რუნები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რუნები
ტიპი: ანბანი
ენები: ძველგერმანული, ძველსკანდინავიური, ანგლოსაქსონური, ძველისლანდიური, შვედური
შექმნა ჩრდილო და დასავლეთი ევროპა
დროის პერიოდი: I—XIX საუკუნეები
წინამორბედი დამწერლობები:
რუნები
ISO 15924 კოდი: Runr
Runes futhark old.png

რუნები, რუნული წარწერებიძველი გერმანელების დამწერლობა, გამოიყენებოდა I—II საუკუნეებიდან XII საუკუნემდე თანამედროვე დანიის, შვედეთისა და ნორვეგიის ტერიტორიაზე, X—XIII საუკუნეებში ისლანდიასა და გრენლანდიაში, ხოლო შვედეთის პროვინცია დალარნაში XIX საუკუნემდე. რუნებს აქვთ სპეციფიკურად კუთხოვანი ფორმა, რომელიც მორგებულია ეპიგრაფიკისთვის.[1][2] ზოგიერთი სპეციალისტი რუნებს ჩრდილოეთ იტალიური ანბანის მოდიფიკაციად მიიჩნევს. ცნობილია რუნებით შესრულებული წარწერები ქვაზე, ლითონზე, ხეზე; მოგვიანებით სასულიერო და საერო ტექსტები — ქაღალდზე.

ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ქრისტიანობის მიღების შემდეგ რუნები, როგორც დამწერლობა, შეავიწროვა ლათინურმა. თვითონ ტერმინს „რუნები“ აქვს კავშირი ძველგერმანულ ფუძე run-თან („საიდუმლო“). სულ ცნობილია 5000-მდე რუნული წარწერა, მათი უმეტესი ნაწილი ნაპოვნია შვედეთში. გარდა ამისა, შუა საუკუნეების ევროპაში არსებობდა რუნული კალენდრები.[1][3][4]

ძველი თურქების ანბანს, რომელსაც მსგავსი კუთხური ფორმა აქვს, ასევე უწოდებენ რუნებს. ხშირად ამ სახელით მოიხსენიებენ სხვა დამწერლობით სისტემებს, მაგალითად, ძველი სლავების ჰიპოთეტურ ანბანს (რომლის არსებობის რეალური მტკიცებულებები არ არსებობს).

სექციების სია

ფუთარქი და ტერმინები[რედაქტირება]

ძველსკანდინავიური და ძველინგლისური run, ძველისლანდიური runar და ძველგერმანული runa ერთმანეთთან დაკავშირებულია გერმანული ფუძით ru და გოთური runa-თი, რომელიც ნიშნავს „საიდუმლოს“, აგრეთვე ძველგერმანული runen-ით (თანამედ. raunen), რომელიც აღნიშნავდა „უჩუმრად ჩურჩულს“. ამგვარი სახელწოდება, როგორც ჩანს, გამოწვეულია იმით, რომ ძველი გერმანელები რუნებს მისტიკურ თვისებებს მიაწერდნენ.[3][4][5]

რუნული წარწერა რეკის ქვაზე, აღმოსავლეთი მხარე
რუნული წარწერა რეკის ქვაზე, დასავლეთი მხარე
დანიური რუნული ქვის B მხარე. წარწერა იკითხება, როგორც þusi : kubl : ub : biruti, რაც ითარგმნება შემდეგნაირად: „ჯადოქარი იქნება ის ადამიანი, ვინც ამ ძეგლს გაანადგურებს“[6]

რუნული ანბანის მთავარ განმასხვავებელ თავისებურებას წარმოადგენს ასოების წყობა, პირობითად მას უწოდებენ ფუთარქს (fuþark) — პირველი ექვსი ასოს მიხედვით[7][8]. ამგვარი ანბანური წყობა არ გვხვდება არც ერთ სხვა დამწერლობაში[3]. ანბანი იყოფოდა სამ ჯგუფად (ისლ. Ættir — ეტირი, ნორვ. Ætt — ატი), თითოეულში 8 რუნით. პირველ ეტირში შედიოდა რუნები f, u, þ, a, r, k, g, w. მეორეში — h, n, i, j, é (ih-wh), p, R (z), s. მესამე ეტირი მოიცავდა რუნებს t, b, e, m, l, ŋ, d, o[1][3][4].

თითოეულ რუნას ჰქონდა საკუთარი სახელწოდება. რუნების თავდაპირველი სახელწოდებები არ არის შემორჩენილი, მაგრამ მათი სავარაუდო სახელწოდებები აღდგენილია უფრო გვიანდელი ანბანის რუნების სახელწოდებებიდან[9]:

რუნა სახელწოდება თარგმანი ტრანსკრიპცია
1 ეტირი:
f Fehu „საქონელი, ქონება“ f, v
u Uruz „დომბა“ u
th, þ Þurisaz „ეკალი, ეშმაკი“ þ
a Ansuz „ღმერთი“ a
r Raidu „გზა“ r
k Kauna „ჩირაღდანი“ k
g Gebu „ძღვენი“ g, γ
w Wunju „სიხარული“ w
2 ეტირი:
h Hagalaz „სეტყვა“ h
n Naudiz „საჭიროება“ n
i Isaz „ყინული“ i
j Jara „წელიწადი, მოსავალი“ j
ï, ei Iwaz „ურთხელი“ é (ih-wh)
p Perþu „მეხსიერების საწყობი“ p
R Algiz „ცხენ-ირემი“ -R (-z)
s ან s Sowilu „მზე“ s
3 ეტირი:
t Tiwaz „ტური“ t
b Berkana „არყის ხე“ b
e Ehwaz „ცხენი“ e
m Mannaz „ადამიანი“ m
l Laguz „ტბა“ l
ŋ Iŋwaz „ინგვი“ ŋ
d Dagaz „დღე“ d, ð
o Oþila „მემკვიდრეობა“ o

დამწერლობის მიმართულება — მარცხნიდან მარჯვნივ, მაგრამ ადრეულ წარწერებში გვხდება ბუსტროფედონი[3]. ამგვარად, ქალაქ კოველის შუბზე წარწერა თავდაპირველად იკითხება მარჯნიდან მარცხნივ, ამავდროულად თვითონ რუნებიც შემოტრიალებულია საპირისპირო მხარეს, როგორც ჩრდილოეტრუსკული და ბერძნული ასოები ძველბერძნული დამწერლობის ადრეულ ძეგლებზე. სიტყვები ერთმანეთს გამოეყოფოდა წერტილის, ორწერტილის ან ჯვრის მეშვეობით[9].

