არადეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
არადეთი
Aradeti fortress (6).jpg
სოფლის ხედი არადეთის ციხიდან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე შიდა ქართლის მხარე
მუნიციპალიტეტი ქარელის მუნიციპალიტეტი
თემი ბრეთი
კოორდინატები 42°03′47″ ჩ. გ. 43°52′54″ ა. გ. / 42.06306° ჩ. გ. 43.88167° ა. გ. / 42.06306; 43.88167
პირველი ხსენება XI საუკუნე
ცენტრის სიმაღლე 660
მოსახლეობა 432[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები (98,6 %)
რელიგიური შემადგენლობა ქრისტიანები
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
საფოსტო ინდექსი 4508
არადეთი — საქართველო
არადეთი
არადეთი — შიდა ქართლი
არადეთი

არადეთი[2]სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ქარელის მუნიციპალიტეტში, ბრეთის თემში. მდებარეობს მდინარე აღმოსავლეთ ფრონის მარჯვენა ნაპირზე, საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1-ის მიმდებარედ, ზღვის დონიდან 660 მეტრზე, ქარელიდან 7 კილომეტრში. მოსახლეობა მისდევს მეხილეობასა და მებოსტნეობას.

არადეთი იხსენიება XI საუკუნეში, განძის ამირა ფადლონისა და ბაგრატ IV-ის ბრძოლებთან დაკავშირებით. ამ ბრძოლაში მხარდაჭერისათვის ბაგრატ IV-მ არადეთი კახთა მეფე აღსართან I-ს უბოძა. 1483 წელს არადეთის მიდამოებში გაიმართა არადეთის ბრძოლა. ერთმანეთს შეებრძოლნენ კონსტანტინე II-ის მომხრეები და ყვარყვარე II ჯაყელი ათაბაგი. XV-XVI საუკუნეებში არადეთი საამილახვროში შედიოდა. XVII საუკუნის დასაწყისში თეიმურაზ I-მა არადეთი მოღალატე ანდუყაფარ ამილახვარს ჩამოართვა და სახასოდ აქცია. 1794 წელს ერეკლე II-მ არადეთი უბოძა თავად წერეთელს. არადეთი მოსახლე სოფლის სახელით მოხსენიებულია იოანე ბაგრატიონის 1794-1799 წლების აღწერაში.[3] 1910 წელს სოფელი შეისწავლა და აღწერა ივანე ჯავახიშვილმა.

სოფლის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის რამდენიმე ძეგლია შემორჩენილი. აღსანიშნავია ციხესიმაგრე სამი მრგვალი კოშკით. ციხესიმაგრე აგებული უნდა იყოს XVII საუკუნის I ნახევარში. მის ჩრდილო-დასავლეთ მხარეზე დგას წმინდა საბას სახელობის დარბაზული ეკლესია, რომლის წარწერიდან ჩანს, რომ იგი 1666 აუგია როსტომ მეფის მეუღლეს მარიამ დედოფალს.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის სახელის ეტიმოლოგიაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ერთ-ერთი ხალხური გადმოცემის თანახმად, სახელი დაკავშირებული უნდა იყოს არაბებთან, რომელთა ჯარი სოფლის ტერიტორიაზე მდგარა.[4] მეორე, ასევე ხალხური ვერსიის მიხედვით (რომელიც უფრო ფართოდაა გავრცელებული ადგილობრივ მოსახლეობაში), აქ ადრე იკრიბებოდნენ ქართველები და თათრები. ერთხელ მეზობელი სოფელ საღოლაშენიდან აქ გამოსულა ქართველი ფალავანი, რომელიც თათარს შეჯიბრებია. ჭიდაობის დასრულების შემდეგ ქართველ ფალავანს მოწინააღმდეგე ძირს დაუნარცხებია, გახარებული ქართველები კი გაიძახოდნენ „დაწექი და არ ადექიო“ (არ ადექი → არადეთი).[5]

