ვიკინგების ეპოქა ესტონეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირუს ციხესიმაგრე ჩრდილოეთ ესტონეთში.
ესტონეთის ისტორია

ეს სტატია არის ნაწილი სერიისა
ძველი ესტონეთი
კუნდის კულტურა
ნარვის კულტურა
ესტები
ჩუდები
ბალტიისპირა ფინელი ხალხი
ვიკინგები და შუა საუკუნეები
ოსილიანები
ლივონური ჯვაროსნული ლაშქრობა
დანიური ესტონეთი
ძველი ლივონია
ლივონიის ორდენი
ბალტიელი გერმანელები
შვედური ესტონეთი
ლივონიის ომი
დიდი ჩრდილოური ომი
რუსული ესტონეთი
ლივონია
თანამედროვე ეპოქა
დამოუკიდებლობის დეკლარაცია
გერმანული ოკუპაცია
განმათავისუფლებელი ომი
ესტონეთის რესპუბლიკა
ვაპსების მოძრაობა
სიჩუმის ერა
ესტონეთის ოკუპაცია
მეორე მსოფლიო ომი
ტყის ძმები
დეპორტაციები
ესტონეთის სსრ
სიმღერის რევოლუცია
ესტონეთი
  •  •  


ვიკინგების ეპოქა ესტონეთში იყო ვიკინგების ეპოქის ნაწილი (ახ. წ. 793-1066 წწ.) და პერიოდი ესტონეთის ისტორიაში.[1] ის არ იყო ერთიანი ქვეყანა და ძველი ესტონეთის ტერიტორია დაყოფილი იყო მეჩხრად დაკავშირებულ რეგიონებს შორის.[2] მას წინ უძღოდა ბრინჯაოს და ადრეული რკინის ხანები ესტონეთში, რომლის დროსაც აგრარული საზოგადოება განვითარდა,[3] ისევე, როგორც მიგრაციის პერიოდი (ახ. წ. 450-550 წწ.), ვიკინგამდელი ეპოქა (ახ. წ. 550-800 წწ.) და თავად ვიკინგების ეპოქა, რომელიც გრძელდებოდა ახ. წ. 800-1050 წლებში.[4] [1] ის ხშირად არის მიჩნეული რკინის ხანის პერიოდის ნაწილად, რომელიც დაიწყო დაახლოებით ახ. წ. 400 წელს და დასრულდა დაახლოებით ახ. წ. 1200 წელს, მალევე, რაც "ერიკის ქრონიკის" მიხედვით, ესტონელმა ვიკინგებმა 1187 წელს მიისაკუთრეს ქალაქი სიგტუნა.[2]

საზოგადოება, ეკონომიკა, დასახლება, კულტურა ტერიტორიისა, რაც დღეს არის ცნობილი ესტონეთის სახელმწიფოდ, შესწავლილია ძირითადად არქეოლოგიური წყაროებით. ეპოქა დანახულია, როგორც სწრაფი ცვლილებების პერიოდი. ესტონეთის გლეხურმა კულტურამ არსებობა დაიწყო ვიკინგების ეპოქის მიწურულს. ესტონეთში ვიკინგების ეპოქის სრულად გაცნობიერება ფრაგმენტულია და ზედაპირული, დღემდე შემორჩენილი მასალების შეზღუდული რაოდენობის გამო. ამ პერიოდის გაგების მთავარი წყარო არის ეპოქისთვის დამახასიათებელი ფერმების, ციხესიმაგრეების, სასაფლაოებისა და მიწაში გათხრების შედეგად აღმოჩენილი დიდი რაოდენობით საგნების არსებობა.[4]

