კუდარო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კუდარო — სხვადასხვა პერიოდის კულტურული ნაშთების შემცველი კარსტული წარმოშობის მღვიმეთა ჯგუფი (5 მღვიმე) ონის მუნიციპალიტეტის სოფ. ჩასავლის მახლობლად. მდ. ჯეჯორის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1580-1600 . აღმოაჩინეს 1955 წელს. კუდარო I და კუდარო III განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

კუდარო I[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუდარო I დერეფნის (ტალანის) ტიპის გამჭოლი მღვიმეა, სადაც ფიქსირებულია აშელის, მუსტიეს, მეზოლითის, ენეოლით-ადრინდელი ბრინჯაოსა და ფეოდალური ხანის ფენები. კუდარო I-ის მუსტიური ანატკეც-ლამელები, წვეტანები (მ. შ. ფოთლისებური და ნაწილობრივ ორმხრივ დამუშავებული) გამოირჩევა სიდიდით და წაგრძელებული პროპორციებით. ქვის გაპობაში უპირატესობა აქვს ლევალუაზურ, ლამელურ ტექნიკას. კუდარო I-ის მუსტიეური ფენები პირველყოფილ ადამიანთა მონადირე ჯგუფების დროებითი საცხოვრებელი ყოფილა. ზედა ჰორიზონტების აბსოლუტური თარიღია 44150±2400—1850.

კუდარო I-ის აშელის ფენაში მრავლად იყო სხვადასხვა მოყვანილობის ორმხრივ დამუშავებული დიდი, მასიური, ტლანქი ხელცულები და საჩეხი იარაღი. აქვეა ნაპოვნი ნუკლეუსები, ანატკეცები, მასიური სახოკები და სხვა. კუდარო I-ის მუსტიესა და აშელის ფენებში ნაპოვნია 85 სახეობის ძუძუმწოვრის, მღრღნელის, ფრინველის, თევზისა და სხვა 100 ათასამდე ძვალი. მაშინდელი ადამიანი ძირითადად ნადირობდა მღვიმის დათვზე (ნაპოვნია 200 ინდივიდის ნაშთი).

კუდარო III[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუდარო III დერეფნის ტიპის კარსტული მღვიმეა (სიღრმე 43 მ, სიგანე 2-6 მ, სიმაღლე 3-5 მ), რომელშიც ფიქსირებულია 5 კულტურული ფენა: აშელის, მუსტიეს, მეზოლითისა და ენეოლითის. აშელის ფენაში - ორმხრივდამუშავებული ხელცული, ასეთივე წესით დამუშავებული იარაღის ფრაგმენტი, უხეში სახოკი და სხვა. მუსტიეურ ფენებში - წვეტანები (მ. შ. ნაწილობრივ ორმხრივდამუშავებული), დაკბილულ-ამოღარული იარაღი და სხვა. მეზოლითურ ფენაში ნაპოვნია ასიმეტრიული სამკუთხა მიკროიარაღები, ზურგდაბლაგვული მიკროლამელები და სხვა.

კუდარო III-ის აშელურ-მუსტიეურ ფენებში აღმოჩენილია მღვიმის და მურა დათვის, მღვიმის ლომის, ჯიქის, ფოცხვერის, მარტორქის, კეთილშობილი ირმის, შვლის, ჯიხვის, ბიზონისა და სხვათა ძვლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Верещагин Н. К., Млекопитающие Кавказа, М.-Л., 1959;
  • Любин В. П., Высокогорная пещерная стоянка Кударо I (Юго-Осетия), «Известия Всесоюзного географицеского общества», 1959, т. 91, в. 2;
  • მისივე, Нижнепалеолитические памятники Юго-Осетии, «Материалы и исследования по археологии СССР», в. 79 - Палеолит и неолит СССР, т. 4, М.-Л., 1960;
  • Любин Б. П., Левковская Т. М., Пещера Кударо III (Юго-Осетия), იქვე, в. 185 - Палеолит и неолит СССР, т. 7, Л., 1972;
  • თუშაბრამიშვილი დ., ქსე, ტ. 6, გვ. 54-55, თბ., 1983