ურარტუ

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ურარტუ თავისი ძლიერების მწვერვალზე, სარდირიუს II-ის პერიოდში ძვ. წ. 743

ურარტუახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო, რომელიც არსებობდა ძვ. წ. IX-VI საუკუნეებში. ურარტუ მდებარეობდა ვანის ტბის მიდამოებში (დღევანდელი თურქეთისა და სომხეთის ტერიტორიაზე). დედაქალაქი ტუშფა (ახლანდელი ქ. ვანი, თურქეთში). ურარტუ ამ ქვეყნის ასურული სახელწოდებაა, თავად ურარტელები საკუთარ ქვეყანას "ბიაინილს" უწოდებდნენ[1].

მისი ძლიერების პიკში ურარტუ ჩრდილო მესოპოტამიიდან სამხრეთ კავკასიამდე იშლებოდა, მოიცავდა რა დღევანდელი სომხეთის ტერიტორიას სევანის ტბამდე. ურარტუს ციხესიმაგრეების ნაშთები შემორჩენილია ვანში, არმავირში, ერებუნში (დღევენადელი ერევანი), ანზაფში, კავუსტეპსა და ბაშკალეში.

ძველი მესოპოტამია
ასირიოლოგია
ქვეყნები / იმპერიები
შუმერი: ურუქიურიერიდუ
ქიშილაგაშინიფური
აქადის იმპერია: აქადი
ბაბილონიისინისუზა
ასურეთი: აშურინინევია
დურ-შარუქინინიმრუდი
ბაბილონიაქალდეა
ელამიამორიტები
ხურიტებიმითანი
კასიტებიურარტუ
ქრონოლოგია
შუმერის მეფეები
ასურეთის მეფეები
ბაბილონის მეფეები
ენა
ლურსმული დამწერლობა
შუმერული ენააქადური ენა
ელამური ენახურიტული ენა
მითოლოგია
ენუმა ელიში
გილგამეშიმარდუქი

ისტორია[რედაქტირება]

მითანის სამეფოს არსებობის ხანაში (ძვ. წ. II ათასწლეული) ურარტუელები მის შემადგენლობაში შედიოდნენ, მისი დაცემის შემდეგ კი (ძვ. წ. XIII საუკუნე) დამოუკიდებლობას მიაღწიეს. ძვ. წ. XIII-XI საუკუნეებში ისინი არაერთხელ გახდნენ მეზობელი ასურელების შემოსევის ობიექტი. ძვ. წ. IX საუკუნეში ამ თავდასხმათა გაძლიერებამ ბიძგი მისცა ურარტელთა დიდი გაერთიანების - ურარტუს სამეფოს შექმნას, რომლის პირველ მეფედ დასახელებულია არამე. მისი მემკვიდრე სარდური I განაგრძობდა ასურელებთან ბრძოლას და დიდი სააღმშენებლო სამუშაოები ჩაატარა დედაქალაქ ტუშფაში. მასვე განეკუთვნება ჩვენამდე მოღწეული ყველაზე ადრინდელი, ჯერ კიდევ ასურულ ენაზე შედგენილი წარწერები. მის მემკვიდრე იშფუინის წარწერები უკვე ურარტულ ენაზე აქვს შედგენილი.

ძვ. წ. IX საუკუნის დასასრულსა და VIII საუკუნის I ნახევარს ურარტუ ძლიერი სახელმწიფოა. ამ დროს მეფობდნენ მენუა, არგიშთი I, სარდური II. ურარტუმ დიდი ტერიტორია წაართვა ასურეთს ჩრდილოეთ მესოპოტამიასა და ჩრდილოეთ სირიაში. ურარტუს დაემორჩილნენ ხუბუშქია (ვანის ტბის სამხრეთით), მუსასირი, მანა (ურმიის ტბის რაიონში), ჩრდილოეთშიც-ამიერკავკასიაში დაიპყრო დიდი ტერიტორია. არარატის ველზე, ააგეს ციხესიმაგრეები მენუახინილი (არარატის მთასთან), არგიშთიხინილი (გვიანდელი არმავირი) და ერებუნი (არინბერდი, ქ. ერევნის განაპირას).

