შინაარსზე გადასვლა

კავიტე (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კავიტე
დროშა

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 14°29′00″ ჩ. გ. 120°54′00″ ა. გ. / 14.48333° ჩ. გ. 120.90000° ა. გ. / 14.48333; 120.90000
ფართობი 10.89 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 100 674 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 46
საფოსტო ინდექსი 4100, 4101 და 4125
ოფიციალური საიტი http://www.cavitecity.gov.ph/
300
300

კავიტე (ოფიციალურად ქალაქი კავიტე; ტაგ: Lungsod ng Kabite) — მეოთხე კლასის შემადგენელი ქალაქი კავიტეს პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 102 806 ადამიანს შეადგენს.

ქალაქი კავიტეს პროვინციის დედაქალაქი იყო 1614 წლიდან 1954 წლამდე, შემდეგ კი დედაქალაქი პროვინციის ცენტრის მახლობლად, ტრესე-მარტირესში გადაიტანეს. ესპანური კოლონიური ხანის დროს კავიტე-პუერტო პატარა საპორტო ქალაქი იყო, რომელიც დროთა განმავლობაში მანილის მთავარ ნავსადგურად გადაიქცა, მანილა-აკაპულკოს სავაჭრო გალეონებს იღებდა და მძიმე და საშუალო გემების თავშესაფარს წარმოადგენდა სან-როქე და ლა-კარიდადი, ორი ყოფილი დამოუკიდებელი ქალაქი კავიტეს პროვინციის შემადგენლობაში შევიდა,[2]შემდეგ კი ერთი მუნიციპალიტეტი წარმოქმნა. დღეისთვის ქალაქი კავიტე სან-ანტონიოს თემებს,[3] სანტა-კრუსის სამხრეთ რაიონებსა და დალაჰიკანს, ასევე ირგვლივ მდებარე კუნძულებს მოიცავს, მათ შორის კორეგიდორის კუნძულსაც.

კავიტეს პორტის ილუსტრაცია Carta Hydrographica y Chorographica de las Yslas Filipinas-დან (1734)
ესპანური გემები და რსენალი კავიტეში (1899)
გუბერნატორის სასახლე (1899)

ქალაქი სულ ცოტა ორი ტაგალური სახელწოდებით იყო ცნობილი: პირველი ტანგვაი, როგორადაც მას მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ტაგალები მოიხსენიებდნენ. Tangway „ნახევარკუნძულს“ ნიშნავს. მეეორე Kawit, რაც ნახევარკუნძულის კაუჭისებურ მოყვანილობაზე მიანიშნებდა.[3] ტაგალური დასახლებიდან ჩინური კეიტე და ესპანური კავიტე ჩამოყალიბდა.[4]

კავიტეს მიმდებარე ტერიტორიების უძველესი მოსახლეები ტაგალები იყვნენ. ხალხური გადმოცემების მიხედვით, პირველი მოსახლეები კავიტეში ბორნეოდან გადასახლდნენ, რომელთაც გატ ჰინიგივი და მისი მეუღლე, დაიანგ კალივანაგი მიუძღოდნენ. პრეისტორიული დასახლებების დამადასტურებელი არქეოლოგიური ნიმუშები სანაპიროს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი.

ესპანური კოლონიური პერიოდი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1571 წლის 16 მაისს ესპანელმა კონკისტადორმა, მიგელ ლოპეს დე ლეგასპიმ მთელი რეგიონი სამეფო ენკომიენდად გამოაცხადა. ესპანელი კოლონიზატორები იმ ადგილებში დასახლდნენ, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა (დღევანდელი კავიტე). ძველ ტანგვაის ესპანელები Cavite la Punta-ს ეძახდნენ, რაც კავიტეს ნახევარკუნძულს ნიშნავს. მას შემდეგ რაც ქალაქის მახლობლად ღრმა წყლები გამოიკვლიეს, კავიტე ესპანური გემებისა და გალეონების შეკეთებისა და მშენებლობისთვის შესაფერის ადგილი აღმოჩნდა. ესპანელებმა დასახლებები ამ ადგილას გადაიტანეს და მას Cavite Nuevo (ახალი კავიტე) უწოდეს.

1590 წელს ესპანელებმა კავიტე-ნუევას დასავლეთ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში მურალა (გალავანი) შემორტყეს. კოლონიზატორებმა მხოლოდ ბაკოორის ყურის მხარე დატოვეს ღია. იმავე პერიოდში აღმოსავლეთ ნაწილში გვადალუპეს ფორტი აიგო და ქალაქს კავიტეს პორტი ეწოდა. 1595 წელს სან ფელიპე ნერის ფორტისა და პორტა ვაგას მშენებლობა დაიწყო, რომელიც 1602 წელს დასრულდა. პორტა ვაგა სან-როქედან ქალაქში შესასვლელი ერთადერთი კარიბჭე იყო. ორივე ფლანგიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან კარიბჭე ბასტიონებით იყო გამაგრებული.[5]

