სან-ტომე
|
ქალაქი
სან-ტომე
São Tomé
|
სან-ტომე (პორტ. São Tomé) — სან-ტომე და პრინსიპის დედაქალაქი და უმსხვილესი ქალაქი. მდებარეობს კუნძულ სან-ტომეს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ეკვატორზე, გვინეის ყურეში. ქვეყნის უდიდესი ქალაქი და ერთ-ერთი უმთავრესი ნავსადგურია. დააარსეს პორტუგალიელებმა 1485 წელს და სახელი უწოდეს თომა მოციქულის (São Tomé) პატივსაცემად. პორტუგალიელები აქ ისეთი მიწების საძებნელად მოვიდნეს, სადაც შაქრის მოყვანა შეიძლებოდა. კუნძული დაუსახლებელი იყო პორტუგალიელების მოსვლამდე, დაახლოებით 1470 წლამდე. რამეთუ სან-ტომე პირდაპირ ეკვატორზე მდებარეობს, აქაური ჰავა მეტად ნოტიო აღმოჩნდა შაქრის მოსაყვანად.
ქალაქში არის არქიტექტურული ნაგებობები, მათ შორის აღსანიშნავია XVI საუკუნის საკათედრო ტაძარი, იმავე საუკუნის სან-სებასტიანის ფორტი, რომელიც დღესდღეობით გადაკეთებულია სან-ტომეს ეროვნულ მუზეუმად. 1599 წელს ქალაქი, ისევე როგორც მთლიანად კუნძული დაიკავეს ჰოლანდიელებმა ორი დღით, ხოლო 1641 წელს მთელი 1 წლით. შაქრის პლანტაციებში სამუშაოდ აფრიკიდან დიდი რაოდენობით მოჰყავდათ მონები. XVI-XVII საუკუნეებში კუნძული სან-ტომე იყო მონათვაჭრობის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ბაზა აფრიკას, ვესტინდოეთსა და ბრაზილიას შორის. სან-ტომე პორტუგალიის კოლონიის — სან-ტომე და პრინსიპის დედაქალაქი გახდა, ხოლო ამ უკანასკნელმა დამოუკიდებლობა მოიპოვა 1975 წელს.
ქალაქი სან-ტომე გაშენებულია კუნძულ სან-ტომეს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ატლანტის ოკეანის გვინეის ყურის ნაპირზე. გააქვთ კაკაო, ყავა, პალმის ზეთი, ქოქოსის კაკალი. არქიტექტურული ნაგებობებიდან მნიშვნელოვანია პრეზიდენტის სასახლე, კათედრალი და კინოთეატრი. სიახლოვეს მდებარეობს საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- სან-ტომე – ენციკლოპედია ბრიტანიკა (ინგლისური)
|
|||||||||||||

