ბერტრან რასელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბერტრან არტურ უილიამ რასელი
მშობლიური სახელი ინგლ. Bertrand Arthur William Russell
დაბადების თარიღი 18 მაისი, 1872
ტრელეკი, უელსი
გარდაცვალების თარიღი 2 თებერვალი, 1970
პენჰინდეიდრაიტი, უელსი
ეროვნება ბრიტანელი
მოქალაქეობა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
ხელმოწერა

ბერტრან არტურ უილიამ რასელი (ინგლ. Bertrand Arthur William Russell, დ. 18 მაისი, 1872, ტრელეკი, უელსი — გ. 2 თებერვალი, 1970, პენჰინდეიდრაიტი, უელსი) — ბრიტანელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი, საზოგადო მოღვაწე, პაგუოშის კონფერენციების ერთ-ერთი დამაარსებელი, ლოგიციზმის, ნეოპოზიტივიზმის და „ნეიტრალური მონიზმის“ წარმომადგენელი. 1910-1916 წლებში კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორი. 1908 წლიდან ლონდონის სამეფო საზოგადოების წევრი. მნიშვნელოვანი ევოლუციის ავტორი ფილოსოფიაში, რომელიც თვითონ განმარტა, როგორც პითაგორეიზმის პლატონისეული ინტერპრეტაციიდან იუმიზმისკენ გადასვლა. ითვლება ინგლისური ლოგიკური პოზიტივიზმისა და ნეორეალიზმის ერთ-ერთ მთავარ დამაარსებლად.

1950 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში. შვედეთის აკადემიის წევრი — ანდრეე ესტერლინგი რასელს ახასიათებდა, როგორც რაციონალიზმისა და ჰუმანიზმის ერთ-ერთ ბრწყინვალე წარმომადგენლად, რომელიც დასავლეთში უშიშრად იბრძოდა სიტყვისა და აზრის თავისუფლებისთვის. მისი პირველი წიგნი — გერმანული სოციალ-დემოკრატია დაიბეჭდა 1896 წელს. საკუთარი ლოგიკური შეხედულებები მათემატიკური სისტემების მიმართ წარმოადგინა 1903 წელს გამოცემულ წიგნში „მათემატიკის პრინციპები“.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერტრან რასელი 4 წლის ასაკში.
ბერტრანის სახლი, პემბროუკ ლოჯი.

ბერტრან რასელი დაიბადა 1872 წლის 18 მაისს რევენსკროპტში (ტრელეკი, უელსი), ბრიტანელი არისტოკრატების გავლენიან და ლიბერალურ ოჯახში.[1] მისი მშობლები — ჯონ და კატერინ რასელები იმ დროისათვის არადამახასიათებელი და რადიკალური წყვილი იყო. ლორდი ამბერლეი დათანხმდა თავის ცოლს, მისი შვილისთვის მასწავლებლად ბიოლოგ დუგლას სპელდინგის აყვანის თაობაზე. ბერტრანის მშობლები კონტრაცეპტივების მომხრეები იყვნენ, რაც იმ დროისთვის სკანდალურ ქცევად ითვლებოდა.[2] ლორდ ამბერლეი ათეისტი იყო და ეს აშკარა გახდა მაშინ, როდესაც მან ჯონ სტიუარტ მილს ბერტრანის საერო ნათლიობა სთხოვა.[3] მილი ბერტრანის დაბადებიდან ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა, თუმცა მისმა ნაშრომებმა რასელის ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინეს.

ბერტრანის პაპამ — ჯონ რასელმა, დედოფალ ვიქტორიას ორჯერ სთხოვა მთავრობის ფორმირება, რომელსაც მოგვიანებით ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრის რანგში 1840-იან და 1860-იან წლებში.[4]

მსოფლმეხდველობის საწყისებთან[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბერტრან არტურ უილიამ რასელი დაიბადა 1872 წლის 18 მაისს, უძველეს ინგლისურ არისტოკრატიულ ოჯახში. მამამისი, ვიკონტი ემბერლი, ჯონ რასელის მესამე ვაჟი იყო, რომელსაც ცხოვრების განმავლობაში ვიგების ლიდერობა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობა მოესწრო 1846–1852 და 1865–1866 წლებში.

