მადამ დე მონტესპანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფრანსუაზ ათენა დე როშეშუარი
Portrait painting of Françoise de Rochechouart (Madame de Montespan) by an unknown artist (at the Musée national du Château de Versailles).jpg
დაბ. თარიღი 5 ოქტომბერი, 1640
ლუზაკ-ლე-შატო, საფრანგეთი
გარდ. თარიღი 27 მაისი, 1707, (66 წლის)
ბურბონ-ლ'არშამბოლი, საფრანგეთი
ეროვნება ფრანგები
წოდება სამეფო საყვარელი
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ლუი ანრი დე პარდაილან დე გოდრინი
შვილ(ებ)ი ლუი ანრისთან:
მარი კრისტინა
ლუი ანტუანი, ანტინის ჰერცოგი
ლუი XIV-სთან:
ლუი ავგუსტი, მაინის ჰერცოგი
ლუი სეზარი, ვექსინის ჰერცოგი
ლუიზ ფრანსუაზი, ბურბონის ჰერცოგინია
ლუიზ მარი, ტურის მადმუაზელი
ფრანსუაზ მარი, ორლეანის ჰერცოგინია
ლუი ალექსანდრი, ტულუზის გრაფი
მშობლები მამა: გაბრიელ დე როშეშუარ დე მორტმარტი
დედა: დიანა დე გრანდზეინე

ფრანსუაზ ათენა დე როშეშუარი (ფრანგ. Françoise-Athénaïs de Rochechouart), ცნობილია როგორც მადამ დე მონტესპანი (ფრანგ. Madame de Montespan), ან მარკიზა დე მონტესპანი (ფრანგ. Marquise de Montespan; დ. 5 ოქტომბერი, 1640 — გ. 27 მაისი, 1707) — საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის სამეფო საყვარელი და მისი შვიდი შვილის დედა.

იგი იყო უძველესი ფრანგული არისტოკრატიული გვარის, როშეშუარის წარმომადგენელი, თუმცა მეფესთან ხანგრძლივი რომანის გამო, მონტესპანს ბევრი "ნამდვილ დედოფალს" ეძახდა. სამეფო საყვარლობის წლების მანძილზე, სამეფო კარზე მთელი ძალაუფლება მას ჰქონდა ხელში.

მისი ეგრეთ წოდებული "მეფობა" გრძელდებოდა 1667 წლიდან 1680-იან წლებამდე. იგი მეფე ლუის მისი ძმის, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ის წყალობით გაეცნო, რომელიც ფრანსუაზთან ცეკვავდა ლუვრის სასახლეში ბალზე. ცნობილია, რომ იგი აქტიურად მონაწილეობდა ვერსალის სასახლეში მიმდინარე "შხამების რომანში", რაშიც მოიაზრება ის წლები, როდესაც სასახლეში მასობრივად წამლავდნენ ადამიანებს. მას ხშირად ადარებდნენ მის კოლეგას, ასევე მის თანამედროვე ბარბარა ვილიერს, რომელიც ინგლისის მეფე ჩარლზ II-ის საყვარელი იყო.

მონტესპანის შთამომავლები შემდგომში მეფობდნენ ესპანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, ბულგარეთსა და პორტუგალიაში.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანსუაზი დაახლოებით 1660 წელს

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანსუაზ ათენა დაიბადა 1640 წლის 5 ოქტომბერს ლუზაკ-ლე-შატოში (თანამედროვე ვიენის დეპარტამენტი, პუატუ-შარანტის რეგიონი), საფრანგეთში. პატარა ფრანსუაზს ოფიციალურად მადმუაზელ დე ტონაი-შარანტს უწოდებდნენ, როგორც ორი უძველესი და გავლენიანი ფრანგული არისტოკრატიული საგვარეულოს შთამომავალს. იგი იყო მორტემარისა და ტონაი-შარანტის ჰერცოგ გაბრიელ დე როშეშუარისა და მისი მეუღლის, დიანა დე გრანდზეინეს ქალიშვილი. ფრანსუაზის დედა, მადმუაზელ დიანა იყო საფრანგეთისა და ნავარის დედოფალ ანა ავსტრიელის სეფექალი.

