შინაარსზე გადასვლა

ფსევდოკარსტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლასტოკარსტული ნაზოდელავოს მღვიმე
კუმისის ტბა

ფსევდოკარსტი (ბერძ. pseudos — სიცრუე და კარსტი) — დედამიწის მიწისქვეშა და ზედაპირული გეოლოგიური მოვლენები, რომელიც გარეგნულად კარსტულ მოვლენებს წააგავს, თუმცა წარმოშობის მიხედვით განსხვავდება ამ უკანასკელისაგან. ფსევდოკარსტი წარმოიქმნება ლავებში, ყინულში, მარილში, მზრალ, ნატეხსა და ფოროვან გრუნტებში.[1]

ფსევდოკარსტის განვითარებაში მთავარ როლს თამაშობს ყინულის დნობა, წყლის ნაკადის მექანიკური მოქმედება, ფხვიერი გრუნტიდან მარილების გამოტუტვა და ა.შ. ფსევდოკარსტი ქმნის რელიეფის სხვადასხვა ფორმებს: მღვიმეებს, ძაბრებს, ბუნებრივ ხიდებსა და სხვა. ფსევდოკარსტი იყოფა 3 ჯგუფად: კლასტოკარსტი, თერმოკარსტი და ლიოსის კარსტი.[2]

ფსევდოკარსტულ მოვლენებს მიეკუთვნება აგრეთვე ზოგიერთი ქანის შესაძლებლობა სწრაფად და მნიშვნელოვნად შემჭიდროვდეს დასველების დროს. ასეთი შესაძლებლობა გააჩნიათ ლიოსისებრ ქანებსა და დამარილებულ გრუნტებს. პირველი მჭიდროვდება მათი მიკროფოროვანი ნგრევის, ხოლო მეორე — მარილების გახსნის შედეგად. ამ პროცესის მორფოლოგიური შედეგია ფსევდოკარსტული ჭებისა და იშვიათად ძაბრების წარმოქმნა.[3] კლასტოკარსტი ეწოდება მიწისქვეშა წყლების ქიმიურ და ძირითადად მექანიკურ ზემოქმედებას ნატეხ დანალექ ქანებზე, თერმოკარსტი თავის მხრივ, წარმოიქმნება მზრალსა და ყინულის გრუნტებში, ხოლო ლიოსის კარსტი ლიოსებში გამომუშავებული რელიეფის ფორმებისა და პროცესების ერთობლიობაა.[2]

საქართველოში ფსევდოკარსტი ფართოდაა განვითარებული, სახელდობრ: აღმოსავლეთ საქართველოს მშრალ რაიონებში განვითარებულია თიხნარი ქანების ფსევდოკარსტული წარმონაქმნები, რომლებიც წარმოქმნილია სუფოზიის შედეგად და გარეგნულად კარსტს მოგვაგონებენ. კლასტოკარსტი კარგად არის გამოხატული დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, აფხაზეთსა და სამეგრელოში. აკადემიკოს, ალექსანდრე ჯანელიძის მიხედვით, კუმისის ტბა ფსევდოკარსტული წარმოშობისაა.[4]

აღსანიშნავია აგრეთვე სოფლებს მუხათგვერდსა და დიღომს შორის, ზღვის დონიდან 550-600 მ სიმაღლეზე მდებარე „ჭერმის კლდეები“, რომელიც ფსევდოკარსტული მოქმედებითაა შექმნილი. აქვე გვხვდება რამდენიმე ათეული ქვაბისებრი ფორმის ჩაღრმავება. ცოტა მოშორებით მშრალ ხევში მდებარეობს 3 მეტრის სიგრძის „ბუნებრივი ხიდი“.[5]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 409.
  2. 2.0 2.1 Д. А. Тимофеев, В. Н. Дублянский,. Т. З. Кикнадзе. Терминология карста, М.: Наука, 1991. — 260 с.
  3. Г. И. Рычагов. Геоморфология, 2018. — 396 с.
  4. ლევან მარუაშვილი, საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, გამ. „ცოდნა“, თბ., 1964, გვ. 66-265
  5. საქართველოს წითელი წიგნი, თბ. 1982.