კადმუსის ბრძოლა — ბრძოლა ჯვაროსნებსა და თურქ-სელჩუკებს შორის. გაიმართა 1148 წელს. ჯვაროსნებს მეთაურობდა მეფე ლუი VII, ხოლო თურქ-სელჩუკებს რუმის სულთანი მასუდ I. გაიმართა ანტიკურ ქალაქ ლაოდიკეასთან ახლოს. დასრულდა ჯვაროსნების დამარცხებით[1].
მეფე ლუდოვიკ VII სათავეში ჩაუდგა ფრანგების ჯვაროსნულ არმიას, რომლებიც ევროპიდან მცირე აზიის გავლით იერუსალიმში ჩავიდნენ. 1147 წლის დეკემბრის დასაწყისში ფრანგული ჯარი გაჩერდა დასასვენებლად ძველ ქალაქ ეფესოს მახლობლად, სანამ გააგრძელებდნენ გზას მდინარე მენდერესის ხეობით ადალიის პორტამდე.
თურქ-სელჩუკების თავდასხმა მდინარე მენდერესთან დამთავრდა წარუმატებლად. ფრანგებმა გააგრძელეს მოძრაობა ლაოდიკეისკენ, რომელსაც მიუახლოვდნენ 6 იანვარსნათლისღების დღესასწაულზე. შემდეგ ისინი დაიძრნენ მთებისაკენ, რომელიც ფრიგიას ჰყოფს პისიდიისაგან.
ავანგარდი ჟოფრუა დე რანკონის ხელმძღვანელობით საკმაოდ წინ წავიდა ძირითადი ძალისაგან. ლუი VII-მ, რომელიც ხელმძღვანელობდა ძირითად ძალებს, გააგრძელა მოძრაობა. ფრანგი ჯარისკაცები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათი წინამავალი რაზმი დაიპყრობდა სიმაღლეებს და დაიმედებულნი მიდიოდნენ წინ. სელჩუკები მოულოდნელად დაესხნენ თავს ჯვაროსნების ძირითად რაზმს და მათ რიგებში არეულობა გამოიწვიეს. ფრანგებმა უკან დაიხიეს და შევიდნენ ვიწრო და ღრმა ხეობაში. ჯვაროსნებმა დიდი დანაკლისი განიცადეს. დაღამებისას მეფის არმიას შეუერთდა ავანგარდი. 20 იანვარს დამარცხებულმა ჯვაროსნებმა მიაღწიეს ადალიას.