ფრანსუაზი ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდანვე იზრდებოდა სამეფო კარზე. იგი დედას დაჰყვებოდა ლუვრის სამეფო კარზე და ბევრ რამეს ითვისებდა. როდესაც მას 12 წელი შეუსრულდა, მისმა მშობლებმა ფორმალური განათლების მისაღებად ფრანსუაზი და მისი და, გაბრიელა წმინდა მარიამის სახელობის სააბატოში გააგზავნეს. იქ ჩასვლიდან სულ ერთ კვირაში გაბრიელა იმდენად მოიხიბლა ქრისტიანული რწმენით, რომ მონაზვნად აღიკვეცა და წმინდა ცხოვრებას მიჰყო ხელი, რასაც ვერ ვიტყვით მის დაზე, რომელსაც დიდად არ აინტერესებდა რელიგიური დოგმების დაცვა. ფრანსუაზ ათენას და-ძმები იყვნენ:

  1. გაბრიელი (1633-1693), ტანჟეს მარკიზი, ცოლად შეირთო კლაუდია ელეონორა დამას დე ტანჟე, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  2. ლუი ვიქტორი (1645-1688), ვივონის მარკიზი და ლუი XIV-ის ბავშვობის მეგობარი;
  3. მარი მადლენ გაბრიელა ადელაიდა (1645-1704), რომელსაც ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ათენასთან, იგი ჯერ აღიკვეცა მონაზვნად, შემდეგ კი ღვთისმშობლის სააბატოს აბატისაც გახდა;

20 წლის ასაკში ფრანსუაზ ათენა ხდება საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის ძმის ცოლის, ორლეანის ჰერცოგინია ჰენრიეტა ანა ინგლისელის ფრეილინა, რომელმაც მას მადამის წოდება უბოძა. ამის შემდეგ, ფრანსუაზის დედისა და საფრანგეთის დედა-დედოფალ ანა ავსტრიელის ახლო ურთიერთობიდან გამომდინარე, იგი თვით საფრანგეთის დედოფალ მარია ტერეზა ესპანელის სეფექალი გახდა.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრანსუაზის მეუღლე, მონტესპანის მარკიზი ლუი ანრი

1663 წლის 28 იანვარს ფრანსუაზ ათენა ცოლად შერთეს მონტესპანის მარკიზ ლუი ანრი დე პარდაილანს, რომელიც მასზე ერთი წლით უმცროსი იყო. მადამ დე ლა ფაიეტის დღიურებიდან ვიგებთ, რომ ფრანსუაზისათვის ეს ქორწინება არასასურველი იყო, რადგან ამ დროს იგი შეყვარებული იყო სხვა ახალგაზრდა მამაკაცზე, რომელიც ნუარმუტიეს ჰერცოგი ლუი დე ლა ტრემუალი იყო, რომელიც ფრონდაში მონაწილეობის გამო საფრანგეთიდან იქნა გაძევებული. მაშინ, როდესაც ტრემუალი ესპანეთში დუელში მოკლეს, ფრანსუაზი მონტესპანზე დანიშნეს. საქორწინო ცერემონიალი პარიზში შედგა, წმინდა ოსტატეს სახელობის სამლოცველოში. ქორწილიდან მალევე ფრანსუაზი თავის პირველ შვილდე დაფეხმძიმდა. 1663 წლის 17 ნოემბერს მან გოგონა გააჩინა, რომელსაც კრისტინა დაარქვეს. ცნობილია, რომ მიუხედავად გართულებული მშობიარობისა, ბავშვის გაჩენიდან ორ კვირაში ფრანსუაზი სამეფო ბალზე ბალეტსაც კი ცეკვავდა. როგორც აღმოჩნდა, იგი ამ დროს უკვე მეორე ბავშვზე იყო ორსულად, რომელიც ცეკვის გამო მოეშალა. ფრანსუასა და მის ქმარს სულ ორი შვილი ჰყავდათ:

  1. მარი კრისტინა (1663-1675), გარდაიცვალა მცირეწლოვანი, მამამისის ერთ-ერთ ციხესიმაგრეში, გასკონიაში;
  2. ლუი ანტუანი (1664-1736), ანტინის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ჟული ფრანსუაზ დე კრუსოლი, რომელთანაც ორი ვაჟი შეეძინა;

მონტესპანების წყვილი პატარა ქალაქგარე შატოში ცხოვრობდა, ლუვრიგან შორს. სწორედ ამიტომ, ფრანსუაზს მოუწია მისი საყვარელი სამეფო კარისა და ჰენრიეტა ანა ინგლისელის ფრეილინობიდან განთავისუფლება. ლამაზ და ახალგაზრდა მადამ დე მონტესპანს მრავალი შარმი ჰქონდა. იგი ძალზედ დახვეწილი და კომუნიკაბელური იყო. იგი ძალიან ბევრ ადამიანს იცნობდა და ემეგობრებოდა, რის გამოც მას საკმაოდ ძლიერი კავშირები ჰქონდა მთელი საფრანგეთის მასშტაბით.

სამეფო საყვარელი და აღზევება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფრანგეთის დედოფალი მარია ტერეზა ესპანელი და საფრანგეთის დოფინი ლუი დე ბურბონი 1663 წელს

მადამ დე მონტესპანი გაოცებული დარჩა, როდესაც სამეფო კარზე დასაბრუნებლად თვით საფრანგეთის დედოფალმა მარია ტერეზა ესპანელმა მიიწვია. მარია ტერეზა ესპანეთისა და პორტუგალიის მეფე ფილიპე IV-ისა (ლუი XIV-ის დედის ძმა) და დედოფალი ელიზაბეტ დე ბურბონის (ლუი XIV-ის მამიდა) ქალიშვილი იყო და ქორწინებამდე მისი ესპანური წოდება იყო ინფანტა მარია ტერეზა ავსტრიელი. სკანდალი, რომელმაც დედოფალი იძულებული გაჰხადა მონტესპანი დაებრუნებინა, გამოწვეული იყო მეფე-დედოფლის უფროსი ვაჟის, საფრანგეთის დოფინ ლუი დე ბურბონის აღმზრდელსა და დედოფლის ფრეილინა ჟული დ'ანჟენის მიერ, რომელმაც დოფინის ქმართან ერთად მოტაცება სცადა. ამრიგად, დედოფალმა გააძევა იგი სამეფო კარიდან და თავისი ვაჟისათვის ახალ აღმზრდელად მონტესპანი მიიწვია.

