ლუნდის უნივერსიტეტი (შვედ. Lunds universitet, Universitas Lundensis ან Universitas Gothorum Carolina ლათინურად) — უნივერსიტეტი ქალაქ ლუნდში, შვედეთის სამხრეთ ნაწილში. დაარსებულია 1666 წელს და ქვეყანაში სიძველით მეორე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას წარმოადგენს.
ლუნდის უნივერსიტეტში შვიდი ფაკულტეტია (დამატებითი კამპუსები განთავსებულია მალმესა და ჰელსინგბორგში), სადაც 34 ათასზე მეტი სტუდენტი 50 განსხვავებული პროგრამის ფარგლებში (სპეციალობით) ეუფლება უმაღლეს განათლებას. უნივერსიტეტში 800-ზე მეტი სასწავლო კურსია. ლუნდის უნივერსიტეტი Universitas 21-ის მსოფლიო ქსელში შედის, რომელიც იმ უნივერსიტეტებს აერთიანებს, სადაც ფართომასშტაბიანი სამეცნიერო სამუშაოები მიმდინარეობს.
ქალაქ ლუნდს ხანგრძლივი საგანმანათლებლო ისტორია აქვს. ჯერ კიდევ ადრეული შუა საუკუნეებიდან საეკლესიო ცენტრს წარმოადგენდა, სადაც დანიის არქიეპისკოპოსის რეზიდენცია იყო. 1085 წელს დაარსებული საკათედრო სკოლა კი მომავალ სასულიერი პირებს ამზადებდა. ეს სკოლა დღეისათვის სკანდინავიაში უძველესია.