პავლე ინგოროყვა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პავლე ინგოროყვა
დაბ. თარიღი 1 იანვარი, 1893
დაბ. ადგილი ფოთი, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 20 ნოემბერი, 1983
საქმიანობა ლიტერატურათმცოდნე
ეროვნება ქართველი

პავლე იესეს ძე ინგოროყვა (დ. 1 იანვარი, 1893, ფოთი – გ. 20 ნოემბერი, 1983), ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ისტორიკოსი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა ქალაქ ფოთში. აქვე დაამთავრა ოთხკლასიანი სასწავლებელი. 1912 წელს, გიმნაზიის დასრულების შემდეგ, 19 წლის ასაკში, საქართველოდან გაემგზავრა და გეზი პეტერბურგისკენ აიღო. ამავე წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა. სტუდენტობის პერიოდშივე, 1913 წელს, გამოაქვეყნა თავისი პირველი ნაშრომი "ძველ-ქართული სასულიერო პოეზია". 1914 წელს ქართული გაზეთების ფურცლებზე პირველად გამოჩნდა მისი სტატია "თარგმანება ფსალმუნთა წიგნისა". უნივერსიტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ (თუმცა დიპლომი არ აუღია), 1916 წელს, საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოში დაბრუნებულმა მეცნიერმა მუშაობა ჩვეული რიტმით განაგრძო.

1916 წელსვე გამოსცა თამარ მეფის "გალობანი ვარძიისანი". 1917 წლიდან აქტიურად ჩაება საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში და 1919 წლის დამდეგამდე იყო "საქართველოს ეროვნული საბჭოს" (პარლამენტის) წევრი სოციალ-ფედერალისტთა პარტიიდან. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტს. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია-ანექსიის (1921 წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ, 1921-1923 წლებში, პროტესტის ნიშნად, ინგოროყვა იყო "შავჩოხიანთა ჯგუფის" წევრი. სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება შავჩოხიანთა ოთხეულის (კონსტანტინე გამსახურდია, ვახტანგ კოტეტიშვილი, ალეხსანდრე აბაშელი და პავლე ინგოროყვა) ცნობილი ფოტოსურათი. 1925 წლამდე ინგოროყვას ეროვნული ხასიათის სტატიები აქტიურად იბეჭდებოდა ქართულ პერიოდულ პრესაში. 1917 წლიდან, დღიდან დაარსებისა, იყო "საქართველოს მწერალთა კავშირის" (თავმჯდომარე კონსტანტინე (კოტე) მაყაშვილი) წევრი. 1924 წელს დააფუძნა ჟურნალი "კავკასიონი". 1925 წელს ეს ჟურნალი აკრძალა ბოლშევიკურმა რეჟიმმა.

1925 წელს მისი ინიციატივით დაფუძნდა გამომცემლობა "ქართული წიგნი", რომელმაც ინგოროყვას რედაქციით 1926-1928 წლებში გამოსცა ილია ჭავჭავაძის მრავალტომეული. აღნიშნული მრავალტომეულის და ეროვნული ხასიათის სხვა წიგნების გამოცემის გამო, 1933 წელს გამომცემლობა დახურეს.

ამავე პერიოდში, 1924-1928 წლებში,დაიწყო აქტიური მუშაობა "ვეფხისტყაოსნისა" და რუსთაველის თემებზე, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე არ შეუწყვეტია. 1929 წელს დაინიშნა სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების გამგედ. 1936-1938 წლებში იყო "ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის" პირველი რედაქციის სარედაქციო კოლეგიის ხელმძღვანელი. სამწუხაროდ, ეს პროექტი არ განხორციელდა, რისი მთავარი მიზეზი იყო სარედაქციო წევრთა დიდი ნაწილის რეპრესიები.

პავლე ინგოროყვამ თავისი მრავალმხრივი მოღვაწეობის არცთუ ისე უმნიშვნელო ნაწილი დაუთმო შოთა რუსთაველის და "ვეფხისტყაოსნის" კვლევას, რის შედეგადაც შექმნა უამრავი ნაშრომი: "რუსთაველიანა" (1926), "რუსთაველიანაზე" (1927), "რუსთაველი და მისი პოემა" (1937), "რუსთაველის ეპოქის სალიტერატურო მემკვიდრეობა" (1940-1941), "შოთა რუსთაველი" (1937), "ვეფხისტყაოსნის ტექსტი" (1953); ამასთანავე, ორჯერ გამოსცა "ვეფხისტყაოსანი" – 1953 და 1971 წლებში.

მისი ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაშრომია მეუღლისადმი მიძღვნილი "გიორგი მერჩულე", რომელზედაც თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში მუშაობდა.

ამ ნაშრომის საშუალებით აღმოაჩინა მან რიტმული პოეზიის მაგალითები და სცადა ძველი ქართული სანოტო სისტემის გაშიფვრა. სულ მოიძია 31 ჰიმნი და 1200-მდე საგალობელი. ასევე დიდი ყურადღება დაუთმო უდიდეს ქართველ მწერლებს – 1938, 1940, 1951 წლებში გამოსცა მონოგრაფიები ილია ჭავჭავაძეზე, აკაკი წერეთელსა და ნიკოლოზ ბარათაშვილზე. მას ეკუთვნის ფუნდამენტური კვლევა აფხაზეთის ოლქის შესახებ. ამ ნაშრომის გამო უარი ეთქვა აკადემიკოსად არჩევაზე. ფლობდა ქართულ, რუსულ, გერმანულ, ინგლისურ, ძველ ბერძნულ, ლათინურ და იტალიურ ენებს, რომლებსაც აქტიურად იყენებდა კვლევებისას. პავლე ინგოროყვა 1983 წლის 20 ნოემბერს გარდაიცვალა. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.[1]

სქოლიო[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]