ძველი ესტონეთის ლანდშაფტი მოიცავს ბორცვებზე ნაშენებ მრავალ სიმაგრეს, რომელთაგან ზოგიერთს ინტენსიურად აგებდნენ საარემააში ვიკინგების ეპოქის დროს და, ასევე, ახ. წ. მე-12 საუკუნის შემდეგ.[5] ჩრდილოეთ და დასავლეთ ესტონეთის ადგილები მიეკუთვნებოდა სკანდინავიურ კულტურას ვიკინგების ეპოქის დროს.[6] საარემაას სანაპიროზე კი არსებობდა ბევრი გვიანდელი წინაისტორიული და შუა საუკუნეების საპორტო ადგილები, მაგრამ არცერთი მათგანი არ იყო იმდენად დიდი, რომ საერთაშორისო სავაჭრო ცენტრად ყოფილიყო გამოსადეგი.[5] ესტონეთის კუნძულებზე, ასევე, შემორჩენილია ვიკინგების დროინდელი რამდენიმე საფლავი, როგორც ინდივიდუალური, ისე კოლექტიური, იარაღებითა და ძვირფასეულობით.[5] ესტონური ვიკინგების ეპოქაში აღმოჩენილი იარაღები ჩრდილოეთ ევროპასა და სკანდინავიაში ნაპოვნი იარაღების მსგავსია.[7]

წერილობითი წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარშრუტი ვარანგებიდან ბერძნებისკენ.

საქსონ გრამატიკოსი აღწერს ესტონეთის მაცხოვრებლებს და კურონელებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ბრავალას ბრძოლაში, შვედების მხარეს და დანიელების წინააღმდეგ. ამ უკანასკნელებს კი დახმარებას უწევდნენ ლივონიელები და პომერანიას ვენდები. ბალტიისპირეთის ტომების - ე.ი. ლატვიელების და ლიეტუველების მონაწილეობა ბრძოლაში - არ არის საქსონის მიერ აღწერილი.[8]

სნორი სტურლუსონი თავის ინგლინგას საგაში მოგვითხრობს, თუ როგორ ებრძოდნენ ესტონეთიდან წამოსულ მეკობრეებს შვედების მეფე ინგვარი (მე-7 საუკუნე), მისი ვაჟი ოსტენი და დიდი მეომარი, რომელიც იძულებული იყო ემორიგევა მისი სამეფოს ნაპირებზე. საგა გვიყვება შვედების მეფე ინგვარის ესტონეთში შეჭრაზე, სადაც ის დამარცხდა ურიცხვი ჯარით მოსულ ესტლანდიელ მამაკაცებთან ბრძოლაში. ბრძოლის შემდეგ, მეფე ინგვარი დაკრძალეს ესტონეთში ზღვის სანაპიროსთან ახლოს, ხოლო თავად შვედები კი სახლში დაბრუნდნენ.[9]

ჰეიმსკრინგლას საგების თანახმად, ახ. წ. 967 წელს ნორვეგიელმა დედოფალმა ასტრიდმა, თავის შვილთან, ნორვეგიის მომავალ მეფე ოლაფ ტრიგვასონთან ერთად სამშობლო მიატოვა და გაიქცა ნოვგოროდში, სადაც მისი ძმა სიგურდი იკავებდა საპატიო ადგილს პრინც ვლადიმირის სასამართლოში. მათი მოგზაურობის დროს, "ესტონელმა ვიკინგებმა" დაარბიეს გემი, დახოცეს ეკიპაჟის რამდენიმე წევრი და ტყვედ წაიყვანეს დანარჩენები. 6 წლის შემდეგ, როცა სიგურდ ეირიკსონი მიემგზავრებოდა ესტონეთში ვალდემარის სახელით გადასახადების ასაკრეფად, მან საარემაას ბაზარში შენიშნა ოლაფი და გადაიხადა გამოსასყიდი მის გასათავისუფლებლად.

ესტონელ და ისლანდიელ ვიკინგებს შორის საარემაას ბრძოლა, რომელიც მოხდა ახ. წ. 972 წელს, აღწერილია ნიალის საგაში.[10]

დაახლოებით 1008 წელს, ოლაფ II ჰარალდსონი, ნორვეგიის მომდევნო მეფე, ჩავიდა საარემააში. გაკვირვებული ადგილობრივი მაცხოვრებლები თავდაპირველად შეეცადნენ მოლაპარაკებები გაემართათ იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რაც მეფესა და მის ხალხს ჰქონდათ, მაგრამ შემდეგ, შეკრიბეს ჯარი და წინააღმდეგობა გაუწიეს მათ. მიუხედავად ამისა, ოლაფმა (რომელიც 12 ან 13 წლის იყო იმ დროს) მოიგო ბრძოლა.

დაახლოებით 1030 წელს, შვედი ვიკინგების მეთაური, სახელად ფრეიგეირი, შესაძლოა, დაიღუპა საარემაასთან გამართულ ბრძოლაში.

