ფილიპ III (ნავარა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ფილიპ III
Philippe III de Navarre.jpg
ნავარის მეფე
კორონაცია: 5 მარტი, 1329, პამპლონა
მმართ. დასაწყისი: 1 აპრილი, 1328
მმართ. დასასრული: 16 სექტემბერი, 1343
წინამორბედი: კარლ I
მემკვიდრე: ჟანა II
თანამმართველი: ჟანა II
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 27 მარტი, 1306
გარდ. თარიღი: 16 სექტემბერი, 1343, (37 წლის)
დაკრძ. ადგილი: პამპლონა, ნავარა, ესპანეთი
მეუღლე: ჟანა II, ნავარის დედოფალი
შვილები: მარია, არაგონის დედოფალი
ბლანკა, საფრანგეთის დედოფალი
კარლ II, ნავარის მეფე
ფილიპი, ლუნევილის გრაფი
ლუი, დურაცოს ჰერცოგი
დინასტია: ევრეები
მამა: ლუი, ევრეს გრაფი
დედა: მარგარიტა არტუელი
რელიგია: კათოლიციზმი

ფილიპ III (ბას. Filipe III, ფრანგ. Philippe III; დ. 27 მარტი, 1306 — გ. 16 სექტემბერი, 1343) — ევრეს დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ფილიპ III-ის შვილიშვილი. ნავარის მეფე-თანამმართველი 1328-43 წლებში თავის ცოლთან, დედოფალ ჟანა II-თან ერთად. ნავარის მეფე კარლ II-ისა და საფრანგეთის დედოფალ ბლანკა ნავარელის მამა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილიპი დაიბადა 1306 წლის 27 მარტს საფრანგეთში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ფილიპ III-ის (ვის პატივსაცემადაც დაარქვეს სახელი) ვაჟის, ევრეს გრაფ ლუისა და მისი ცოლის, მარგარიტა არტუელის უფროსი ვაჟი. 1319 წელს, მამის დაღუპვის შემდეგ ის და მისი ძმა ეპატრონებიან ნორმანდიასა და ეტამპს. ამ ამბამდე ერთი წლით ადრე, ფილიპი დაინიშნა თავის ბიძაშვილზე, საფრანგეთის მეფე ლუი X-ის ერთადერთ ქალიშვილ ჟანაზე. პრინცესა ჟანა უკვე დაობლებული იყო, ვინაიდან ლუი X-ცა და მისი ცოლიც, დედოფალი მარგარიტა ბურგუნდიელიც ადრეულად გარდაიცვალნენ. სალიკური კანონის გამო, საფრანგეთის ტახტზე ჟანას ნაცვლად მისი ბიძები ავიდენენ. თუმცა, 1328 წელს კაპეტინგების დინასტიის შეწყვეტისა და ვალუების გამეფების შემდეგ, მეფე ფილიპ VI-მ ჟანასა და ფილიპს საფრანგეთის მემკვიდრეობაზე უარის სანაცვლოდ ნავარის სამეფო ტახტი უბოძათ, რაზეც ისინი დასთანხმდნენ.

ფილიპ VI-ის ნებით, 1329 წლის 5 მარტს ნავარის დედაქალაქ პამპლონას მთავარ საკათედრო ტაძარში ფილიპ III და ჟანა II ნავარის მეფე-დედოფლად ეკურთხნენ.

ნავარის სამეფო კარის მხრიდან, 21 წლის ფრანგი მეფის დასმას ცხადია დიდი ოვაციები არ მოჰყოლია. ნავარელი დიდებულების განსაკუთრებულ უკმაყოფილებას ისიც იწვევდა, რომ მეფე-დედოფალი პრო-ფრანგულ პოლიტიკას ატარებდნენ და მეტიც, სულ მალე ფილიპმა დატოვა პამპლონა და ნორმანდიაში, თავის მამულზე დასახლდა.

