ქიზიყი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქიზიყი

კახეთის რუკა XVIII საუკუნის I ნახევარი

ქიზიყი, ქისიყი (ძვ. სახელწოდება „კამბეჩოვანი“) — ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავდა ტერიტორიას მდინარე მტკვრის ჩრდილოეთით, ყარაიის ველის ქვემოთიდან მოკიდებული, მდინარეების ივრისა და ალაზნის ქვემო წელის აუზი (ახლანდელი სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების ტერიტორია). ძველ წყაროებში მისი სახელი კამბეჩოვანის სახელითაა მოცემული. თავდაპირველად იგი ჰერეთის მხრეში შედიოდა და ერთ დროს იბერიის შემადგენლობაშიცაა. მოგვიანებით კახეთის სამეფოში გაერთიანდა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქიზიყი ვახუშტის რუკაზე

ქიზიყი მოიცავდა კახეთის სამეფოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს. ვახუშტი ბაგრატიონი წერს:

ვიკიციტატა
„არამედ საქვაბე-ასანურამდე არს ადგილი ქისიყისა, რომელი მოხვევია მთასა, ცივის მთიდამ ჩამოსულსა. მას ეწოდა პირველ კამბეჩოვანი... და უძეს ქისიყს აღმოსავლეთ ველი შირაქი ალაზნამდე; სამჴრით — უფადარი და წინამინდორი ხორანთა-იორამდე; ჩრდილოით მთა ჰერეთისა. ხოლო მზღვრის აღმოსავლით ალაზანი; დასავლით ლაკბისჴევი და ხაზი მისი იორამდე გასული; სამჴრით იორი ანუ მტკვარი; ჩრდილოთ მთა ცივისა, კარდანეხსა და ქისიყს შორისი, და ხაზი ასანურ-საქვაბეს შორის გასული ალაზნამდე.“
ქიზიყი
ქიზიყი საქართველოს რუკაზე

აღნიშნული ტექსტიდან ჩანს რომ აღმოსავლით ქიზიყში შედის შირაქის ველი, ისე რომ იორ-ალაზნის შორის ქვემო ნაწილი ქიზიყშია მოქცეული. სამხრეთით შედის უფადარი, წინამინდორი, ხორანთა იორამდე, იგივე ელდარის მინდორი. სახელწოდება უფადარი XIII საუკუნიდან ჩნდება, მონღოლთა შემოსევების დროიდან. იგი იხსენიება მრავალ წყაროში. წინამინდორი არის ვაკე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე ყარაღაჯის არემარედან კარდანახამდე. ხორანთა ქალაქი იყო იორ-ალაზნის შესართავთან. დასავლით ლაკბისხევი, იგივე ახლანდელი ლაკბე, სოფელ მელაანის დასავლეთით.

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით ქისიყის ჩრდილო და ჩრდილოაღმოსავლეთი საზღვარი გადის ასანურ-საქობოს შორის. ისე, რომ საქობო, მაშნაარი, ვაქირი და ანაგა ექცევიან ახტალაში. იოანე ბაგრატიონი კი აღნიშნულ ოთხ დასახლებულ პუნქტს ქისიყსა და მის ხეობაში აერთიანებს.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით მუსხელიშვილის[1] მიხედვით, ქიზიყი თავდაპირველად ჩვეულებრივად დაბა-სოფლის სახელწოდებით იყო, რომელიც გარკვეული დროიდან ქალაქად იქცა. თვით ეს ქალაქი გარკვეული მხარის ცენტრად უნდა წარმოვიდგინოთ, რომელსაც გვიან შუა საუკუნეებში ამ ცენტრის სახელი შეერქვა. XVIII საუკუნეში, როცა „სიღნაღის“ ციხე აშენდა, ქალაქის ძველი სახელწოდება მის „ქვეყანას“ შერჩა, ხოლო ამ ქვეყნის ცენტრს კი სიღნაღი ეწოდა. ლეილა შალვაშვილის[2] აზრით, სახელწოდება ქიზიყი რთული შედგენილობისაა და მქისეს უკავშირდება სემანტიკურად. ქიზიყის ამოსავალი უნდა ყოფილიყო მისი ლანდშაფტის სახე, ადგილის ფიზიკურ-გეოგრაფიული მახასიათებლები. ბუნებრივი თავშესაფრებით სავსე გარემოსთან დაკავშირებით — (ე)ხი-ზე დაბოლოებული ტოპონიმი (ხიზიხი, კარდენეხი, კოტეხი...) ქვაბის გარდა ეხი-ს ასოციასაც იწვევს. ადგილობრივი მოსახლეობა თავიანთ კუთხეს ხიზიხს, ჴიზიჴს, ქიზიყს ეძახიან[3]. მართლაც სიღნაღის ირგვლივ ტერიტორია ჩამოხვეწილი კლდეებით და სახიზრებით არის გარშემორტყმული და ასეთი მდებარეობა სრულიად ამართლებს სახელწოდების შინაარსს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქიზიყი ანუ ძველი კამბეჩოვანი, უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. კ. ფიცხელაური[4] აღნიშნავს: „მეტად საინტერესო ჩანს ნასახლარების განლაგება ქიზიყის ტერიტორიაზე. ნასახლარების ზუსტი აღრიცხვით აქ შეიძლება გამოიყოს გვიან-ბრინჯაოსა და რკინის ფართო ათვისების სამეურნეო ერთეულები. არსებითია, რომ რელიეფის შესაფერისად ქიზიყის დასავლეთ ნაწილში, რომელიც ხევებითაა დასერილი, ნასახლარები სხვაგვარადაა განლაგებული, ვიდრე ქიზიყის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც დიდი მინდვრები გვაქვს. დასავლეთ ქიზიყში ნასახლარები ხევების აყოლებით გვხვდება;... აღმოსავლეთ ქიზიყში კი ნასახლარები განლაგებული ჩანს დიდი ველების... გარშემორტყმულ მთაგორებზე... ბრინჯაოსა და რკინის ფართო ათვისების ხანაში მეტად მჭიდროდ ჩანს დასახლებული ივრის პლატოს ჩრდილოეთი ნაწილი, აქ მთის თითქმის ყველა კონცხი, რომელიც ალაზნის ველს გადაჰყურებს, ნასახლარს წარმოადგენს“. ამონაწერიდან დაწვვრილებით ჩანს ქიზიყის ადრინდელი დასახლებების კონტურები, რაც არქეოლოგიური მონაპოვრებით და ნასახლარების განლაგებით მტკიცდება.

სახელწოდება ქიზიყი ისტორიულ წყაროებში XV საუკუნიდან გვხვდება. იგი ერქვა როგორც მხარეს, ისე ქალაქს (მეორე სახელი ხორნაბუჯი). ამასთან, გაცილებით ადრე ქიზიყს კამბეჩოვანი ანუ კამბისენა რქმევია. ვახუშტის მიხედვითაც ქიზიყს „ეწოდა პირველ კანბეჩოვანი, კანბეჩთა სიმრავლისათჳს“. სტრაბონის გეოგრაფიაში[5] „კამბისენა“, რომლის ქვეშ იგულისხმება გაცილებით მეტი ტერიტორია. სტრაბონის დროს კამბისენა მტკვრის სამხრეთითაც იგულისხმებოდა. ახასიათებს რა კამბისენას, სტრაბონი აღნიშნავს, რომ ალბანიაში შემავალი უწყლო და ოღოჩოღრო კამბისენაზეა, რომელიც მდინარე ალაზანიოსთან მდებარეობს. აღწერილი გზა ახლანდელი შირაქის მინდვრებია[6][7].