ერებუნის გალავანი, სომხეთი

განსაკუთრებით გამწვავდა ბრძოლა ჩრდილოეთში ურარტუსა და დიაოხს (ტაოხი, ტაო) შორის, რომელიც არგიშთის დროს დიაოხის სრული განადგურებით დამთავრდა. სარდური II ამ რაიონში უკვე ებრძოდა კიდევ უფრო ჩრდილოეთ გაერთიანებას - კოლხას.

წარმატებული ომების შედეგად ურარტუში თავი მოიყარა დიდძალმა ნადავლმა, მოჰყავდათ ტყვე-მონებიც, რომლის ნაწილს ოჯახებითურთ მიწაზე ასახლებდნენ, ზოგჯერ სამხედრო სამსახურსაც აკისრებენ, ზოგს კი უფრო მძიმე სამუშაოზე იყენებდნენ. მეფის ხელში იყრიდა თავს მონების დიდი ნაწილი, ერთი ნაწილი კი "მეომრებს" მიჰყავდათ და საშინაო მეურნეობაში იყენებდნენ. მატერიალური დოვლათის მწარმოებელთა ძირითად მასა მაინც რიგითი თავისუფლები - მეთემეები და დამოკიდებული მიწათმოქმედნი შეადგენდნენ. ურარტუში ფართო სამეურნეო საქმიანობა იყო გაშლილი. წარწერებში ხშირად არის ლაპარაკი მარცვლეულისა და ღვინის საწყობების აგების შესახებ, სადაც გროვდებოდა ხარკი და გადასახადები. ასეთი ნაგებობები იქმნებოდა ურარტუს ციხესიმაგრეებთან. პრივილეგიური წოდების უმაღლეს ფენას სამეფო გვარი წარმოადგენდა. დიდი ძალა ჰქონდათ სახელმწიფოში ცალკეული ოლქების მმართველებს, რომლებიც ურარტუს დასუსტების ხანაში, ძვ. წ. VIII საუკუნის დასარულს ხშირად აწყოდნენ აჯანყებებს მეფის წინააღმდეგ.

ასურეთის მეფემ ტიგლათფილესერ III-მ ძვ. წ. VIII საუკუნის 40-30 წლებში რამდენიმეჯერ დაამარცხა ურარტუს მეფე სარდური II და წაართვა ჩრდილოეთ მესოპოტამიისა და ჩრდილოეთ სირიის მრავალი რაიონი, ხოლო 714 ლაშქრობის შედეგად ასურეთის მეფემ სარგონ II-მ შეავიწროვა ურარტუს პოზიციები ურმიისპირა რაიონში (ამ დროს ურარტუში მეფობდა რუსა I). ამ მარცხს წინ უსწრებდა ურარტელების სასტიკი დამარცხება VIII საუკუნის 20-იან წლებში ჩრდილოეთიდან შემოჭრილ კიმერიელებთან ბრძოლაში.

ურარტუ მეფე რუსა I-ის დროს 715-713 წწ

ძვ. წ. VII საუკუნეში დაპყრობილი ადგილებიდან ურარტუ თავის პოზიციებს ინარჩუნებდა მხოლოდ სამხრეთ ამიერკავკასიაში. მეფე რუსა II-მ (ძვ. წ. 685 - ძვ. წ. 645) აქ ააგო ახალი ციხესიმაგრეები (თეიშებაინი, ახლანდელი კარმირ-ბლური), აწყობდა დიდ სახელმწიფო მეურნეობებს. რუსა II დიდებულებთან ბრძოლაში თავისი პოზიციების განმტკიცების მიზნით ჯარში ფართოდ უხსნიდა გზას დაქირავებულ ელემენტებს (კიმერიელებს). მათთან ერთად რუსა II-მ ილაშქრა მცირე აზიაში და ძვ. წ. 676 გაანადგურა ფრიგიის (ანუ მუშქების) სამეფო. ასურეთი ამ დროს კვლავ შეშფოთებულ იყო ურარტუს გაძლიერებით. მაგრამ მალე, მიდიის სამეფოსაგან მოსალოდნელი საფრთხის გავლენით, ასურეთი და ურარტუ ერთმანეთის მოკავშირეობას ეძებდნენ - ამ მიზნით ასურეთის სამეფო კარს არაერთხელ ეწვივნენ ურარტუს მეფის ელჩები.

