თეოდორ მომზენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეოდორ მომზენი (1900)

თეოდორ მომზენი (გერმ.Theodor Mommsen; დ. 30 ნოემბერი, 1817, გარდინგი — გ.1 ნოემბერი, 1903, შარლოტენბურგი) — გერმანელი ისტორიკოსი, ძველი რომის ისტორიისა და რომის სამართლის სპეციალისტი.

მღვდლის შვილი ლაიფციგის (1848-იდან), ციურიხის (1852-იდან), ბრესლაუს (ვროცლავი; 1954-დან), ბერლინის (1858-1903) უნივერსიტეტების პროფესორი. 1848-1849 წლების რევოლუციის დროს გერმანიის ბურჟუაზიის მარცხენა ფლანგს მიემხრო, მოითხოვდა შლეზვიგის შეერთებას პრუსიასთან, რედაქტორობდა შლეზვინ-ჰოლშტაინის დროებითი მთავრობის ორგანოს . პრუსიის ლანდტაგის (1863-1866 და 1873-1879) და გერმანიის რაიხსტაგის (1881-1884) დეპუტატი პროგრესისტების პარტიისაგან.

მომზენის ცნობილი ნაშრომის "რომის ისტორია", რომელშიც მან დაასაბუთა და განავითარა "დემოკრატიული მონარქიის" იდეა; მომზენის აზრით, ეს იდეა საუკეთესოდ იყო განხორციელებული იულიუს კეისრის დიქტატურის სახით. რომის ისტორია გადმოცემულია ძვ.წ. 46-მდე. მე-4 ტომი არ გამოქვეყნებულა. მე-5 ტომში რომის იმპერიის ეპოქის პროვინციის ისტორიაა მიმოხილული. თხზულება დაწერილია პოპულარულ ენაზე, სხარტად, შეიცავს დიდძალ ფაქტობრივ მასალას.

მომზენი ძირითადად სამხედრო-პოლიტიკურ ისტორიას იკვლევდა, თუმცა სოციალური ისტორიის ელემენტებსაც შეეხო. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა დიდ ადამიანებს (ალექსანდრე მაკედონელი, ჰანიბალი, გაიუს გრაკქუსი, იულიუს კეისარი და სხვა). მომზენს ეკუთვნის 1500-ზე მეტი შრომა, გამოკვლეული აქვს რომის ისტორიის თითქმის ყველა საკითხი - სახელმწიფო სამართალი, ნუმიზმატიკა, ეპიგრაფიკა, ქრონოლოგია, მეტროლოგია, ლიტერატურა, ლინგვისტიკა.

მომზენის ინიციატივით და ხელმძღვანელობით დაიწყეს ლათინური წარწერების კრებულის ("Corpus Inscriptionum latinarum") გამოცემა (1863-იდან). ნობელის პრემიის ლაურეატი (1902).

ლიტერატურა[რედაქტირება]