ჯონ გოლზუორთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონ გოლზუორთი
დაბ. თარიღი 14 აგვისტო, 1867
დაბ. ადგილი ლონდონი
გარდ. თარიღი 31 იანვარი, 1933
გარდ. ადგილი ლონდონი
საქმიანობა მწერალი
ეროვნება ინგლისელი

ჯონ გოლზუორთი (დ. 14 აგვისტო, 1867, ლონდონი ― გ. 31 იანვარი, 1933, იქვე) — ინგლისელი მწერალი. ნობელის პრემიის ლაურეატი (1932).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ცნობილი ლონდონელი ვექილის შვილი ჯონ გოლზუორთი დაიბადა 1867 წელს. დაამთავრა საშუალო კლასის წარმომადგენელთა შვილებისათვის განკუთვნილი პრივილეგირებული სასწავლებელი და ოქსფორდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მშობლების და პირადად მისი სურვილი იყო საფუძვლიანად შეესწავლა საზღვაო სამართალი, რის გამოც ორი თუ სამი წელი სავაჭრო გემზე მოგზაურობაში გაატარა. ასე შემოიარა ევროპა, სამხრეთი არქიპელაგი, ავსტრალია, ამერიკა და რუსეთი. ბეჭდვა 1897 წლიდან დაიწყო. გოლზუორთიმ ლიტერატურის თითქმის ყველა ჟანრში მოსინჯა თავისი კალმის ძალა. ნოველებსა და პიესებში მწერალმა მრავალი დასამახსოვრებელი სახე გამოკვეთა. იგი, როგორც ჭეშმარიტ რეალისტს შეჰფეროდა, თვალს არ არიდებდა არც სოციალურ ყოფით ამბებს. სწორედ ამ სოც-ფსიქოლოგიურ თემათა სიუხვემ განაპირობა მისი, როგორც მწერლისა და დრამატურგის წარმატება.

ჯონ გოლზუორთი იმ რჩეულ, მცირერიცხვოვან მწერალთა ჯგუფს ეკუთვნის, რომლის კალამმა მომავალ თაობებს და ისტორიის ანალებს სამუდამოდ შემოუნახა გარდასულ დროში მცხოვრებ ადამიანთა ფერუცვლელი, ამაღლებული სიყვარულის განცდის წადილი, მისკენ ლტოლვა... მწერალმა დაურიდებლად აღწერა აგრეთვე ადამიანთა სულმდაბალი, ანგარებიანი, ეგოისტური მიდრეკილებანი. გოლზუორთიმ უკვდავი ფუნჯით დაგვისურათხატა XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის გარიჟრაჟზე ბრიტანეთის კუნძულების საშუალო კლასის და მისი ზედაფენის წარმონადგენელთა პიროვნული ცხოვრების ამბები და საზოგადოებრივი ურთიერთობანი. და როგორც პირადად თვითონ უყვარდა თქმა: ქაღალდზე შემოუნახა ისტორიას ადამიანები, მათი ურთიერთობანი და განცდები ისე, როგორც ჰერმეტულად დახურულ ქილებში პამიდორს ინახავენ საკუთარ წვენში... ჩვენი ეპოქით დაინტერესებულ მითხველს შეუძლია მათი იქიდან ამოღება, ხილვა, ფერის, გემოსა და სურნელის შეგრძნება”.

აღიარება[რედაქტირება]

დიდი ყურადღება მიიქცია მწერლის პირველივე პიესამ ვერცხლის კოლოფი. ამ პიესაში გოლზუორთიმ ამხილა ბურჟუაზიულ კანონმდებელთა ფარისევლობა. პიესაში სრულიად აშკარად ჩანს, რომ ინგლისის სასამართლლოს ორი კანონი გააჩნია, ერთს, უფრო ლმობიერს შეძლებულთათვის იყენებს, მეორეს, უფრო მიკაცრსა და პირქუშს - ღარიბების წინააღმდეგ. ამ თემის გაღრმავებასა და ინგლისის სასამართლოს კიდევ უფრო ულმობელ მხილებას ეძღვნება პიესა მართლმსაჯულება. გოლზოურთი ინგლისელ მწერალთა შორის ის პიონერია, ვინც თავისი პიესის ”ბრძოლის” გმირებად მუშათა კლასის წარმომადგენლები გამოიყვანა. გოლზუორთის კალამს მრავალი პიესა ეკუთვნის. მათი რიცხვი ოცდაათამდე აღწევს. მის მეგობარსა და სახელგანთქმულ კრიტიკოსს ედვარდ გარნეთს მწერლის პიესები და ნოველები ფორსაითების საგის ტოლფასოვნად მიაჩნდა. გოლზუორთის ნოველები ერთიანად სოციალ-ფსიქოლოგიურია.

ლიტერატურა[რედაქტირება]