დავით მუსხელიშვილის[8] აზრით, საკუთრივ ქიზიყი ერქვა მტკვრის ჩრდილოით მდებარე სივრცეს. „კამბეჩიანი“ მტკვრის ჩრდილოეთით მდებარეობდა და მის სამხრეთით არ გადიოდა... იგი მოიცავდა ვრცელ ტერიტორიას ალაზნის ქვემოწელსა და და მტკვარს შორის. მასზე გადიოდა იორი.

კამბეჩიანი ნახსენებია VII საუკუნის სომხურ გეოგრაფიაში. შემდგომი პერიოდის წყაროებში არაერთხელ არის მოხსენიებული ეს სახელწოდება. ქართულ საისტორიო წყაროებში იგი პირველად IX საუკუნის მწერლის არსენ საფარელის თხზულებაში დასტურდება: „განყოფისათვის ქართულისა და სომხითისა“. ამ ტოპონიმს არსენ საფარელი „კამბეჩიანის“ ფორმით გადმოგვცემს[9].

XI საუკუნეში კამბეჩიანი ცალკე ქვეყანაა, რომელსაც „ჰერეთი“ არ მოიცავს. „კამბეჩიანს“ არ მოიცავს „კახეთიც“[10]. დავით მუსხელიშვილმა[11] ქიზიყის ძველ ისტორიას ცალკე შრომა მიუძღვნა. კამბეჩიანის დაწვრილებითი ისტორია მოცემულია თენგიზ პაპუაშვილის[12] და ივანე შაიშმელაშვილის[13] შრომებში.

ლეონტი მროველთან ეს სახელწოდება „კამბეჩოანის“ სახით გვხვდება, ჯუანშერი ხმარობს „კამბეჩოვანს“, სუმბატ დავითის-ძე „კამბეჩანის“ და „კამბეჩიანის“ სახელწოდებით. XIV საუკუნის ჟამთააღმწერელის თხზულებაში დადასტურებულია ტოპონიმი „კამბეჩანის ვაკენი“. აღსანიშნავია, რომ ქიზიყის გარკვეული ნაწილი ქვემო კახეთად („ქვემონი კახეთისანი“) იხსენიება, რომელიც მოიცავდა იორ-ალაზნის ქვემო ნაწილებს.

ქიზიყის (კამბეჩოვანი) მთავარი ქალაქი და ერთგვარი ადმინისტრაციული ცენტრი ჯერ კიდევ ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნებიდანვე ხორნაბუჯი ყოფილა. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ აქ მჯდარა სასულიერო წოდების წარმომადგენელი ეპისკოპოსის სახით. მეხუთე საუკუნეში, ვახტანგ გორგასალის დროს ხორნაბუჯში დაარსდა საეპისკოპოსო კათედრა[14]. VI საუკუნიდან ხორნაბუჯი ერისთავის რეზიდენციად ჩანს. ქალაქი VIII-X საუკუნეებში გაძლიერებულა, განსაკუთრებით XII-XIII საუკუნეებში. მაგრამ XIII საუკუნეში ხვარაზმის შაჰმაჯალალედინმა კამბეჩოვანი მოაოხრა. განსაკუთრებით გამანადგურებელი იყო ბერქას ლაშქრობა. ამის შემდეგ ხორნაბუჯი დაცემის გზას დაადგა. ამ დროსვე ბევრი სოფელი და ქალაქი დაინგრა და ტყითაც დაიფარა. ზოგიერთ უკაცრიელ ადგილას მხოლოდ სახელწოდება შემორჩა, მოსახლეობა კი აყრილა და გადახვეწილა ჩრდილო-დასავლეთისაკენ, შედარებით მყუდრო ადგილას[15]. სწორედ ამ დროიდან მოხდა მხარის ცენტრის დასავლეთით გადანაცვლება. გადარჩენილმა მოსახლეობამ მთაგორიან ადგილებს მიაშურა.