არადეთის ეტიმოლოგიის მეცნიერულად ახსნა სცადა იულონ გაგოშიძემ. იგი შესაძლებლად მიიჩნევს, რომ არადეთი დაკავშირებული იყოს ავესტურ ღვთაება ანაჰიტას სახელთან — არდვი სურა.[6]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი არადეთი ისტორიულ წყაროებში პირველად იხსენიება XI საუკუნეში, ბაგრატ IV-ისა და განძის ამირა ფადლონის ბრძოლის ამბებთან დაკავშირებით. ბაგრატ IV-ის ლაშქარმა ძლიერ შეავიწროვა ფადლონის ჯარი და როგორც „მატიანე ქართლისაჲ“ გვამცნობს, ბაგრატის ჯარებმა

ვიკიციტატა
„მოსრეს და ტყუე ყვეს ლაშქარი ფადლონისი [7]

დამარცხებულმა ფადლონმა თავი კახეთს შეაფარა, სადაც თავი აღსართან მეფის შიკრიკად გამოაცხადა, თუმცა, იცნო ადგილობრივმა მოსახლემ და ჟალეთში მდგარ მესხ აზნაურს, ისაკ ტოლოშელისძეს მიჰგვარა, რომელმაც, თავის მხრივ, აღსართანს გადასცა. აღსართანმა წაიყვანა ფადლონი და მისგან ხორნაბუჯი ჩაიბარა. ამ ბრძოლაში მხარდაჭერისათვის მეფე ბაგრატ IV-მ არადეთი კახთა მეფე აღსართანს გადასცა.

ვიკიციტატა
„წარიყვანეს [ფადლონი] არადეთად და მისცა არადეთი აღსართანსავე[7]

XI საუკუნის შემდეგ სოფელი ისტორიულ წყაროებში აღარ მოხსენიება ვიდრე XV საუკუნემდე.

არადეთის ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია: არადეთის ბრძოლა.
არადეთის ციხესიმაგრის კოშკი

XV საუკუნეში არადეთი ისტორიულ საბუთებში მოიხსენიება შინაპოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ ეპიზოდთან დაკავშირებით. 1483 წელს სოფლის მიდამოებში ერთმანეთს შეებრძოლნენ ქართლის მეფე კონსტანტინე II და სამცხე-საათაბაგოს მმართველი ყვარყვარე II ჯაყელი.[8]

XV საუკუნის დასაწყისში სამცხის ათაბაგები აშკარად ეურჩებიან საქართველოს მეფეს. ყვარყვარე II ათაბაგმა დაამარცხა საქართველოს მეფე გიორგი VIII, რასაც შედეგად ერთიანი საქართველოდან კახეთის გამოყოფა მოჰყვა. მცირე ხნის შემდეგ ბრძოლა გაიმართა ყვარყვარესა და ახლა უკვე ქართლის მეფე კონსტანტინე II-ს შორის. აღნიშნული ბრძოლა გაიმართა 1483 წლის აგვისტოში არადეთთან, როგორც იკორთის № 6 ჟამგულანი გვამცნობს:

ვიკიციტატა
„ქორონიკონსა როა აქა მეფე კონსტანტინე და ყუარყუარე არადეთს შეიბნეს, ყუარყუარეს გაემარჯუა.[9][10]

არადეთის ბრძოლამ წერტილი დაუსვა საქართველოს დაშლის პროცესს,[11] ხოლო სამცხე-საათაბაგო საბოლოოდ გამოეყო საქართველოს.[12]

XVI-XVII საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არადეთი და მთლიანად ფრონის ხეობა, სადაც სოფელი მდებარეობს, XVI-XVII საუკუნეებში შედიოდა ზემო ქართლის სადროშოში, რომლის სარდლებიც იყვნენ ზედგენიძე-ამილახვრები. ეპარქიულად შედიოდა რუისის საეპისკოპოსოში, მამულები კი ეკუთვნოდა სადროშოს სარდლებს, ამილახვრებს.

