ფრანსუა ნავარელი
ფრანსუა ნავარელი | |
---|---|
ფაილი:Francisco I de Navarra.jpg | |
ნავარის მეფე | |
კორონაცია: | 12 იანვარი, 1479 |
მმართ. დასაწყისი: | 12 იანვარი, 1479 |
მმართ. დასასრული: | 7 იანვარი, 1483 |
წინამორბედი: | ლეონორ I |
მემკვიდრე: | კატალინა I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 4 დეკემბერი, 1467 |
დაბ. ადგილი: | ბეარნი, ნავარა |
გარდ. თარიღი: | 7 იანვარი, 1483, (15 წლის) |
გარდ. ადგილი: | პო, ნავარა |
დინასტია: | ფუა |
მამა: | გასტონი, ვიანის პრინცი |
დედა: | მადლენ დე ვალუა |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ფრანსუა ნავარელი (ბასკ. Frantzisko I.a Nafarroakoa, ფრანგ. François de Navarre; დ. 4 დეკემბერი, 1467 — გ. 7 იანვარი, 1483) — ფუას დინასტიის წარმომადგენელი და ნავარის მეფე 1479-83 წლებში. ნავარის დედოფალ ლეონორ I-ის შვილიშვილი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფრანსუა დაიბადა 1467 წლის 4 დეკემბერს ბეარნში. იგი იყო ვიანის პრინც გასტონ დე ფუასა და მისი ცოლის, პრინცესა მადლენ დე ვალუას ვაჟი. მამის მხრიდან პაპა-ბებიად ნავარის დედოფალი ლეონორ I და ფუას გრაფი გასტონ IV, ხოლო დედის მხრიდან საფრანგეთის მეფე შარლ VII და დედოფალი მარია ანჟუელი ერგებოდნენ. აღსანიშნავია, რომ გასტონზე ქორწინებამდე, ფრანსუას დედა უნგრეთის მეფე ვლადისლავ I-ზე იყო დანიშნული.
1470 წელს ფრანსუას მამა გარდაიცვალა, რის გამოც იგი ვიანის პრინცი, ანუ ნავარის ტახტის რიგით პირველი მემკვიდრე ხდება. 1472 წელს, ბაბუის გარდაცვალების შემდეგ იგი ბეარნის ვიკონტი და ფუას გრაფი ხდება. 1479 წელს კი ბებიის, დედოფალ ლეონორის გარდაცვალებით იგი ნავარის მეფედ გვევლინება.
მეფე ფრანსუას მცირეწლოვანების გამო, ნავარის რეგენტად დედა-დედოფალი მადლენ დე ვალუა დაინიშნა. ამის გამო, ნავარა ფაქტობრივად ფრანგების გავლენის ქვეშ მოექცა, რადგან მადლენი ყველაფერს თავისი ძმის, ლუი XI-ის მითითებით აკეთებდა. ცხადია ეს დიდად არ მოსწონდათ მეზობელი კასტილიის დედოფალ ისაბელ I-სა და არაგონის მეფე ფერდინანდ II-ს (რომლებიც ცოლ-ქმარნი იყვნენ). სულ მალე „კათოლიკობის დამცველი“ ცოლ-ქმრის ჯარები ნავარაში შეიჭრა და აგრამონტის, ბემონტისა და ვიანის რეგიონები დაიკავეს.
სწორედ ესპანელთა შემოსევისას, როდესაც დედოფალი მადლენი ფრანგების დახმარებას ელოდა, სრულიად მოულოდნელად, 1483 წლის 7 იანვარს ფრანსუა 15 წლის ასაკში მემკვიდრის გარეშე დაიღუპა. იგი ტენისს დამაშობდა, შესვენებისას კი წყლით მოწამლეს. ამის გამო, ნავარის ტახტზე ფრანსუას და, კატალინა ავიდა, რომელმაც პრო-ფრანგული პოლიტიკის გატარება განაგრძო, რასაც 1512 წელს ესპანელების მიერ მთელი ნავარის დაპყრობით დაგვირგვინდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]Orpustan, Jean-Baptiste (n.d.). La Basse-Navarre dans la guerre de Navarre (1512-1530), récit historique, d’après Navarra, 1512-1530… de Pedro Esarte Muniain (Pamiela, Pamplona-Iruña 2001). Osses: Jean-Baptiste Orpustan. pp. 1–25. Retrieved 22 April 2016 – via Tipirena.net.
|