1219 წლის ზამთარში საარემააში შეიჭრნენ ძველი ლიეტუველები, რომლებმაც დაარბიეს და გაძარცვეს მისი მაცხოვრებლები, ნადავლის, საქონლისა და მონების წასაყვანად. ისტორიული გარითმული წყაროების მიხედვით:

"თავისი სიმამაცით მოტყუებულებმა / გაიარეს მთელი ქვეყანა [. . . ] / ყველა გზა და, ასევე, ბილიკი / სისხლით იყო დაფარული [. . . ] / მათ ასწავლეს ხალხს, როგორ უნდა დაიხოცნონ / კაცებიც და ქალებიც / თუ გაქცევა ვერ მოხერხდა."[11]

"ლივონიური ქრონიკა" აღწერს ესტონეთის მაცხოვრებლებს, რომლებიც იყენებდნენ ორი სახის გემს - პირატიკას და ლიბურნას. აქედან პირველი იყო საბრძოლო, ხოლო მეორე - უმთავრესად სავაჭრო გემი. პირატიკას შეეძლო დაახლოებით 30 კაცის გადაყვანა და ჰქონდა დრაკონის ან გველის თავის ფორმის მაღალი ფრთა და ოთხკუთხა იალქანი.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკინგების ეპოქაში, ესტონეთიდან ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო მასალა იყო რკინა. ესტონეთში რკინის ნედლი მასალა, ჭაობის რკინის ფორმით, მოიპოვება რამდენიმე ადგილას. ნავარაუდებია, რომ ესტონეთიდან რკინის ექსპორტი დაიწყო რკინის ხანის ფინალურ სტადიამდე.[4]

როგორც ვიკინგების ეპოქის დროინდელ ჩრდილოეთ ევროპის სხვა ადგილებში, ხმლები და შუბები მზადდებოდა ესტონეთშიც. პეტერსენის K ტიპის დანის პირები ყველაზე მრავლად გვხვდება ესტონეთში მე-10 საუკუნეში, ხოლო, ასევე, აღმოჩენილია პეტერსენის M ტიპის შუბის წვეტებიც.[7]

არქეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სალმეს ერთ-ერთი გათხრილი გემის ადგილი.
დირჰამის განძებიდან ესტონეთში.

ესტონეთში ვიკინგების ეპოქის დროინდელი საგანძური უმეტესად მოიცავს ვერცხლის მონეტებსა და ზოდებს. მის ახლო მეზობლებთან შედარებით და შვედეთის გოტლანდის შემდეგ, საარემააში ნაპოვნია ვიკინგების ყველაზე მეტი სიმდიდრის შემცველი საგანძური. ეს მტკიცედ მიუთითებს იმაზე, რომ ესტონეთი ვიკინგების ეპოქაში მნიშვნელოვანი სატრანზიტო ქვეყანა იყო.

ესტონეთი წარმოადგენს მე-11 და მე-12 საუკუნეებში ჩრდილოეთ ევროპის განძეულით ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ტერიტორიებს. ესტონეთში ნაპოვნი ყველაზე ადრეული მონეტების განძეული არის მე-8 საუკუნის არაბული დირჰემი. ხოლო ვიკინგების ეპოქის დროინდელი ყველაზე დიდი საგანძური ესტონეთში მდებარეობს მაიდლის და კოზეს მუნიციპალიტეტებში. კატალოგებში გამოქვეყნებული 1500 მონეტიდან, 1000 არის ანგლო-საქსური წარმოშობის.[12]

2008 და 2010 წლებში, კლინკერის მეთოდით აშენებული ორი სკანდინავიური წარმოშობის გემი აღმოაჩინეს საარემააზე მდებარე სოფელ სალმესთან ახლოს. მათ უწოდებდნენ "სალმეს გემებს" და ორივე მათგანი გამოიყენებოდა გემების დასამარხად დაახლოებით ახ. წ. 700-750 წლებში, ნორდიკულ რკინის ხანაში. ასევე, ამ გემებში შემორჩენილია ბრძოლაში დაღუპული 40-ზე მეტი მეომრის ნეშტი, ისევე, როგორც უამრავი იარაღი და სხვა არტეფაქტები.[13]