XVI საუკუნეში თაყა ამილახვარი ხელს უწყობს ქართლისა და კახეთის დროებით გაერთიანებას, მაგრამ მისი მემკვიდრეები ბარძიმი და ანდუყაფარი ანტისახელმწიფოებრივ გზას დაადგებიან: ბარძიმმა გაილაშქრა ქართლის მეფე სიმონ I-ის წინააღმდეგ და გაძარცვა სამეფო ხაზინა, ხოლო ანდუყაფარმა უღალატა ქვეყანას და სპარსელებთან შეკრა კავშირი, რის გამოც მას 1620-იან წლებში არადეთი ჩამოართვეს. თეიმურაზ I-მა არადეთი სამეფო (სახასო) საკუთრებად გამოაცხადა, ხოლო მის სანაცვლოდ ამილახვრის ძმას, იოთამს, უშვილო სულხან თურმანიძის მამული გადასცა.[13]

XVIII-XIX საუკუნეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVIII საუკუნის დასაწყისში არადეთში რამდენიმე კომლს ციციშვილები ფლობენ. ამ პერიოდში შედგენილი ციციშვილების გაყრის წიგნის მიხედვით ედიშერ ციციშვილს არადეთში რგებია 3 კომლი გლეხი: შიო მუჩაიძე, რევაზ მაზანაშვილი და დათუნა გიორგისშვილი. პაპუნა ციციშვილს კი ერთი კომლი — სეხნია მუჩაიძე.[14]

1715 წელს შედგენილი რუისის სამწყსოს დავთრის მიხედვით არადეთი რუისის სამწყსოს სოფელია[15] და აქ ამ დროისათვის 37 კომლი ცხოვრობს:

  1. იშხნელიშვილი ფირან
  2. იშხნელიშვილი იოვანე
  3. იშხნელიშვილი ნიკოლოზ
  4. იშხნელიშვილი დავით
  5. იშხნელიშვილი მერისედი
  6. ქუმსიაშვილი ზაზუა
  7. მაზანაშვილი გიორგი
  8. მუჩაიძე ფირან
  9. მაისაძე ზაქარია
  10. თოდიძე ნიკოლოზ
  11. თოდიძე ნადირა
  12. თოდიძე საბა
  13. დევიძე მანველა
  14. კიკოლიასშვილი პაატა
  15. გულიაშვილი გიორგი
  16. ტიტვინიძე პაატა
  17. ხუციშვილი პაპუნა
  18. გუგულაშვილი ლეკვია
  19. თადულაშვილი ავთანდილი
  20. ნამორაშვილი იორამ
  21. ბერიძე იორდანე
  22. ტიტვინიძე საბა
  23. ბერაძე თამაზ
  24. ოთიაშვილი ივანე
  25. სულიაშვილი ბერი
  26. ბეზუკაშვილი ბერი
  27. კოკოლაშვილი პაპუნა
  28. მამასახლისი ოთარი
  29. გიგიტი გიორგი
  30. მირიანაშვილი ზურაბა
  31. მირიანაშვილი გოგია
  32. სალარიშვილი ივანა
  33. მხეცაძე პაპუნა
  34. როსაფაშვილი თევდორა
  35. მღვდელი ათანასა
  36. როსაფაშვილი გიორგი
  37. მუჩაიძე ღონენა[16]

არადეთს მოიხსენიებს ქართველი ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი:

ვიკიციტატა
„ბრეთის დასავლით, წვერიდამ ასტყდების მთა კვერნაქი და მივალს ფცის-წყლამდე, რომელსა ეწოდა ცეცხლის-ჯუარი. წვერს ქუეით, არადეთს, არს ჭია მარიამული, რომელი ჰკურნებს ბრაზიანის ნაკბენს სმითა.[17]

XVIII საუკუნის დასასრულისათვის არადეთი კვლავ სამეფო კუთვნილებაშია. ერეკლე II-მ 1794 წლის 3 ივლისის სიგელით არადეთი დამსახურებისათვის იმერელ წერეთლებს გადასცა.[18] დარეჯან დედოფლის მიერ 1801 წლის 28 აპრილს გაცემულ სადედოფლო მამულებისა და სოფლების ნუსხაში ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„ქ. ქართლში არადეთის სოფელი, რვა წელიწადია რომ განსვენებულმან ჩემმა მეუღლემ მეფემ ირაკლიმ ზურაბ წერეთელს უბოძა წყალობით, რომ დღესაც იმას უჭირავს.[19]

ზურაბ წერეთლის კუთვნილებაში არადეთი 1822 წლამდე ყოფილა, ხოლო შემდეგ ეს სოფელი 2000 მანეთად შეუსყიდია მისსავე ბიძას. სავარაუდოდ XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან წერეთლები სოფელს აღარ ფლობენ, რადგან ამ დროისათვის აქ დაწინაურდა ადგილობრივი აზნაური იშხნელი.[19]

