სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის დროებითი ეროვნული მთავრობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის დროებითი ეროვნული მთავრობა
Cenûb-i Garbî Kafkas Hükûmet-i Muvakkate-i Millîyesi
Güneybatı Kafkas Geçici Milli Hükûmeti

1918–1919
 

 

 

დროშა

დედაქალაქი ყარსი
ენები ოსმალური ენა
მთავრობა რესპუბლიკა
ისტორია
 -  დამოუკიდებლობის გამოცხადება 1 დეკემბერი 1918
 -  ბრიტანული ოკუპაცია 19 აპრილი 1919
ვალუტა ქურუში
ლირა

სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის დროებითი ეროვნული მთავრობა (თურქ. Güneybatı Kafkas Geçici Milli Hükûmeti, ოსმ. Cenub-ı Garbi Kafkas Hükûmet-i Muvakkate-i Milliyesi, აზერ. Cənub-Qərbi Qafqaz Cümhuriyyəti) ან ყარსის რესპუბლიკა — მცირე ხნით არსებული დროებითი მთავრობა, რომელიც დაფუძნდა ყარსში (ჩრდილო-დასავლეთ თურქეთი). ჩამოყალიბდა 1918 წლის 1 დეკემბერს, პირველი მსოფლიო ომისა და მუდროსის დროებითი ზავის შემდეგ. გაუქმდა 1919 წლის 19 აპრილს, როდესაც დიდმა ბრიტანეთმა მოახდინა მისი ოკუპაცია. ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ოსმალეთის იმპერიის მარიონეტულ სახელმწიფოს წარმოადგენდა.

მთავრობა, ფახრ ალ-დინ პირიოღლუს ხელმძღანელობით, საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევდა განსაკუთრებით მუსლიმებით დასახლებულ ყარსისა და ბათუმის რეგიონებს, ერევანის რეგიონის ნაწილს, აგრეთვე ახალციხისა და ახალქალაქის ოლქებს. პრაქტიკული თვალსაზრისით, მთავრობა შემოიფარგლებოდა ყარსის პროვინციით და არსებობდა ბრიტანული მმართველობის პარალელურად, რომელიც შეიქმნა ანტანტის მიერ ამიერკავკასიის ინტერვენციის დროს.

წინაპირობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1918 წლის 30 ოქტომბერს ხელმოწერილი მუდროსის ზავის პირობებით, ოსმალეთის იმპერიის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს კავკასიის ტერიტორიები, რომლებიც ომამდე რუსეთის იმპერიას ეკავა. 1918 წლის 4 დეკემბრისთვის ოსმალეთის ძალებმა დაიწყეს დახევა 1877 წლამდე არსებულ სასაზღვრო ზოლისკენ, მაგრამ ყარსის ოლქიდან არმიის გამოყვანა ორი თვე გაჭიანურდა.

ამ გაჭიანურების მთავარი მიზეზი იყო პრო-თურქული დროებითი მთავრობის შექმნა სადავო პროვინციებში, რომლებიც ოსმალეთის ჯარის გასვლის შემდეგ სავარაუდოდ საქართველოს და სომხეთს შეუერთდებოდნენ. „ეროვნული ისლამური საბჭოები“ იქნა ჩამოყალიბებული ყარსის პროვინციის მთავარ დასახლებულ ცებტრებში — ოლთუში, კაღიზმანში, იგდირში, არდაჰანში, სარიკამისსა და საკუთრივ ყარსშიც, აგრეთვე იმ მიმდებარე ტერიტორიებზეც, სადაც ცხოვრობდა თურქულენოვანი ან მუსლიმი ხალხი (მათ შორის ბათუმში, ახალციხესა და ახალქალაქში).[1]

ყველაზე მნიშვნელოვანი საბჭო იყო „ყარსის ისლამური საბჭო“, რომელიც 1918 წლის 5 ნოემბერს ჩამოყალიბდა. დეკემბერში მისი სახელი გადაკეთდა „ეროვნული საბჭო“-დ, ხოლო 1919 წლის იანვარში — „ყარსის ეროვნული საბჭო“-დ, საბოლოოდ 1919 წლის მარტში ჩამოყალიბდა „სამხრეთ-დასავლეთი კავკასიის დროებითი ეროვნული მთავრობა“.[2] მან მოითხოვა უფლებამოსილება მთლიან ყარსის ოლქზე, აგრეთვე თურქულენოვანი და მუსლიმი მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიებზე, რომლებიც ბათუმსა და ნახიჩევანს შორის მდებარეობდა. გარდა აზერბაიჯანისა, ეს მიწები მთლიანად მოიცავდა ოსმალთა არმიის მიერ დატოვებულ ტერიტორიებს.

დაარსება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ-დასავლეთ ამიერკავკასიის მოსახლეობის მთავარი ნაწილი მუსლიმი იყო და ცდილობდა აზერბაიჯანთან შეერთებას.[3] თუმცა საქართველომ დააბრკოლა აზერბაიჯანთან მუსლიმების შეერთება, რადგან ეს მას შავ ზღვაზე გასასვლელს მისცემდა. შედეგად, 1918 წლის 27 სექტემბერს ყარსში ჩამოყალიბდა მუსლიმური ეროვნული კომიტეტი ესად ოქთაი ბეის ხელმძღვანელობით, რომელიც ავტონომიის ან დამოუკიდებლობის მომხრე იყო საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ახლადჩამოყალიბებული დემოკრატიული რესპუბლიკების მსგავსად.

