ეშდაუნის ბრძოლა
ეშდაუნის ბრძოლა | |||
---|---|---|---|
ვიკინგების ინგლისში შეჭრის ნაწილი | |||
თარიღი | დაახლ. 8 იანვარი, 871 | ||
მდებარეობა | ბერქშირი | ||
შედეგი | უესექსის გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
ეშდაუნის ბრძოლა — ბრძოლა უესექსსა და დანიელ ვიკინგებს შორის, სადაც ანგლო-საქსებმა დაამარცხეს სკანდინავიელები. გაიმართა დაახლოებით 871 წლის 8 იანვარს. ადგილმდებარეობა უცნობია, სავარაუდოდ შესაძლებელია ყოფილიყო კინგსტენდინგის გორა (ბერქშირი).[1] ზოგიერთი ავტორი გამართვის ადგილად მიუთითებს სტარვილთან ახლოს, სოფელ ალდვორთიდან ჩრდილოეთით, ლოუბარის გორიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით.[2]
დასავლეთ საქსონებს (უესექსელებს) მეთაურობდა მეფე ეთელრედი და მისი უმცროსი ძმა, მომავალი ალფრედ დიდი. ვიკინგების მხედართმავრები იყვნენ ბეგსეკგი და ჰალფდანი. ბრძოლა აღწერილია „ანგლო-საქსურ ქრონიკასა“ და ასერის „მეფე ალფრედის ცხოვრებაში“.
წინაპირობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]870 წლისთვის ვიკინგებს დაპყრობილი ჰქონდათ ოთხი ანლგო-საქსური სამეფოდან ორი — ნორთუმბრია და აღმოსავლეთი ინგლისი. 870 წლის ბოლოს მათ გადაწყვიტეს უესექსის დაპყრობა და აღმოსავლეთ ინგლისიდან რედინგისკენ დაიძრნენ, ადგილზე ჩავიდნენ 28 დეკემბრისთვის. სამი დღის შემდეგ მათ გაგზავნეს მაოხრებელთა საკმაოდ დიდი ჯგუფი, თუმცა იგი ოლდერმენ ეთელვულფის მეთაურობით გაანადგურეს ადგილობრივებმა ენგელფილდის ბრძოლაში. ოთხი დღის შემდეგ უესექსის მთავარი არმია ეთელრედისა და ალფრედის მეთაურობით დამარცხდა რედინგის ბრძოლაში.[3]
ბრძოლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კიდევ ოთხი დღის შემდეგ, დაახლოებით 8 იანვარს, ეშდაუნთან არმიები კვლავ შეებნენ ერთმანეთს. ვიკინგები ბრძოლის ველზე პირველები მივიდნენ და შეძლეს სიმაღლის დაკავება, რაც მათ უპირატესობას აძლევდა. არმია გაყვეს ორ ნაწილად, ერთს მეთაურობდნენ მეფეები ბეგსეკგი და ჰალფდანი, მეორეს — მათი ერლები. როდესაც უესექსელებმა ამის შესახებ შეიტყვეს მზვერავებისგან, გადაწყვიტეს იგივე გაეკეთებინათ და თვითონაც ორად გაიყვნენ; ეთელრედი დაუპირისპირდებოდა მეფეებს, ხოლო ალფრედი — ერლებს. ამის შემდეგ მეფე კარავში დაბრუნდა მესის აღსავლენად, ალფრედი კი ბრძოლის ველისკენ გაემართა. ორივე მხარემ საკუთარი არმიები ფარების კედლად განალაგა. ეთელრედმა დროზე ადრე არ შეწყვიტა ღვთისმსახურება და, შესაბამისად, ომში ჩართვაც თავიდანვე ვერ შეძლო, ალფრედმა კი გარისკა — შესაძლოა მთლიან დანიურ არმიას ფლანგებიდან შემოეტია და ალყაში მოექცია. მან გადაწყვიტა წაეყვანა თავისი მებრძოლები და გორაზე შეეტია დანიელებისთვის. ბრძოლა აკაციის ხის გარშემო წარიართა და საბოლოოდ უესექსელებმა მოახერხეს გამარჯვება. მართალია „ანგლო-საქსური ქონიკაც“ და „მეფე ალფრედის ცხოვრებაც“ გამარჯვებაში ალფრედის მთავარ როლზე საუბრობენ, თუმცა ამერიკელი ისტორიკოსი რიჩარდ აბელი გადამწყვეტ მომენტად ასახელებს ეთელრედის ჩართვას ბრძოლაში, რომელიც, შესაძლოა, გამიზნული იყო ვიკინგთათვის მოულოდნელად თავზე დატყდომაზე. დიდი დანაკარგები განიცადა დამარცხებულმა მხარემ, დაიღუპა მეფე ბეგსეკგი და ხუთი ერლი. საქსონები დაღამებამდე მისდევდნენ მტერს და გზადაგზა ანადგურებდნენ მათ. მიუხედავად ამისა, გამარჯვება ხანმოკლე აღმოჩნდა, მას მოჰყვა დამარცხებები ბეისინგთან და მერეტანთან. ამავე წლის აღდგომიდან (15 აპრილი) მალევე, ეთელრედი გარდაიცვალა და იგი ალფრედმა შეცვალა.[4]
ბრძოლის თარიღი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბრძოლის დათარიღება შესაძლებელია იქიდან გამომდინარე, რომ ცნობილია შერბორნის ეპისკოპოს ჰემუნდის გარდაცვალების ამბავი მერეტანის ბრძოლაში, რომელიც გაიმართა 871 წლის 22 მარტს; „ანგლო-საქსური ქრონიკის“ მიხედვით ამ ბრძოლამდე ორი თვით ადრე (ესე იგი 22 იანვარს) გაიმართა ბეისინგის ბრძოლა, ამ უკანასკნელზე 14 დღით ადრე კი — ეშდაუნის ბრძოლა (8 იანვარს), მასზე ოთხი დღით ადრე (4 იანვარს) — რედინგისა, კიდევ ოთხი დღით ადრე (31 დეკემბერს) — ენგელფილდისა, ვიკინგების რედინგთან გამოჩენა კი სამი დღით ადრე, ანუ 28 დეკემბერს ივარაუდება. გამომდინარე იქიდან, რომ 2-თვიანი პერიოდი მერეტანისა და ბეისინგის ბრძოლებს შორის შესაძლოა ზუსტი არ იყოს, დანარჩენი თარიღები მიახლოებითია.[5]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Abels, Richard (1998). Alfred the Great: War, Kingship and Culture in Anglo-Saxon England. Harlow, UK: Longman, გვ. 129. ISBN 0-582-04047-7.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Peddie, John (2005). Alfred, Warrior King. Stroud, UK: Sutton Publishing, გვ. 96–98. ISBN 978-0-7509-3796-2.
- ↑ Marren, Peter (2009). Battles of the Dark Ages. Pen & Sword Military. ISBN 1844158845.
- ↑ Abels 1998, pp. 124–27.
- ↑ Abels 1998, pp. 129–34.
- ↑ Beaven, Murray (July 1918). „The Beginning of the Year in the Alfredian Calendar (866-87)“. English Historical Review. 33 (131): 334.