საბჭოთა პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ სოფელი მთლიანად სოციალისტურ ყაიდაზე გადაეწყო. გაკულაკებული აზნაურებისა და მემამულეების მიწები სახელმწიფოს კუთვნილება გახდა და მასზე 1929 წელს კოლმეურნეობა შექმნეს.[20]

მეორე მსოფლიო ომში სოფლიდან ბევრი მამაკაცი წავიდა. ომიდან არ დაბრუნებულან მიშა, სოსიკო, გოგი, კონსტანტინე, ვახტან და იოსებ ტიტვინიძეები, ირაკლი მუჩაიძე, სოლომონ ნასარიძე, რომან და ვალოდია ჯავახიშვილები, ლექსო კაბელაშვილი და სხვა.[21]

1978 წელს არადეთში ახალი სკოლა გაიხსნა. სოფელში ასევე დააარსეს კინო, ბიბლიოთეკა და საბავშვო ბაღი. მეურნეობის ძირითადი დარგი კვლავ მეხილეობა იყო, თუმცა ასევე განვითარებული იყო მეჭარხლეობა, მევენახეობა, მებოსტნეობა და ა. შ. საბჭოთა პერიოდში არადეთი დედოფლის საბჭოთა მეურნეობის შემადგენლობაში შედიოდა.[22]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელი არადეთი მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, მუნიციპალიტეტის ცენტრ დაბა ქარელიდან ჩრდილო-დასავლეთით შვიდიოდე კილომეტრში. მდებარეობს მდინარე აღმოსავლეთის ფრონის მარჯვენა ნაპირზე, საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1-ის მიმდებარედ, ზღვის დონიდან 660 მეტრზე.[23]

არადეთში მოქმედებს ინერტული მასალის კარიერი.[24]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი საბუთი, სადაც მოსახლეობის შემადგენლობა სახელდება, არის რუისის სამწყსოს დავთარი. დავთრის მიხედვით 1715 წლისათვის სოფელში 37 კომლი ცხოვრობს. იგივე დავთარი ადასტურებს, რომ მოსახლეობის გადმოსახლების პროცესი სამხრეთ საქართველოდან უკვე დაწყებულია. ამ პერიოდიდან ზოგიერთი გვარი ქრება კიდეც.

XX საუკუნის 30-იან წლებამდე სოფლის წამყვანი გვარია იშხნელი. მათი გვარის ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია მსახიობი გიორგი არადელი-იშხნელი. 30-იან წლებში იშხნელებმა სოფელი დატოვეს. სიდიდით მეორე გვარი იყო სალარიშვილები, რომლებიც სოფლის სამხრეთ ნაწილში, მდინარე ფრონის მარჯვენა ნაპირზე ცხოვრობდნენ. აქ დღესაც არის შემორჩენილი ეკლესია, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „სალარიანთ საყდარსაც“ უწოდებს. ასევე წამყვანი გვარია მუჩაიძეები, რომლებიც რუისის სამწყსოს დავთარშიც მოიხსენიებიან.[25]

სოფელში XX საუკუნეში ჩნდება ახალი გვარები: კაბულაშვილი, კანდელაკი, კუპატაძე, ასანიძე, ოსიაშვილი, ჯავახიშვილი და სხვა. ამჟამად ყველაზე დიდი რაოდენობით ცხოვრობს ტიტვინიძეების გვარი.[20]

ბოლო, 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 432 ადამიანი. მოსახლეობის ცვალებადობა ბოლო სამი აღწერის მიხედვით კი ასეთია:

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989[26] 364
2002[27] Increase2.svg 464 225 239
2014[1] Decrease2.svg 432 213 219

კულტურული მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ტერიტორიაზე შემონახულია კულტურული მემკვიდრეობის რამდენიმე ძეგლი: არადეთის ციხე (ციხის კომპლექსში შედის გალავანი, წმინდა საბას ეკლესია და სასახლე), არადეთის წმინდა გიორგის ეკლესია, სალარიანი საყდარი. აქვე ფიქსირდება ბრინჯაოს ხანის არადეთის ორგორა. საგვარეულო სასაფლაოზე მდებარეობს გიორგი არადელ-იშხნელის საფლავი.

