შინაარსზე გადასვლა

ოსიაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ოსიაური (ახმეტის მუნიციპალიტეტი).
ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესია
ოსიაურის ციხის ნანგრევები

ოსიაური — ისტორიული სოფელი შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ზემო ოსიაურისა და ქვემო ოსიაურის ძველი საერთო სახელწოდება; საქართველოს თანამედროვე ტერიტორიული მოწყობით — ხაშურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული, რომელიც მოიცავს სოფლებს: ახალსოფელს, ზემო ოსიაურს, ნარუჯებს, ქვემო ოსიაურს, ღანძილებს და ღუდას.

ოსიაური წერილობით წყაროებში ცნობილია XVI საუკუნის ბოლოდან. იხსენიება XVI-XVIII საუკუნეების საბუთებში, ვახუშტი ბატონიშვილი თხზულებაში „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, იოანე ბატონიშვილის „ქართლ-კახეთის აღწერაში“, იოჰან გიულდენშტედტის მოგზაურობის ჩანაწერებში და სხვ. 1629 წელს ხორეშან დედოფალს ოსიაური სვეტიცხოვლისთვის შეუწირავს. 1772 წელს ერთ-ერთი შემოსევის დროს, ქრცხვინვალის დარბევის შემდეგ, ლეკებმა ოსიაურის ციხეც აიღეს. 1921 წლის 4–6 მარტს ოსიაურის მიდამოებში გაიმართა ბრძოლა საქართველოს ჯარსა და ქვეყანაში შემოჭრილ რუსულ წითელ არმიას შორის.

ისტორიული ოსიაურის ტერიტორია არქეოლოგიურად შეუსწავლელია. ზემო ოსიაურში შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლები — ზღუდერის წმინდა გიორგის ეკლესია და ოსიაურის ციხის ნანგრევები.