მენუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მენუაურარტუს მეფე ძვ. წ. IX-VIII საუკუნეების მიჯნაზე (ძვ. წ. 810-786 წწ.). მეფე იშფუინის უმცროსი ვაჟი. იშფუინის მეფობის დასასრულს მენუა მის თანამმართველად ითვლებოდა. იშფუინისა და მენუას სახელით დღემდე ცნობილია ათიოდე ურარტული წარწერა, მათში მოხსენიებულია ლაშქრობები მუსასირში, ბარშუის, ლუშის, ქათარზის, ვიტერუხისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. საკუთრივ მენუას სახელით ასზე მეტი წარწერაა. მის დროს დიდი ბრძოლები გაიმართა მანასთან, დიაოხთან, დაიწყო ჩრდილოეთ სირიისა და ჩრდილოეთ მესოპოტამიის დაპყრობა, არარატის ველის დაუფლება და ათვისება; ააგეს ურარტუელთა ციხესიმაგრე მენუახინილი. მენუამ დიდ სააღმშენებლო და საირიგაციო სამუშაოებს მოჰკიდა ხელი, კერძოდ, მან გაიყვანა 70 კმ. არხი, რომელიც სასმელი და სარწყავი წყლით ამარაგებდა დედაქალაქ ტუშფას (ახლანდელი ქ. ვანი, თურქეთში); დაპყრობილ ადგილებში აგებდა ციხესიმაგრეებს, საკულტო ნაგებობებს. მენუა შეცვალა მისმა ვაჟმა არგიშთი I-მა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]