არადეთის ციხე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია: არადეთის ციხე.
არადეთის ციხის წმინდა საბას ეკლესია (2020 წ.)
არასეთის ციხის გალავანი

ციხესიმაგრე მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით, ცენტრალური გზიდან ასიოდე მეტრში, მდინარე ფრონის მარჯვენა სანაპიროზე. აგებულია XVII საუკუნის შუა წლებში. ციხე-დარბაზის კომპლექსში შედის გალავანი, წმ. საბას ეკლესია და სასახლე. გალავანი გეგმით კვადრატს უახლოვდება (დაახლოებით 40 X 40 მ). შემორჩენილია აღმოსავლეთ კედელი ოთხი კოშკით და გალავნის 50 მ სიგრძის მონაკვეთი (კედლების სისქე 1,2 მ) სამხრეთით. სამხრეთ კუთხეში მდგარი ცილინდრული კოშკი ოთხსართულიანია.

წმ. საბას ეკლესია დგას ციხე-დარბაზის კომპლექსის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ეკლესიის სამხრეთ ფასადის ასომთავრული წარწერის თანახმად, ეკლესია აგებულია 1666 წელს, დადიანის ასულის დედოფალ მარიამის დაკვეთით. ეკლესია დარბაზულია (9,35 X 5 მ), ნაგებია ცუდად დამუშავებული სხვადასხვა ზომის ქვიშაქვის კვადრებით, ზოგან რიყის ქვაც არის გამოყენებული. გარედან სწორკუთხა, ხოლო შიგნიდან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთშია. სასახლის ნანგრევები შემორჩენილია გალავანთან, ეკლესიის ახლოს.[28]

ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია სასაფლაო, რომლის ეპიტაფიები მოწმობს, რომ იგი იშხნელთა სამარხს წარმოადგენდა.[29]

ეკლესიის სამხრეთი კარის ტიმპანზე ამოკვეთილია ასომთავრული ექვსსტრიქონიანი ლაპიდარული წარწერა. წარწერა ეკუთვნის საქართველოს დედოფალ მარიამს. იგი ასე იკითხება:

ვიკიციტატა
„ქ. ჩუენ დადიანის ასულმან, დედოფალმან, პატრონმან მარიამ აღვაშენეთ ეკლესია ესე და შევსწირეთ წმიდასა და ღმრთივ შემოსილსა მამათმამასა საბას, რათა უკუნისამდე ეგოს მას შინა და მეოხ ექმნას სულსა ჩემსა დღესა მას განკითხვისასა, ამენ. ქორონიკონსა ტნდ.[30]

2020 წლის იანვარში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ციხესიმაგრის რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ნაყარი მიწისაგან გათავისუფლდა გალავნის კედელი და ციხის კომპლექსში შემავალი კოშკების ინტერიერი. ციხის ინტერიერსა და ფასადებზე სრულად აღდგა მოშლილი საპირე წყობები, მოეწყო ავთენტური ფორმის სათოფურები და კოშკის ზედა სეგმენტზე ჩამოშლილი ნახევარწრიული ქონგურები. შეიცვალა ღიობების თავზე არსებული დაზიანებული ხის ზღუდარები და კოშკის ინტერიერი, ფასადები და გალავნის კედლები კი კირ-დუღაბის ხსნარით შეილესა.[31][32]

არადეთის წმინდა გიორგის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არადეთის წმინდა გიორგის ეკლესია

წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით, სასაფლაოზე. სტილისტური ნიშნებით თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (8,5 X 5,5 მ), ნაგებია მოყვითალო ფერის ნატეხი ქვით. ეკლესიისათვის მოგვიანებით სამხრეთით და დასავლეთით მიუშენებიათ გარშემოსავლელი, ხოლო აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ კუთხეში ოთხკუთხა სათავსი (სამკვეთლო), რომლის აღმოსავლეთის კედელში ერთი მცირე სარკმელია. ეკლესიას ნატეხი ქვის ფილით გადახურული სამი შესასვლელი აქვს: სამხრეთით, დასავლეთითა და ჩრდილოეთით. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი მცირე ზომის ოთხკუთხა ნიშია. შემორჩენილია გვიანდელი მოხატულობის კვალი.[33]