ესტონეთში ვიკინგების ეპოქის დროს, ესტონეთის ტერიტორია დაყოფილი იყო ორ განსხვავებულ კულტურულ სივრცედ - ჩრდილო-დასავლეთ ესტონეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ ესტონეთი. ჩრდილოეთი და დასავლეთი ესტონეთი (მათ შორის, ოსელი), რომელიც წარმოადგენდა მთელი ესტონეთის 2/3 ნაწილს, მჭიდროდ იყო დასახლებული და მიიჩნევა სკანდინავიური კულტურის კერად.[6]

სალმეში გემების სამარხები გაითხარა 2011-2013 წლებში და თარიღდება ახ. წ. 750 წლით. ამ სამარხებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ისინი ეკუთვნოდათ მამაკაცებს, რომლებიც, შვედურის მსგავსი ტიპის იარაღებისა და სხვა ატრეფაქტების აღმოჩენის გამო, ნავარაუდებია, რომ მგზავრობდნენ შვედეთიდან საარემააში. მაგრამ საარემააზე, კერძოდ, ვიიდუმაეს (სალმედან 20 კილომეტრში) საკულტო ადგილებში 2014 წლიდან ჩატარებული გათხრები, რომელიც თარიღდება მე-7 და მე-8 საუკუნეებით და ზემოთ ნახსენები "სალმეს გემების" ოდნავ მოგვიანო პერიოდით, უფრო მეტად ჰფენს ნათელს ამ მოსაზრებას, რასაც, ამავე დროს, ადასტურებს ადგილობრივი ტიპის, თუმცა ტიპიური სკანდინავიური მორთულობით ტანსაცმლის ქინძისთავების არსებობა. დიდი ხანია ცნობილია, რომ მე-10 საუკუნეში საარემააზე მეომრების მიერ გამოყენებული იარაღები და სხვა ატრიბუტები განურჩეველი იყო იმისა, რასაც იყენებდნენ შვედეთში, მაგრამ ვიიდუმაეს აღმოჩენები, საარემაას ახ. წ. 650 წლით დათარიღებულ ახალი ტიპის საფლავებთან ერთად (რომელიც მხოლოდ შვედეთში გვხვდება) მიუთითებს იმაზე, რომ შვედებს შესამჩნევი გავლენა ჰქონდათ საარემაას კულტურაზე უკვე ახ. წ. მე-10 საუკუნემდეც კი.[14]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვიანდელ რკინის ხანაში, ახ. წ. 1100 წელს, ძველი ესტონეთის მოსახლეობა შეადგენდა დაახლოებით 150 000-დან 180 000 ადამიანს.[15] შესაბამისად, 5-ჯერ მეტად გაიზარდა მოსახლეობა ახ. წ. 400 წლის შემდეგ, ანუ რომაული რკინის ხანის დროს, როცა ამ ადგილებში მიახლოებით 30 000 ადამიანი ცხოვრობდა.[15] შედარებისთვის, ნორვეგიის მოსახლეობა ახ. წ. 1000-1100 წლებს შორის იყო დაახლოებით 200 000 ადამიანი.[16]

ითვლებოდა, რომ ფინური ტომები მიახლოებით ახ. წ. 1000 წელს ცხოვრობდნენ ესტონეთის თითქმის ყველა მხარეში, კერძოდ, ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილებში.[17] ასევე, მინიშნებულია, რომ ნორდიკული დასახლებები არსებობდა ჰარჯუმააში მე-11 საუკუნეში.[18]

ვიკინგების ეპოქის მაცხოვრებლები დანახული არიან, როგორც თანამედროვე ესტონელების პირდაპირი შთამომავლები. არქეოლოგმა ანდრეს ტვაურიმ ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა: "მე დარწმუნებული ვარ, რომ თანამედროვე ესტონური ეროვნული იდენტობა არის მე-18 და მე-19 საუკუნეების მოვლენებისა და იდეოლოგიების პროდუქტი. ამავე დროს, ეჭვგარეშეა, რომ ხალხი, რომელიც სახლობდა ესტონეთში პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში, თანამედროვე ესტონელების პირდაპირი წინაპარია."

