რობერტ კოხი
ჰენრიხ გერმან რობერტ კოხი (გერმ. Heinrich Hermann Robert Koch; დ. 11 დეკემბერი, 1843, კლაუსთალი, გერმანია, — გ. 27 მაისი, 1910, ბადენ-ბადენი, გერმანია) — გერმანელი ექიმი და მიკრობიოლოგი, თანამედროვე მიკრობიოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
კოხის ძირითადი შრომები ეხება ინფექციური დაავადებების გამომწვევთა გამოვლენასა და მათთან ბრძოლის მეთოდების შემუშავებას. კოხმა პირველმა მიიღო ადრე აღმოჩენილი ჯილეხის ბაცილის წმინდა კულტურა და ახსნა ჯილეხის გავრცელების გზები. აღმოაჩინა ტუბერკულოზის გამომწვევი (1882), მიიღო ბაქტერიული პრეპარატი ტუბერკულინი და გამოიყენა იგი ტუბერკულოზის სამკურნალოდ, აღწერა კოხის რეაქცია, დაამუშავა ბაქტერიოლოგიური კვლევის ზოგადი მეთოდები და სხვ. 1905 წელს კოხს მიენიჭა ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში.
ადრეული შრომები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1866 წელს დაამთავრა გეტინგენის უნივერსიტეტი. ექიმად მუშაობდა გერმანიის სხვადასხვა პროვინციულ ქალაქში. საველე ქირურგად მსახურობდა პრუსია-საფრანგეთის ომში (1870-1871). 1871-1880 წლებში სანიტარული ექიმი იყო ვოლშტაინში (ახლანდელი ვოლშტინი, პოლონეთი), სადაც შექმნა საოჯახო ლაბორატორია და ჩაატარა თავისი პირველი მიკრობიოლოგიური გამოკვლევები.
გეტინგენში კოხის ერთ-ერთი მასწავლებელი იყო გერმანელი ანატომი და ჰისტოლოგი ფრიდრიხ გუსტავ იაკობ ჰენლე, რომელმაც 1840 წელს გამოაქვეყნა თავისი მოსაზრება, რომ ინფექციურ დაავადებებს მიკროსკოპული ცოცხალი ორგანიზმები იწვევდა. 1850 წელს ფრანგმა კაზიმირ-ჟოზეფ დავენმა ინფიცირებული ცხოველის სისხლში პირველად მიაგნო მიკრობებს და 1860 წელს დაავადებული ცხოველის სისხლის ჯანმრთელ ცხვარში შეყვანით (ინოკულაციით) შეძლო ჯილეხის გამომწვევის გამოვლენა. წინამორბედების კვლევებით შთაგონებულმა კოხმა სათანადო საკვებ ნიადაგზე მოთავსებით მოახერხა ჯილეხის ბაცილების კულტივირება და აღმოაჩინა, რომ ბაქტერიის სპორები გარემოში დიდხანს ინარჩუნებდნენ სიცოცხლისუნარიანობას. 1876 წელს კოხმა ბრესლაუში წარმატებით წარადგინა ჯილეხის გამომწვევის სასიცოცხლო ციკლის კვლევის შედეგები. ბრესლაუში მისი მასპინძლის, ბოტანიკოს ფერდინანდ იულიუს კონის მოსწავლის იოზეფ შრეტერის ექსპერიმენტებზე დაყრდნობით კოხმა სრულყო მიკროორგანიზმების წმინდა კულტურის მიღების მეთოდი. მოგვიანებით მან ბაქტერიული კულტურების კვლევის, შენახვისა და ფოტოფიქსაციის მეთოდებიც დაამუშავა.
საერთაშორისო აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1870-იანი წლების ბოლოს კოხი აქტიურად მუშაობდა ჭრილობების ინფექციის, სეპტიცემიისა და ტუბერკულოზის საკითხებზე. ამავე პერიოდში მან ჩამოყალიბა ინფექციის გამომწვევის იდენტიფიცირების სახელმძღვანელო მითითებები (კოხის პოსტულატები): 1) ყოველი ინფექციური დაავადების გამომწვევი სპეციფიკური მიკროორგანიზმია, 2) მისი კულტურის სახით გამოყოფა შესაძლებელია ლაბორატორიულ პირობებში, 3) შესაბამის ცხოველში კულტურის ინოკულაცია იწვევს დაავადების განვითარებას, 4) იგივე მიკროორგანიზმის აღმოჩენა შესაძლებელია ამ ახლადინფიცირებულ ცხოველში.
