პაბლო ნერუდა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პაბლო ნერუდა

ცნობილი ჩილელი პოეტი
დაბ. თარიღი 12 ივლისი, 1904
დაბ. ადგილი პარალი, ჩილე
გარდ. თარიღი 23 სექტემბერი, 1973
გარდ. ადგილი სანტიაგო, ჩილე
ფსევდონიმი პაბლო ნერუდა
საქმიანობა პოეტი, დიპლომატი, პოლიტიკოსი
ეროვნება ჩილელი

ხელმოწერა

რიკარდო ელისერ ნეფტალი რეიეს ბასოალტო (ესპ. Ricardo Eliécer Neftalí Reyes Basoalto ცნობილია ფსევდონიმით პაბლო ნერუდა ესპ. Pablo Neruda; დ. 12 ივლისი, 1904, პარალი, ჩილე23 სექტემბერი, 1973, სანტიაგო, ჩილე) – ჩილელი პოეტი, დიპლომატი, სენატორი და ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. მისი სახელი ეწოდა კრატერს პლანეტა მერკურზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა ცენტრალური ჩილეს პატარა ქალაქ პარალში, რკინიგზელისა და პედაგოგის ოჯახში. დედა ადრევე გარდაეცვალა ტუბერკულოზით. ლექსების წერა 10 წლის ასაკში დაიწყო. პირველი ლექსები გამოაქვეყნა 1920 წელს. 1927-1932 წლებში დიპლომატიურ სამსახურში იყო მიანმარში, შრი-ლანკაში, სინგაპურში, ინდონეზიაში. 1933 წელს კონსულად დანიშნეს არგენტინაში. 1934 წლიდან კი კონსულია ბარსელონაში.

1936 წელს დაწყებულ ესპანეთის სამოქალაქო ომში, როგორც ყველა კულტურის წარმომადგენელი, თანაუგრძნობდა რესპუბლიკელებს.

1939-1943 წლებში კონსულია მექსიკაში. 1943 წელს დაბრუნდა ჩილეში და შეუდგა აქტიურ პოლიტიკურ მოღვაწეობას. 1945 წელს აირჩიეს ჩილეს სენატის წევრად, სადაც წარმოადგენდა ჩრდილოეთის რეგიონებს ანტოფაგასტას და ტარაპაკას. ამავე წლის 15 ივლისს გახდა კომუნისტური პარტიის წევრი. ამავე წელს მიიღო ეროვნული ლიტერატურული პრემია.

1948 წლის 6 იანვარს პაბლო ნერუდამ სენატის სხდომაზე ჩილეს პრეზიდენტს გაბრიელ გონსალეს ვიდელას საჯაროდ უწოდა ამერიკის მარიონეტი, რის გამოც მას ჩამოართვეს დეპუტატის მანდატი და იძულებული იყო გადასულიყო არალეგალური ცხოვრების წესზე. 1949-1953 წლებში ემიგრაციაშია ჯერ არგენტინაში შემდეგ საფრანგეთში. 1970-1972 წწ. სალვადორ ალიენდეს მთავრობის ელჩია საფრანგეთში.

1971 წელს მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში. 1972 წელს მძიმედ ავადმყოფი პაბლო ნერუდა დაბრუნდა ჩილეში. 1973 წლის 11 სექტემბრის გადატრიალების შემდეგ, სანტიაგოში მდებარე მისი სახლი გაძარცვეს. თავად მწერალი კი გარდაიცვალა კლინიკაში გადატრიალებიდან 12 დღეში. ნერუდას დაკრძალვა გახდა პირველი მასობრივი დემონსტრაცია აუგუსტო პინოჩეტის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]