ბლანკა II ნავარელი
ბლანკა II ნავარელი | |
---|---|
ნავარის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 23 სექტემბერი, 1461 |
მმართ. დასასრული: | 2 დეკემბერი, 1464 |
წინამორბედი: | კარლ IV |
მემკვიდრე: | ლეონორ I |
ასტურიის პრინცესა | |
მმართ. დასაწყისი: | 16 ოქტომბერი, 1440 |
მმართ. დასასრული: | 27 ივლისი, 1453 |
წინამორბედი: | კათრინ ლანკასტერელი |
მემკვიდრე: | მარგარეტ ავსტრიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 9 ივნისი, 1424 |
დაბ. ადგილი: | ოლიტე, ნავარა |
გარდ. თარიღი: | 2 დეკემბერი, 1464, (40 წლის) |
გარდ. ადგილი: | ორტეზი, საფრანგეთი |
მეუღლე: |
ენრიკე IV, კასტილიის მეფე (ქ. 1440 - განქ. 1453) |
დინასტია: | ტრასტამარები |
მამა: | ხუან II, არაგონის მეფე |
დედა: | ბლანკა I, ნავარის დედოფალი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბლანკა II ნავარელი (ესპ. Blanca II de Navarra; დ. 9 ივნისი, 1424 — გ. 2 დეკემბერი, 1464) — ტრასტამარის დინასტიის წარმომადგენელი. არაგონის მეფე ხუან II-ისა და ნავარის დედოფალ ბლანკა I-ის ასული. 1440 წელს ცოლად გაჰყვა კასტილიის მომავალ მეფე ენრიკე IV-ს, რომელსაც 1453 წელს იმპოტენციის გამო გასცილდა. 1441 წლიდან თავის ძმას, ნავარის მეფე კარლ IV-ს ეცილებოდა ტახტში, რომლის გარდაცვალების შემდეგაც, 1461-დან 1464 წლამდე ნავარის დედოფალი ბლანკა II გახდა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბლანკა დაიბადა 1424 წლის 9 ივნისს, ქალაქ ოლიტეში. იგი იყო არაგონის მეფე ხუან II-ისა და მისი ცოლის, ნავარის დედოფალ ბლანკა I-ის ასული. მას მხოლოდ ერთი უფროსი ძმა და ერთი უმცროსი და ჰყავდა. 1427 წელს მისი ძმა კარლი და და, პრინცესა ლეონორი მასთან ერთად დასახელდნენ ნავარის ტახტის მემკვიდრეებად. ამ დროს ბლანკამ დაიფიცა, რომ ნავარის დედოფალი გახდებოდა.
1436 წლიდან დაიწყო საქორწინო მოლაპარაკებები ბლანკასა და კასტილიის ტახტის მემკვიდრე ენრიკეს ქორწინებასთან დაკავშირებით. 1440 წლის 16 ოქტომბერს შედგა მათი ქორწინება, რითაც ბლანკა ასტურიის პრინცესა ხდება, თუმცა ენრიკეს იმპოტენციის გამო ეს ქორწინება კონსუმირებული არ იყო.
1441 წელს დედოფალი ბლანკა I გარდაიცვალა, ნავარის მეფე კი მისი ძმა კარლ IV ხდება. 1453 წელს ბლანკამ პაპს ქორწინების ანულირება სთხოვა ქმრის იმპოტენტობის გამო. მისი მოთხოვნა პაპმა მალე დააკმაყოფილა და ჯვარი აჰყარათ, რის შემდეგაც იგი ნავარაში ბრუნდება და ტახტისათვის ბრძოლას იწყებს. ცნობილია, რომ ბლანკა ძმის თავიდან მოსაცილებლად ათასგვარ ჯადოქრობასა და მაგიას მიმართავდა.
1461 წელს კარლ IV გარდაიცვალა და ნავარის დედოფალი ბლანკა II ხდება, თუმცა იგი ეჭვის თვალით უყურებდა თავის დას, პრინცესა ლეონორს, რომელიც საფრანგეთის მეფის ნათესავზე იყო დაქორწინებული, მაშასადამე მხარაჭერა ჰქონდა, ამასთან მას არც უშვილობის პრობლემა ჰქონდა. სწორედ ამიტომ, 1462 წელს, ნავარაში ჩასულ ლეონორს ბლანკამ ძალით მოაწერინა ხელი ნავარის ტახტზე უარმყოფ დოკუმენტზე. ამის შემდეგ, მისი მეორედ ქორწინება და მემკვიდრის გაჩენა გახდა აუცილებელი.
მამამისი, მეფე ხუანი ცდილობდა, რომ ბლანკა საფრანგეთის მეფე ლუი XI-ის ძმაზე, ბერის ჰერცოგ შარლ დე ვალუაზე დაექორწინებინა, თუმცა ამაოდ. 1464 წელს ბლანკამ პამპლონაში დიდებულების კრება მოაწყო, სადაც თავისი მოწინააღმდეგე დიდგვაროვნები პამპლონას ეპისკოპოსის დახმარებით ერთიანად ამოხოცა. ამ ამბიდან სულ მალე, 1464 წლის 2 დეკემბერს, 40 წლის დედოფალი ბლანკა მოწამლეს. მის შემდეგ ტახტი დროებით მამამისმა მიიტაცა, საბოლოოდ კი მისი შიში გამართლდა და ნავარის დედოფალი მისი და ლეონორ I ხდება, თუმცა მხოლოდ ორი კვირით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Rafael Altamira, Spagna, 1412-1516, in Cambridge University Press - Storia del mondo medievale, vol. VII, pp. 546-575, Garzanti, 1999
|