სიმბოლოები[რედაქტირება]

რუნულ ქვებზე გვხვდება სხვადასხვა სიმბოლოები: სვასტიკის ფორმები, ოთხსეგმენტიანი სიმბოლოები, ტრიქუეტრები, ტრისკელიონები, პენტაგრამები, სპირალები. გაცილებით უფრო მრავალფეროვანი იყო სიმბოლოები ბრაკტეატებზე: მათზე გვხვდებოდა ორნამენტები სამი ან უფრო მეტი წერტილისგან, სამკუთხედები, წრეები, T-სებური, S-ისებური, I-სებური სიმბოლობები, ზიგზაგები[10].

რუნული ძეგლები[რედაქტირება]

სულ ნაპოვნია დაახლოებით 5000-მდე რუნული წარწერა[7], მათგან 3000 — შვედეთში[11][12]. რუნული დამწერლობის უძველესი ძეგლები აღმოჩენილია დანიაში[3][13], იქ სულ ნაპოვნია 500-მდე რუნული წარწერა. დაახლოებით 600 რუნული წარწერა ნაპოვნია ნორვეგიაში, 140-მდე — ბრიტანეთის კუნძულებზე, 60-მდე — გრენლანდიაში, 70-მდე — ისლანდიაში. რამდენიმე წარწერა ნაპოვნია რუსეთში, ლატვიაში, უკრაინაში, გერმანიაში, ავსტრიაში. აგრეთვე რუნული წარწერები აღმოჩენილია საფრანგეთში, საბერძნეთში, რუმინეთში, თურქეთში, ნიდერლანდებში[4]. რუნული ქვების მსხვილი კრებული იმყოფება უფსალის უნივერსიტეტის კოლექციაში.

ერთ-ერთ უძველეს რუნულ წარწერად ითვლება წარწერა ძვლის სავარცხელზე, რომელიც შემორჩენილი იყო ჭაობში, დანიის კუნძულ ფიუნზე. წარწერა ითარგმნება, როგორც harja (სახელი ან ეპითეტი) და თარიღდება II საუკუნის მე-2 ნახევრით. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ რუნული დამწერლობა გაჩნდა III საუკუნეში, თუმცა უკანასკნელი აღმოჩენები მიუთითებს იმაზე, რომ რუნები გამოიყენებოდა ჯერ კიდევ I საუკუნეში[14]

ბრაკტეატი რუნებითა და სვასტიკის სიმბოლოთი

დიდი რაოდენობით რუნული წარწერები ამოკვეთილია ქვებზე, ეგრეთ წოდებულ ბრაკტეატებზე, რომლებიც წარმოადგენენ ოქროს მრგვალ ფირფიტებს და რომლებიც თავდაპირველად რომაულ მედალიონებს იმიტირებდნენ[7]. ცნობილია რამდენიმე რუნული ხელნაწერი — „Codex Runicus“, „Fasti Danici“, „Cotton Domitian“, „Codex Salisburgensis, 140“[3]. ძალიან საინტერესოა აია-სოფიას ტაძრის რუნული წარწერები კონსტანტინოპოლში, აგრეთვე ათენის პორტ პირეოსში მდებარე მარმარილოს ლომი, რომლის მხარიც დაფარულია რუნული წარწერებით. 1687 წელს ალაფის სახით ძეგლი გადაიტანეს ვენეციაში[7]. კენსინგტონში, მინესოტას შტატში (აშშ) 1898 წელს იპოვნეს რუნული ქვა, მაგრამ საკითხი მის უტყუარობაზე დღემდე გაურკვეველია.

რუნული წარწერები იჭრებოდა ან იკვეთებოდა ლითონზე, ხეზე, ქვაზე — ძველი გერმანელები მაღალ დონეზე ფლობდნენ ხეზე ამოკვეთის ხელოვნებას. რუნული წარწერები სხვადასხვა შემცველობის იყო: გვხვდება სხვადასხვა მაგიური წარწერები და ღმერთებისადმი მიმართვები, თუმცა უმეტესწილად რუნებით იწერებოდა მემორიალური წარწერები[3]. ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს რუნული ქვა რეკიდან, რომელიც ადიდებდა მეფე თეოდორიხ დიდს, რომელიც ცხოვრობდა VI საუკუნეში[7], თუმცა ამ წარწერის პირველი სტროფები იუწყებიან „ეს რუნები ამბობენ ვემუდის შესახებ. ვარინმა ისინი დაცემული ვაჟის პატივსაცემად დააწყო“, რაც შეიძლება მეტყველებდეს იმაზე, რომ ქვას სამახსოვრო მნიშვნელობა აქვს[15].

ნეკროლოგის როლს ასრულებს აგრეთვე სხვა რუნული ქვა ნორვეგიიდან. იგი იუწყება: „ენგლმა აღმართა ეს ქვა საკუთარი ვაჟის, ტორალდის, სამახსოვროდ, რომელიც გარდაიცვალა ვიტაჰოლმში, უსტაჰოლმსა და გარდარს შორის“.

სხვა რუნული ძეგლები ადიდებდნენ მოგზაურობიდან დაბრუნებული ვიკინგების გმირობასა და სიმამაცეს. სტოკჰოლმში აღმოჩენილ ქვაზე გვხვდება ტიპური წარწერა: „რუნები ამოკვეთილია რანგვალდის ბრძანებით. იგი საბერძნეთში ჯარს მეთაურობდა“. რუნული ქვები, როგორიცაა ქვა ჰელერშედან (შვედეთი), მოგვითხრობენ გერმანელებში ქალთა განსაკუთრებული უფლებების, კერძოდ, საკუთრების ფლობის უფლების შესახებ. რუნებით იწერებოდა იარაღის მფლობელების, მხატვრების სახელები. თუმცა ცნობილია საყოფაცხოვრებო ხასიათის რუნული წარწერებიც[7]. რუნული წარწერების უმრავლესობას ბრაკტეატები წარმოგვიდგენს, აგრეთვე ცნობილია რუნული კალენდრები.

რუნების წარმომავლობა[რედაქტირება]

ბერძნულ-ლათინური ვერსია[რედაქტირება]

გვერდი რუნული ხელნაწერიდან „რუნების კოდექსი“
ოქროს ბეჭედი პიეტროასადან
წარწერა შუბის წვერზე ევრე-სტაბიუდან (ნორვეგია)

რუნების წარმომავლობის პრობლემასთან დაკავშირებით მრავალი ჰიპოთეზა არსებობს. რუნების ფორმამ, წაგრძელებულმა და ეკლიანმა, ისააკ ტეილორს გაუჩინა მოსაზრება, რომ რუნები წარმოიშვა ბერძნული ანბანიდან, რომელიც ძვ. წ. VI საუკუნეში გამოიყენებოდა შავი ზღვის სანაპიროზე. შემქმნელებად ტეილორმა გუთები დაასახალა, რომლებიც ამ დროს, მისი აზრით, რუსეთის ტერიტორიაზე სახლობდნენ, თუმცა რეალურად ისინი ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში 900 წლის შემდეგ დასახლდნენ. სხვა მრავალი მეცნიერი რუნული დამწერლობის წინამორბებად თვლის ჩვენი წელთაღრიცხვის ბოლო საუკუნეების ბერძნულ სტენოგრაფიას[3].