1666 წლიდან, მონტესპანი უკვე ცდილობს ლუი XIV-ის სამეფო საყვარელი გახდეს და ჩაანაცვლოს ლუიზა დე ლა ვალიერი. თავისი შარმისა და ინტელიგენტობის წყალობით, ფრანსუაზს არ გასჭირვებია მეფის მოხიბლვა. ამავდროულად, მან ძალიან ახლო ურთიერთობა შეინარჩუნა დოფინთან, რომელსაც არც კი აღელვებდა მამამისი დედამისთან იქნებოდა თუ ვინმე სხვა ქალთან. მაშინ, როდესაც ლუიზა დე ლა ვალიერი მიხვდა, რომ მონტესპანი მას მეფის გულის დაპყრობაში ეჯიბრებოდა, დასცინა და მას საცოდავიც კი უწოდა. ამის შემდეგ, ფრანსუაზმა სტრატეგია მნიშვნელოვნად შეცვალა და ლუიზა დე ლა ვალიერსა და მარია ტერეზა ესპანელს ძალიან დაუმეგობრდა. როდესაც ეს ქალბატონები ორსულად იყვნენ, მარკიზა ზრუნავდა მათზე და ასე ცდილობდა მეფესთან დაახლოვებას. სწორედ მათი მძიმე ორსულობებით ისარგებლა ფრანსუაზმა. როდესაც დედოფალსა და ლუიზას უკვე მშობიარობის დრო მოუვიდათ და საწოლიდან ადგომა ეკრძალებოდათ, მეფემ მონტესპანთან დაიწყო სადილობა, რითაც დაიწყო მათი ურთიერთობა. მონტესპანი აცხადებდა, რომ მეფე იმდენად დაუახლოვდა, რომ საიდუმლოებებიც კი გაანდო. მალე ისინი არა მხოლოდ მსუბუქი ვახშმებით შემოიფარგლებოდნე, არამედ ზომა გადასული სმით, ვულგარული ცეკვებითა და ისიც ცნობილია, რომ მეფე ფრანსუაზს ბანაობის დროს პირდაპირ უყურებდა. სულ მალე, მონტესპანმა იმდენი მოახერხა, რომ ლუიზა დე ლა ვალიერი მეორეხარისხოვან ქალად იქცა მეფის ცხოვრებაში, დედოფალი კი საერთოდ მიივიწყეს. სულ მალე, დაცემული ლუიზა 25 წლის ფრანსუაზის ხელქვეითი გახდა. ცნობილია, რომ იგი მას საშინლად ამცირებდა, მათ შორის თავისი ღამის ქოთნების მოწესრიგებასაც კი მას ავალებდა.

ფრანსუაზ ათენა ასევე დაუმეგობრდა დედოფლის სეფექალ ლუიზა ბოიერს. როგორც ცნობილია, შემდგომში მონტესპანის ნაბოლარა ვაჟი, ტულუზის გრაფი დაქორწინდა ლუიზა ბოიერის შვილიშვილზე.

უკანონო შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მადამ დე მონტესპანი თავის შვილებთან ერთად

მადამ დე მონტესპანისა და ლუი XIV-ის შვიდი შვილიდან პირველი, დაიბადა 1669 წელს. ახალშობილი გოგონა იყო, რომელსაც სახელად ლუიზ ფრანსუაზი დაარქვეს. ფრანსუაზ ათენამ თავისი პატარა გოგონას აღზრდა თავის უერთგულეს მეგობარ ფრანსუაზ დ'ობინეს, იგივე მადამ სკარონს (შემდგომში მარკიზა დე მონტენონი და ლუი XIV-ის მეორე ცოლი) ჩააბარა. მარკიზამ მეორე შვილი 1670 წელს გააჩინა, იგი ვაჟი იყო და მას ლუი ავგუსტი დაარქვეს. ამას მოჰყვა 1672 წელს მეორე ვაჟი, რომელსაც ლუი სეზარი დაარქვეს. მონტესპანისა და მეფის შვილები სამეფო კარიდან მოშორებით იზრდებოდნენ მადამ სკარონის მეთვალყურეობის ქვეშ. 1672 წელს მისი ქალიშვილი ლუიზ ფრანსუაზი ყვავილის ეპიდემიას ემსხვერპლა, 2 წლის ასაკში.

