ადოლფ ჰიტლერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადოლფ ჰიტლერი
Adolf Hitler
ადოლფ ჰიტლერიAdolf Hitler
ფიურერი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2 აგვისტო 1934 – 30 აპრილი 1945
წინამორბედი პაულ ფონ ჰინდენბურგი (პრეზიდენტი)
მემკვიდრე კარლ დიონიცი (პრეზიდენტი)

თანამდებობაზე ყოფნის დრო
30 იანვარი 1933 – 30 აპრილი 1945
წინამორბედი კურტ ფონ შლაიხერი
მემკვიდრე იოზეფ გებელსი

დაბადებული 20 აპრილი 1889
ინის ბრაუნაუ, ავსტრია-უნგრეთი
გარდაცვლილი 30 აპრილი 1945
ბერლინი, გერმანია
მოქალაქეობა ავსტრიელი 1925-მდე, 1932-დან გერმანელი
ეროვნება ავსტრიელი
პოლიტიკური პარტია ნსდაპ
მეუღლე ევა ბრაუნი

ადოლფ ჰიტლერი (გერმ. Adolf Hitler (Schilkgruber)) [ნამდვილი გვარი შიკლგრუბერი (დ. 20 აპრილი 1889, ბრაუნაუ, ავსტრია – გ. 30 აპრილი 1945, ბერლინი, გერმანია) — გერმანელი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. 1921 წლის 29 ივლისიდან იყო „ნსდაპ“-ის პარტიული ხელმძღვანელი, 1933 წლის 31 იანვრიდან ნაციონალ-სოციალისტური გერმანიის რაიხსკანცლერი, 1934 წლის 2 აგვისტოდან გერმანიის ფიურერი (გერმ. Führer) და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.

ჰიტლერმა გერმანიაში ნაციონალ-სოციალისტური დიქტატურა დაამყარა, აკრძალა ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნა დაიწყო. ის იყო მეორე მსოფლიო ომის და ჰოლოკოსტის მთავარი ინიციატორი.

სექციების სია

ადრეული წლები

თავის წარმომავლობას ჰიტლერი პოლიტიკური კარიერის დასაწყისში საიდუმლოდ ინახავდა. „მათ (პოლიტიკურმა მოწინააღმდგეებმა) ეს არ უნდა იცოდნენ საიდან მოვდივარ მე და როგორი ოჯახის შვილი ვარ“ - ამბობდა ის. დიოლერსჰაიმი და შტრონესი, თავისი მშობლების სოფლები ავსტრიის ვალდფირტელში, მან 1938 წლის ზაფხულში ავსტრიის ანშლუსის შემდეგ დააცლევინა, მიწასთან გაასწორა და ამ ადგილზე სამხედრო პოლიგონი გაამართვინა. კროკო, კერშაუ და ჰიტლერის სხვა ბიოგრაფები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი ჰიტლერი ბურუსით მოცული და ინცესტით დამძიმებული წარმომავლობაა. თვით ჰიტლერის ვარიანტი საკუთარი წარმომავლობის შესახებ, რომელიც მან «ჩემ ბრძოლაში» გადმოგვცა ნაკლებად სარწმუნო წყაროა.

წარმომავლობა

ალოის ჰიტლერი

ადოლფ ჰიტლერი 1889 წელს ზემო ავსტრიის სასზღვრო ქალაქ ინის ბრაუნაუში დაიბადა. მამამისი ალოის ჰიტლერი საბაჟოს მოხელე იყო, დედა - კლარა (დაბ. პიოლცლი) ალოისის ბიძაშვილისშვილი, (ვერსია „ჰიდლერი“-ის მიხედვით) ან ნახევარ-დისშვილი (ვერსია „ჰიუტლერი“) იყო. ადოლფი მშობლების მეოთხე შვილი. ალოის ჰიტლერის 6 შვილიდან მხოლოდ ადოლფმა და პაულამ მიაღწიეს ზრდასრულ ასაკამდე. გარდა ამისა ალოის ჰიტლერს 2 უკანონო შვილი ჰყავდა - ალოის უმცროსი და ანგელა.