ლუდვიგ ფრანც ადალბერტ ვიმერმა გამოთქვა თეორია, რომლის მიხედვითა რუნები წარმოიშვა ახ. წ. II საუკუნის ლათინური დამწერლობიდან. ლათინურ თეორიას ემხრობა აგრეთვე სიგურდ აგრელიც, რომელიც რუნების წარმოქმნის თარიღად I საუკუნეს მიიჩნევს. ოტო ფონ ფრიზენის მოსაზრებით, რუნული დამწერლობა შექმნეს გუთებმა ჩვენი წელთაღრიცხვის II-III საუკუნეებში ბერძნულ და ლათინურ ანბანებზე დაყრდნობით.

ბრედსფორდი თვლიდა, რომ რუნებს საფუძვლად გოთური დამწერლობა უდევს. ამ ვერსიას უარყოფენ სხვა მკვლევრები, რადგან უძველესი რუნული წარწერები დანამდვილებით თარიღდება არაუგვიანეს III საუკუნით, როცა გოთური დამწერლობა მხოლოდ IV საუკუნეში შეიქმნა[3].

ჩრდილოეტრუსკული ვერსია[რედაქტირება]

ყველაზე პოპულარულია რუნული დამწერლობის ერთ-ერთი ჩრდილოეტრუსკული ანბანიდან წარმოშობის თეორია[16], რომელიც 1928 წელს შემოგვთავაზა რუნოლოგმა კარლ მარსტრანდერმა[17][18].

მოცემულ ვერსიას მხარს უჭერს მეცნიერთა უმრავლესობა. არსებობს თეორია შერეული წარმომავლობის შესახებ ჩრდილოეტრუსკული და ოღამური დამწერლობებიდან (იგი შემოგვთავაზა ჰამერსტრემმა), აგრეთვე, ფაისტის მოსაზრებით, ამ ორი დამწერლობის გარდა, შესაძლოა, რუნებზე გავლენა ლათინურმაც იქონია.

სემიტური ვერსია[რედაქტირება]

ლიდიურ ანბანში არის რუნების იდენტური (გრაფიკის მიხედვით და არა ფონეტიკის) რამდენიმე ასო. ეს ანბანი, როგორც ჩანს, ბერძნულის პარალელურად წარმოიქმნა ფინიკიური ანბანიდან. მოცემული დამწერლობა გადაშენდა ძვ. წ. III საუკუნეში და დაახლოებით ამ დროსვე გამოჩნდა რუნები ევროპაში. ზოგიერთ რუნას ზუსტი ანალოგი ჰყავს სხვა სემიტურ ანბანებში, მაგალითად, სამხრეთარაბულ დამწერლობაში: Gebo, Berkana, Ing (სკანდინავიურ ვარიანტში).

არატრადიციული ვერსიები[რედაქტირება]

1930—1940-იან წლებში მუშავდებოდა თეორია „Urrunen“, რომლის თანახმადაც, რუნები წარმოიქმნა წინარერუნებისგან, რომელთაგანაც აგრეთვე ჩრდილოსემიტური ანბანი და, შესაბამისად, მსოფლიოს ყველა ანბანური დამწერლობა შეიქმნა. ეს თეორია შემუშავდა უკიდურესად ანბანის „გერმანიზაციის“ მიზნით და არ იმსახურებს ნდობას. დღესდღეობით უცნობია, რა მიზნით იქმნებოდა რუნები: მკითხაობისთვის თუ თავიდანვე დამწერლობად იყო ჩაფიქრებული[1][3][4].

სიგურდ აგრელმა, ლუნდის უნივერსიტეტის შვედმა პროფესორმა, 1932 წელს შემოგვთავაზა ეზოთერიული თეორია, რომლის თანახმადაც „f“ იყო რუნული ანბანის არა პირველი, არამედ უკანასკნელი რუნა. იგი თვლიდა, რომ რუნების ამგვარად დაწყობით შესაძლებელი იყო რუნული შიფრის საიდუმლოს ამოცნობა[19]. სამეცნიერო სამყარომ ეს თეორია არ მიიღო, თუმცა მას გაუჩნდა რამდენიმე მიმდევარი, მაგალითად, როგორიცაა თომას კარლსონი. აგრელის ნაშრომების შემდეგ მან პირველმა გამოაქვეყნა მონოგრაფიები ფუთარქის თეორიაზე[20]. ფუთარქის თეორიის სხვა ცნობილი მიმდევარია ოკულტისტი კენეთ მედოუზი[21][22][23].

მითოლოგიური ვერსია[რედაქტირება]

სკანდინავიური მითოლოგიის მიხედვით, რუნები იხილა ოდინმა, მას შემდეგ, რაც მან საკუთარი თავი შუბით განგმირა და ცხრა დღისა და ღამის განმავლობაში ეკიდა მსოფლიო ხეზე საჭმლისა და სასმლის გარეშე, საბოლოოდ კი ბაბუამისის, ბელტორნის, წმინდა (შამანური) თაფლით წყურვილი მოიკლა. ამის შემდეგ ოდინს რუნები ჩაესმა და ისინი შუბის დახმარებით საკუთარი სისხლით გამოსახა ხეზე.

დამწერლობის განვითარება[რედაქტირება]

ადრეული, საერთოგერმანული, ანუ წინარესკანდინავიური რუნები[რედაქტირება]

გოთური რუნები
ანგლოსაქსონური რუნები ხელნაწერ „Cotton Domitian-ის“ თანახმად
„სკრამასაქსი“ ანგლოსაქსონურ რუნულ ანბანთან ერთად
„მარკომანული რუნები“

არსებობდა რუნების რამდენიმე განსხვავებული ტიპი. ყველაზე ადრინდელი არის წინარესკანდინავიური ვარიანტი, რომელიც გამოიყენებოდა საერთოგერმანულ ენა-კოინეში. იგი გამოიყენებოდა ახ. წ. I—VIII საუკუნეებში (გერმანული ხალხების ისტორიაში ეს არის რომაული რკინის საუკუნე და გერმანული რკინის საუკუნე). მას ზოგჯერ უწოდებენ უფროს ფუთარქს ან უფროს რუნებს[1]. უფროსი რუნა სულ 24-ია, ისინი გვხვდება იარაღებზე, ძვირფასეულობებსა და მემორიალურ ქვა-სტელებზე. სწორედ უფროსი რუნები გამოიყენებოდა მოგვიანებით (XIII საუკუნემდე) მაგიური და საკრალური მიზნებისთვის. უმცროს რუნებს (IX-XIII სს.) იყენებდნენ მემორიალური წარწერებისთვის და მათ არ ჰქონდა საკრალური მნიშვნელობა.

