შინაარსზე გადასვლა

თეობალდ II (ნავარა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეობალდ II
ნავარის მეფე
მმართ. დასაწყისი: 8 ივლისი, 1253
მმართ. დასასრული: 4 დეკემბერი, 1270
წინამორბედი: თეობალდ I
მემკვიდრე: ანრი I
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1238
გარდ. თარიღი: 4 დეკემბერი, 1270
მეუღლე: იზაბელა ფრანგი
დინასტია: ბლუა
მამა: თეობალდ I, ნავარის მეფე
დედა: მარგარიტა დე ბურბონი
რელიგია: კათოლიციზმი

თეობალდ II ნავარელი (ფრანგ. Thibaut II de Navarre, ბასკ. Tibalt II.a Nafarroakoa, ესპ. Teobaldo II de Navarra; დ. 1238 — გ. 4 დეკემბერი, 1270) — ბლუელთა დინასტიის შამპანური შტოს წარმომადგენელი. ნავარის მეფე თეობალდ I-ის უფროსი ვაჟი. ნავარის მეფე და შამპანის გრაფი 1253-70 წლებში. ცოლად ჰყავდა საფრანგეთის მეფე ლუი IX-ის ასული იზაბელა, თუმცა უშვილოდ აღესრულა, რის გამოც მის შემდეგ მისი ძმა ანრი I გამეფდა.

თეობალდი დაიბადა 1238 წელს. იგი იყო ნავარის მეფე თეობალდ I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ მარგარიტა დე ბურბონის უფროსი ვაჟი და მემკვიდრე. როდესაც თოთხმეტი წელი შეუსრულდა, მამამ იგი დიდებულთა საბჭოს მეთაურად და ე.ი. თანამმართველად დაინიშნა, რაც დიდწილად დედოფლის გავლენით მოხდა. ამ ამბიდან სულ ერთ წელიწადში, 1253 წლის 8 ივლისს თეობალდ I ტრაგიკულად დაიღუპა, რის გამოც მეფე მისი ვაჟი თეობალდ II გახდა. მისი ახალგაზრდობის გამო, დიდგვაროვნები ეურჩებოდნენ, თუმცა 1257-59 წლებში, რომის პაპ ალექსანდრე IV-ის დახმარებით შეძლო ურჩი დიდგვაროვნების დამორჩილება და ტახტზე თავისი უფლებები ღვთიურად გამოაცხადა. სულ მალე, მეზობელ საფრანგეთთან ალიანსის შექმნის მიზნით იგი დაქორწინდა მეფე ლუი IX-ის ასულ იზაბელა ფრანგზე. ამის შემდეგ, ნავარაში იწყება ფრანგული გავლენის აღზევება, რაც ამ სამეფოს არსებობის ბოლო დღემდე შენარჩუნდა. ქორწინებიდან მალევე ცოლთან ერთად თეობალდი შამპანში გადასახლდა და ნავარის მართვა დიდებულთა საბჭოს მიანდო. ცნობილია, რომ ამის შემდეგ იგი ნავარაში მხოლოდ ხუთჯერ ჩავიდა. სულ მალე იგი პარიზში, სამეფო კარზე დასახლდა და აქედან დაიწყო თავისი ქვეყნის მართვა. ფრანგულ გვირგვინს ამოფარებულმა თეობალდმა გააუმჯობესა ურთიერთობები ესპანურ სამეფოებთან, განსაკუთრებით კასტილიასა და არაგონთან, აგრეთვე ინგლისთანაც. 1256 წლის 1 იანვარს კასტილიის მეფე ალფონსო X-მ თეობალდის ცოლის დაზე, პრინცესა ბლანშზე იქორწინა, რა დროსაც მან ნავარას ძველი წართმეული ტერიტორიების ნაწილი დაუბრუნა.

თეობალდმა ასევე გააგრძელა მამამისის დროს დაწყებული ადმინისტრაციული რეფორმები. მისი ბრძანებით აღადგინეს უამრავი დანგრეული შენობა, ხიდი და გზა. ასევე 1266 წელს ჩაატარა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა და დაასკვნა რომ ნავარის მოსახლეობა სულ 150,000 სულს შეადგენდა, რომლის გადასახადებიდან შემოსული თანხის 6.75 % ქვეყნის აღმშენებლობას, 33.84 % არმიას, ხოლო 59.6 % სამეფო ოჯახსა და არისტოკრატიას უნდა მოხმარებოდა.

1270 წელს თავის სიმამრთან, საფრანგეთის მეფე ლუი IX-თან ერთად მერვე ჯვაროსნულ ლაშქრობაში მიიღო მონაწილეობა. ტუნისზე ალყის დროს ლუი დიზენტერიით დაიღუპა და ტახტზე თეობალდის ცოლის ძმა, მცირეწლოვანი ფილიპ III ავიდა. ლაშქრობის ჩაშლის გამო თეობალდი უკან, საფრანგეთში დაბრუნდა, სადაც იგი პარიზისკენ მიმავალ გზაზე, ქალაქ პროვინთან დაიღუპა. ისტორიკოსები ვარაუდობენ, რომ ისიც ლუის მსგავსად ტუნისში მოიწამლა. მნიშვნელოვანია, რომ მას არცერთი შვილი არ ჰყოლია, რის გამოც ნავარის მეფე მისი უმცროსი ძმა ანრი I გახდა.

  • Theodore Evergates, The Aristocracy in the County of Champagne, 1100-1300, (University of Pennsylvania Press, 2007), 248.
  • Elizabeth Hallam, Capetian France: 987-1328, (Longman Group Limited, 1980), 222.
  • W. A. Sibly, M. D. Sibly, The Chronicle of William of Puylaurens, (Boydell Press, 2003), 121.
  • Peter of Ickham, Le Livere de Reis de Brittanie, E, Le Livere de Reis de Engleterre, ed. John Glover, (Cambridge University Press, 2012), 296.