1673 წელს ლუი XIV-მ ფრანსუაზ ათენასთან შეძენილი ვაჟები კანონიერ შვილებად გამოაცხადა, რის შემდეგაც მათი ლეგიტიმაცია მოხდა და ისინი ჩვეულებრივად გახდნენ ბურბონთა დინასტიის წარმომადგენლები. თუმცა, ამ დროს მადამ დე მონტესპანი ჯერ კიდევ კანონიერ ქორწინებაში იყო ლუი ანრისთან და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ისინი არც არასდროს განქორწინებულან. ლეგიტიმაციის შემდეგ ფრანსუაზის უფროსი ვაჟი, ლუი ავგუსტი მაინის ჰერცოგი გახდა, ლუი სეზარი კი ვექსინის. 1673 წელს მან კიდევ ერთი გოგონა გააჩინა, რომელსაც ლუიზ ფრანსუაზი დაარქვეს, რომელიც ასევე ლეგიტიმურად სცნეს და შარტრის მადმუაზელად გამოაცხადეს. შემდგომში იგი გავლენიან ფრანგ დიდგვაროვანს, კონდეს პრინცს გაჰყვა ცოლად. ამას მოჰყვა 1674 წელს კიდევ ერთი ქალიშვილის დაბადება. მას ლუიზ მარი ანა დაარქვეს, თუმცა იგი მალევე დაიღუპა. 1677 წელს მან გააჩინა მორიგი გოგონა, რომელსაც ფრანსუაზ მარი დაარქვეს და ლეგიტიმურად სცნეს. შემდგომში იგი ცოლად გაჰყვა თვით ლუი XIV-ის ძმის შვილს, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ II-ს. ამის შემდეგ, 1678 წელს მონტესპანმა თავისი უკანასკნელი შვილი გააჩინა. ახალშობილი ვაჟი იყო, მას ლუი ალექსანდრე დაარქვეს, ლეგიტიმურად გამოაცხადეს და ტულუზის გრაფობაც უბოძეს. ამ დროს, ფრანსუაზ ათენა უკვე ატარებდა სამეფო საყვარლის წოდებას და ლუიზა დე ლა ვალიერის სახით კონკურენტიც აღარ ჰყავდა, ვინაიდან იგი მონასტერში იყო წასული. თუმცა, თანდათან მის ახალ კონკურენტად მისივე საუკეთესო მეგობარი და მისი შვილების აღმზრდელი, მადამ სკარონი გადაიქცა.

1674 წელს ფრანსუაზ ათენა უკვე ოფიციალურად გამოეყო თავის ქმარს და თავისუფალი ცხოვრება დაიწყო, მაგრამ ისინი ოფიციალურად მაინც ცოლ-ქმრად რჩებოდნენ.

მონტესპანი 1670 წელს

მარკიზა დე მონტესპანს მალევე აუმხედრდა სრულიად კათოლიკური ეკლესია, რომელსაც 1675 წლიდან დედოფალიც შეუერთდა. მღვდლები პირდაპირ წირვებზე აკრიტიკებდნენ მას, პაპი და ეპისკოპოსები კი მეფეს დაუყოვნებლივ მოუწოდებდნენ გათხოვილ ქალთან რომანის შეწყვეტას და საკუთარ ცოლთან დაბრუნებას. ერთ-ერთი ასეთი წირვისას დიაკვანმა განაცხადა: "განა ეს მადამი სკანდალში არ ჰხვევს სრულიად საფრანგეთს? მიატოვე შენი უწმინდური ცხოვრების წესი და მიუძღვენი საკუთარი თავი ყოვლად უმაღლესი იესო ქრისტეს მსახურებას..." თუმცა თავად მეფე, ეკლესიის ამ რჩევა-დარიგებებს ყურსად არ უგდებდა და მონტესპანთან რომანს განაგრძობდა.

სამეფო სკანდალი და დაცემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუი XIV

შხამების რომანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეგრეთ წოდებული შხამების რომანი 1677 წლის სექტემბერში დაიწყო და იქცა "მონტესპანის მეფობის" დასასრულად. ცნობილია, რომ მონტესპანი მეფეზე კონტროლის შესანარჩუნებლად ყოველ ღონეს ხმარობდა, საბოლოოდ კი ადამიანების მოწამვლასაც კი არ ერიდებოდა, ხოლო როდესაც მეფე ჰერცოგინია დე ფორტანჟეთი დაინტერესდა, მან უკანასკნელ ზომებს მიმართა. თანდათანობით, მონტესპანი დედოფალ მარია ტერეზას უმცროს ფრეილინობამდე ჩამოქვეითდა, რამაც მისი უკიდურესი გაბოროტება გამოიწვია. სულ მალე, სანამ მეფე მას ოფიციალურ საყვარლად აღიარებდა, მადამ დე ფორტანჟე 1681 წელს გარდაიცვალა. ბევრი ამტკიცებდა, რომ იგი მოწამლეს, თუმცა სხეულის გაკვეთამ მოწამვლა არ დაადასტურა, მაგრამ ჯანმრთელი და ახალგაზრდა ქალის უცებადი გარდაცვალება მაინც ბევრ ეჭვს ბადებდა.

ჩვილის მსხვერპლშეწირვა მონტესპანისა და მამა ეტიენის მონაწილეობით

მართალია ფრანსუაზ ათენა დიდხანს ფიქრობდა მთელი ამ შხამების რომანში ჩაბმაში, თუმცა ბოლოს იგი მაინც არ ჩაება. შხამების რომანი ამ პერიოდს იმიტომ ეწოდა, რომ ზედიზედ რამდენიმე წლის მანძილზე, ვერსალის სასახლეში ყოველდღიურად რამდენიმე ადამიანი იღუპებოდა მოწამვლის შედეგად. ამ საქმის გამოძიება ლუი XIV-მ საკუთარი პოლიციის მთავარ გენერალ გაბრიელ ნიკლა დე ლა რეინოს ანდო, რომელმაც დაადგინა, რომ მონტესპანმა 1665 წლის ზაფხულში პარიზში, ცხობილი საწამლავების დამამზადებელ კატრინ მონვუაზინისაგან შეიძინა საქონელი. ცნობილი გახდა ისიც, რომ ფრანსუაზი და კატრინი ეშმაკისეულ რიტუალებს ასრულებდნენ უღრან ტყეში, რაც მას მეფეზე გავლენის მოხდენაში ეხმარებოდა. რიტუალის წესები კი ნამდვილად სატანისტური იყო, რადგან მასში შედიოდა ახალშობილთა "დაკვლა" და ა.შ. როგორც შემდგომში ახსნეს, სწორედ ამიტომ იყო ლუი XIV მონტესპანის ასეთი დიდი გავლენის ქვეშ. რეინომ მალევე იმ ტყეში დიდი გათხრები დაიწო და 2, 500-მდე ჩვილი ბავშვის დამარხული ჩონჩხი აღმოაჩინა. როგორც ჩანს, კატრინი ამ გზით მხოლოდ ფრანსუაზს არ ეხმარებოდა. 1666 წელს მონტესპანმა ეკლესიიდან განკვეთილ მღვდელს, ეტიენ გიბურგს მიმართა, რომელთან ერთადაც კიდევ ერთი სატანისტური რიტუალი შეასრულა, რომელშიც იგულისხმებოდა მონტესპანის შიშველ სხეულზე ეშმაკისეული ლოცვების თანხლებით ჩვილი ბავშვის მოკვლა და შემდეგ მისი სისხლის ფრანსუაზის სხეულზე დასხმა. როგორც ჩანს, მსგავსმა რიტუალმა გაამართლა, რადგან 1667 წლიდან მონტესპანი უკვე ლუი XIV-ის სამეფო საყვარელი იყო და ლუიზა დე ლა ვალიერი მათი შვილის აღმზრდელადაც კი იქცა. მონტესპანის მდგომარეობას კიდევ ის ამძიმებდა, რომ ამ საქმის გახსნიდან მალევე მინისტრი დე რეინო მოწამლეს, მისი გარდაცვალებიდან სულ მალე კი თავად დე რეინოს ცოლიც აღარ დაინდეს.

მარკიზა დე მონტესპანის გამოსახულებიანი თოჯინა ჯორჯ სტიუარტის ცნობილი "მონარქთა თოჯინების" კოლექციიდან, ინახება ისტორიული ფიგურების გალერეაში

მალე თავად მეფის მოწამვლაც კი სცადეს, რომელსაც საწოლის თეთრეული მოუწამლეს, თუმცა იგი იმით გადარჩა, რომ იმ ღამით საყვარელთან იყო. ასეთ მძიმე ფონზე ბრალი ფრანსუაზს დასდეს, თუმცა იგი უდანაშაულო იყო. ცნობილია, რომ მას მართლაც შეუყვარდა მეფე, ხოლო ის ვისაც ნამდვილად სურდა ლუის მოკვლა იყო მისი ერთ-ერთი საყვარელი კლაუდია დე ვინ დე ელიტეზი, რომელსაც მეფესთან ერთი ვაჟი ჰყავდა, რომელიც ლუიმ სხვა უკანონო შვილების მსგავსად ლეგიტიმურად არ სცნო. როგორც ცნობილი გახდა კლაუდიას ეხმარებოდა ლუის კიდევ ერთი ყოფილი საყვარელი ოლიმპია მანჩინი, სუასონის გრაფინია, რომელიც გამოირჩეოდა თავისი მიდრეკილებით ინტრიგებისკენ.

1680 წელს სამეფო კარზე კიდევ ერთი სკანდალი აგორდა, თუმცა ამჯერად მონტესპანი არაფერშუაში იყო. ამჯერად გავრცელდა ჭორი, თითქოს დედოფალ ანა ავსტრიელს ლუი XIV და ფილიპ I არა ლუი XIII-ისგან არამედ საყვარლისაგან ჰყავდა, რაც სამოქალაქო ომსა და დინასტიის შეცვლას მოასწავებდა, თუმცა მეფის მინისტრებმა — ლუვუამ და კოლბერმა ეს საქმე კარგად მიჩქმალეს.

გაძევება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1691 წელს მადამ დე მონტესპანს მოეხსნა სამეფო საყვარლის წოდება და საბოლოოდ მეფემ იგი სამეფო კარიდანაც კი გააძევა. მას მოეხსნა სამეფო პენსია, რომელიც ნახევარ მილიონ ფრანკს შეადგენდა. როდესაც ფრანსუაზი სამეფო კარს ტოვებდა, ცნობილია, რომ როდესაც მან თავისი სტატუსი და ძალაუფლება დაკარგა, გახარებულმა დედოფალმა მარია ტერეზამ თავის რძალ ლიზელოტა პფალცელს ღიმილიანი სახით უთხრა: "აი რა ემართება სისხლით მოპოვებულ ძალაუფლებას". ფრანსუაზ ათენა სამუდამოდ გამოკეტეს მონაზვნად, ფონტერვუდის სააბატოში, სადაც ასევე ლუის წინამორბედი საყვარელი, ლუიზა დე ლა ვალიერი იმყოფებოდა, თუმცა მონტესპანისგან განსხვავებით იგი აქ თავისი სურვილით იყო. სწორედ აქ გაატარა თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ფრანსუაზმა, სადაც როგორც ამბობდნენ იგი ძალიან იტანჯებოდა და გამუდმებით ვერსალში დაბრუნებაზე ოცნებობდა.

გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მადამ დე მონტესპანისათვის სიცოცხლის უკანასკნელი წლები ნამდვილი სასჯელი იყო. მისი შვილის ნაადრევად გარდაცვალებამ კი იგი საბოლოოდ გაანადგურა. ფრანსუაზ ათენა დე როშეშუარი გარდაიცვალა 1707 წლის 27 მაისს, 66 წლის ასაკში. ცნობილია, რომ იმ მრავალწლიანი ურთიერთობისადმი პატივისცემის ნიშნად სამგლოვიარო ტანისამოსიც კი ჩაიცვა.

ტიტულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 5 ოქტომბერი 1641 - 28 იანვარი 1663: მადმუაზელ დე მორტმარი ან მადმუაზელ დე ტონაი-შარანტი;
  • 28 იანვარი 1663 - ნოემბერი 1702: მონტესპანის მარკიზატის მადამი;
  • ნოემბერი 1702 - 27 მაისი 1707: მონტესპანის მარკიზატის ქვრივი მადამი;

შვილები ლუი XIV-თან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი პორტრეტი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
ლუიზ ფრანსუაზი მარტი, 1669 23 თებერვალი, 1672,

(2 წლის)

გარდაიცვალა მცირეწლოვანი, ემსხვერპლა ყვავილის ეპიდემიას
ლუი ავგუსტი Le duc du Maine.jpg 31 მარტი, 1670 14 მაისი, 1736,

(66 წლის)

მაინის ჰერცოგი, ცოლად შეირთო კონდეს პრინცესა ანა ლუიზა ბენედიქტა დე

ბურბონი, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი

ლუი სეზარი Louis-Cesar de Bourbon(1672-1683).jpg 20 ივნისი, 1672 10 იანვარი, 1683,

(10 წლის)

ვექსინის გრაფი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი
ლუიზ ფრანსუაზი Louise francoise bourbon.jpg 1 ივნისი, 1673 16 ივნისი, 1743,

(70 წლის)

ცოლად გაჰყვა კონდეს პრინცსა და ბურბონის ჰერცოგ ლუი III-ს, რომელთანაც

შეეძინა ცხრა შვილი

ლუიზ მარი ანა LuisaMaríaAnadeBorbón01.jpg 18 ნოემბერი, 1674 15 სექტემბერი, 1681,

(6 წლის)

ტურის მადმუაზელი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი
ფრანსუაზ მარი Françoise-Marie de Bourbon in 1700; Duchess of Chartres.jpg 4 მაისი, 1677 1 თებერვალი, 1749,

(71 წლის)

ცოლად გაჰყვა ორლეანის ჰერცოგ ფილიპ II-ს, რომელთანაც შეეძინა რვა შვილი
ლუი ალექსანდერი Portrait painting of Louis Alexandre de Bourbon, Count of Toulouse by Hyacinthe Rigaud.jpg 6 ივნისი, 1678 1 დეკემბერი, 1737,

(59 წლის)

ტულუზის გრაფი, ცოლად შეირთო მარი ვიქტორია დე ნოალი, რომელთანაც

შეეძინა ერთი ვაჟი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • See contemporary memoirs of Madame de Sévigné, of Saint-Simon, of Bussy-Rabutin and others; also the proceedings of the Chambre Ardente preserved in the Archives de la Bastille (Arsenal Library) and the notes of La Reynie preserved in the Bibliothèque Nationale.
  • Caylus (Madame de), Les Souvenirs de Madame de Caylus, Collection le Temps retrouvé VI, Mercure de France, Paris, 1965.
  • Erlanger, Philippe, Louis XIV, Librairie Arthème Fayard, Paris, 1965.
  • Erlanger, Philippe, Louis XIV, (translated from the French by Stephen Cox), Praeger Publishers, Inc., New York, 1970.
  • Freeman-Mitford, Nancy (Hon.), The Sun King
  • Hilton, Lisa, Athénaïs:The Real Queen of France
  • Lenotre, G. Le Château de Rambouillet, six siècles d'Histoire, Calman-Lévy, Paris, 1930.
  • Petitfils, Jean-Christian, Madame de Montespan, Librairie Arthème Fayard, Paris, 1988, ISBN 2213022429.
  • Petitfils, Jean-Christian, Louis XIV, Perrin, Paris, 1999, ISBN 2262012938.
  • Verlet, Pierre, Le Château de Versailles, Librairie Arthème Fayard, Paris, 1961 & 1985.
  • Tucker, Holly, City of Light, City of Poison: Murder, Magic, and the First Police Chief of Paris, 2017

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]