სულ ცნობილია ადრეული, III-VIII საუკუნეების, რუნული წარწერის მქონდე 150-მდე ნივთი (შეიარაღების დეტალები, ამულეტები, საფლავის ქვები)[5]. წარწერების უმეტესობა შედგება ერთადერთი სიტყვისგან, ჩვეულებრივ, სახელისგან, რაც, რუნების მაგიურ გამოყენებასთან ერთად, იწვევს წარწერების დაახლოებით მესამედის სრულყოფილად წაკითხვის შეუძლებლობას. უძველესი რუნული წარწერების ენა სხვა წერილობით ძეგლებში დაფიქსირებულ ყველაზე ადრეულ გერმანულ ენაზე — გოთურზე უფრო არქაულია.[24].

გოთური რუნები[რედაქტირება]

აგრეთვე გამოყოფენ გოთურ რუნებს, რომლებიც საერთოგერმანულის ადრეული სახესხვაობაა. ისინი გამოიყენებოდა აღმოსავლეთ ევროპაში ახ. წ. I–IV საუკუნეებში. როგორც წესი, გოთურ რუნულ წარწერებს განაკუთვნებენ შუბის პირის წარწერას კოველიდან (უკრაინა), ოქროს ბეჭდის წარწერას პიეტროასადან (რუმინეთი), აგრეთვე წარწერას შუბის პირზე ევრე-სტაბიუდან (ნორვეგია). წარწერა იუწყება: raunijaz, ანუ „მგრძნობიარე“ (ის, ვინც განიცდის, გრძნობს). იგი ყველაზე ადრეულ რუნულ წარწერად ითვლება.[17].

ანგლოსაქსონური რუნები[რედაქტირება]

ბრიტანეთის კუნძულებზე რიგი გერმანული ტომების (ანგლების, საქსების, იუტების) გადასახლებამ მათ ენაში გამოიწვია ფონეტიკური ცვლილებები, დაემატა რამდენიმე ახალი ხმოვანი, რის შედეგადაც საერთოგერმანული რუნული ანბანი გამოუსადეგარი აღმოჩნდა. ასე წარმოიშვა ანგლოსაქსონური რუნული ანბანი. VII საუკუნეში ანბანს დაემატა ორი ახალი რუნა — „Ac“, რომელიც აღნიშნავდა გრძელ „ɑ:-ს“ და „Æsc“, რომელიც აღნიშნავდა ბგერა „æ-ს“. მოგვიანებით აგრეთვე დაემატა რუნები Yr — y-სთვის, Ior — დიფტონგ io-სთვის, Ear — დიფტონგ ea-სთვის, Cweorþ — q-სთვის, Calk — k-სთვის, Stan — ბგერათშეწყობა st-სთვის, Gar — მძიმე g-სთვის. ანგლოსაქსონური რუნული ანბანის სიები შემონახულია ხელნაწერებში „Codex Salisburgensis, 140“, „Cotton Domitian (Codex Cotton)“, აგრეთვე სკრამასაქსზე — მოკლე ხმალზე, რომელიც ტემზაში იპოვეს. რამდენიმე ძველმა რუნამ შეიცვალა თავისი ფონეტიკური მნიშვნელობა: a-თი გამოიხატებოდა ბგერა o, z-თი — x. ძველი რუნების სახელწოდებები მნიშვნელოვნად შეიცვალა, უფრო სწორად, ითარგმნა ანგლოსაქსონურ ენაზე შემდეგნაირად: Feoh, Ur, Þorn, Or, Rad, Cen, Gyfu, Wen, Hagl, Nyd, Is, Ger, Ih, Peorþ, Eohlx, Sigel, Tir, Beorc, Eh, Man, Lagu, Ing, Oeþel, Dæg.

ახალი რუნები შემდეგნაირად ითარგმნებოდა: Ac — „მუხა“, Æsc — „იფანი“, Yr — „მშვილდი“, Ior — „გველი“, Ear — „მიწა“, Calc — „თასი“, Stan — „ქვა“, Gar — „შუბი“. რუნა Cweorþ-ის მნიშვნელობა უცნობია[3][9].

„მარკომანული რუნები“[რედაქტირება]

ტრაქტატში „De Inventione Litterarum“, რომელიც ჩვემანდე კაროლინგების იმპერიის ტერიტორიაზე ნაპოვნ VIII და IX საუკუნეების ხელნაწერებში შემორჩა, ნახსენებია საერთოგერმანული და ანგლოსაქსონური რუნების საინტერესო ნაზავი, რომელსაც „მარკომანული რუნები“ ეწოდა, თუმცა თვითონ მარკომანებთან მას არავითარი კავშირი არ აქვს და, როგორც ჩანს, შეიქმნა იმისთვის, რომ რუნების ლათინური ანბანის ეკვივალენტური ყოფილიყო[25].

ჩრდილოეთის, ანუ სკანდინავიური რუნები[რედაქტირება]

დანიური რუნები
შვედურ-ნორვეგიული რუნები
ნორვეგიული რუნები

IX საუკუნის დასაწყისისთვის სკანდინავიის ქვეყნებში საერთოგერმანული რუნული ანბანი სხვაგვარად განვითარდა. გარკვეული ცვლილებები განხორციელდა აგრეთვე ძველსკანდინავიურ ენაში: გამდიდრდა ენის ბგერათა რიგი, ამიტომ საერთოგერმანული რუნები არასაკმარისად გადმოსცემდა ენის ხმოვან შედგენილობას, თუმცა, ანგლოსაქსონური რუნებისგან განსხვავებით, სკანდინავიურ რუნებში ნიშნების რაოდენობა კი არ იზრდებოდა, არამედ მცირდებოდა. გამოირიცხა რუნები g, w, ih-wh, p, z ŋ, d, o. ანგლოსაქსონური რუნული ანბანიდან გადმოვიდა რუნა Yr. ამგვარად, ანბანმა მოიცვა თექვსმეტი რუნული ნიშანი. ძლიერ შეიცვალა რუნების სახელწოდებებიც: Fe, Ur, Þurs, Åss, Reið, Kaun, Hagall, Nauð, Iss, Ar, Sol, Tyr, Bjarkan, Maðr, Løgr. რაც შეეხება დარჩენილ წინარესკანდინავიურ რუნებს, თითოეულმა მათგანმა აღნიშნა რამდენიმე მსგავსი ბგერა: რუნა Ur აღნიშნავდა ბგერებს u, o, ø, w; þurs — þ, ð; Åss — å, ą, æ; Kaun — k, g, ŋ; Iss — i, e, ø, y; Ar — a, æ, e, ø; Tyr — t, d, nd; Bjarkan — p, b, mb.