1920 წელს აკაკი შანიძემ სოფელ არადეთში მიაკვლია ლაპიდარულ წარწერას, რომელიც შესრულებული იყო წმინდა გიორგის ეკლესიის ჯვრის ბაზისზე. კვარცხლბეკის სამ წახნაგზე ამოკვეთილია სამი რელიეფური ჯვარი. ერთ-ერთი ჯვრის მარჯვენა მხარეზე შემორჩენილია ასომთავრული წარწერის ოთხი სტრიქონი. წარწერა ასე იკითხება:

ვიკიციტატა
„[წ(მიდა)ო გ(იორგ)ი], ადი[დ(ე)ნ], მ(ა)რ(ა)დ(ე)ლნ[ი] მ(ა)მ(ა)ს(ა)ხლისნი[34].“

წარწერის ზედა მარჯვენა კუთხე დაზიანებული იყო. შესწავლის შემდეგ დაადგინეს, რომ წარწერა განეკუთვნება X-XI საუკუნეებს.[35] წარწერა ამჟამად დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.[36]

არადეთის წმინდა გიორგის ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[37]

სალარიანი საყდარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია: სალარიანი საყდარი.

სალარიანი საყდარი მდებარეობს სოფლის სამხრეთ-აღმოსავლეთით ერთ კილომეტრზე, მდინარე ფრონის ნაპირზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელი აღმართულია კლდეზე დაშენებულ კირხსნარით დაბეტონებულ მაღალ სუბსტრუქციაზე, რომლის წყობა განსხვავდება ნაგებობის ძირითადი კორპუსის კედლების წყობისაგან. ეკლესია დარბაზულია (6 X 4,5 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით.[38]

არადეთის ორგორა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არადეთის ორგორა მდებარეობს სოფლის სამხრეთით, 4 კმ-ის დაშორებით, სოფელ დოღლაურის მახლობლად, მდინარე მტკვრისა და დასავლეთ ფრონის შესართავთან. ყველაზე მაღალია დასავლეთის გორა, ე. წ. დედოფლის გორა (ზედაპირის ფართობი 70X50 მ). დედოფლის გორა მრავალფენიანი ნამოსახლარია. დედოფლის გორაზე დადასტურდა ენეოლითის, ადრებრინჯაოს, გვიანბრინჯაოს, ადრერკინის, ანტიკური და ადრეული შუა საუკუნეების ფენები. ანტიკური ხანის ფენა წარმოქმნილია სასახლისა და სამეურნეო ნაგებობების ნანგრევებით. გათხრების შედეგად გამოვლინდა პილონებით შემოსაზღვრული შიდა ეზოს ნაწილი. ეზოს გარშემო განლაგებულია 6 ოთახი და მცირე კარიბჭე. ოთახები თითო კარით უკავშირდება შიდა ეზოს. კედლებისა და პილონების ქვედა ნაწილი 1,5 მ სიმაღლეზე აგებულია რიყის ქვითა და ბზენარევი თიხის ხსნარით. შემდეგ კედლები ამოყვანილია ალიზის აგურით (52X52X12 მ). ალიზის წყობა გამაგრებულია კედლების გასწვრივ და გარდიგარდმო დალაგებული ხის ძელებით, შელესილია ალიზის ხსნარით. გარედან სასახლის კედლები მოპირკეთებული ყოფილა თლილი ქვიშაქვის ბლოკებით, რომლებიც ერთმანეთზე გადაბმული იყო ისრისებური ფორმის გამირებით.[39]

სასახლის ეზოში მოწყობილია სახაბაზო ოთხი თონითა და ხელსაფქვავებით. ეზოს ირგვლივ განლაგებულ ოთახებში ინახებოდა ჭირნახული (ხორბალი, ქერი, ისლი), რკინის სახნისები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ირმის რქისაგან დამზადებული გრავირებული ფირფიტები (25 ც), რომლებზეც ამოკვეთილია არამეული წარწერები. ვარაუდობენ, რომ ეს ფირფიტები სამკითხაო-სათამაშო დანიშნულებისაა (ყველაზე დიდი ფირფიტის ზომაა 49X48 მმ; ყველაზე მცირესი 40X36 მმ). ფირფიტებზე გამოსახულია ერთი ან ორი, იშვიათად სამი ფიგურა: დათვის, ტახის, ირმის, ჯიხვის, სხვადასხვა ფანტასტიკური ცხოველის, მხედრების გამოსახულება. სამი ფირფიტა დატოვებულია გამოსახულების გარეშე. ფირფიტებთან ერთად აღმოჩნდა ღორის ფალანგები, რომლებზეც დატანილია ერთი ან ორი ჭდე, ნახვრეტი. დედოფლის გორის სასახლე თარიღდება ძვ. წ. I–ახ. წ. I საუკუნის პირველი ნახევრით.[40]