- ანდრეს ტვაური, (Tvauri 2012)


კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკინგების ეპოქის დროს, ესტონეთის ტერიტორია დაყოფილი იყო ორ განსხვავებულ კულტურულ სივრცედ - ჩრდილოეთი და სამხრეთი ესტონეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ესტონეთი.[6] იმ დროს, ჩანს, რომ ჩრდილოეთ და დასავლეთ ესტონეთი მიეკუთვნებოდა სკანდინავიურ კულტურულ სივრცეს. ჩრდილოეთ და დასავლეთ ესტონეთი, ზოგადად, ემთხვევა საარემაას, ლაანემაას, ჰარჯუმაას და ვირუმაას ისტორიული პროვინციების ტერიტორიებს. სკანდინავიური წერილობითი წყაროები მოგვითხრობენ, რომ ეს 4 ტერიტორია მკაფიოდ განირჩეოდა სკანდინავიელების თვალში, რომლებიც იყენებდნენ განსხვავებულ სახელებს თითოეული მათგანისთვის: ეისისლა საარემაას მაგივრად, ადალსისლა ლაანემაას მაგივრად, რეფალენდი ჰარჯუმაას ნაცვლად და ვირლენდი ვირუმაას ნაცვლად.[19] [20] საარემაას ისტორიული ტერმინი, დღევანდელისგან განსხვავებით, მოიცავდა დასავლეთ ესტონეთის ყველა და არა მხოლოდ ერთ კუნძულს.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირუს ციხესიმაგრის საჰაერო ფოტო ჩრდილოეთ ესტონეთში, 1924 წ.

ესტონეთში არის 41 ცნობილი ციხესიმაგრე, რომელთაგან 37 აშენებულია ან მათ იყენებდნენ პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში, ვიკინგებამდელ და ვიკინგების ეპოქის დროს.[21] ჩრდილოეთ-დასავლეთ ესტონეთში, ყველაზე გულდასმით შესწავლილი ციხესიმაგრე, რომელსაც იყენებდნენ ვიკინგების ეპოქის დროს, არის ირუს ციხესიმაგრე.[22] [23] ესტონეთში ვიკინგების ეპოქის დაწყების დრო ციხესიმაგრის ყველაზე აქტიური პერიოდია.[24] ციხესიმაგრეებს თავდაპირველად აშენებდნენ ხისა და ქვიშისგან, ხოლო მოგვიანებით ისინი შეცვალა დიდი ზომის ქვის ბურჯებმა.[21]

ვიკინგების ეპოქის ესტონეთში ციხესიმაგრეები უმეტესად მდებარეობდა დასახლებების ცენტრებში. ასევე, იკვეთება მკაფიო ხილული კავშირი ციხესიმაგრეების ადგილებსა და მდინარეებს შორის. ეს შეიძლება აიხსნას ფაქტით, რომ ეს მდინარეები გამოიყენებოდა, როგორც სატრანსპორტო მექანიზმები და, აგრეთვე, მდინარეების ნაპირებზე არსებული კლდეები კარგი ადგილი იყო ციხესიმაგრეების ასაშენებლად, რადგან ესტონეთის ლანდშაფტს ისედაც ძალიან სწორი ზედაპირი ჰქონდა.[25]

ვიკინგების ეპოქის ესტონეთის ტერიტორიები ციხესიმაგრეებით[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აჰისილა ჰინიალა ირუ კარლა რიოუგე ტილეორუ
კასინურმე კეავა კურისტა ლიჰულა საადჟარვე ტირვა
მიორგი იოაორგ ოტეპეა პადა სუნტაგანა უნიპიჰა
პადისი პეაცკივი ჩანთა რაკვერე ტარტუ კუუსალუ

ვიკინგების ეპოქის ღირსშესანიშნაობების სია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირუს გორაკის ციხესიმაგრე.[23]
  • კოივუკულა ააგემაგის გორაკის ციხესიმაგრე.[26]
  • მერდის გორაკის ციხესიმაგრე.[27]
  • ტრუუტას ნაჰალიინის გორაკის ციხესიმაგრე.[28] [29]
  • აკრე კივივარეს დასახლება.[30] [31]
  • კორისტა ლინნამაგი, პოლვა.[32]
  • ტბა ვალგჯარვის დასახლება, კოორკულა.[33] [34]
  • ლაჰეპერას სამარხი, აღმოსავლეთ ესტონეთი.[35]
  • კეავას გორაკის ციხესიმაგრე.[36]
  • იაგალა-ჯოა IV.[37]