ჩვეულებრივ, განასხვავებენ სკანდინავიური რუნების ორ ტიპს — დანიურსა და შვედურ-ნორვეგიულს[1]. დანიური რუნები გარეგნულად ნაკლებად განიცდიდა ცვლილებებს, ისინი IX-XI საუკუნეებში გამოიყენებოდა. რაც შეეხება შვედურ-ნორვეგიულ რუნებს, მათ ნიშნის გრაფიკული მინიმალიზაციის ტენდენცია გააჩნდათ. ამგვარად, რუნების s და y შემცირდა ერთ შტრიხამდე. შვედურ-ნორვეგიული რუნები გამოუყენებოდა IX-X საუკუნეებში. მოგვიანებით გამოიყო ნორვეგიული ვარიანტი, რომელიც ვიზუალურად დანიურს უახლოვდებოდა. სკანდინავიურ რუნებს, აგრეთვე ყოველ შემდგომს, უწოდებენ უმცროს რუნებს[1].

ჰელსინკის რუნები[რედაქტირება]

ჰელსინკის რუნები

შვედურ-ნორვეგიულ რუნათა ნიშნების ჩაწერის შემოკლების ტენდენცია ჰელსინკის რუნებშიც გამოვლინდა. ეს რუნები, მიუხედავად იმისა, რომ გამოიყენებოდა ჰელსინგლანდში (შვედეთი), სავარაუდოდ შეიქმნა ტბა მელარენის რაიონში. ჰელსინკის რუნებით შესრულებული წარწერები XI საუკუნით თარიღდება[3].

მენის რუნები[რედაქტირება]

მენის რუნები

შემოკლების ტენდენცია ნორვეგიულ რუნებშიც შენარჩუნდა. ამგვარად, XI-XII საუკუნეებში კუნძულ მენზე გამოიყენებოდა ნორვეგიული რუნების მეტად უცნაური ვარიანტი, რომელსაც მენის რუნები ეწოდა. მისი განმასხვავებელი განსაკუთრებულობა ისაა, რომ მასში არ არის მე-16 რუნა. ამ დამწერლობით განხორციელებულ წარწერებს ორ ტიპად ყოფენ: სადაც მეოთხე რუნა აღნიშნავდა ბგერა ą-ს და სადაც ის აღნიშნავდა ბგერა o-ს.[3]

წერტილებიანი რუნები[რედაქტირება]

წერტილებიანი რუნების ადრეული ფორმა
წერტილებიანი რუნების უფრო გვიანდელი ფორმა

წერტილებიანი რუნები XI საუკუნეში წარმოიშვა დანიასა და ნორვეგიაში. ისინი შეიქმნა სკანდინავიური რუნების გაუმჯობესების მიზნით, რადგან ამ უკანასკნელებს, თითოეული რუნის მრავალი ფონეტიკური მნიშვნელობის გამო, არ შეეძლოთ დაწერილის ზუსტად გადმოცემა. ამიტომ ანბანს დაემატა ნიშნები c, d, g, o, p, v, ð, æ, ø, z. ანბანის გაფართოების სტიმული ანგლოსაქსონური რუნების გამოცდილება იყო. სახელწოდებას წერტილებიანი რუნები უნდა უმადლოდენ წერტილებს, რომლებიც რუნებს ემატებოდა þ-დან ð-სა და b-დან p-ს, აგრეთვე y-ის წარმოქმნისას[1][3].

ისლანდიური რუნები[რედაქტირება]

ისლანდიური რუნები XII საუკუნის დასაწყისში

ისლანდიური რუნები შეგვიძლია წერტილებიანი რუნების განვითარებულ ვარიანტად ჩავთვალოთ. ისინი გამოიყენებოდა ისლანდიაში XII-XIV საუკუნეებში. გვიანდელ ეპოქაში ისლანდიურ რუნებში მკვეთრად შეიცვალა ცალკეული რუნების ფორმები. ამგვარად რუნა y-მა მიიღო ფორმა Iceland-y.gif, p-მ — Iceland-p.gif ხოლო q-მ — Iceland-q.gif. რუნებში d (Is-normal-d.gif), e (Iceland-e.gif) გაჩნდა წვრილი შტრიხებისა და წერტილების წრეებად ჩანაცვლების ტენდენცია. წარმოიქმნა „რუნების შემოკლებული ფორმები“ (Viktigste islandske særformer): რუნებიIs-saer-d.gif (d), Is-normal-e.gif (e), Is-saer-k.gif (k), Is-saer-q.gif (q), Is-normal-s.gif (s), Is-saer-x.gif (x), Is-saer-y.gif (y), Is-saer-z.gif (z), Is-saer-oe.gif (ö).[26][27][28][29]

გრენლანდიური რუნები[რედაქტირება]

გრენლანდიური რუნები

ისლანდიურის მსგავსად, გრენლანდიური რუნებიც წერტილებიანიდან წარმოიქმნა. ისინი გამოიყენებოდა დაახლოებით ერთსა და იმავე დროს ისლანდიურებთან ერთად. სულ გრენლანდიაში ნაპოვნია 60-მდე რუნული წარწერა, მათგან 35 — აღმოსავლეთ დასახლებაში, 20 — დასავლეთ დასახლებაში. უძველესი გრენლანდიური რუნული წარწერა XIV საუკუნეს განეკუთვნება და ნაპოვნია ნარსაკში, იულიანეჰობიდან ჩრდილო-დასავლეთით[30][31].

