ. სახელი ალექსანდრე ჟორჟოლიანი
დაბ. თარიღი 8 თებერვალი, 1888
ოზურგეთი
გარდ. თარიღი 24 ივნისი, 1969
თბილისი
საქმიანობა მსახიობი
მშობლები მამა: მაქსიმე ჟორჟოლიანი

ალექსანდრე (სანდრო) მაქსიმეს ძე ჟორჟოლიანი (დ. 8 თებერვალი [ძვ. სტ. 27 იანვარი], 1888, ოზურგეთი — 24 ივნისი, 1969, თბილისი) — ქართველი მსახიობი. საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1942).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1911 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ბაქოსა (1913—1918) და თბილისში (1918—1920). ამავე დროს აქტიურად მონაწილეობდა ქართველ სცენისმოყვარეთა დასის სპექტაკლებში. 1921 წლიდან რუსთაველის სახელობის თეატრში. იყო მდიდარი შემოქმედებითი ბუნების მსახიობი. ამ პერიოდის საუკეთესო როლებია: ყარამანი (ნ. ნაკაშიძის „ვინ არის დამნაშავე“), დიტო (ვ. შალიკაშვილის „უნიადაგონი“), კოწია (შ. დადიანის „გუშინდელნი“, მინისტრის მდივანი (ნ. აზიანის „დეზერტირკა“) და სხვა. 1928 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. კ. მარჯანიშვილთან მუშაობის დროს გაიარა შესანიშნავი აქტიორული სკოლა, ჩამოყალიბდა როგორც ბრწყინვალე კომიკოსი. ჟორჟოლიანის აქტიორული ხელოვნება გამოირჩეოდა ფსიქოლოგიური სიღრმით, გრძნობისა და განცდის უშუალობით, უბრალოებით, დიდი სცენური მომხიბვლელობით, მხატვრული ტაქტით, გულწრფელობით.

მის მიერ შექმნილ უნიკალურ სცენურ სახეებს კომიზმთან ერთად ხშირად თან ახლდა ლირიზმი, პოეტურობა, სევდა, სიკეთე, როლებიდან აღსანიშნავია: ყვარყვარე (პოლიკარპე კაკაბაძის „ყვარყვარე თუთაბერი“), გოჩოლავა (შალვა დადიანის „კაკალ გულში“), მოსე მწერალი (ეგნატე ნინოშვილის „გურია“), ხანანია (გერცელ ბააზოვის „იცკა რიჟანიშვილი“), ბენ აკობა (კარლ გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), დარისპანი (დავით კლდიაშვილის „დარისპანის გასაჭირი“), კირკიტა (მიხეილ ჯაფარიძის „ჟამთაბერის ასული“), ილიკო (ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“) და სხვა.

1925 წლიდან იღებდნენ კინოში. როლები: იმერელი თავადი („სამანიშვილის დედინაცვალი“, 1927), გენერალი („ელისო“, 1928), მოსე მწერალი („დარიკო“, 1936), კოსტაია („ნარინჯის ველი“, 1937), მაჭანკალი არისტო („დაკარგული სამოთხე“, 1938), ფოსტალიონი კირილე („ჭრიჭინა“, 1954), სანდრო („აბეზარა“, 1956), ბაბუა („მანანა“, 1956), ილიკო („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, 1963), ედემიკა („მე ვხედავ მზეს“, 1963) და სხვა. ფართო პოპულარობით სარგებლობდა როგორც ესტრადის მსახიობი. დაჯილდოებულია 2 შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]