სამცხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „სამცხე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ სამცხე (მრავალმნიშვნელოვანი).
სამცხე

ხერთვისის ციხე
კუთხის ცენტრი ახალციხე
ქვეყანა საქართველო
რეგიონი სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი 3
მოსახლეობის რაოდენობა 2 336
სამცხე-ჯავახეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
სამცხე-ჯავახეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში
სამცხე-ჯავახეთის მხარე საქართველოს თანამედროვე ადმინისტრაციულ დაყოფაში

სამცხესაქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. არის მოსაზრება, რომ ადრე ამ მხარეს ოძრხე ეწოდებოდა. მისი ისტორიული საზღვრებია: დასავლეთით — არსიანის მთები, ჩრდილოეთით — ფერსათის მთები, სამხრეთით — ერუშეთის მთები, კასრისსერი, გუმბათისა და ვანის მთები, აღმოსავლეთით — ჭობისხევი.

სამცხის უძველესი ცენტრებია ოძრხე და აწყურის ციხე (აქ იყო სამცხის ერთ-ერთი მთავრის — სამძივარის რეზიდენცია). სამცხე იყოფოდა ხევებად (შუა საუკუნეების ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული). XI საუკუნის 40-50-იან წლებში სამცხე მსხვილ ფეოდალს ლიპარიტ ბაღვაშს ემორჩილებოდა, შემდგომში კი კვლავ სამეფო ხელისუფლებას. ამ პერიოდში დაწინაურდა ცენტრალური ხელისუფლების ერთგული ფეოდალი სულა კალმახელი, რომლისგანაც სათავეს იღებს სამცხის მთავართა — ჯაყელ-ციხისჯვარელთა ფეოდალური სახლი. მონღოლთაგან სამცხის დაპყრობის შემდეგ, 1266 წელს მთავარი სარგის ჯაყელი „ხასინჯუს“ სისტემით უშუალოდ მონღოლებს დაემორჩილა. XII—XIV საუკუნეები სამცხის ეკონომიკური და კულტურული აყვავების ხანაა. აშენდა ტაძრები: საფარა, ზარზმა, ბიეთი, ჭულე. შეიქმნა სამართლის წიგნი (ე. წ. ბექას და აღბუღას სამართალი). XVI საუკუნისათვის სამცხეში 2 საეპისკოპოსო იყო — აწყურისა და წურწყაბის. XIV საუკუნის I ნახევარში სამცხისა და მომიჯნე ტერიტორიაზე იქმნება მსხვილი ფეოდალური პოლიტიკური ერთეული სამცხე-საათაბაგო.

სამცხე XIV—XVII საუკუნეებში სამცხე-საათაბაგოს შემადგენლობაში შედიოდა, XVI საუკუნის მეორე ნახევარში დაპყრობილ იქნა თურქეთის მიერ. 1828-1829 წლებში სამცხის ერთი ნაწილი დაუბრუნდა საქართველოს, ხოლო თურქეთის ფარგლებში დარჩა კუთხეები — ყველისხევი, წურწყაბი, ფოცხოვი და ჯაყისწყალი.

თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით სამცხე მოიცავს სამცხე-ჯავახეთის მხარის ადიგენის, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლომსაძე შ., სამცხე-ჯავახეთი (XVIII საუკუნის შუა წლებიდან XIX საუკუნის წლებამდე), თბ., 1975;