დალეკარლიური, ანუ დალიური რუნები[რედაქტირება]

დალეკარლიური რუნები

დალეკარლიური, ანუ დალიური რუნები გამოიყენებოდა დალარნის პროვინციაში (შვედეთი) XV საუკუნიდან XIX საუკუნემდე. ჩანაწერით ისინი ძლიერ უახლოვდებოდნენ ლათინურს, გაჩნდა ასოთა წმინდად ლათინური ფორმები (Ä, Ö, Å, G). ეს ვარიანტი უკანასკნელი გამოყენებადი იყო დამწერლობის სახით. იგი საბოლოოდ ლათინურმა შეავიწროვა.[8][11][32]

გავლენა სხვა დამწერლობებზე[რედაქტირება]

ეპისკოპოსმა ულფილამ გოთური დამწერლობა ბერძნული ანბანური წყობის საფუძველზე ლათინური და რუნული დამწერლობების გამოყენებით შექმნა. რუნული დამწერლობიდან გოთურმა ანბანმა იანდერძა ასოთა სახელწოდებები, თუმცა ისინი რამდენადმე შეიცვალა: ahsa, bairkan, giba, dags, aihvus, quairtha, iuja, hagl, thiuth, eis, kusma, lagus, manna, nauths, jer, urus, pairthra, raida, sauil, teiws, winja, faihu, iggwis, hwair, othal. რუნულ დამწერლობას შეგვიძლია მივაკუთვნოთ გოთური ასოები urus, othal.

რუნულ დამწერლობას უკავშირდება აგრეთვე დამატებითი ასოები ძველინგლისურ და ისლანდიურ ანბანებში, რომლებიც ლათინურს ეფუძნება[1]: Þ (თორნ) და Ƿ (ვინ, მხოლოდ ძველინგლისურში).

რუნული კრიპტოგრაფია[რედაქტირება]

რუნული კრიპტოგრაფია რეკის ქვის გვერდითა მხარეს. წარწერა იკითხება როგორც ruv [s]akumukmini
წარწერა ტერვიკის ქვაზე (წითლად გამოყოფილია ზედმეტი ხაზები, პუნქტირით — რომლებიც აკლია)
„ტოტოვანი რუნები“
წარწერა ვოლსტიდან
„კარვული რუნები“, რუნათა მნიშვნელობები ზედა ნახევარში
„კარვული რუნები“, რუნათა მნიშვნელობები ქვედა ნახევარში

ცნობილია რუნული ნიშნების დაშიფვრის რამდენიმე მარტივი ხერხი. გავრცელებული იყო ეგრეთ წოდებული „მოქსოვილი რუნები“, რომლებშიც ერთ შტრიხზე რამდენიმე რუნა ერთიანდებოდა. რუნული კრიპტოგრაფიის სხვა სახეს წარმოადგენს პრინციპი, რომლის მიხედვითაც უშუალოდ რუნის ნაცვლად აისახებოდა ნომერი ეტირისა, რომელშიც ეს რუნა შედიოდა, და ეტირის შიგნით რუნის რიგითი ნომერი. ეს სისტემა მხოლოდ სკანდინავიურ რუნებში გამოიყენებოდა[3][9]. ეტირების ნომრები საპირისპიროთი ნაცვლდებოდა. ამგვარად, პირველი ეტირი კრიპტოგრაფიაში აღინიშნებოდა მესამით, მესამე პირველით, ხოლო მეორე კვლავ მეორით. რეკის ქვაზე წარმოდგენილია კრიპტოგრაფიის მრავალი სახესხვაობა, რომელთა განმასხვავებელ ნიშანსაც წარმოადგენს ის, რომ მესამე (კრიპტოგრაფიაში პირველ) ეტირში შედის არა t, b, m, l, y რუნები, არამედ t, b, l, m, k. არსებობდა ამ პრინციპის გამოსახვის რამდენიმე ხერხი. „ტოტოვანი რუნებში“ (kvistrunir) გრძელი ხაზიდან გამოედინება შტრიხები: მათი რაოდენობა მარცხნივ აღნიშნავდა ეტირის ნომერს, მარჯვნივ — რუნისას. „კარვული რუნები“ (ანუ „ჯვარედინი რუნები“; Tjaldrunir) განსხვავდება ტოტოვანი რუნებისგან იმით, რომ ერთი ნიშანი აღნიშნავს ორ ბგერას: ჯვარედის ბოლოებიდან გამოდის შტრიხები, მარცხნივ მაღლა აღნიშნულია ეტირის ნომერი, მარჯვნივ მაღლა — რუნის ნომერი; მარჯვნივ დაბლა მოცემულია მეორე რუნის ეტირის ნომერი, ხოლო მარცხნივ დაბლა — მისი ნომერი ეტირში[3]. კრიპტოგრაფიის ეს ორივე ტიპი წარმოდგენილია რეკის ქვაზე. ამავე ქვაზე გამოსახული მსგავსი კრიპტოგრაფიის სხვა ტიპი წარმოადგენს შიფრს, რომელშიც ეტირის ნომერი აღინიშნებოდა საერთოგერმანული რუნებით o, ხოლო რუნის ნომერი — შვედურ-ნორვეგიული s-ებით. ქვაზე წერია „oossoosss“, რაც აღნიშნავს „ni-ს“. გარდა ამისა, ამ ქვაზე არის კრიპტოგრაფიის ტიპი, როცა ეტირის ნომერი აღინიშნებოდა საპირისპირო მხარეს ამოტრიალებული საერთოგერმანული რუნით ih-wh, ხოლო რუნის ნომერი — ჩვეულებრივი საერთოგერმანული რუნით ih-wh. სხვა ზოგიერთ შემთხვევაში (წარწერა ვოლსტიდან) ეტირის ნომერი აღნიშნული იყო შვედურ-ნორვეგიული რუნებით y, ხოლო რუნის ნომერი, ისევე როგორც „ტოტოვან რუნებში“, მთავარი ხაზის მარჯვენა მხარეს შტრიხების რაოდენობით.

რუნული კრიპტოგრაფიის უნიკალური სახეობებით მდიდარია აგრეთვე ქალაქი ბერგენი. აქ ნაპოვნია ორი უნიკალური ხის დაფა „ტოტოვანი რუნების“ სახესხვაობებით: ერთ-ერთზე შუა ხაზის ნაცვლად გამოსახული იყო თევზები, სხვა დაფაზე ეტირისა და რუნის ნომრები აღნიშნული იყო მამაკაცის თავის წვერის ხაზებით. ბერგენში ასევე გამოიყენებოდა რუნათა დაშიფვრის ისეთი სისტემა, რომლის დროსაც რუნა f აღინიშნებოდა, როგორც, ფაქტობრივად, თვითონ f; u როგორც ff; þ — fff; o აღინიშნებოდა თვითონ რუნა o-თი, r — oo; k — ooo და ა.შ. რუნა y არ იშიფრებოდა. ხელნაწერში „Codex Salisburgensis, 140“ მოცემულია ხმოვნების წერტილებით ჩანაცვლების სისტემა: a ერთით, e ორით, і სამით, o ოთხით, u ხუთით. აგრეთვე არსებობს კრიპტოგრაფიის სახე, რომელიც გულისხმობს ცალკეული რუნების საპირისპიროდ დაწერას, რუნებისთვის ზედმეტი შტრიხების დამატებასა და საჭირო შტრიხების წაშლას. ეს ხერხი წარმოდგენილია ტერვიკის ქვის წარწერებზე.[9]