1918 წლის 1 დეკემბერს, ყარსის ყრილობამ ცალმხრივად გამოაცხადა სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის (Cenubî Garbi Kafkas Cumhuriyeti) დამოუკიდებლობა და მის პირველ პრეზიდენტად ჯიჰანგირზადე იბრაჰიმ ბეი აირჩია. ჩამოყალიბდა 70-წევრიანი მეჯლისი. ახლადგამოცხადებულმა რესპუბლიკამ პრეტენზიები წამოაყენა ყარსის, ბათუმის, ახალციხის, ახალქალაქის, შარურისა და ნახიჩევანის ოლქებზე, აზერბაიჯანმა ამ პრეტენზიებს მხარი დაუჭირა. ეს არ მოეწონათ მეზობლებს, მაგალითად სომხებს, სამაგიეროდ ბრიტანეთისგან მიიღო გარანტია, რომ საქართველო და სომხეთი არანაირ პრეტენზიებს არ წარადგენდნენ ამ ტერიტორიაზე, სანამ არ მოგვარდებოდა ეს საკითხი პარიზის მშვიდობის კონფერენციაზე.[3]

ამ სახელმწიფოში დიდი გავლენით სარგებლობდა სერვერ ბეგ ათაბაგი (სამცხე-საათაბაგოს მთავრების შორეული ჩამომავალი). 1919 წლის იანვარში სერვერ ბეგმა ანტიქართული აჯანყების ორგანიზება შეძლო, აიღო ახალციხე. ოსმალეთი და გაერთიანებული სამეფო თითქოს მხარს უჭერდნენ ამ ანტიქართულ მთავრობას, ამიტომ მას იმედი გაუჩნდა, რომ „პარიზის სამშვიდობო კონფერენცია ყარსის რესპუბლიკას აღიარებდა, ლეგიტიმურ საფუძველს შეუქმნიდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც საქართველოს ჯარმა დაამარცხა აჯანყებულთა ლაშქარი, ბრიტანეთმა პოზიცია შეიცვალა.[4]

1919 წლის 13 იანვარს 60-კაციანი სომეხთა დელეგაცია გაიგზავნა ყარსში ბრიტანელთა ბრძანებით, რათა სომეხი პოლიტიკოსი — სტეფან ყორღანოვი დაემტკიცებინათ ყარსის მმართველის თანამდებობაზე. რესპუბლიკის პარლამენტმა ეს წინადადება არ მიიღო და სომხებთან შემდგომ მოლაპარაკებებზეც უარი განაცხადა. ამის შემდეგ მხარეებს შორის ძალადობრივი ფაქტები მკვეთრად გაიზარდა.

იგივე 1919 წლის იანვარში, რესპუბლიკაში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, „1 დეპუტატი — 10 000 ამომრჩევლის“ პროპორციით. პარლამენტი შეადგენდა 64 დეპუტატს, რომელთაგან 60 მუსლიმი იყო, 3 ბერძენი და 1 მალაკანე რუსი.

ახლადარჩეული პარლამენტი 17 იანვარს შეიკრიბა და მიიღო 18-პუნქტიანი კონსტიტუცია (Teskilâtı Esasiye Kanunu). ქალებმა მიიღეს ხმის მიცემის უფლება, ყარსი დედაქალაქად აირჩიეს, თურქული ენა ოფიციალურ ენად გამოცხადდა. 27 მარტს დაამტკიცეს ახალი მთავრობა. მან იაპონიის იმპერიულ მთავრობას მიმართა ცნობის თხოვნით.

დაშლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც ომი გაჩაღდა ერთი მხრივ სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის დროებით ეროვნულ მთავრობასა და მეორე მხრივ საქართველოსა და სომხეთს შორის, ბრიტანეთის ძალებმა უილიამ მონტგომერი ტომსონისაგან მიიღეს ბრძანება მოეხდინათ ყარსის ოკუპაცია 1919 წლის 19 აპრილს. მათ ჩაშალეს საპარლამენტო შეხვედრა, დააპატიმრეს 30 პარლამენტარი და მთავრობის წევრები. პატიმრებიდან 11 ჯერ ბათუმში გადაიყვანეს, შემდეგ სტამბოლში, ხოლო იქიდან 2 ივნისს მალტაში გადაასახლეს. ყარსი სომხეთის კონტროლის ქვეშ გადავიდა, ართვინი — საქართველოს, ხოლო ბათუმში ბრიტანული სამხედრო ადმინისტრაცია განლაგდა (1920 წლის ივლისს შეუერთდა საქართველოს). [3]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. W.E.D. Allen, P. Muratoff, "Caucasian Battlefields", Cambridge, 1953.
  2. H. Pehlivanli, "The Post Armistice situation on South-West Caucasia" in "Kars and Eastern Anatolia in the Recent History of Turkey", Ankara, 1994.
  3. 3.0 3.1 3.2 Sicker, Martin (2001). The Middle East in the Twentieth Century. Greenwood Publishing Group, გვ. 120. ISBN 0-275-96893-6. 
  4. საქართველოს ისტორია, ტ. IV, 2012, გვ. 224