დავით უკლება
დავით უკლება | |
---|---|
დაბ. თარიღი | 27 დეკემბერი 1919 |
დაბ. ადგილი | ეწერი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა |
გარდ. თარიღი | 1999 |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა |
![]() ![]() ![]() |
ეროვნება | ქართველები |
საქმიანობა | გეოგრაფია |
მუშაობის ადგილი | ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე და საქართველოს სახელმწიფო პრემია |
დავით ბახვას ძე უკლება (დ. 27 დეკემბერი, 1919, ეწერი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი — გ. 1999, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1971), პროფესორი (1976), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1984).
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დავით უკლებამ 1947 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1950 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1950 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ფიზიკური გეოგრაფიის (ლანდშაფტმცოდნეობის) განყოფილებას. დაწერა არაერთი საყურადღებო სამეცნიერო ნაშრომი კავკასიის (და მათ შორის საქართველოს) ლანდშაფტმცოდნეობის საკითხებზე.
დავით უკლება ფიზიკური გეოგრაფიის ცნობილი სპეციალისტია. მისი მოღვაწეობის ძირითად სფეროს შეადგენდა ლანდშაფტმცოდნეობა. ინტენსიურად მუშაობდა ლანდშაფტმცოდნეობის თეორიული და პრაქტიკული კვლევის საკითხებზე. ამ პრობლემას მან 200-მდე სამეცნიერო ნაშრომი მიუძღვნა, მათ შორის 6 მონოგრაფია, რომელთა დიდი ნაწილი დაბეჭდილია ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და ჩეხურ ენებზე. უკლებას მიერ გამოქვეყნებული საყურადღებო სამეცნიერო შრომები, მიეძღვნა საქართველოსა და მისი რეგიონების ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონებისა და შესწავლის საქმეს. ამ მიმართულებით მისი აღმავლობის მაჩვენებელია მის მიერ გამოქვეყნებული ორი მონოგრაფია: „აღმოსავლეთ საქართველოს ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება სოფლის მეურნეობის მიზნებისათვის“ და „აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტური და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები“ (1968 და 1974).
ამასთან ერთად მის მიერ გამოქვეყნებულია საქართველოსა (1970) და ამიერკავკასიის (1981) ლანდშაფტური რუკები. იგი იკვლევდა ასევე ბუნებრივი რესურსებისა და ბუნების დაცვის საკითხებს. აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიასთან და მრავალი სტატია მიაწოდა მას. უკლება თარგმნით სამუშაოებსაც აწარმოებდა (უცხო ენებიდან გადმოთარგმნილი აქვს არაერთი გეოგრაფიული სახელმძღვანელო).
დავით უკლებამ დიდი ამაგი დასდო სასკოლო გეოგრაფიული სწავლების საქმეს. ავტორია 1992 წელს გამოცემული საქართველოს სასწავლო გეოგრაფიული ატლასისა, რომელიც სახელმწიფო პრემიით დაჯილდოვდა.
დავით უკლება შეყვანილია ამერიკის ბიოგრაფიული ინსტიტუტის მიერ 1998 წელს გამოცემულ ცნობარში „მსოფლიოს 5 ათასი გამოჩენილი პიროვნება“.
თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გეოგრაფიის ტერმინოლოგია (რუსულ-ქართული და ქართულ-რუსული), თბ., 1967;
- Антропогенные ландшафты Грузии, Тб., 1983.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 120-121.
- ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 861, თბ., 2002 წელი.