პოლიქსენა ჰესენ-როტენბურგელი
პოლიქსენა ჰესენ-როტენბურგელი | |
---|---|
სარდინიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 3 სექტემბერი, 1730 |
მმართ. დასასრული: | 13 იანვარი, 1735 |
წინამორბედი: | ანა მარი ორლეანელი |
მემკვიდრე: | ელიზაბეტ ტერეზა ლოთარინგიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 21 სექტემბერი, 1706 |
დაბ. ადგილი: | დარმშტადტი, გერმანია |
გარდ. თარიღი: | 13 იანვარი, 1735, (28 წლის) |
გარდ. ადგილი: | ტურინი, იტალია |
მეუღლე: | კარლო ემანუელე III, სარდინიის მეფე |
შვილები: |
ვიტორიო ამადეო III, სარდინიის მეფე ელეონორა მარია ლუიზა მარია ფელიჩიტა ემანუელე ფილიბერტო კარლო |
სრული სახელი: | პოლიქსენა კრისტინა იოჰანა ჰესენ-რაინფელზ-როტენბურგელი |
დინასტია: | ჰესენი |
მამა: | ერნესტ ლეოპოლდი, ჰესენ-როტენბურგის ლანდგრაფი |
დედა: | ელეონორა ლოივენშტაინ-ვერთაიმ-როხეფორდელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
პოლიქსენა ჰესენ-როტენბურგელი (გერმ. Polyxena von Hessen-Rotenburg, იტალ. Polissena d'Assia-Rotenburg; დ. 21 სექტემბერი, 1706, დარმშტადტი, გერმანია — გ. 13 იანვარი, 1735, ტურინი, იტალია) — გერმანელი პრინცესა. სარდინიის დედოფალი 1730-1735 წლებში როგორც მეფე კარლო ემანუელე III-ის მეორე მეუღლე. მომდევნო მეფის, ვიტორიო ამადეო III-ის დედა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოლიქსენა დაიბადა 1706 წლის 21 სექტემბერს დარმშტადტში. იგი იყო ჰესენ-რაინფელდზ-როტენბურგის ლანდგრაფ ერნესტ ლეოპოლდისა და მისი მეუღლის, ლანდგრაფინია ელეონორა ლოივენშტაინ-ვერთაიმ-როხეფორდელის შუათანა ქალიშვილი.
1723 წელს სარდინიის ტახტის მემკვიდრის, კარლო ემანუელე სავოიელის პირველი ცოლი, პრინცესა ანა კრისტინა ზულცბახელი გარდაიცვალა, რომლისგანაც პრინცს მხოლოდ ერთი ვაჟი დარჩა, რომელიც მალევე გარდაიცვალა. ამის გამო, მემკვიდრის გასაჩენად მან მეორე ცოლის შერთვა გადაწყვიტა და ამჯერადაც გერმანელის, თუმცაღა მისი კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ საპატარძლო კათოლიკე უნდა ყოფილიყო.
ამგვარ პირობებში, პიემონტის პრინცისათვის ყველაზე შესაფერის საცოლედ პოლიქსენა მოიაზრებოდა, რადგანც იგი კათოლიკეც იყო, გერმანელიც და თანაც ჰესენელების ძლევამოსილი საგვარეულოს წარმომადგენელიც. საქორწინო მოლაპარაკებები ძალიან მალე, თანაც წარმატებულად დასრულდა, რასაც 1724 წლის 23 ივლისს მარიონეტული, ხოლო 20 აგვისტოს ნამდვილი ქორწინება მოჰყვა ტურინში.
პოლიქსენას საკმაოდ ახლო და თბილი ურთიერთობა ჰქონდა თავის დედამთილთან, დედოფალ ანა მარი ორლეანელთან, რომელთან ერთადაც ხშირად დადიოდა ქალაქგარე რეზიდენციებში. ანა მარი სწორედ ერთ-ერთი ასეთი გასვლისას გარდაიცვალა 1728 წელს.
ცოლის გარდაცვალებიდან მალევე, მეფე ვიტორიო ამადეო II-მ მეორე ქორწინება გადაწყვიტა ანა კანალის დი კუმიანაზე, რომელზეც მალევე იქორწინა, რის შემდეგაც 1730 წელს ტახტიდან თავისი ნებით გადადგა კარლო ემანუელე III-ის სასარგებლოდ, რითაც პოლიქსენა სარდინიის დედოფალი გახდა.
დედოფალ პოლიქსენას ძალიან უყვარდა ხელოვნება, რის გამოც თავის სამეფოში ხელს უწყობდა ხელოვანი ადამიანების განვითარებას.
1734 წლის ივნისიდან მოყოლებული პოლიქსენა მძიმედ ავადმყოფობდა, რის გამოც 1735 წლის 13 იანვარს, 28 წლის ასაკში გარდაიცვალა კიდეც. მის შემდეგ კარლო ემანუელე მალევე მესამედ დაქორწინდა საღვთო რომის იმპერატორ ფრანც I-ის დაზე, პრინცესა ელიზაბეტ ტერეზა ლოთარინგიელზე, რომელიც მისი ბოლო მეუღლე გახდა.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვიტორიო ამადეო III (1726-1796), სარდინიის მეფე 1773-1796 წლებში. ცოლად შეირთო მარია ანტონია ფერნანდა ესპანელი, რომელთანაც შეეძინა თორმეტი შვილი, მათ შორის სამი მეფე: კარლო ემანუელე IV, ვიტორიო ემანუელე I და კარლო ფელიჩე;
- ელეონორა (1728-1781), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
- მარია ლუიზა (1729-1767), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
- მარია ფელიჩიტა (1730-1801), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
- ემანუელე ფილიბერტო (1731-1735), აოსტას ჰერცოგი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- კარლო (1733), კაბლეზის ჰერცოგი, გარდაიცვალა ჩვილობაში;
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Cantogno. Domenico Carutti di: Storia del regno di Carlo Emanuele III Turin, 1859
- Symcox. Geoffrey: Victor Amadeus II: absolutism in the Savoyard State, 1675-1730, University of California Press, 1983, ISBN 978-0-520-04974-1
- Huberty, Michel; Giraud, F. Alain; Magdelaine, F. & B (1976), L'Allemagne Dynastique (Tome I Hesse-Reuss-Saxe), Le Perreux: A. Giraud, ISBN 2-901138-01-2
- Marek, Miroslav (2008), "Rulers of Savoy and Sicily", Genealogy.EU, retrieved 29 August 2010[self-published source][better source needed]
- Tourtchine. Jean-Fred: Les manuscrits du C.E.D.R.E. – Dictionnaire Historique et Généalogique, vol. I. Le Royaume d'Italie, Cercle d'Études des Dynasties Royales Européennes (president, Jean-Fred Tourtchine), Paris, 1992. ISSN 0993-3964.
- Vitelleschi. Marchese: The romance of Savoy, Victor Amadeus II. and his Stuart bride Volume II, Harvard College Library, New York, 1905
|