«ჩემ ბრძოლაში» ჰიტლერი მამას ახასიათებს, როგორც ტირანს, თუმცა არც ერთი სხვა წყარო იმას არ ადასტურებს, რომ ალოისი იმაზე მეტად მკაცრი მამა ყოფილიყო, ვიდრე ეს მაშინდელ დროში იყო მიღებული. ერთადერთი რამ, რაც ადოლფ ჰიტლერს მამამისში მოსწონდა, იყო ის ფაქტი, რომ 1876 წელს 40 წლის ასაკში ანა მარია შიკლგრუბერის უკანონო ვაჟმა ალოისმა გვარი შეიცვალა და ამიერიდან ჰიტლერად იწოდებოდა. ეს მოხდა ალოისის დედის და სავარაუდო მამის იოჰან გეორგ ჰიდლერის სიკვდილის შემდეგ, ნოტარიულად დამოწმებულ ახსნა-განმარტებაში იოჰან გეორგის ძმამ, ნეპომუკმა, იოაჰან გეორგ ჰიდლერი, ანა მარია შიკლგრუბერის გვიანდელი ქმარი, ალოისის მამად აღიარა, თუმაც თვით იოჰან გეორგი თავისი სიცოცხლის განმავლობაში უარყოფდა თავისი გერის, ალოის შიკლგრუბერის მამობას.

ასე რომ ადოლფ ჰიტლერმა დაზუსტებით არ იცოდა თუ ვინ იყო მისი ბაბუა. ეს ფაქტი XX საუკუნის 20-იან წლებში საკმაოდ პიკანტური თემა იყო რასისტული იდეოლოგიის პროპაგანდისტებისათვის. პოლიტიკური მოწინააღმდეგეები დაუფარავად ამბობდნენ, რომ «ნსდაპ»-ის ფიურერს ებრაელი და ჩეხი წინაპრები ჰყავდა. ეს მოსაზრება, როგორც შემდგომში დადასტურდა საფუძველს მოკლებული უნდა იყოს, თუმცა არც ამის არ არსებობა იქნა საბოლოოდ დამტკიცებული. თვითონ ჰიტლერისათვის ეს ყოველივე საკმარისი საბაბი იყო თავისი წარმომავლობა საიდუმლოდ შეენახა.

ბავშვობა

ჰიტლერი სკოლაში

ალოის ჰიტლერის სამსახურის გამო ოჯახი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს ინის ბრაუნაუდან პასაუში, ლამბახიდან ლეონდინგში და საბოლოოდ ლინცში დამკვიდრდა. საერო სკოლებში, რომლებშიც პატარა ადოლფი სწავლობდა, იგი ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე იყო. მაგრამ ლინცის რეალურ სასწავლებელში იგი სიზარმაცის გამო 1900 წელს კლასში ჩატოვეს.

მოგვიანებით, ჰიტლერი თავის ამ სიზარმაცეს მამის მიმართ პროტესტით ამართლებდა, რომელსაც სურდა ადოლფსაც სახელმწიფო მოხელის სამსახური დაეწყო. ჰიტლერს თვითონ სურდა მხატვარი გამოსულიყო. რაც შეეხება „პროტესტს“, ეს ვერსია ნაკლებად დასაჯერებელია, რადგან ჰიტლერის მამა 1903 წელს გარდაიცვალა, როცა ადოლფი ჯერ კიდევ 13 წლის იყო და მამის სიკვდილის შემდეგაც ადოლფს სკოლაში უკეთესად არ უსწავლია. 16 წლის ასაკში ჰიტლერმა სკოლა მიატოვა და ვენაში წავიდა სამხატვრო სასწავლებელში მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად.

წლები ვენასა და მიუნხენში

კლარა ჰიტლერი

1905 წლიდან ჰიტლერი ობლებისათვის განკუთვნილი პენსიითა და დედის ფინანსური დახმარებით უზრუნველად ცხოვრობდა. 1907 და 1908 წლებში იგი ორჯერ ჩაიჭრა ვენის ხელოვნების აკადამიაში მისაღები გამოცდების ჩაბარებისას და ამის შემდეგ არავითარი პროფესიული განათლების მიღებაზე არ უზრუნვია. 1907 წლის 21 დეკემბერს მკერდის კიბოს დაავადებით გარდაიცვალა ჰიტლერის დედა, კლარა.