ხორნაბუჯის დაცემასთან ერთად ხმარებიდან ვარდება სახელწოდება. გვიან საუკუნეებში იგი ჭოეთად იხსენიება: „ხოლო ყარაღაჯის სამჴრით, სადაცა დასწყდების ჰერეთის მთა ანუ ცივის მთა, მუნ არს ხორნაბუჯი და აწ უწოდებენ ჭოეთს. აქ, კლდესა ზედა, შენი არს ციხე მაგარი, და იყოცა ქალაქი კარგი. ესეცა ბერქას გამოსვლასა მოოჴრდა“. ვახუშტი ბაგრატიონის აღწერიდან კარგად ჩანს ქალაქ ხორნაბუჯისა და მისი ციხის მდებარეობა. ეს ადგილი ახლანდელი ქალაქ დედოფლისწყაროსა და სოფელ ყარაღაჯის შორის მდებარეობს, სადაც ციხე მაღალ კლდეზეა აშენებული დაშენებული რთული საფორტეპიკაციო ნაგებობებით. მიუხედავად ამისა, არსებობს მოსაზრება, რომ ხორნაბუჯი როგორც სასულიერო ცენტრი დაბა ბუდის არეში უნდა ყოფილიყო. ეს ძველი ხორნაბუჯია, ხოლო შემდგომ, მთელი კამბეჩოვანის მხარის შემოერთებისას, ჭოეთის ციხის მახლობლად წარმოიშვა ხორნაბუჯი — ციხე-ქალაქი, რომელშიც უნდა გადასახლებულიყვნენ არა მარტო მხარის მესვეურნი — ხორნაბუჯელნი, არამედ ძველი ხორნაბუჯის მნიშვნელოვანი ნაწილიც, რომლებიც თავს ხორნაბუჯელებს უწოდებდნენ. მაგრამ მთელი მხარის სასულიერო ცენტრი კვლავ „ძველ ხორნაბუჯს“, ანუ დაბა ბუდს დარჩა[16].

შოთა მესხია([17]) ქალაქ ხორნაბუჯის ნანგრევებზე XVII საუკუნის მეორე ნახევარში აღმოცენებულ ქალაქად სიღნაღს მიიჩნევდა. ამ მოსაზრებას მეცნიერები დაუსაბუთებლად მიიჩნევენ[18].

ვახუშტი ბაგრატიონის რუკაზე დატანილია ციხის პირობითი ნიშანი, ხოლო სოფლების სიაში საერთო სათაურით „ ხორნაბუჯი ანუ ჭოეთი“, შემდეგ „ყარაღაჯი“ და ჩამოთვლილია 12 სოფელი[19]. იოანე ბაგრატიონს[20] ქისიყში ჩამოთვლილ დასახლებულ პუნქტებს შორის ნიკორციხესა და ყარაღაჯთან ერთად დასახელებული აქვს „ხორნაბუჯი ანუ ჭოეთი (ძველი ნაქალაქევი)“. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: „ხოლო ყარაღაჯის სამჴრით, სადაც დასწყდების ჰერეთის მთა ანუ ცივის მთა, მუნ არს ხორნაბუჯი, და აწ უწოდებენ ჭოეთს.“

