მომხმარებელი:Lizau0

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კავკასიონი (რუს. Большой Кавказ; აზერ. Qafqaz dağları) — ვრცელი მთათა სისტემა კავკასიაში, ევროპისა და აზიის მიჯნაზე. განფენილია რუსეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. შედგება რამდენიმე ქედისაგან და წარმოადგენს ერთ მთლიან თითქმის სწორხაზოვან მთაგრეხილს, რომელიც გადაჭიმულია დასავლეთ-ჩრდილო-დასავლეთიდან აღმოსავლეთ-სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ შავსა და კასპიის ზღვებს შორის, დაახლოებით 1500 კმ-ზე, მინიმალური სიგანე 32 კმ, ხოლო მაქსიმალური სიგანე 180 კმ აღწევს. ფართობი 145 ათასი კმ².

თავისი ბოლოებით ტამანისა და აფშერონის ნახევარკუნძულებშია შეჭრილი, ერთი მხრივ, აზოვისა და შავ ზღვას შორის, მეორე მხრივ, კასპიის ზღვის შუა და სამხრეთ ნაწილებს შორის. კავკასიის, რუსეთისა და მთლიანად ევროპის უმაღლესი წერტილია იალბუზი (5642 მ). კავკასიონის მთიანეთი შედგება რიგი ქედების, ხეობებისა და ქვაბულებისაგან, რომლებიც ართულებენ კავკასიონის მორფოლოგიას. კავკასიონს ჩრდილოეთით ესაზღვრება ყუბან-აზოვისპირა დაბლობი, თერგ-კუმის დაბლობი და სტავროპოლის მაღლობი, სამხრეთით განფენილია კოლხეთის დაბლობი და მტკვარ-არაქსის დაბლობი. კავკასიონის ჩრდილო მთისძირიდან კუმა-მანიჩის ღრმულამდე გადაჭიმულია წინაკავკასია.

კავკასიონის ოროგრაფიულ ღერძს წარმოადგენს ოროჰიდროგრაფიული კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი, რომელიც უწყვეტად ვრცელდება სისტემის ერთი ბოლოდან მეორემდე. უმაღლესი მწვერვალია შხარა (5201 მ). კავკასიონის სიგანე სხვადასხვა ნაწილში ცვალებადია: ნოვოროსიისკის მერიდიანზე კავკასიონის სიგანე 32 კმ-მდეა, იალბუზის მერიდიანზე ყველაზე უფრო განიერია და 180 კმ აღწევს; ვლადიკავკაზის მერიდიანზე 110 კმ-ია, დაღესტნის მერიდიანზე — 160 კმ. კავკასიონზე აღმართულია მარადთოვლიანი ყინულებითა და ფირნის მძლავრი ველებით შემოსილი მრავალი ციცაბოკალთიანი, ძნელმისადგომი და დაკბილული მწვერვალი. ამ ქედის თხემით კავკასია იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ მაკროფერდობებად, რომელთაგან პირველი შედის მდინარეების ყუბანის, თერგის, სულაკისა და სამურის აუზებში, მეორე — ბზიფის, კოდორის, ენგურის, რიონის, მტკვრისა და მთელ რიგ მცირე მდინარეთა აუზებში. ორივე ფერდობი გართულებულია მეორე თანრიგის ქედებითა და ხეობებით, რომლებიც ღერძულ ზონაში ქმნიან მაღალმთიან, ხოლო პერიფერიულ ზონებში — საშუალმთიან რელიეფს. ჩრდილოეთ ფერდობის გასწვრივი ქედებია: გვერდითი, კლდოვანი ანუ კირქვიანი, საძოვრებიანი და ტყიანი, რომლებიც მთავარი ქედის პარალელურია, აგრეთვე შავანის, კიდეგანის, ხევსურეთის, ანდის, ბოღოზის გარდიგარდმო ქედები; სამხრული კალთის — გაგრის, ბზიფის, კოდორის, სვანეთის, ეგრისის, ლეჩხუმისა და რაჭის გასწვრივი; ლიხის, ხარულის, ალევის, ქართლისა და კახეთის გარდიგარდმო ქედები. კავკასიონის ოროგრაფიულ სიმეტრიას არღვევს ჩრდილოეთი ფერდობი, რომელიც განიერია კახეთ-დაღესტნის არეში. კავკასიონის მრავალი მწვერვალი მოდელირებულია ძველი ეროზიის, მყინვარული და პერიგლაციალური პროცესების მოქმედებით. კავკასიონზე გავრცელებულია ნაირგვარი გენეზისის რელიეფის ტიპები და ფორმები, ძირითადია: ეროზიული რელიეფი ნაირ-ნაირი მორფოსტრუქტურების საფუძველზე, რომელიც გართულებულია ვულკანური, მყინვარული, პერიგლაციალური, კარსტული და სხვა გენეზისის ფორმებით. არის ეროზიულ რელიეფზე დადგმული ვულკანური პლატოები, კონუსები, ღარები. პელიგლაციალურ ფორმათა განვითარების მთავარ კერას წარმოადგენს ყელის ზეგანი. კარსტულ ფორმებს — პოლიეებს, ქვაბულებს, ძაბრებს, მღვიმეებს, შრატულ ზედაპირებს დიდი ფართობი უკავია დასავლეთ და ცენტრალურ კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე და ჩრდილოეთ ფერდობზე — ყარაჩაიდან დაღესტნამდე. კავკასიონის ბევრ რეგიონში წარმოქმნილია მინერალური წყაროების მიერ დალექილი ტრავერტინის დანაგროვები, მაგალითად თრუსოს ხეობაში, ჯვრის უღელტეხილზე და სხვა. დაღესტანში და სხვაგან არის ხელოვნური ტერასები. კავკასიონი მის სხვადასხვა ადგილებში განვითარებული ტექტონიკური, მორფოგრაფიული და მორფოლოგიური თავისებურებების ნიშნით 3 ნაწილად იყოფა: 1) დასავლეთი კავკასიონი; 2) ცენტრალური კავკასიონი; 3) აღმოსავლეთი კავკასიონი. ალექსანდრე პუშკინმა კავკასიონს მიუძღვნა ლექსი:

 მე გადავცქერი კავკასიონს. და ვდგავარ საშიშ   ნაპრალის პირად - მყინვარების და თოვლის ზევით;
გადაღმა კლდეზე წამოფრინდ არწივი რხევით,
მე გამისწორდა და უძრავად ელვარებს ცაში.
ვხედავ ასტეხა ნიაღვარმა თავის ზვირთები
და პირველ ზვავთა მოძრაობას მე ვაკვირდები.

ქვევით ღრუბლები თითქოს არსად მიიჩქარიან,
მათ ჩანჩქერები ხლეჩავენ და სცვივიან ხრამში;
შიშველი მთები ჩასდგომიან ერთმანეთს მხარში;
სულ ძირს კი ხავსი, ხრიოკი და ეკალნარია;
და სადაც მუხნარს ასე მწვანედ დაუბურია,
ჩიტების სტვენა და ირმების თქარა-თქურია.

მთებში კი, როგორც ბუდები მრავალი ორბის,
სახლები ჩანან. . . კალთებს ცხვირი შემოსევია,
ნათელ მიდამოს აგერ უკვე მწყემსიც სწვევია, '
ჩრდილიან ხევში აწყვეტილი არაგვი მორბის.
ბედკრულ ცხენოსანს მოუნახავს კლდეში კარავი,
განგაშებს თერგი გულზვიადი და შემზარავი.

თამაშობს, ღმუის, როგორც მხეცი, რომელიც ბორგავს,
თუ შეიყნოსა გალიაში საძიძგნი ლეში;
ვეღარ ეტავა თავის ვიწრო საპყრობილეში
და მშიერ ზვირთით გარინდებულ ნაპირებს ლოკავს.
ამაოდ, მისთვის აღარც საზრდო, შველაც როდია,
მისთვის კლდეები შემზღუდველი კალაპოტია.

ასე სილაღეს სულს უხუთავს კანონი ავი.
ასე კირთები ქვეშ ღონდება ველური ტომი,
ასევე ბრაზობს დღეს კავკასი მდუმარედ მდგომი,
ასე სურს უცხო ძალებისგან დაიხსნას თავი                     ალექსანდრე პუშკინი