ფილოსოფოსის წარჩინებულ წარმომავლობაში უნდა ვეძიოთ მიზეზი იმისა, რაც აგრე რიგად იყო დამახასიათებელი ინგლისელი ლორდების შთამომავლისათვის. მას სჯეროდა რომ გააჩნდა „ხმის უფლება“ და მთელი ცხოვრება იგი დარწმუნებული იყო რომ მის შეგონებებს შეისმენდნენ.

რასელთა საგვარეულო უხსოვარი დროიდან იყო ცნობილი დამახასიათებელი ლიბერალური ფასეულობებით, რაც აგრე რიგად იკვეთებოდა ინგლისური არისტოკრატიის ფონზე. რასელების გვარის წარმომადგენლებმა სახელი გაითქვეს ლიბერალური შეხედულებებისათვის ბრძოლით, კერძოდ 1683 წელს, ლორდი უილიამ რასელი სიკვდილით იქნა დასჯილი მეფის დესპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლის წარმოებისათვის, ანგლიკანი მეფისადმი რომლის შეუწყნარებელ დამოკდებულებას კათოლიკეთა მიმართ, როგორც ჩანს, ვერ ეგუებოდა ლორდი. ბერტრან რასელის პაპა, ლორდი ჯონ რასელი მონაწილეობდა 1832 წელს ჩატარებულ პარლამენტის რეფორმაში, რომლის დროსაც თითქმის ორჯერ გაიზარდა ამომრჩეველთა რიცხვი ქალაქის საშუალო და შეძლებული ფენის ბურჟუაზიის წარმომადგენლების ხარჯზე. ბერტრან რასელის ნათლია იყო ჯონ სტიუარტ მილი – „XIX საუკუნის ინგლისური ლიბერალიზმის ინტელექტუალური სინდისი“, შეიძლება ითქვას რომ სწორედ მისგან და მისი წინაპრებისაგან გადმოყვა მას ლიბერალური ფასეულობებისადმი მისწრაფებანი.

ბერტრან რასელი მშობლები ნაადრევად დაიღუპნენ. მომავალ ფილოსოფოსს და მის ძმას კი მშობლების დაღუპვის შემდგომ ბებია ზრდიდა არისტოკრატულ ატმოსფეროში, სადაც თავისუფალი აზროვნება განმარტოებით იყო გაჯერებული. ძმები განათლებას შინ იღებდნენ, ეცნობოდნენ მდიდარ ბიბლიოთეკას და წიგნების საკითხავად და მათ გასაანალიზებლად მათ ამისათვის ძალიან ბევრი დრო ჰქონდათ.

1910-1920 წლებში ბერტრან რასელი ჯონ სტიუარტ მილის შეხედულებებს იზიარებდა და მისი აქტიური მხარდამჭერი იყო. შინაურ გარემოში შექმნილმა ატმოსფერომ, სადაც ლიბერალური იდეები ნორმად იყო ქცეული ჩამოაყალიბა მომავალი ფილოსოფოსის მსოფლმხედველობა.

1899 წლის მიწურულს ბერტრანმა ტრინიტი-კოლეჯში ჩააბარა (კემბრიჯი), სადაც 1894 წლის ივნისამდე სწავლობდა. ტრინიტი-კოლეჯში სწავლის პერიოდში რასელი ეუფლებოდა მათემატიკას და ლოგიკას. სწავლის დასრულების შემდეგ იგი ბევრს მოგზაურობდა. ბერლინში იგი გაეცნო გერმანულ სოციალ-დემოკრატიულ და სოციალისტურ მოძრაობებს და შედეგად 1896 წელს დღის სინათლე იხილა მისმა ნაშრომმა „გერმანული სოციალ-დემოკრატია“.