1881 წელს კოხმა მის მიერ გამოვლენილი ტუბერკულოზის ბაცილა ლონდონის საერთაშორისო სამედიცინო კონგრესს წარუდგინა, მომდევნო წელს კი საკუთარი აღმოჩენა და კვლევების შედეგები ბერლინის ფიზიოლოგიის საზოგადოებას გააცნო. კოხის მუშაობა ტუბერკულოზზე ქოლერის პანდემიამ შეაფერხა. გერმანიის მთავრობამ ის საიდუმლო მრჩევლის რანგით სპეციალური კომისიის თავმჯდომარედ დანიშნა და ეგვიპტეში მიავლინა. კოხის ეგვიპტეში ჩასვლის დროისთვის ეპიდემია უკვე უკან იხევდა და მეცნიერი ინდოეთში გაემგზავრა, რათა დარწმუნებულიყო საკუთარ ვარაუდში, რომ ქოლერას ვიბრიონი იწვევდა.
1885-1891 წლებში კოხი იყო ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი და ჰიგიენის ინსტიტუტის დირექტორი, 1891-1904 წლებში კი — ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორი ბერლინში (მოგვიანებით ამ ინსტიტუტს მისი სახელი ეწოდა). 1880-იანი წლების ბოლოს კოხი აქტიურად დაუბრუნდა ტუბერკულოზის საკითხებზე მუშაობას და 1890 წელს შექმნა ტუბერკულინი — ტუბერკულოზის მიკობაქტერიის პროტეინების შემცველი პრეპარატი. კოხი თვლიდა, რომ ტუბერკულინი არა მხოლოდ ფილტვის ტუბერკულოზის ადრეული სტადიის სადიაგნოსტიკოდ, არამედ მის სამკურნალოდაც გამოდგებოდა. ეს უკანასკნელი მტკიცება არასწორი აღმოჩნდა და ერთხანს ტუბერკულინის დიაგნოსტიკური სარწმუნოებაც ეჭვქვეშ დააყენა. ამჟამად ის გამოიყენება ტუბერკულოზის კანის სინჯისთვის (მანტუს სინჯი).
უკანასკნელი წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1900-იანი წლების დასაწყისში კოხი იკვლევდა მალარიას ახალ გვინეასა და იტალიაში, ასევე მსხვილფეხა პირუტყვის ჭირს სამხრეთ აფრიკაში, შავ ჭირს ინდოეთში. მოგვიანებით ის აფრიკაში დაბრუნდა ტრიპანოსომოზზე სამუშაოდ და ბრიტანეთის სამხრეთაფრიკული კომპანიისა და კოლონიური ხელისფულებისგან დიდძალი თანხა მიიღო მსხვილფეხა პირუტყვის ინფექციური დაავადების, აღმოსავლეთ ნაპირის ცხელების გამოსაკვლევად, რასაც დიდი წარმატება არ მოჰყოლია. კოხი მსოფლიოს გარშემო მისი მოგზაურობის გაგრძელებას აპირებდა, თუმცა 1908 წელს გერმანიის მთავრობის მითითებით ამერიკის შეერთებულ შტატებში შეჩერდა, რათა ტუბერკულოზის შესახებ ვაშინგტონის საერთაშორისო კონგრესს ოფიციალური დელეგატის სახით დასწრებოდა. აქედან ის გერმანიაში დაბრუნდა. გარდაიცვალა 1910 წელს ბადენ-ბადენში.
კოხის მიერ ინფექციური დაავადებების ეტიოლოგიის შესახებ შექმნილმა ძირეულმა კონცეფციებმა, მისმა აღმოჩენებმა და ტექნიკურმა ინოვაციებმა დიდი როლი შეასრულა ბიოსამედიცინო მეცნიერების განვითარებაში. მისი მრავალრიცხოვანი მოსწავლეებიდან ბევრმა ბაქტერიოლოგიაში ახალი ეპოქას ჩაუყარა საფუძველი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 9.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რობერტ კოხი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- Robert Koch (1843-1910). ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლა. ციტირების თარიღი: 10 ივნისი, 2020.
- Robert Koch – Biographical. NobelPrize.org. Nobel Media AB 2020. ციტირების თარიღი: 10 ივნისი, 2020.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Stevenson L. G. Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 Annuaire prosopographique : la France savante / B. Delmas — 2009.
- ↑ 4.0 4.1 SNAC — 2010.
- ↑ nobelprize.org — Nobel Foundation.
- ↑ 6.0 6.1 Luminous-Lint — 2005.
- ↑ 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Istrapedia
- ↑ 9.0 9.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 11.0 11.1 Académie nationale de médecine
- ↑ 12.0 12.1 Base biographique — BIU Santé.
- ↑ 13.0 13.1 Biographical Database of Southern African Science — 2002.
- ↑ Who Named It?
- ↑ Шамин А. Н. Кох Роберт // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1973. — Т. 13 : Конда — Кун. — С. 295.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118564064 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ http://www.nobelprize.org/nobel_prizes/medicine/laureates/1905/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 206.
|