ოსიაურის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ოსიაურის ბრძოლა (1921 წლის 4 მარტი-6 მარტი მარტი) — ბრძოლა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და საბჭოთა რუსეთის შეიარაღებულ ნაწილებს შორის.

ქართულმა არმიამ დედაქალაქის დატოვების შემდეგ პოზიციების შენარჩუნება ვერც მცხეთასთან და ვერც გორთან ვერ მოახერხა და მცირე არიერგარდული ბრძოლებით სამხედრო შენაერთებმა ხაშურისა და ლიხის ქედისაკენ დაიხიეს.

თბილისის აღების შემდეგ რუსებმა შექმნეს ბათუმის მიმართულების ჯგუფი, რომელშიც შედიოდა 4 მსროლელი და 4 ცხენოსანი ბრიგადა. ეს ძალები თბილისიდან ქარელამდე იყო გადაჭიმული, რაც მათ წინააღმდეგ ბრძოლას აიოლებდა. რუსთა მეწინავე ნაწილებს ჩამორჩა არტილერია და სურსათი. ბათუმის ჯგუფის პირველი ამოცანა იყო ქართული არმიის დევნა მცხეთა-გორი-სურამის მიმართულებით და სურამის უღელტეხილის დაკავება. ქართული არმიის მთავარსარდალმა , გენერალმა გიორგი კვინიტაძემ, გადაწყვიტა საბჭოთა რუსეთის არმიის დაჯგუფების ავანგარდზე იერიშის მიტანა, მათი ალყაში მოქცევა და განადგურება. შეტევის დაწყება გადაწყდა 4 მარტს, დილის 7 საათზე. ამ დროისათვის კვინიტაძეს ძალებს შეადგენდა 6 000 ჯარისკაცი, 3 ჯავშანმატარებელი და 4 საარტილერიო ბატარეა, უახლოესი რეზერვი ახალციხიდან მომავალი 1 500-კაციანი მე-11 ქვეითი პოლკი იყო. ქართული რეგულარული არმიის ნაწილები გენერლების, მაზნიაშვილისა და სუმბათაშვილის, მეთაურობით განლაგდა ხაშურის აღმოსავლეთით, რათა მოწინააღმდეგისათვის ფრონტალური დარტყმა მიეყენებინა, ხოლო სახალხო გვარდიელებმა, რომელთაც მეთაურობდნენ გენერლები კონიაშვილი და ჯიჯიხია, დაიკავეს ხაშურის ჩრდილო-აღმოსავლეთით არსებული გაბატონებული სიმაღლეები. გვარდიელები, რომლებიც შეტევას მაღლობიდან იწყებდნენ, თავისუფლად უნდა გასულიყვნენ რუსული ნაწილების ფლანგსა და ზურგში, რის შედეგადაც რუსული არმიის ავანგარდი, დაახლოებით 5 000 ჯარისკაცი, სრულ ალყაში ექცეოდა. ხაშურში განთავსდა მთავარსარდლის შტაბი და მათი დაცვა დაევალა იუნკერთა სასწავლებლის კურსანტებს.

4 მარტის დილით შეტევა წარმატებულად წარიმართა — სუმბათაშვილისა და მაზნიაშვილის დაჯგუფებებმა ჯერ საარტილერიო ცეცხლით დაამუშავეს მოწინააღმდეგე და შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტიც დაიკავეს. წარმატებით ვითარდებოდა შეტევა ფლანგსა და ზურგში, გვარდიელებმა მეტოქის ფლანგს შემოუარეს, თუმცა დაღამებამდე მოწინააღმდეგის ზურგში გასვლა და ალყაში მოქცევა ვერ მოხერხდა, რაშიც კვინიტაძე ბრალს გვარდიას დებს, რადგანაც მათ შეტევა დათქმულ დროზე საათ-ნახევრით გვიან დაიწყეს. ოპერაციის დასრულება მეორე დილისათვის გადაიდო. დაღამებისას არმიის შტაბში მსუბუქად დაჭრილი ვალიკო ჯუღელი მივიდა. მისმა დაჭრამ გვარდიის ნაწილებში არევ-დარევა გამოიწვია, თუმცა, მისივე თქმით, მან მოახერხა მათი დამშვიდება. 5 მარტის ღამის პირველ საათზე გენერალმა კონიაშვილმა მთავარსარდალს უპატაკა, რომ გვარდიამ თვითნებურად, ბრძოლის გარეშე მიატოვა პოზიციები და სურამისაკენ დაიხია. ახლა უკვე წინ გაჭრილი ქართული არმია ვარდებოდა ალყაში. ქართულმა ნაწილებმა ლიხის ქედისკენ დაიხიეს, მაგრამ იქაც ვერ მოხერხდა პოზიციების შენარჩუნება და რუსულმა ნაწილებმა 6 მარტს გადალახეს ლიხის ქედი და დასავლეთ საქართველოში შეიჭრნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დიმიტრი სილაქაძე, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 312-313, თბ., 2018 წელი.
  • დიმიტრი სილაქაძე. ოსიაურის ბრძოლა (რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომი). საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, შრომები, ტომი I. თბილისი, 2011.