დოდო ანთაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ანთაძე.
დოდო კონსტანტინეს ძე ანთაძე
კოტე მარჯანიშვილი და დოდო ანთაძე

დოდო კონსტანტინეს ძე ანთაძე (დ. 10 ოქტომბერი, 1900, სოფ. ვარძია, ხარაგაულის რაიონი — გ. 18 აპრილი, 1978, თბილისი) — ქართველი რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე, კოტე მარჯანიშვილის მოწაფე, სსრკ სახალხო არტისტი (1971).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1919-1920 წლებში სწავლობდა თბილისის ა. ჯაბადარის დრამატულ სტუდიაში. 1920-1925 წლებში მუშაობდა რეჟისორის თანაშემწედ, ხოლო 1925 წლიდან რეჟისორად რუსთაველის სახელობის თეატრში, 1927-1928 წლებში რეჟისორად თბილისის მუშათა თეატრში. 1928 თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელი, 1928-1933 წლებში რეჟისორია ქუთაისში კ. მარჯანიშვილის მიერ დაარსებულ თეატრში (სადაც ბევრი მარჯანიშვილისეული დადგმის თანაავტორი იყო). 1933-1938 წლებში მუშაობდა თბილისის კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, 1938-1952 კი - ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის დირექტორედ და სამხატვრო ხელმძღვანელად, 1952-1957 თბილისის ა. გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრის, ხოლო 1957-1962 რუსთაველის სახელობის თეატრის დირექტორად. 1962-1974 საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე იყო.

ანთაძის რეჟისორული ხელოვნება მკაფიო იდეური მიმართულებითა და მხატვრული ჩანაფიქრის მთლიანობით ხასიათდება. ანთაძის სარეჟისორო შემოქმედებაში მთავარი ადგილი უჭირავს თანამედროვეობის ამსახველ სპექტაკლებს.

ანთაძის დადგმებს შორის განსაკუთრებით გამოირჩევა: პ. კაკაბაძის "მიწისძვრა" (1925), გ. ბააზოვის "მუნჯები ალაპარაკდნენ" (1932) და "იცკა რიჟინაშვილის" (1937), შ. დადიანის "ნინოშვილის გურია" (1934) და "გუშინდელნი" (1939), ა. აფინოგენოვის "შორეული" (1936), ვ. გაბესკირიას "მათი ამბავი" (1939), უ. შექსპირის "ოტელო" (1939) და "მეფე ლირი" (1941), ა. სუხოვო-კობილონის "კრეჩინსკის ქორწინება" (1944), ფ. შილერის "ყაჩაღები" (1948), ნ. გოგოლის "რევიზორი" (1952), ს. შანშიაშვილის "ხევისბერი გოჩა" (1957) და სხვა.

ანთაძე ავტორია მემუარებისა "დღენი ახლო წარსულისა" (ორ ტომად, 1962-1966), რომელშიც აღწერილია ქართული საბჭოთა თეატრის შექმნის ისტორია, დახატულია კ. მარჯანიშვილისა და მისი მოწაფეების შემოქმედებითი პორტრეტები.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 456-457, თბ., 1975 წელი.
  • ჯანელიძე დ., სახიობა, ტ. 2, თბ., 1972;
  • ცუცქირიძე შ., ენციკლოპედია "საქართველო", ტ. 1, გვ. 156-157, თბ., 1997
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 51, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: