შინაარსზე გადასვლა

კარმირ-ბლური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ურარტუული დასახლების ნანგრევები კარმირ-ბლურში

კარმირ-ბლური (სომხ. Կարմիր Բլուր — „წითელი ბორცვი“) — ბორცვი, მდებარეობს სომხეთში, ერევნის დასავლეთით, მდინარე რაზდანის მარცხენა ნაპირზე. კარმირ-ბლურის ბორცვზე აღმოჩენილია უძველესი ურარტუული ნამოსახლარი ქალაქი-ციხესიმაგრე თეიშებაინი.

კარმირ-ბლურმა არქეოლოგების ყურადღება მიიპყრო 1936 წელს, როდესაც გეოლოგმა ა. დემეხინმა ბორცვზე აღმოაჩინა ქვა ლურსმული წარწერებით. ჩატარებული დაზვერვითი არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა უძველესი დასახლების კვალი. 1939 წლიდან კარმირ-ბლური გახდა სისტემატიური არქეოლოგიური გათხრების ობიექტი.

ძვ. წ. VII-VI საუკუნეებში კარმირ-ბლურზე მდებარეობდა თეიშებაინი, ხოლო ძვ. წ. XIII-VIII საუკუნეებში ენეოლითისა და ადრე ბრინჯაოს დროინდელი ურარტუმდელი მოსახლეობა. აღნიშნული დასახლება დაიწვა და განადგურდა, სავარაუდოდ, არგიშთი I-ის დროს, ურარტუს ამიერკავკასიაში ექსპანსიის პერიოდში. ამის შემდეგ ერთი საუკუნე დასახლება მიტოვებული იყო, სანამ ურარტუს მეფე რუსა II-მ არ ააგო ბორცვზე ურარტული ქალაქი-ციხესიმაგრე.

ძვ. წ. VI საუკუნეში ციხესიმაგრე დაიპყრეს და გადაწვეს, სავარაუდოდ, სკვითებმა. ხანძრის შემდგომ გაწითლებული აგური, სავარაუდოდ, გახდა ბორცვის სახელწოდების წარმოქმნის მიზეზი.

  • Мартиросян А. А. Город Тейшебаини. — Ереван: Издательство АН Армянской ССР, 1961.
  • Пиотровский Б. Б. Кармир-блур. — Ленинград: «Аврора», 1970.