შინაარსზე გადასვლა

თავისუფალი დემოკრატები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია ქართველ თავისუფალ დემოკრატებს ეხება. გერმანელი თავისუფალი დემოკრატების შესახებ იხილეთ გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტია.
თავისუფალი დემოკრატები
თავისუფალი დემოკრატები
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე თამარ კეკენაძე
გენერალური მდივანი ემზარ კაკულია
ისტორია
დამფუძნებელი ირაკლი ალასანია
დაფუძნდა 16 ივლისი, 2009
პოზიციები
იდეოლოგია ლიბერალიზმი
პოლიტიკური პოზიცია ცენტრიზმი, მემარჯვენე-ცენტრიზმი
საერთაშორისო კავშირები
ევროპული აკრედიტაცია ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი (ALDE)
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
0 / 150
ფერები          
შტაბ-ბინა მ. ზანდუკელის №7, თბილისი

თავისუფალი დემოკრატები — მემარჯვენე-ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური პარტია საქართველოში. დაფუძნდა 2009 წელს. პარტიის დამფუძნებელია ირაკლი ალასანია.

პარტიის დამფუძნებელი- ირაკლი ალასანია.

პოლიტიკური გუნდი დაფუძნდა 2009 წლის 16 თებერვალს. ირაკლი ალასანიასა და ლევან მიქელაძესთან ერთად მის შემადგენლობაში შევიდნენ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ მოკლე პერიოდში თანამდებობიდან წასული ელჩები - ვიქტორ დოლიძე და ალექსი პეტრიაშვილი, განათლების სფეროში მოღვაწე ნინო გოგუაძე, სახელმწიფო სამსახურში მოღვაწეობის გამოცდილების მქონე იურისტი ზურაბ აბაშიძე, იურისტი და უფლებადამცველი შალვა შავგულიძე, ექიმი და ბიზნესმენი დიმიტრი ტვილდიანი და აფხაზეთიდან დევნილი გია ჩიქოვანი. ოდნავ მოგვიანებით, 2009 წლის 25 თებერვალს ირაკლი ალასანიას გუნდმა პარტია „ახალ მემარჯვენეებთან“ და „რესპუბლიკურ პარტიასთან“ ერთად შექმნა პოლიტიკური გაერთიანება „ალიანსი საქართველოსთვის“. 2009 წლის 16 ივლისს ირაკლი ალასანიას პოლიტიკურმა გუნდმა დააარსა პარტია „ჩვენი საქართველო — თავისუფალი დემოკრატები“.

2010 წლის მაისის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ირაკლი ალასანია პოლიტიკური გაერთიანება „ალიანსი საქართველოსთვის“ მიერ დასახელდა ქალაქ თბილისის მერობის კანდიდატად. ალასანიამ თბილისის ამომრჩეველთა 20%-ის მხარდაჭერა მოიპოვა და საქართველოს მასშტაბით პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ადგილობრივ თვითმმართველობებში 9 წარმომადგენელი გაიყვანეს.[1] ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, 2010 წლის ივნისში, „ალიანსი საქართველოსთვის“ დაიშალა და პარტია „თავისუფალმა დემოკრატებმა“ დამოუკიდებელი პოლიტიკური საქმიანობა განაგრძეს.

2011 წლის ოქტომბრიდან პარტია „თავისუფალი დემოკრატებმა“ თანამშრომლობა დაიწყეს ბიძინა ივანიშვილთან, რომელმაც მოგვიანებით პოლიტიკაში ჩართვის შესახებ განაცხადა და მომდევნო წლის აპრილში შექმნა საკუთარი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. 2012 წლის 21 თებერვალს ექვსი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დაფუძნდა კოალიცია „ქართული ოცნება“. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ბიძინა ივანიშვილის პარტიასთან, რესპუბლიკელებთან, ეროვნულ ფორუმთან, კონსერვატორებთან და მრეწველებთან ერთად ხელი მოაწერეს კოალიციის სადამფუძნებლო დეკლარაციას.[2]

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. თავისუფალმა დემოკრატებმა მთავრობაში დაიკავეს მინისტრის 4 თანამდებობა და ჩაიბარეს თავდაცვის, დიასპორის, იუსტიციის სამინისტროები და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის ოფისი. 2012 წლის 9 დეკემბერს პარტიამ ჩაატარა რიგგარეშე ყრილობა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ აირჩა ირაკლი ქადაგიშვილი. პარლამენტში შეიქმნა ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატები“, რომელიც კოალიციის სხვა ფრაქციებთან ერთად შეადგენდა საპარლამენტო უმრავლესობას 2014 წლის 6 ნოემბრამდე.

2014 წლის 4 ნოემბერს ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, მათ შორის სამინისტროსა და გენშტაბის მაღალჩინოსნების დაკავება და შეიარაღებული ძალების ექიმების წინააღმდეგ წაყენებული ახალი ბრალდებები აშკარა პოლიტიკური სარჩულის მატარებელია და წარმოადგენს შეტევას საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე. ამავე დღეს ირაკლი ალასანია პრემიერ-მინისტრის ბრძანებით გათავსუფლდა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან,[3][4][5] რის შემდეგაც მთავრობაში საკუთარი განცხადებების საფუძველზე დატოვეს თანამდებობები ევროპული და ევრატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა.[6][7] ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ კი კოალიციური უმრავლესობიდან გავიდა.[8]

2014 წლის 8 ნოემბერს პარტიის გეგმიური ყრილობა ჩატარდა, სადაც თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარედ მეორედ იქნა არჩეული ირაკლი ალასანია.[9] პარტია აგრძელებს თავის დამოუკიდებელ პოლიტიკურ საქმიანობას როგორც ქვეყნის რეგიონებსა და ქალაქებში, ასევე უცხოეთში.