მოკლე ისტორიული ცნობარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქიზიყის ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანის სახელწოდებაა კამბეჩოვანი. სახელწოდება „ქიზიყი“ წყაროებში XV საუკუნიდან გვხვდება. 1640 წელს რუსთა ელჩი თავადი მიშეცკი, სიღნაღის კონცხსა და მაღაროს მაღლობებს რომელთა კალთებზე აღნიშნული წლის 6 აგვისტოს ღამე გაათია რუსთა საელჩომ, პირდაპირ ქიზიყს უწოდებს, ხოლო აკადემიკოსი კ. ჩუბინაშვილი მიშეცკის „ქიზიყის გორას“ აიგივებს სიღნაღის კონცხთან. მაღარო - სიღნაღის მიდამოებს სხვა წყაროებშიც ვხვდებით, როგორც ქიზიყის აღმნიშვნელ მიკრორაიონს - „ჯულ-ქიზიყს“-. მაგალითად, დავით ბატონიშვილი 1800 წლის ნოემბერში წინააღმდეგ გალაშქრების ამბების აღწერისას, აღნიშნავს, რომ იგი ჩავიდა „ქიზიყს, მხედრობითა თვისითა“.. აქედან (ქიზიყიდან) „წარემართენ და მივიდნენ წინამხარს, ძველ ანაგად წოდებულსა ადგილსა, რომელიც შორავს ქიზიყს ორითა... ფარსანგითა“. ყველამ იცის, რომ ძველი ანაგაც ქიზიყშია, მაგრამ იგი მაინც ორიენტირებულია მიკრორაიონ „ქიზიყიდან“, რომლის სახითაც უეჭველია ნაგულისხმევია მაღარო - სიღნაღის მიდამოები. ჩვენს წელთაღრიცხვამდე ტერიტორია შედიოდა იბერიის სამეფოში. ქიზიყი მთლიან ერთეულს წარმოადგენდა არა მარტო ტერიტორიულად, არამედ სხვა მხრივაც. იგი სხვა კუთხეებისაგან განსხვავდებოდა სოციალურ-ეკონომიკური პირობებით, ზნე-ჩვეულებებით, კილოკავით.

იოანე ბატონიშვილი ქიზიყში შემდეგ სოფლებს ჩამოთვლის: ასანაური, ჯუგაანი,ტიბაანი, პრასაანი, ბედიყურა, ხირსა, ძველი ანაგა, ქუნბათი, ყოღანთო, ნიკორწმინდა ანუ ნიკორციხე, ხორნაბუჯი ანუ ჭოეთი-ძველი ნაქალაქევი, ყარაღაჯი -ზამთრის სამეფო სასახლე, ცლუკაანი, არბოშიკი, მირზაანი ანუ მირტაზანი, ჩობანდაღი, ყუშები, ხირსისხევი, ნაზარლები, ჩანკაანთ საყდარი, ბურდომთა, სიჩახინი, ბუზაურის ხევი, ჟოჟუას მარანი, ზილიჩა, ახტაში, მაჩხაანი, ბოდბისხევი, ქედელი, ბოდბე, ფანიანი, მაღარო, ნუკრიანი, ჭოტორი, ქალაქი სიღნაღი, ბაიდარაანი, ანაგა, როჭიკაანთ ყურე, ვაქირი, ურდო, მაშრაანი, ჯიმაანთ ოლე, საქობო.

ჩვენი წელთაღრიცხვის პირველი საუკუნეებიდანვე კამბეჩოვანის (ქიზიყის) მთავარ ქალაქად ხორნაბუჯი ითვლებოდა. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ აქ იჯდა არა მარტო საერო ხელისუფალი, არამედ სასულიერო წოდების წარმომადგენელიც ეპისკოპოსის სახით.

მიუხედავად არაბების ამაოხრებელი შემოსევებისა, ისევე როგორც კახეთში, კამბეჩოვანიც საკმაოდ გაძლიერდა VIII საუკუნეში. ამ ხანებში ჩამოყალიბდა ჰერეთის სამთავრო, სადაც შედიოდა კამბეჩოვანიც. ჰერეთის მთავარი ექიშპებოდა და არ ემორჩილებოდა კახეთის ძლიერ მთავარს, რომელიც მუდამ ცდილობდა მდიდარი ჰერეთის დაპყრობას.

მეფე ბაგრატ მესამემ ჩვენი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულის დასაწყისში ჰერეთ-კახეთი გაერთიანებულ საქართველოს სამეფოს შეუერთა. 1104 წელს ეს საქმე დაასრულა დავით აღმაშენებელმა, რომელმაც ლაშქრობა მოაწყო ჰერეთ-კახეთში. ხორნაბუჯის ერისთავებს - საზღვრისპირა სამთავროს მმართველებს დიდი პატივით იღებდნენ თამარ მეფის კარზე, რადგან ისინი მამაცურად იბრძოდნენ საქართველოს მტრების წინააღმდეგ და დიდ ერთგულებას იჩენდნენ მეფის მიმართ.