ორგორის მახლობლად, ჩრდილოეთით, მდებარეობს კიდევ ერთი გორა: მასზე გამოვლინდა ადრე, შუა და გვიანბრინჯაო, ადრერკინის ხანის ნამოსახლარები. ჩრდილოეთის გორის დასავლეთით, მინდორში, აღმოჩნდა ადრებრინჯაოს ხანის სამაროვანი. გაითხარა 13 ორმოსამარხი. მათში აღმოჩნდა ადრებრინჯაოს ხანის გვიანდელი პერიოდისათვის დამახასიათებელი მოშავოდ და მოვარდისფროდ გამომწვარი თიხის ჭურჭელი; ვერცხლის, ანთიმონისა და ბრინჯაოს სამკაული, კაჟის ისრისპირები. ორგორის ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით გაითხარა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვანი, რომელშიც აღმოჩნდა შავად და ლეგად გამომწვარი თიხის ჭურჭელი. სამაროვნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში გაითხარა ყორღანი. დასაკრძალავ ორმოს ხელნიანი ეტლის ფორმა ჰქონდა. ყორღანში აღმოჩნდა ცხენის აღკაზმულობა, მათ შორის, ბრინჯაოს გეომეტრიული ორნამენტით შემკული ბორბლისებურ საყბეურებიანი ლაგამი, ბრინჯაოსა და სარდიონის მძივები, შავად გამომწვარი თიხის ჭურჭელი.[41] არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.[42]

გიორგი არადელ-იშხნელის საფლავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართველი მსახიობის, გიორგი არადელ-იშხნელის (1882-1920 წწ.) საფლავი მდებარეობს იშხნელთა საგვარეულო სასაფლაოზე. საფლავს შემოვლებული აქვს რკინის მესერი. საფლავზე დგას მარმარილოს კვარცხლბეკი, რომელზეც აღმართულია ჯვარი.[38]

განათლება და კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1975 წლისათვის სოფელში სკოლა არაა[43] და სარგებლობენ მეზობელ სოფელ საღოლაშენის რვაწლიანი სკოლით, რომელიც ამირეჯიბების ყოფილ შენობაში იყო გახსნილი.[22] 1978 წელს არადეთში ახალი სკოლა გაიხსნა. სოფელში ასევე მოქმედებდა კინო, ბიბლიოთეკა და საბავშვო ბაღი.[22] ამჟამად, სოფლის მოსწავლეები სარგებლობენ საღოლაშენის საჯარო სკოლით.[44]

ტრადიციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შიდა ქართლში საკმაოდ გავრცელებული რიტუალი იყო „ლაზარობა“, რომელიც იმართებოდა გვალვის დროს. რიტუალს სოფლის ქალები ასრულებდნენ და მიმართული იყო წვიმის მოსაყვანად, თუმცა, არადეთში ლაზარობის რიტუალში მთავარ როლს მამაკაცი ასრულებს.[45]

სასურველი ამინდის გამოსაწვევად ქალები მიდიოდნენ ქალ-ქვებთანაც, რაც შიდა ქართლში ასევე გავრცელებული რიტუალი ყოფილა. „ქვაქალების“ შესახებ შიდა ქართლის სხვადასხვა სოფელში სხადასხვანაირი თქმულებებია დადასტურებული. სოფელ არადეთის მცხოვრები მაშო ტიტვინიძის გადმოცემით, „ლეკიანობის დროს და-ძმანი მოეტაცათ. მერე ერთმანეთი შეერთოთ. ეკლესიიდან რომ გამოდიოდნენ, ქვათ იქცნენ. გვირგვინები ადგიათ. ეხლაც დგას ეს ქვა ძელიცხოვლის ხეითის ეკლესიაში. რუისშიც არის „ქვაქალა“. ამ ქვას გვალვის დროს გადავაბრუნებთ ხოლმე და წყალს გადავასხამთ“. თუ რამდენად მასშტაბური უნდა ყოფილიყო ლაზარეზე სიარული, ამას ადასტურებს ის, რომ არადეთიდან ქალები ხეითში ან რუისში მიდიოდნენ.[46]

