რაგნარ ლოდბროკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რაგნარ ლოდბროკი
ძვ.-სკანდ. Ragnarr Loðbrók

რაგნარ ლოდბროკი და კრაკა
დანიის ლეგენდარული მეფე
მმართ. დასაწყისი: IX საუკუნე
მმართ. დასასრული: 865
წინამორბედი: სავ. სიგურდ ბეჭედი
მემკვიდრე: სიგურდ გველისთვალა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 795 ან 800[1]
დაბ. ადგილი: სკანდინავია
გარდ. თარიღი: 865
გარდ. ადგილი: ნორთუმბრია
მეუღლე: ლაგერთა, თორა ჰოტლანდიელი, ასლაუგი
შვილები: ივარ უძვლო
ბიორნ რკინისგევრდა
ჰალფდანი
უბა
სიგურდ გველისთვალა
მამა: სიგურდ ბეჭედი
რელიგია: სკანდინავიური წარმართობა

რაგნარ ლოდბროკი, რაგნარ ტყავის შარვალი (ძვ.-სკანდ. Ragnarr Loðbrók) — ნახევრადმითური დანიელი კონუნგი, სკანდინავიური დინასტიის, ინგლინგების წარმომადგენელი, მუნსოს დინასტიის დამაარსებლის, ბიორნ რკინისგვერდას მამა.

სანდო წყაროები, რომლებიც რაგნარის არსებობას ამტკიცებენ, არაა. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითადი დეტალები სკანდინავიური საგებიდანაა ცნობილი. ვარაუდობენ, რომ ისტორიული რაგნარი (თუ არსებობდა) IX საუკუნის პირველ ნახევარში მოღვაწეობდა და დანიის ერთ-ერთი გავლენიანი სამხედრო ლიდერი იყო. დიდი ალბათობით, ის სიგურდ ბეჭედის შვილი იყო.

ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც რაგნარს მიეწერება - 845 წელს ფრანკიის დედაქალაქ, პარიზსა და 865 წელს, ნორთუმბრიაზე თავდასხმაა. პარიზზე ლაშქრობის დროს ის 120 ხომალდსა და 5000 მეომარს მეთაურობდა. ქალაქი ვიკინგებმა დაიპყრეს, დასავლეთ-ფრანკიის იმპერატორმა, შარლ II მელოტმა კი დანიელებს ვერცხლის სახით 7000 ფუნტი გადაუხადა, რათა პარიზი განადგურებისგან გადაერჩინა. მიუხედავად იმისა, რომ რაგნარმა სიტყვა შეასრულა და პარიზი აოხრების გარეშე დატოვა, უკანა გზაზე, ჩრდილოეთ ფრანკიის გავლით მან ყველა დასახლება გაანადგურა, რომლებიც გადაკვეთა. ითვლება, რომ ლოდბროკის მიერ პარიზზე გალაშქრება 845 წლის 28 მარტს შედგა.

865 წელს, ნორთუმბრიაში, ჩრდილოეთ ინგლისში, რაგნარი ბრძოლაში დამარცხდა. მისი ჯარი სრულად გაანადგურეს, თავად კი ტყვეობაში მოხვდა და ნორთუმბრიის მეფე, ელა II-ის ბრძანებით გველებით სავსე ორმოში ჩააგდეს, სადაც მტანჯველი სიკვდილით მოკვდა. ლეგენდების მიხედვით, მომაკვდავმა რაგნარმა მეფე ელას მიანიშნა, რომ მისი შვილები, რომლებიც შვედეთში იმყოფებოდნენ, მამის სიკვდილის გამო შურს იძიებდნენ.

საგების თანახმად, რაგნარის შვილებმა (ივარ უძვლო, ბიორნ რკინისგევრდა, ჰალფდანი, უბა, სიგურდ გველისთვალა) ვიკინგების ისტორიაში ყველაზე დიდი ჯარი შეკრიბეს, რომელსაც დიდი წარმართული ჯარი ეწოდა და 867 წელს ინგლისში შეიჭრნენ. მათ მამის სიკვდილის გამო მეფე ელა დაატყვევეს და სისხლიანი არწივის მეთოდით სიკვდილით დასაჯეს. დანიელები ინგლისში 14 წელი თარეშობდნენ და ამ დროის განმავლობაში მათ უესექსის გარდა ყველა სამეფო დაიპყრეს. საბოლოოდ, რაგნარის მემკვიდრეები ალფრედ დიდმა შეაჩერა, რომელმაც ვიკინგები 878 წელს დაამარცხა.

პოპულარულ კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

History Channel-ის ისტორიულ ტელესერიალში „ვიკინგები“, რაგნარ ლოდბროკის როლს ასრულებს ავსტრალიელი მსახიობი, ტრევის ფიმელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]