რუნული კალენდრები[რედაქტირება]

რუნული კალენდარი
ცხრამეტი „ოქროს რიცხვის“ აღნიშვნა გვიანდელ რუნულ კალენდრებში
დღეების აღნიშვნა შვიდი რუნის გამოყენებით ადრეულ რუნულ კალენდრებში

არსებობდა აგრეთვე რუნული კალენდრები, „მუდმივი კალენდროს“ სახესხვაობები. დანიაში მათ რიმსტოკებს უწოდებდნენ (rim — „კალენდარი“ და stok — „ჯოხი“), ნორვეგიაშიპროისტავებს (prim — „ოქროს რიცხვი“). უმეტესწილად მათ ჯოხის ან კვერთხის ფორმა ჰქონდათ რამდენიმე დუიმიდან[33] 5 ფუტამდე[34]. ეს კალენდრები გამოიყენებოდა სკანდინავიაში და, შესაძლოა, თავისი ფესვებით შორეული წარსულიდან მოდიან, მაგრამ მათგან ყველაზე ადრინდელები თარიღდება XIV საუკუნით[3]. მეცნიერებისთვის ინტერესს იწვევს ოლე ვორმის ხელნაწერი „Computus Runicus“, 1328 წლის ხელნაწერის ასლი, რომელშიც მთლიანადაა ჩაწერილი რუნული კალენდარი. ერთ მხარეს აღინიშნებოდა რიცხვები 14 აპრილიდან 13 ოქტომბრამდე (Nottleysa, „უღამეო დღეები“, ზაფხული სკანდინავიური კალენდრის მიხედვით), მეორე მხარეს კი, შესაბამისად, რიცხვები 14 ოქტომბრიდან 13 აპრილამდე (Skammdegi, „მოკლე დღეები“, ზამთარი სკანდინავიური კალენდრის მიხედვით). დღეების აღსანიშნავად რუნულ კალენდრებში თავდაპირველად გამოიყენებოდა შვიდი რუნისგან შემდგარი გამეორებადი რიგი. ასევე აღინიშნებოდა ცხრამეტი „ოქროს რიცხვი“ სავსემთვარეობის დასადგენად[3]. ცხრამეტი რიცხვიდან თითოეულს შეესაბამებოდა რუნა, რიცხვითი მნიშვნელობა ისაზღვრებოდა ანბანური წყობით, ხოლო სამი რიცხვის დანაკლისის შესავსებად შექმნილი იყო დამატებითი რუნები: Arlaug (12px) აღნიშნავდა 17-ს, Tvimaður (12px) აღნიშნავდა 18-ს, Belgþor (Belgthor.gif) აღნიშნავდა 19-ს. დღესასწაულები მონიშნული იყო სპეციალური სიმბოლოებით. ეს სიმბოლოები, როგორც წესი, ისაზღვრებოდა ამა თუ იმ დღესასწაულთან დაკავშირებული რაიმე ნიშნით. ამგვარად, 9 ივნისს, წმინდა კოლუმბას დღეს ორაგულის გამოსახულებით აღნიშნავდნენ, რადგან, ნიშნის მიხედვით, ამ დღეს იწყებოდა ორაგულის ქვირითობა. 14 აპრილი, კალენდრული ზაფხულის პირველი დღე, აღინიშნებოდა აყვავილებული ბუჩქის გამოსახულებით. 11 ნოემბერი, წმინდა მარტინეს დღე, აღინიშნებოდა ბატის გამოსახულებით, რადგან მარტინე ტურელი, როდესაც იგი ეპისკოპოსად აირჩიეს, შეშინდა და ბატებს შორის დაიმალა. უფრო გვიანდელ ეპოქაში დღეებს აღნიშნავდნენ მარტივი შტრიხებით, ცხრამეტ „ოქროს რიცხვს“ კი — არაბული ციფრებით ან სხვა რიცხვული ნიშნებით[9].

რუნული წარწერების ენები[რედაქტირება]

მთავარი სტატიები: ძველგერმანული ენა, გოთური ენა, ძველინგლისური ენა, ძველსკანდინავიური ენა, ძველშვედური ენა, შვედური ენა

ყველაზე ძველი რუნული წარწერები ძველგერმანულ ენაზე დაიწერა, თუმცა მათ არ შეუძლიათ საერთოგერმანული ენობრივი მდგომარეობის სრულყოფილად ასახვა: სხვადასხვა ადგილას ნაპოვნ ადრეულ წარწერებს არ აქვს არავითარი ენობრივი გამორჩეულობა და ისინი ამა თუ იმ რეგიონში ენის განვითარების შესახებ ინფორმაციას არ იძლევიან. უფრო გვიანდელი რუნული წარწერები დაწერილია ანგლოსაქსონურ (ანგლოსაქსონური რუნები) და ძველსკანდვინავიურ (სკანდინავიური რუნები) ენებზე. ყველაზე გვიანი ეპოქის რუნული წარწერები კი, რომლებიც განხორციელდა დალეკარლიური რუნებით, დაწერილია შვედურად. ჯამში, რუნებით დაწერილი ყოველთვის როდი შეესაბამება წარმოთქმას, რადგან ადრეულ რუნულ წარწერებში ხშირია შემოკლებები სიტყვების ბოლოებში, სიტყვათგამყოფები კი არ გამოიყენება. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე მრავალი რუნული წარწერის სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა შესაძლებელი[35].

რუნები კულტურაში[რედაქტირება]

მაგიური და სამკითხაო მნიშვნელობა[რედაქტირება]

ჯერ კიდევ ძვ. წ. I საუკუნეში იულიუს კეისარი იუწყებოდა გერმანელთა ადათზე, ემკითხავათ საკენჭისყრე ჯოხებზე[36]. ტაციტუსი დაწვრილებით გვიყვება მის შესახებ:

ვიკიციტატა
„Срубленную с плодового дерева ветку они нарезают плашками и, нанеся на них особые знаки, высыпают затем, как придется, на белоснежную ткань. После этого, если гадание производится в общественных целях, жрец племени, если частным образом, — глава семьи, вознеся молитвы богам и устремив взор в небо, трижды вынимает по одной плашке и толкует предрекаемое в соответствии с выскобленными на них заранее знаками[37]

მაგიურ თვისებებს რუნებს ჯერ კიდევ ძველი გერმანელები მიაწერდნენ, ამგვარად, „პოეტურ ედაში“ შეგვიძლია ვიპოვოთ ინფორმაცია რუნათა გარკვეულ მისტიკურ თვისებებზე, დაწყებული საშიშროებისა და მოტყუების საწინააღმდეგო თილისმობიდან დამთავრებული სამკურნალო სიმბოლოებით[38].