ცნობილი არადეთელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 6 სექტემბერი, 2016.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 17, თბ., 1987.
  3. იოანე ბაგრატიონი, „ქართლ-კახეთის აღწერა“ გვ. 42 — თბილისი 1986
  4. მაკალათია, 1963, გვ. 23
  5. ლომიტაშვილი, 1982, გვ. 10
  6. გაგოშიძე ი., დედოფლის მინდვრის გათხრების ანგარიში, 1976-77 წ., არქეოლოგიური ექსპედიციები, ტ. V, თბ., 1977, გვ., 75
  7. 7.0 7.1 „მატიანე ქართლისაჲ“, ქართლის ცხოვრება, ტ. I, თბ., 1955, გვ., 311
  8. ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, გვ. 39, თბ., 2013 წელი.
  9. ოდიშელი ჯ., მცირე ქრონიკები (კინკლოსების ისტორიული მინაწერები), თბ., 1968, გვ., 37
  10. ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, ტ. IV, თბ., 2012, გვ., 122
  11. ხოსიტაშვილი ს., XV-XVI სს. სამცხე-საათაბაგოს პოლიტიკური ისტორიიდან, საქართველოს ფეოდალური ხანის ისტორიის საკითხები, II, თბ., 1972, გვ., 162-171
  12. ქც, 2013, გვ. 39
  13. ლომიტაშვილი, 1982, გვ. 14
  14. ქართული სამართლის ძეგლები, ტ. VI, თბ., 1977, გვ., 920
  15. თაყაიშვილი, 1907, გვ. 126
  16. თაყაიშვილი, 1907, გვ. 206
  17. ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბ., 1973, გვ., 374
  18. ლომიტაშვილი, 1982, გვ. 18-19
  19. 19.0 19.1 ლომიტაშვილი, 1982, გვ. 19
  20. 20.0 20.1 ლომიტაშვილი, 1982, გვ. 30
  21. ლომიტაშვილი, 1982, გვ. 31
  22. 22.0 22.1 22.2 ლომიტაშვილი, 1982, გვ. 32
  23. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997, გვ. 182-183
  24. ქარელის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების მონაწილეობითი პროცესი
  25. ლომიტაშვილი, 1982, გვ. 29
  26. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 182, თბ., 1997 წელი.
  27. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II
  28. სძა, 1990, გვ. 356
  29. ლომიტაშვილი, 1982, გვ. 22
  30. ლომიტაშვილი, 1982, გვ. 24-26
  31. შიდა ქართლში, პირვანდელი სახით აღდგენილ ისტორიულ ძეგლებს არადეთის ციხე შეემატა
  32. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ ფინანსური უზრუნველყოფით, არადეთის ციხეზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
  33. სძა, 1990, გვ. 356-357
  34. ქართული წარწერების კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, წიგნი I, აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო (V-X სს.), თბ., 1980, გვ. 113
  35. შანიძე აკ. არადეთის წარწერები, თბ., 1926, გვ., 236-237
  36. ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 183, თბ., 1997 წელი.
  37. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ
  38. 38.0 38.1 სძა, 199, გვ. 356
  39. ქც, 2013, გვ. 41
  40. გაგოშიძე ი., წოწელია მ., არამეულწარწერიანი ფირფიტები დედოფლის გორიდან, კრებ., ამიერკავკასიის ისტორიის პრობლემები, თბ., 1991, გვ., 47-71
  41. სძა, 1990, გვ. 355-356
  42. ქც, 2013, გვ. 41-42
  43. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975, გვ. 534
  44. ტენდერი სკოლის ტრანსპორტირების შესახებ
  45. კოშორიძე თ., ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი შიდა ქართლში, თბ., 2014, გვ. 119
  46. კოშორიძე თ., ქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი შიდა ქართლში, თბ., 2014, გვ. 121