თორი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „თორი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ თორი (მრავალმნიშვნელოვანი).
თორი
სლესა
სლესა
ToriHistorical.svg
ადმ. ცენტრი ბორჯომი
ქვეყანა საქართველო
რეგიონი სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი 1
ფართობი 1 200 კმ²
სამცხე-ჯავახეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
სამცხე-ჯავახეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში

თორისაქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. როგორც ცნობილია, სამცხე იწყებოდა ტაშისკარიდან. იგი მოიცავს გუჯარეთისა და შავწყალას ხეობებს და მტკვრის ორივე ნაპირს ტაშისკარიდან დვირამდე. სახელწოდება წარმოდგება დაბა თორისგან. შუა ფეოდალურ ხანაში თორი ცალკე სადროშო იყო, რომელსაც სათავეში ედგა თორელთა საგვარეულო. შემდგომში იგი ათაბაგების გამგებლობაში შედიოდა, XVI საუკუნეში ოსმალებმა დაიპყრეს. XVII-XVIII სს-ში თორი ქართლის სამეფომ დაიბრუნა.

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით თორი მოიცავს სამცხე-ჯავახეთის მხარის ბორჯომის რაიონის ტერიტორიას.

ისტორია[რედაქტირება]

ისტორიკოსი ლეონტი მროველი, როდესაც მეფე ფარნაოზის მიერ (III საუკუნის ძვ. წ.) ქართველთა სამეფოში ერისთავთა განწესების შესახებ მოგვითხრობს, აღნიშნავს:

ვიკიციტატა
„ფარნაოზმა მეექვსე გაგზავნა ოძრხის ერისთავად და მისცა ტაშისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტის თავითგან ზღუამდის, რომელ აწ არს სამცხე და აჭარა.[1]

ისტორიკოსის ამ ცნობიდან ნათელია, რომ ოძრხის საერისთაოს აღმოსავლეთ ნაწილი — სამცხე ტაშისკარიდან იწყებოდა.

ჟამთააღმწერელის ცნობით XIII საუკუნის 80-იან წლებში სამცხის მმართველ ბექა I ჯაყელს

ვიკიციტატა
„აქუნდა ტაშისკარითგან ვიდრე სპერამდე და ვიდრე შავ ზღუამდე. სამცხე, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ნიგალისხევი, ჭანეთი… ამასვე აქუნდა უმრავლესი ტაო, არტანი, კოლა, კარნიფორი და კარი[2]

ამ ცნობებზე დაყრდნობით მკვლევარი გიორგი ზედგინიძე მიიჩნევს, რომ ბექა ჯაყელის სამფლობელოს აღმოსავლეთი ნაწილი — სამცხე ისევ ტაშისკარიდან იწყება, თუმცა შენიშნავს, რომ ბექა ჯაყელის სამფლობელოში შემავალ მხარეთა შორის ისტორიკოსს თორ-ჯავახეთი არ აქვს დასახელებული. ჟამთააღმწერელი ბექა ჯაყელის თაოსნობით თურქთა წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობის ამბავს რომ გადმოგვცემს, აღნიშნავს:

ვიკიციტატა
„და ვითარ ცან ბექამან მოსვლა თურქთა, მოუწოდა ყოვლთა მის ქუეშე დაწესებულთა, ტაშისკარითგან ვიდრე ბასიანამდე: მესხთა, შავშთა, კლარჯთა, კოლა-არტან-კარნიფორელთა და უმრავლესტა ტაოელთა, რამეთუ ამას აქუნდა ესე ყოველთა ქუეყანა; ამათ თან თმოგუელთა და თორელთა და შეკრიბა სიმრავლე ერთი ბევრი და ორი ათასი. [3]

ამ ცნობით ბექა ჯაყელის სამფლობელო ტაშისკარიდან იწყება, ამასთან, ამავე ცნობიდან ნათლად ჩანს, რომ თმოგველთა და თორელთა საპატრონოები ბექა ჯაყელისქუეშე დაწესებულ“ მხარეთა რიცხვს არ ეკუთვნიან, თმოგველნი და თორელნი მას ეხმარებიან მხოლოდ როგორც მოკავშირეები. როგორც მკვლევარი გიორგი ზედგინიძე ასკვნის, აწინდელი ბორჯომის ხეობა XII-XIII საუკუნეებში სამცხის მთავართა — ჯაყელთა და, ჯავახეთის მთავართა — თორელთა შორის ნაწილდებოდა. ეს რომ ასე იყო, ამას ცხადყოფს XVI საუკუნის კარგად ცნობილი დოკუმენტი „მცხეთის საკათალიკოსო მამულების სია სამცხეს“ (1516 წლისა), რომელშიც პირველად დასახელებულია ძველი მეპატრონენი და შემდეგ ისინი, ვისაც ნუსხის შედგენის დროისათვის უჭირავთ ის საპატრონონი. ბორჯომის ხეობა ნაწილდება ორ ძველ მეპატრონეთა შორის — სამძივრების და ბუმბულის ძეთა შორის. დოკუმენტში აღნიშნულია:

ვიკიციტატა
„სამძივარი მისთა სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიით გოგებაშვილს აქუს. ბუმბულის ძენი მათითა სასაფლაოთა, მონასტრითა და კარის ეკლესიით ავალიშვილთ და სლესართა აქუს.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა. ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი, თბ., 1957;
  • ბერძენიშვილი დ., ქსე, ტ. 4, გვ. 694, თბ., 1979
  • ქართლის ცხოვრება, სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით, 1955წ., I-II
  • ზედგინიძე გ., თორელ-ჯავახთა და ჯაყელ-მესხთა საკითხისათვის (თორელთა და ჯაყელთა გვარის წარმოშობა ისტორიული წყაროების მიხედვით), „ლიტერატურული მესხეთი“, 2003, ოქტომბერი, გვ.6-7.
  • შარაშიძე ქრ., სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVI სს.). ტექსტების პუბლიკაციური გამოკვლევები და საძიებელი, 1961წ

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ქართლის ცხოვრება, სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით, 1955წ., I, გვ. 24
  2. ქართლის ცხოვრება, სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით, 1955წ., I, გვ. 304
  3. ქართლის ცხოვრება, სიმონ ყაუხჩიშვილის რედაქციით, 1955წ., II, გვ. 312
  4. შარაშიძე ქრ., სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები (XV-XVI სს.). ტექსტების პუბლიკაციური გამოკვლევები და საძიებელი, 1961წ. გვ. 33
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=თორი&oldid=2524382“-დან