გვიანდელი შუა საუკუნეებში ქიზიყი იყო კახეთის ძირითადი ძალა უცხოელ დამპყრობთა წინააღმდეგ ბრძოლებში. 1616 ირანის შაჰმა აბას I-მა დაარბია მხარე. მოსახლეობა ხორნაბუჯის ციხეში გაიხიზნა და მტერმა ვერ მოახერხა მისი აყრა. XVII საუკუნის 60-70-იან წლებში კახეთში გაბატონებულ ყიზილბაშ ხანებს ქიზიყში, მდ. ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, ყარაღაჯში ჰქონდათ სამხედრო საყრდენი პუნქტი. ქიზიყშივე ჰქონდა საზამთრო (აგრეთვე ყარაღაჯში) და საზაფხულო (მაღაროში) რეზიდენციები კახეთის მეფე დავით II-ს (იმამყული ხანი 1703-1722).

XVIII საუკუნის II ნახევარში, თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მმართველობის დროს, ქიზიყი მთავარ როლს ასრულებდა დაღესტნიდან და ჭარ-ბელაქნიდან მოძალებული მტრის წინააღმდეგ ბრძოლებში. XVIII საუკუნის II ნახევარში დაწინაურდა და ქიზიყის მთავარი ქალაქი გახდა სიღნაღი.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მუსხელიშვილი დ., „ქიზიყის ძველი ისტორია“, თბ., 1997, გვ. 22
  2. შალვაშვილი ლ., „ქიზიყის ეტიმოლოგიისათვის“, ქართველური ონომასტიკა II, თბ., 2004
  3. მენთეშაშვილი სტ., „ქიზიყური ლექსიკონი“, 1943
  4. ფიცხელაური კ., „იორ-ალაზნის აუზის ტერიტორიაზე მოსახლე ტომთა უძველესი კულტურა“, თბ., 1963, გვ. 9-40
  5. „სტრაბონის გეოგრაფია“ (ცნობები საქართელოს შესახებ). თბ., 1957, გვ. 131, 133, 138
  6. ჯავახიშვილი ივ., „ქართელი ერის ისტორია“, I. თბ., 1951, გვ. 51, 422
  7. ჯანაშია ს., შრომები II. თბ., 1952, გვ. 257
  8. მუსხელიშვილი დ., „ციხე-ქალაქი უჯარმა“, თბ., 1966, გვ. 30
  9. ჟორდანია, 1892, გვ. 339
  10. მუსხელიშვილი დ., „კახეთ-ჰერეთის პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხისათვის“ — საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული III. თბ., 1967, გვ. 118
  11. მუსხელიშვილი დ., „ქიზიყის ძველი ისტორია“, თბ., 1997
  12. პაპუაშვილი თ., „ჰერეთის ისტორიის საკითხები“, თბ., 1970
  13. შაიშმელაშვილი ივ., „ქიზიყი“, თბ., 1973
  14. ქართლის ცხოვრება, I, 1955, გვ. 199
  15. მენთეშაშვილი სტ., „ძველი ანაგისა და ყოღოთოს კულტურის მატარებელი ხალხის ვინაობისათვის“, 1941, გვ. 18-19
  16. შაიშმელაშვილი ივ., „ქიზიყი“, 1973, გვ. 57-58
  17. Месхиа Ш., Города и городской строй феодальной Грузии, Тб., 1959, გვ. 108
  18. შაიშმელაშვილი ივ., „ქიზიყი“, 1973, გვ. 65
  19. ბაგრატიონი ვ., „საქართველოს გეოგრაფია“, თბ., 1997, გვ. 210
  20. ბაგრატიონი ი., „ქართლ-კახეთის აღწერა“ — კრ. ტოპონიმიკა, II, თბ., 1980, გვ. 356