ამ პერიოდის განმავლობაში ბერტრანი მათემატიკით, ლოგიკითა და ფილოსოფიით ძლიერი გატაცებით იყო დაკავებული. 1896 წელს მან დაწერა სადოქტორო დისერტაცია გეომეტრიაში და სულ ცოტა ხანში იგი აღიარებული მეცნიერი შეიქნა. იგი ბრიტანეთის სამეფო სამეცნიერო საზოგადოებაში მიიღეს.

1910 წელს რასელმა პოლიტიკაშიც სცადა ბედი. მან გადაწყვიტა კენჭი ეყარა, თუმცა საკუთარი ათეისტური შეხედულებების გამო, მან საზოგადოების მხარდაჭერა ვერ მიიღო. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არჩევნებში მარცხი მან 1922 და 1923 წლებშიც გაიზიარა. 1908 წელს რასელი ე.წ. ფაბიანური საზოგადოების წევრი გახდა, 1914 წელს კი ლეიბორისტულ პარტიაში შევიდა. იგი ლეიბორისტული პარტიის წევრი 1965 წლამდე დარჩა, როდესაც კარიბის კრიზისის დროს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკით უკმაყოფილო ფილოსოფოსმა არჩია დაეტოვებინა პარტიის რიგები. მიუხედავად ამისა, მისი შეხედულებების სიცოცხლის ბოლომდე ლიბერალურ პოზიციებზე რჩებოდა.

თუმცა, საერთო ჯამში, უნდა აღინიშნოს რომ 1914 წლამდე პოლიტიკა ბერტრან რასელის ცხოვრებაში ძლიერ უმნიშვნელო როლს თამაშობდა. იგი მთელი არსებით ჩაფლული იყო მეცნიერებაში, თავდაპირველად როგორც სტუდენტი, შემდგომში კი როგორც მასწავლებელი.

პირველმა მსოფლიო ომმა ბერტრან რასელის ცხოვრებაში ძლიერი ემოციური რყევა გამოიწვია. „მე იძულებული გავხდი გადამეხედა ჩემი შეხედულებებისათვის ადამიანური ბუნების შესახებ“ – წერდა შემდგომში იგი. – „უწინ მე ვთვლიდი, რომ შვილების სიყვარული მშობლის ბუნებრივი გრძნობაა, მაგრამ ომმა მე დამარწმუნა, რომ ეს გრძნობა არცთუ ხშირად გვხვდება ადამიანებში“. მით უმეტეს შეუწყნარებელი იყო მისთვის იმის ნახვა, თუ რა გულგრილობით ეკიდებოდნენ ომს კემბრიჯში. როგორც აღმოჩნდა, მათ ინტელექტუალურ უმწიკვლოებას საკუთარი საზღვრები ჰქონდა. შემდგომში ფილოსოფოსი დაწერს – „აქამდე მე მეგონა, რომ ინტელექტუალთა უმრავლესობა ჭეშმარიტების მოყვარული იყო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მათი უმრავლესობა სიმართლეზე წინ საკუთარ პოპულარობას აყენებს“.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
  1. Sidney Hook, "Lord Russell and the War Crimes Trial", Bertrand Russell: critical assessments, Vol. 1, edited by A. D. Irvine, New York 1999, p. 178
  2. Paul, Ashley. Bertrand Russell: The Man and His Ideas.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მაისი 2006. ციტირების თარიღი: 28 October 2007.
  3. Russell, Bertrand and Perkins, Ray (ed.) Yours faithfully, Bertrand Russell. Open Court Publishing, 2001, p. 4.
  4. Bloy, Marjie, PhD. Lord John Russell (1792–1878). ციტირების თარიღი: 28 October 2007.