მალე მიდიამ ბაბილონელებთან ერთად ასურეთი გაანადგურა, ხოლო ურარტუს ცენტრალური რაიონები ძვ. წ. 590 დაიპყრო. ძველ ბერძენ ისტორიკოს ჰეროდოტესთან ძვ. წ. V საუკუნეში ურარტუელთა შთამომავლები ალაროდიელთა სახელით იხსენიებიან. მისი ცნობით, ისინი მონათესავე ხურიტებთან ერთად (სასპერები და მატიენები) შეადგენდნენ აქემენიდური ირანის XVIII სატრაპიას. ურარტუში შეიქმნა საკმაოდ მაღალგანვითარებული კულტურა. ჩვენამდე მოაღწია მათ მიერ კლდეში გამოკვეთილ ნაგებობათა კომპლექსებმა და კლდეში გაყვანილმა ზოგიერთმა არხმა. მიკვლეულია მათ მიერ აგებული ციხესიმაგრეების, ტაძრებისა და სასახლეების ნაშთები. ურარტუში წერდნენ ქვაზე, ლითონზე, თიხაზე ასურელებისაგან შეთვისებული ლურსმული დამწერლობით. ძირითადად მოღწეულია ამა თუ იმ მეფის სახელით შედგენილი საომარი, სააღმდენებლო და საკულტო ხასიათის 600-მდე წარწერა.

რელიგია[რედაქტირება]

ურარტული ღვთაება ხალდი.

ურარტუელთა რელიგია ძირითადად ბუნების ძალთა გაღმერთებას წარმოადგენდა. ურარტუელთა ღმერთების სათავეში იდგა ადგილობრივი ღვთაება ხალდი, უზენაესი ქალღმერთი კი იყო არუბანი. ხალდის კულტის ცენტრი იყო ქალაქი მუსასირი. პანთეონში მეორე ადგილი ეკავა ტაროსის ღვთაება თეიშებას და მის მეუღლე – ქალღმერთ ხუბას. თეიშებას კულტის ცენტრი იყო ქალაქი კუმენუ. პანთეონში მესამე ადგილი ეკავა მზის ღვთაება შივინის და მის მეუღლეს – ქალღმერთ ტუშფუეას. ამ უკანასკნელთა კულტის ცენტრი იყო დედაქალაქი ტუშფა, რომლის სახელიც წარმომდგარი უნდა იყოს მზის ღმერთის მდედრობითი ორეულის – ტუშფუეას სახელიდან.

ღმერთებისა და ქალღმერთების ამ უზენაესი ტრიადების გარდა ურარტული პანთეონი მოიცავდა არაერთ ათეულ სხვა ღმერთს. მეფეების იშფუინისა და მენუას მხერ-კაპუსის წარწერაში, რომელიც ამოკვეთილია ვანის მახლობლად კლდეზე, ჩამოთვლილია ურარტული პანთეონის ყველა ღვთაება და განსაზღვრულია მათთვის მსხვერპლად მისატანი ცხოველების რაოდენობა. აღნიშნული წარწერის მიხედვით ურარტუელები მამაღმერთებს სწირავდნენ ხარებსა და ცხვრებს, ხოლო ქალღმერთებს - ძროხებსა და ცხვრებს.

თავის ღმერთებს ურარტუელები გამოსახავდნენ ადამიანების სახით, თუმცა აქა-იქ ჩანს ნაშთები ძველი ტოტემისტური წარმოდგენებისა - ცხოველთა ან ფრინველთა სახით გამოსახვა (ღვთაებებს აქა-იქ უხატავდნენ რქებსა და ფრთებს).

ურარტუს ზოგი ნაწილის მოსახლეობაში მიცვალებულის კრემაციის ჩვეულება იყო გავრცელებული, მაშინ როდესაც ქვეყნის სხვა რაიონებში მიცვალებულს მიწაში მარხავდნენ. როგორც ჩანს, ამ ვრცელი ქვეყნის მოსახლეობაში დიდი იყო განსხვავებები რელიგიური წარმოდგენებისა და ზნე-ჩვეულებების მხრივ[2].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • მელიქიშვილი გ., ქსე, ტ. 10, გვ. 169-170, თბ., 1986

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, თბ., 1971, გვ., 407
  2. ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, თბ., 1971, გვ., 430-431