ბათუმისათვის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ბათუმისათვის ბრძოლა1921 წელს გამართული ბრძოლა ქალაქ ბათუმისათვის საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და თურქეთს შორის.

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას ქემალისტურმა თურქეთმა საქართველოს ართვინის და არდაგანის გადაცემა მოსთხოვა ულტიმატუმის სახით. საქართველოს მთავრობამ ეს ულტიმატუმი არ მიიღო, თუმცა აღნიშნული ქალაქები დაცალა, რადგან ორ ფრონტზე ბრძოლა არ შეეძლო, თურქულმა ჯარმა 23 თებერვალს აღნიშნული ქალაქები დაიკავა, რაც ქართულმა მთავრობამ იურიდიულად არ ცნო. ამის შემდეგ თურქული მხარის პრეტენზიები თითქოს ამოიწურა და მათ საქართველოს დახმარება შესთავაზეს რუს ბოლშევიკებთან ბრძოლში. 11 მარტს თურქული ჯარის მეწინავე ნაწილები ბათუმში შევიდნენ. მათი მიზანი ბათუმის ოლქის დაკავება იყო და არა ქართვლებთან ერთად ბრძოლა ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ეს უფრო ავანტიურული ნაბიჯი გახლდათ, რადგანაც მოსკოვში მიმდინარეობდა მოლაპარაკება საბჭოთა რუსეთსა და თურქეთს შორის, რაც 1921 წლის 16 მარტს მოსკოვის ხელშეკრულებით დასრულდა. ამ ხელშეკრულების თანახმად, ბათუმის ოლქი ჯერ კიდევ ბოლომდე დაუპყრობელ საქართველოს რჩებოდა, მაგრამ საბჭოთა საქართველოს. რუსეთ-საქართველოს ომი კი სრულდებოდა, მცირერიცხოვანი ქართული შენაერთები ბათუმის ოლქსა და საჯავახოს ხაზზე იყო განლაგებული. დიმიტრი ჟლობას მეთაურობით რუსული არმიის ერთი დაჯგუფება კი გოდერძის უღელტეხილის გავლით ბათუმის ოლქში ქართული არმიის ზურგში გადავიდა.

17 მარტს, ბათუმში მყოფ თურქულ ნაწილებზე დაყრდნობით, ქიაზიმ-ბეიმ თავი ბათუმის ოლქის გუბერნატორად გამოაცხადა, თურქულმა ნაწილებმა დაიკავეს ყაზარები, ფოსტა-ტელეგრაფიის, მილიციის და სხვა შენობები. 17-18 მარტს, ქუთაისის მოლაპარაკების შედეგად, რუსეთ-საქართველოს ომი დასრულდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძვნებელი კრების გადაწყვეტილებით, მთავრობა ემიგრაციაში წავიდა და ქვეყნის ოკუპაცია იურიდიულად არ ცნო. ქუთაისის მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი, ომის შეწყვეტასთან ერთად, ბათუმიდან თურქული ნაწილების განდევნა იყო. 18-19 მარტს ქალაქში მყოფმა ქართულმა ნაწილებმა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სარდლობით თურქ ასკერებს ბრძოლა გაუმართეს და მათი დამარცხება მოახერხეს. 20 მარტს კი თურქებმა ბათუმი დატოვეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სილაქაძე დ., „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 60-61, თბ., 2018 წელი.