შალვა მშველიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

შალვა მიხეილის ძე მშველიძე (დ. 15 მაისი, 1904, თბილისი — გ. 5 მარტი, 1984, თბილისი) — ქართველი კომპოზიტორი, საქართველოს სსრ-ს სახალხო არტისტი, სტალინის პრემიის ლაურეატი (1942, 1947) და ლენინის ორდენის კავალერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შალვა მიხეილის ძე მშველიძე დაიბადა 1904 წელს ქ. თბილისში. 1922 წელს დაამთავრა ხაშურის გიმნაზია. სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში პროფესორ მ. ბაგრინოვსკისთან. უკვე სტუდენტობისას დიმიტრი არაყიშვილის დავალებით დაიწყო ხალხური მუსიკის ნიმუშების შეგროვება. შემოიარა სვანეთი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი, ქიზიყი, კახეთი, ქართლი, მესხეთ-ჯავახეთი, გურია, აჭარა. პირველმა შემოიტანა ქართულ პროფესიულ მუსიკაში ფშავ-ხევსურული მუსიკალური დიალექტი, მასში იპოვნა საკუთარი სტილის განვითარების დასაყრდენი და ხალხური მარცვალიც მეტად ორიგინალურად განავითარა. მან სათავე დაუდო ქართული სიმფონიური მუსიკის განშტოებას ეპიკურ სიმფონიზმს. ბუნებრივია, რომ პირველი დიდი ფორმის ნაწარმოები, სიმფონიური პოემა „ზვიადაური“ კომპოზიტორმა სწორედ ამ თემას დაუკავშირა. შალვა მშველიძის დიდი დამსახურებაა ისიც, რომ მან პირველმა აამეტყველა ქართულ სიმფონიურ მუსიკაში ვაჟა-ფშაველას ვაჟკაცური ეპოსი თავისი სიდიადით, წარმოაჩინა მისი მომხიბვლელობა. ეს იგრძნობა არა მარტო „ზვიადაურში“ და „მინდიაში“, არამედ ლაიტმოტივად გასდევს მთელ მის შემოქმედებას.

აღსანიშნავია აგრეთვე კომპოზიტორის ღრმად ეროვნული საოპერო ქმნილებანი, რომლებშიც აისახა ქართველი ხალხის გმირული წარსული, მისი უშრეტი ძალისხმევა. შ. მშველიძე ავტორია ოპერების: „ამბავი ტარიელისა“, „დიდოსტატის მარჯვენა“. მასვე ეკუთვნის შესანიშნავი ორატორიები — „კავკასიონი“, „მარადი თქმულება“, 6 სიმფონია, მუსიკა დრამატული სპექტაკლებისა და კინოფილმებისათვის, საგუნდო და კამერული ნაწარმოებები, ფუნდამენტური გამოკვლევები: „საკრავთმცოდნეობა“, „ორკესტრობის თეორია“ და სხვა.

აღსანიშნავია კომპოზიტორის დიდი ინტერესი აღმოსავლეთის ქვეყნების, კერძოდ ინდოეთის მუსიკალური კულტურისადმი, რასაც ხორცი შეესხა მის ქმნილებებში: „ინდური სუიტა“, „ბირმული სურათები“, რომანსი „ამრიტა“. მათ ღირსებებზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ავტორმა ამ ნაწარმოებებისათვის დაიმსახურა ჯ. ნერუს სახელობის პრემია.

1942 წელს მას მიენიჭა პროფესორის წოდება. 1942 წელს მშველიძეს ირჩევენ საქართველოს საბჭოთა კომპოზიტორების კავშირის თავმჯდომარედ. 1947 წლიდან იგი ამავე დროს არის საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. 1942 წელს მას სიმფონიურიპოემისათვის მიენიჭა სტალინური პრემია. მეორედ სტალინური პრემია მიენიჭა 1947 წელს ოპერისათვის "ამბავი ტარიელისა". იგი ასევე იყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი.

დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 1984 წლის 17 მარტს საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონიდან მისი მეუღლის გვერდით გადმოასვენეს — თინა ვასილის ასული კაშიბაძე (დ. 10 აგვისტო, 1910, თბილისი — გ. 4 იანვარი, 1984, იქვე).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 282, თბ., 1994
  • თ. ლაცაბიძე, „ხაშურის რაიონის სახალხო განათლების ისტორიიდან“, წიგნი III, ხაშურის პირველი საჯარო სკოლა, ხაშური, 2014

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]