1614 წელს კავიტე ქალაქად გამოცხადდა. მის პირველ გუბერნატორად ტომას სალასარი დაინიშნა. იმავდროულად ქალაქი ახალი პოლიტიკურ-სამხედრო პროვინციის, კავიტეს დედაქალაქად გამოცხადდა.[6] ესპანური მმართველობის ხანაში შექმნილი ბევრი სხვა პროვინციის მსგავსად, კავიტეს პროვინციასაც სახელი დედაქალაქის მიხედვით ეწოდა. (მაგ: ბულაკანი, ტაიაბასი (ამჟამად კესონის პეროვინცია), ტარლაკი)[5]

1941 წლის 10 დეკემბერს, პერლ-ჰარბორზე თავდასხმიდან 3 დღის და კლარკის საჰაერო ბაზის დაბომბვიდან 2 დღის შემდეგ იაპონიის საიმპერიო შეიარაღებულმა ძალებმა კავიტეს საზღვაო-სამხედრო ბაზა გაანადგურეს და ქალაქი დაბომბეს. მას შემდეგ რაც იაპონელებმა ფილიპინები დაიკავეს, კავიტეში სულ ცოტა ორი მერი ჰყავდათ.

ფილიპინებში იაპონელთა შეჭრისას კუნძულმა კორეგიდორმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. კუნძული იაპონიის საიმპერიო სამხედრო ძალებსა და აშშ-ის შეიარაღებულ ძალებსა და ფილიპინების არმიის მცირე შეანერთს შორის ორი მნიშვნელოვანი 1942 წლის დასაწყისში და 1945 წლის იანვარში ბრძოლის ადგილად იქცა.

1945 წელს ფილიპინების იაპონელთაგან განმათავისუფლებელი ბრძოლის დროს აშშ-ისა და ფილიპინების თანამეგობრობის სამხედროებმა ქალაქში გამაგრებული იაპონელი სამხედროები დამბობეს, რის შედეგადაც მთლიანად განადგურდა კავიტეს ძველი ისტორიული ნავსადგური. ქალაქის ძველი კედლები და პორტა ვაგაც დაზიანდა. ნაგებობათა დიდი ნაწილი განადგურდა, თუმცა ზოგიერთი ეკლესია გადარჩა.[7]

ქალაქი კავიტე და ნახევარკუნძული მანილასთან მიმართებაში

ქალაქი კავიტე კაუჭის ფორმის კავიტეს ნახევარკუნძულზე მდებარეობს. ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთით ბაკოორის ყურე მდებარეობს. მის ორ დაბოლოებას სანგლეისა და კავიტეს წერტილები წარმოადგენს. სანგლეისა და კავიტეს წერტილებს შორის კანიაკაოს ყურე მდებარეობს. ბაკოორის და კანიაკაოს ყურეები მანილის ყურის შიგნით არსებული შიდა ყურეებია. ქალაქს სამხრეთით ნოველეტის მუნიციპალიტეტი ესაზღვრება.

კავიტე იმავე სახელწოდების პროვინციის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ქალაქიდნა მანილამდე სახმელეთო მანძილი 35 კმ-ია. ქალაქის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილს სანგლეის წერტილი წარმოადგენს, სადაც აშშ-ის სანგლეის წერტილის სამხედრო-საზღვაო ბაზა მდებარეობდა. ყოფილი ამერიკული საზღვაო-სამხედრო ბაზა ფილიპინების სამხედრო ბაზადაა გადაკეთებული.

ისტორიული კუნძული კორეგიდორი და მიმდებარე კუნძულები და კლდოვანი წარმონაქმნები: კაბალო, კარაბაო, ელ-ფრაილე და ლა-მონჯა ქალაქის იურისდიქციის ქვეშაა მოცეული.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი ხუთ რაიონად იყოფა: დალაჰიკანის, სანტა-კრუსის, კარიდადის, სან-ანტონიოსა და სან-როქეს რაიონებად. თითოეული რაიონი რვა-რვა ზონად იყოფა და საერთო ჯამში 84 ბარანგაის მოიცავს.[8]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Bureau of Insular Affairs (1902). "", pg. 450. Government Printing Office, Washington.
  3. 3.0 3.1 De la Rosa, Joy (2007–09). "About Cavite City". Cavite City Library and Museum. Retrieved on 2014-10-19.
  4. Blair and Robertson (1904). "Philippine Islands 1493–1803, Vol. 12, 1601–1604". pg. 104. Arthu H. Clark Co., Cleveland, OH.
  5. 5.0 5.1 Muog (2008-01-28). "el puerto de cavite/ ribera de cavite • cavite city". Muog. Retrieved on 2014-10-29.
  6. Census Office of the Philippine Islands (1920). "Census of the Philippine Islands 1918, Vol I", pg. 132. Bureau of Printing, Manila.
  7. Tewell, John (2011-01-29). "Cavite, Luzon Island, Philippines 1945". Flickr. Retrieved on 2014-10-20.
  8. Philippine Standard Geographic Code listing for Cavite City. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-13. ციტირების თარიღი: 2020-11-28.