გარდამავალი პერიოდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ესტონეთში ვიკინგების ეპოქის დასასრული არქეოლოგიურ წყაროებში შემდეგი მოვლენებით არის განსაზღვრული:[4]

  • ცენტრების მიტოვება ციხესიმაგრეებთან და დასახლებებთან ერთად
  • სასოფლო დასახლებების აღმოცენება
  • ახალი სამარხი ადგილების გამოჩენა
  • უფრო დიდი სასაფლაოების გაჩენა
  • ბორბლიანი ჭურჭლის გამოყენების დაწყება
  • ზამთრის ჭვავის დანერგვა კულტივირებაში

გაძლიერებულ სანაპირო დაცვასთან ერთად, ცენტრალიზებული ძალაუფლების აღმოცენებამ ამ ადგილებში ვიკინგებზეც იმოქმედა და მათ მიერ წარმოებული დარბევები უფრო რისკიანი და ნაკლებად მომგებიანი გახდა. ხოლო ქრისტიანობის სულ უფრო მზარდი გავრცელებისა და მეფეების, ისევე, როგორც კვაზი-ფეოდალური სისტემის აღმოცენებამ სკანდინავიაში, ეს დარბევები მთლიანად გააქრო. მე-11 საუკუნისთვის, როგორც ქრონიკები იუწყებიან, სკანდინავიელებს ხშირად ჰქონდათ ესტონელ ვიკინგებთან შეტაკებები, რაც, საბოლოო ჯამში, იწვევდა გერმანელების, დანიელების და შვედების მონაწილეობას ჩრდილოეთის ჯვაროსნულ ლაშქრობებში და, ასევე, სკანდინავიელების მიერ ესტონეთის დაპყრობას.

ადგილობრივმა ტომებმა, საბოლოოდ, გადაიტანეს ბაპტიზმი, სამხედრო ოკუპაცია და დროგამოშვებით მათ ანადგურებდნენ გერმანელი, დანიელი და შვედური ძალები.[38]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Mägi 2018.
  2. 2.0 2.1 Frucht 2004.
  3. Lang 2007.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Tvauri 2012.
  5. 5.0 5.1 5.2 Mägi 2015, pp. 45–46.
  6. 6.0 6.1 6.2 Tvauri 2012, p. 322.
  7. 7.0 7.1 Martens 2004, pp. 132–135.
  8. Abercromby 1898, p. 141.
  9. Sturluson 1230, 36. OF YNGVAR'S FALL.
  10. Johnson 2014.
  11. Baronas, D. (2014). "LDK istorija: Prekyba belaisviais – pajamų šaltinis [The History of GDL: Slave Trade — Source of Income]" (in Lithuanian). 15min. დაარქივებული ორიგინალიდან - March 28, 2014. ციტირების თარიღი: January 24, 2023.
  12. Leimus & Molvogin 2001.
  13. Curry 2013.
  14. Mägi & Jets 2015.
  15. 15.0 15.1 Lang 2011, p. 115.
  16. Urlanis 1941, pp. 91, 414.
  17. Leslie-Jacobsen & Hopkins 2015.
  18. Larsson 2007, p. 187.
  19. Tvauri 2012, pp. 321–322.
  20. Sturleson 1838, p. 26.
  21. 21.0 21.1 Tvauri 2012, p. 46.
  22. Mägi 2018, p. 274.
  23. 23.0 23.1 Pirita 2018.
  24. Mägi 2018, p. 275.
  25. Tvauri 2012, p. 42.
  26. Rannamäe et al. 2012, pp. 27–31.
  27. Rannamäe et al. 2012, pp. 31–33.
  28. Rannamäe et al. 2012, pp. 33–36.
  29. Tõnisson et al. 2008.
  30. Rannamäe et al. 2012, pp. 36–42.
  31. Kivirüüt & Olli 2015.
  32. Tõnisson et al. 2008, p. 314.
  33. Roio 2013.
  34. ERR 2015.
  35. Karro 2015.
  36. Tvauri 2012b.
  37. Kriiska & Sikk 2014.
  38. Christiansen 1998, p. 93.