უილიამ ბატლერ იეიტსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
უილიამ ბატლერ იეიტსი
დაბ. თარიღი 13 ივნისი, 1865
გარდ. თარიღი 28 იანვარი, 1939
საქმიანობა პოეტი
ეროვნება ირლანდიელი

უილიამ ბატლერ იეიტსი (დ. 13 ივნისი 1865 — გ. 28 იანვარი 1939) — გამოჩენილი ირლანდიელი პოეტი, დრამატურგი, XX ს. ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი. ირლანდიური და ბრიტანული ლიტერატურული ესტაბლიშმენტის ბურჯი. იეიტსმა, ლედი გრეგორისა და ედვარდ მარტინთან ერთად დააარსა ირლანდიის ნაციონალური თეატრი (Abbey Theatre). მიღებული აქვს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში (1923 წ.)

ადრეული წლები[რედაქტირება]

იეიტსი დაიბადა დუბლინში. ახალგაზრდობიდანვე გატაცებული იყო პოეზიით და ძველირლანდიური ლეგენდებით. იეიტსის ლექსთა პირველი კრებული დაიბეჭდა 1889 წ. მის ლირიულ ლექსებზე გარკვეულწილად გავლენა იქონია სპენსერის, შელის და პრე-რაფაელიტ პოეტთა შემოქმედებამ. შემდგომ წლებში იეიტსის პოეზიამ უფრო რეალისტური ელფერი შეიძინა. წლების განმავლობაში იეიტსმა სხვადასხვა იდეოლოგიური შეხედულება შეითვისა; კრიტიკოს მაიკლ მოზეს სიტყვებით ”... რადიკალურ-ნაციონალისტური, კლასიკურ-ლიბერალური, რეაქციულ-კონსერვატიული და მილენარიანულ-ნიჰილისტური”. 1913 წ. იეიტსმა გაიცნო გამოჩენილი ამერიკელი პოეტი ეზრა ფაუნდი, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ნომინალურად, მისი სეკრეტარის მოვალეობას ასრულებდა. ფაუნდმა ჟურნალ პოეზიაში საკუთარი რედაქციით გამოაქვეყნა იეიტსის ლექსები, რამაც ამ ორ გამოჩენილ პოეტს შორის გამოიწვია გარკვეული უთანხმოება.

ირლანდიის ნაციონალური თეატრი[რედაქტირება]

1899 წ. იეიტსმა, ლედი გრეგორმა, ედვარდ მარტინმა და ჯორჯ მურმა დააარსეს ნაციონალური თეატრი, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენდა კელტური და ირლანდიური პიესების დადგმა. შექმნის იდეა მომდინარეობდა ფრანგული ავანგარდული თეატრიდან; შემოქმედებითი ჯგუფის მანიფესტო კი თვით იეიტსმა დაწერა: ”ვიმედოვნებთ, რომ ირლანდიაში ჩვენ შევძლებთ ვიპოვოთ უმანკო და წარმოსახვითი ნიჭის აუდიენცია, რომელიც მზად იქნება გატაცებით უსმინოს მჭერმეტყველებას... და თავისუფალ ექსპერიმენტს, რომელიც ვერ მოიძებნება ინგლისის თეატრებში და, რომლის გარეშე, არანაირ ახალ მოძრაობას არც ხელოვნებაში და არც ლიტერატურაში წარმატება არ ექნება”. შემოქმედებითმა ჯგუფმა ფინანსური დახმარების წყალობით 1904 წ. დუბლინში შეიძინა უძრავი ქონება და 27 დეკემბერს თეატრი გაიხსნა. იეიტსი სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა ამ თეატრში და განახორციელა მრავალი დადგმა.

სტილი[რედაქტირება]

იეიტსი მიჩნეულია XX ს. ინგლისურენოვანი პოეზიის უმნიშვნელოვანეს წარმომადგენლად. მის შემოქმედებას ახასიათებს სიმბოლიზმი და ალუზიური მეტყველება. იეიტსი იმგვარად აწყობდა სიტყვებს, რომ პირველად მნიშვნელობათა მიღმა ისახებოდა უფრო ღრმა მნიშვნელობის აზრები. განსხვავებით სხვა მოდერნისტ პოეტებისგან, რომლებიც თავისუფალ რიტმს იყენებდნენ — იეიტსი ტრადიციული ფორმის ოსტატი იყო. იეიტსის შემოქმედებაზე გავლენა იქონია თეოსოფიურმა და ოკულტურმა მისტიკამ, რომელიც მის გვიანდელ პერიოდში შეიმჩნევა.

შემოქმედება[რედაქტირება]