Так называемый «арманический футарк»

ერთ-ერთი უძველესი რუნული ძეგლი, სადაც ნახსენებია რუნათა მაგიური მნიშვნელობა, არის დანიელი მეცნიერისა და ექიმის, ოლე ვორმის, ხელნაწერი „Computus Runicus“, 1328 წლის ხელნაწერის ასლი.

ოკულტიზმში[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 1.8 Истрин, В. А. Развитие письма. — М.: Наука, 1965.
  2. Вдоль и поперёк волокон дерево сопротивляется по-разному, поэтому вырезать кривые линии тяжело. Более поздние варианты видоизменились под скоропись пером, см. ниже по тексту.
  3. 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 3.10 3.11 3.12 3.13 3.14 3.15 3.16 3.17 3.18 Дирингер, Дэвид. Алфавит. — М.: Издательство иностранной литературы, 1963. — 579—599 с.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Кондратов Алексей. Письмена мёртвые и живые. — СПб.: Азбука-Классика/Авалон, 2007. — გვ. 256. — 186—187 с.
  5. 5.0 5.1 Соловьева Л. Н. Древние германцы и их языки. Введение в германскую филологию. — М.: 1980. — 7—27 с.
  6. Stephens, George. Thunor the Thunderer, carved on a Scandinavian font about the year 1000. — London/Copenhagen: Williams and Norgate/H. H. J. Lynge, 1878. — 29 с.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 7.4 7.5 Викинги. Набеги с Севера. — М.: Терра, 1996.
  8. 8.0 8.1 Enoksen, Lars Magnar. Runor. Historie, Tydning, Tolkning. — Lund: Historiske Media, 1999. — ISBN 91-89442-55-5
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 9.4 9.5 Arild Hauge.. Сайт Арильда Хауге. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-08-11-ში. წაკითხვის თარიღი: 2009-06-13.
  10. Nylén, Erik — Lamm, Jan Peder. Stones, Ships and Symbols. The Picture Stones of Gotland from the Viking Age and Before. — Stockholm: Gidlunds Bokförlag, 1988. — ISBN 91-7844-116-1
  11. 11.0 11.1 Jansson, Sven B. F. Runeinskrifter i Sverige. — Almqvist & Wiksell Forlag, 1976. — ISBN 91-20-04457-7
  12. Jansson, Sven B. F. The runes of Sweden. — Norstedts Forlag, 1962.
  13. Jacobsen, Lis — Moltke, Erik. Danmarks Runeindskrifter. Lommeudgave. — København: Ejnar Munksgaards Forlag.
  14. Мельникова Е. А. Скандинавские рунические надписи. — М.: „Восточная литература“, 2001.
  15. Otto von Friesen. Rökstenen. Runstenen vid Röks kyrka Lysings härad Östergötland. — Stockholm: Vitterhetsakademien, 1920.
  16. Bernard Mees. The North Etruscan thesis of the origin of the runes. Arkiv for nordisk fililogi 115. — გვ. 33—82.
  17. 17.0 17.1 Е. А. Гуревич. Руны, руническое письмо // Словарь средневековой культуры. — М.: 2003. — გვ. 415—423.
  18. Marstrander, Carl. Norsk tidskrift for sprogvidenskap // De gotiske runeminnesmaerker. — 1929 ტომი: 3.
  19. Sigurd Agrell. Die spätantike Alphabet-Mystik und die Runenreihe. — 1932.
  20. Uthark: Nightside of the runes. — ISBN 9197410217
  21. Kenneth Meadows. Rune Power. — 1995.
  22. Björn Andersson. Runor, magi, ideologi. En idéhistorisk studie.
  23. David Almer. Från Úr till Fé (Aorta: journal för retrogardistisk kultur nr 17 (tidskrift)).
  24. Marstrander, Carl J. S. De nordiske runeinnskrifer i det eldre alfabet. Skrift og språk i folkevandringdtiden // Artikkel i Viking. — Norsk Arkeologisk Selskap, 1953.
  25. Carl Faulman. Das Buch Der Schrift Enthaltend Die Schriftzeichen Und Alphabete. — Wien: 1880.
  26. Snædal, Þórgunnur. Rúnaristur á Íslandi. — 2003.
  27. Árbók hins íslenzka fornleifafélags. — Reykjavík: 2000—2001. — გვ. 5—68.
  28. Projektet Samnordisk runtextdatabas, 2004. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-08-11-ში. წაკითხვის თარიღი: 2009-06-12.
  29. Bæksted, Anders Islands Runeindskrifter. — København: 1942.
  30. Projektet Samnordisk runtextdatabas, 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-08-11-ში. წაკითხვის თარიღი: 2009-06-12.
  31. Thalbitzer, William Runeindskrifter i Grønland // Det Grønlanske Selskabs Årsskrift. — København: Ejnar Munksgaards Forlag, 1949. — გვ. 85—92.
  32. Boethius, Johannes; Levander, Lars; Norren, Adolf. Dalska runiskrifter fren nyare tid.
  33. 1 დუიმი = 2.54 სმ
  34. 1 ფუტი = 30,48 სმ
  35. Макаев, Э. А. Язык древнейших рунических надписей. — М.: Едиториал УРСС, 2002.
  36. გაიუს იულიუს კეისარი. ჩანაწერები გალისიის ომზე, 1.50.
  37. თარგი:Книга
  38. სიგრდრივას სიტყვები, 5—20.
რუნები
Runic letter fehu.pngფეჰუ Runic letter uruz.pngურუზი Runic letter thurisaz.pngთურისაზი Runic letter ansuz.pngანსუზი Runic letter raido.pngრაიდო Runic letter kauna.pngკენაზი Runic letter gebo.pngგებო Runic letter wunjo.pngვუნიო
Runic letter haglaz.pngჰაგალაზი Runic letter naudiz.pngნაუდიზი Runic letter isaz.pngისა Runic letter jeran.pngიერა Runic letter iwaz.pngივა Runic letter pertho.pngპერთი Runic letter algiz.pngალგიზი Runic letter sowilo.pngსოვილო
Runic letter tiwaz.pngტივაზი Runic letter berkanan.pngბერკანო Runic letter ehwaz.pngევაზი Runic letter mannaz.pngმანაზი Runic letter laukaz.pngლაგუზი Runic letter ingwaz.pngინგვაზი Runic letter dagaz.pngდაგაზი Runic letter othalan.pngოთალა