2016 წლის საპრალამენტო არჩევნებზე პარტიამ 4,6% მიიღო და ვერ გადალახა 5%-იანი ბარიერი.[10] მალევე პარტია დატოვა ლიდერთა ჯგუფმა, მათ შორის თავად ირაკლი ალასანიამ.[11] პარტიის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა შალვა შავგულიძემ.

2019 წელს, თავისუფალი საქართველო ბლოკს ქმნის ევროპულ საქართველოსთან.[12]

2020 წლის საპარლამენტი არჩევნების წინ პარტიაში მოხდა კიდევ ერთი განხეთქილება. აგვისტოში თავისუფალი დემოკრატები დატოვეს შავგულიძემ, ალექსანდრე ბარამიძემ და ნინო გოგუაძემ რომლებიც ევროპულ საქართველოსთან დარჩნენ ალიანსში, ლევან სამუშია შეურთდა პარტია ლელოს, ხოლო დარჩენილმა პოლიტიკოსებმა არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა გადაწყვიტეს. რიგგარეშე ყრილობაზე, 2020 წლის სექტემბერში ახალ თავმჯდომარედ თამარ კეკენიძე აირჩიეს.[13]

პოლიტიკური პლატფორმა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტიისთვის მთავარი ფასეულობა არის ადამიანი, როგორც თავისუფალი პიროვნება, მისი ფუნდამენტური უფლებები წარმოადგენს. პარტიის მნიშვნელოვანი ფასეულობაა აგრეთვე ეროვნული ტრადიციები და ტრადიციაზე დამყარებული მუდმივი განახლება და ინოვაცია.

თავისუფალ დემოკრატები მხარს უჭერენ საპრეზიდენტო რესპუბლიკას ძლიერი პარლამენტითა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემით და ფართო უფლებამოსილებით აღჭურვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებით.

პარტიის ეკონომიკური მიზნებია: კონკურენტუნარიანი, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბება და მდგრადი ეკონომიკური ზრდა; უკიდურესი სიღარიბის დაძლევა; სამუშაო ადგილებისა და სოციალური დაცვის სისტემის შექმნა. ამ მიზნის მისაღწევად პარტიას აუცილებელად მიაჩნია კერძო საკუთრების ინსტიტუტების გაძლიერება და საკუთრების უფლების ხელშეუხებლობა; პირადი ინიციატივის და ჯანსაღი კონკურენციის ხელშეწყობა.

პარტიის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებია ქვეყნის სრულფასოვანი ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, რეგიონის ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავება და განმტკიცება, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და განმტკიცებაზე.

ორგანიზაციული სტრუქტურა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პარტიის ხელმძღვანელი ორგანოა პარტიის წევრთა ყრილობა, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ მაინც მოიწვევა. პარტიის ლიდერს ირჩევს პარტიის ყრილობა 4 წლის ვადით. აღმასრულებელი ორგანოა გამგეობა, რომელიც ასევე 4 წლით ირჩევა. პარტიას 8240 წევრი ჰყავს, აქედან აქტიურია 950. 2014 წლის ყრილობას 2500-მდე დელეგატი ესწრებოდა.

პარტიის თავმჯდომარეა თამარ კეკენიძე, გამგეობის წევრები არიან: თავაზ შიოშვილი, ნონა თოდრია, ნინელი ფუტკარაძე, სულხან ღლონტი.

პარტია არის ევროპის ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსის წევრი.

შედეგები არჩევნებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
არჩევნები ხმები % მანდატები +/– სტატუსი კოალიცია
2012 1 181 862 54,97
6 / 150
ახალი მთავრობა ქართული ოცნება
2016 81 464 4,63
0 / 150
6 არასაპარლამენტო დამოუკიდებელი
2020 5 188 0,27
0 / 150
0 არასაპარლამენტო დამოუკიდებელი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ცესკოს ანგარიში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-11. ციტირების თარიღი: 2011-04-26.
  2. ივანიშვილი, ალასანია და უსუფაშვილი პოლიტიკური კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენ დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 დეკ.'11 / 13:36
  3. პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები დააკავა. „ნეტგაზეთი“. 28.10.2014
  4. ალასანია: პროკურატურის ნაბიჯები ‘არის შეტევა საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე’. „სივილ ჯორჯია“. 4 ნოე.'14
  5. პრემიერმა ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადააყენა. „რადიო თავისუფლება“. 04.11.2014
  6. ალექსი პეტრიაშვილი თანამშრომლებს ემშვიდობება დაარქივებული 2014-12-01 საიტზე Wayback Machine. . „რუსთავი 2“. 5.11.2014
  7. მაია ფანჯიკიძე თანამდებობიდან გადადგა. „ტაბულა“. 5 ნოემბერი, 2014
  8. ირაკლია ალასანიას „თავისუფალმა დემოკრატებმა“ მმართველი კოალიცია დატოვეს. Civil.ge 5 ნოე.'14
  9. ფილარმონიაში პარტია „თავისუფალი დემოკრატების" ყრილობა დასრულდა
  10. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-16. ციტირების თარიღი: 2020-09-16.
  11. https://netgazeti.ge/news/147170/
  12. http://liberali.ge/news/view/43895/evropuli-saqartvelo-da-tavisufali-demokratebi-bloks-qmnian
  13. თავისუფალმა დემოკრატებმა პარტიის ახალ თავმჯდომარედ თამარ კეკენაძე აირჩიეს. on.ge (2020-09-15). ციტირების თარიღი: 2020-10-29.