სანამ დედოფალი ჟანა პირენეებში ჩაკარგულ პატარა სახელმწიფოს მართავდა, ამასობაში მეფე ფილიპი საფრანგეთის მეფესთან ერთად მონაწილეობდა ფლანდრიულ კამპანიაში და კასელის ბრძოლაშიც დაუღალავად იბრძოდა. იგი ასევე ესწრებოდა ამიენის შეხვედრას, სადაც ერთმანეთს აკვიტანიის პრობლემურ საკითხთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად შეხვდნენ ფილიპ VI, ინგლისის მეფე ედუარდ III და დედამისი, დედოფალი იზაბელა ფრანგი.

1331 წელს ნავარის მეფე ავინიონში პაპს ეწვია, სადაც პაპისგან ახალ ჯვაროსნულ ლაშქრობაში წასასვლელად კურთხევა მიიღო, რომელსაც საფრანგეთის, ბოჰემიის, საქართველოსა და არაგონის მეფეები ერთობლივად გეგმავდნენ და რომელიც არასდროს შემდგარა.

1337 წელს, ასწლიანი ომის დაწყებასთან ერთად იგი თავისი ბიძაშვილის, ფილიპ VI-ის მხარეს იბრძოდა ბოჰემიის მეფე იან I-თან და შოტლანდიის მეფე დავიდ II-თან ერთად. მან მონაწილეობაც მიიღო ტურისა და კამბრის ბრძოლებში.

როგორც პირენეს ნახევარკუნძულზე მდებარე ნავარის მეფე, იგი ყურადღებას ამახვილებდა ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, როგორიც რეკონკისტაა. 1343 წელს ფილიპი კასტილიის მეფე ალფონსო XI-თან ერთად გრანადის საამიროს წინააღმდეგ სალაშქროდ წავიდა, სადაც მონარწილეობა მიიღო ალხესირასის ალყაში. ალყის დროს ფილიპ III სერიოზულად დაავადდა, რამაც იგი აიძულა ჯართან ერთად ნავარაში გაბრუნებულიყო. მიუხედავად მკურნალობისა, იგი 1343 წლის 16 სექტემბერს, 37 წლის ასაკში გზაში, ქალაქ ხერეს დე ლა ფრონტერასთან დაიღუპა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჟანა (1326-1387), მონაზონი ლონგშამპში;
  2. მარია (1329-1347), ცოლად გაჰყვა არაგონის მეფე პედრო IV-ს;
  3. ლუი (1330-1334), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. ბლანკა (1331-1398), ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ფილიპ VI-ს;
  5. კარლ II (1332-1387), ნავარის მეფე, ცოლად შეირთო ჟანა დე ვალუა;
  6. ფილიპე (1333-1363), ლუნევილის გრაფი, ცოლად შეირთო იოლანდა დამპიერი;
  7. აგნესა (1334-1396), ცოლად გაჰყვა ფუას გრაფ გასტონ III-ს;
  8. ლუი (1341-1372), დურაცოს ჰერცოგი, ცოლად შეირთო მარია დე ლისარასუ, მისი დაღუპვის შემდეგ კი დურაცოს ჰერცოგინია ხუანა;
  9. ჟანა (1342-1403), ცოლად გაჰყვა როანის ვიკონტ ჟან I-ს;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Guyot-Bachy, Isabelle (2002). La diffusion du Roman des roys avant la Guerre de cent ans: le manuscrit de Pierre Honoré, serviteur de Charles de Valois. Rod. ISBN 9042008342.
  • Miranda García, Fermín (2003). Felipe III y Juana II de Evreux (in Spanish). Pamplona: Editorial Mintzoa. ISBN 9788485891931.
  • Rogers, Clifford J. (1999). The Wars of Edward III: Sources and Interpretations. Boydell and Brewer. ISBN 0851156460.
  • Sumption, Jonathan (1999). The Hundred Years War: Trial by Battle. 1. University of Pennsylvania Press. ISBN 0851156460.
  • Woodacre, Elena (2013). The Queens Regnant of Navarre: Succession, Politics, and Partnership, 1274-1512. Palgrave Macmillan. ISBN 978-1-137-33914-0.