1909 წელს, 20 წლის ასაკში ჰიტლერი ვენაში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც პირველად გაეცნო კიდეც ცნობილი რასისიტის და ანტისემიტის იორგ ლანც ფონ ლიბენფელსის ფსევდომეცნიერულ და ნეორელიგიურ ნაშრომებს. იგი მოხიბლული იყო საყოველთაო გერმანული მოძრაობის ლიდერის რაინდ გეორგ ფონ შიონერერის და ქ. ვენის ბურგომისტრის კარლ ლუეგერის პოლიტიკური მსოფლმხედველობით. ჰიტლერის მანია “არიული რასის” უპირატესობის შესახებ ამ პერიოდში უნდა ჩამოყალიბებულიყო. მიუხედავად პოლიტიკისადმი მისი დიდი ინტერესისა, ახალგაზრდა ადოლფს მეორე უფრო დიდი გატაცება ჰქონდა. მისი მაშინდელი მეგობრის აუგუსტ კუბიცეკის მიხედვით იგი ტოტალურად გატაცებული იყო რიხარდ ვაგნერის ოპერებით.

ხელოვნების აკადემიაში მისაღებ გამოცდებზე ხელმეორედ ჩაჭრის შემდეგ ჰიტლერი ფინანსური სახსრების გარეშე დარჩა და 1909 წელს იძულებული გახდა უსახლკაროთა თავშესაფარში, ხოლო 1910 წლიდან მამაკაცთა საერთო საცხოვრებელში ეცხოვრა. ამ პერიოდში იგი თავს ვენის ღირშესანიშნაობათა მცირე ზომის ნახატების გაყიდვით ირჩენდა. მისი ანტისემიტიზმი ამ პერიოდში ისეთი სახით არ უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული, როგორც თვითონ წერს “ჩემ ბრძოლაში”, ვინაიდან მას ნახატების გაყიდვაში ებრაელი მეზობელი გვარად ჰანიში ეხმარებოდა.

1913 წელს ჰიტლერმა მამის მემკვიდრეობა მიიღო და მიუნხენში გადასახლდა. მიუნხენში ცხოვრების პერიოდში იგი არქიტექტურით და რასისტი მწერლის ჰიუსტონ სტიუარტ ჩემბერლეინის ნაშრომების კითხვით იყო გატაცებული. ჰიტლერის მიუნხენში გადასვლა განპირობებული იყო აგრეთვე ერთი მიზნით - თავიდან აეცილებინა სამხედრო სამსახური ავსტრია-უნგრეთის არმიაში. მას სურდა გერმანულ-ნაციონალურ არმიაში ემსახურა და ამიტომაც 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთანავე მოხალისედ ჩაეწერა გერმანიის იმპერიის ბავარიულ არმიაში.

პირველ მსოფლიო ომში

პირველი მსოფლიო ომი ჰიტლერმა დასავლეთის ფრონტზე ბავარიის მე-16 სარეზერვო ინფანტერიის პოლკის (“ლისტის პოლკი”) შიკრიკის მოვალეობაში გაატარა. 1914 წლის 16 აგვისტოს იგი მოხალისედ ჩაეწერა არმიაში და იმავე წლის დეკემბერში მე-2 ხარისხის «რკინის ჯვრით» დააჯილდოეს. 1916 წლის ოქტომბერში ჩრ. საფრანგეთში ბრძოლისას ჰიტლერი ფეხში დაიჭრა და ლაზარეთიდან 1917 წლის მარტში დაუბრუნდა ფრონტს.. 1918 წელს იგი 1-ლი ხარისხის «რკინის ჯვრით» დააჯილდოეს.

ჰიტლერი არმიაში ერთ-ერთ დისციპლინირებულ მებრძოლად ითვლებოდა. მისი ბრმა მორჩილება ოფიცრების მიმართ უკმაყოფილებას იწვევდა თანამებრძოლებში. კონრად ჰაიდენი, ჰიტლერის თანამედროვე ბიოგრაფი წერდა: “ ჩვენ ყველანი ვლანძღავდით მას და ჩვენს რიგებში თეთრი ყვავის ყოლა აუტანლად მიგვაჩნდა.”

1918 წლის 15 ოქტომბერს, ომის დასასრულამდე რამდენიმე კვირით ადრე ჰიტლერი ქიმიური აირით თავდასხმის მსხვეპლი შეიქნა. იგი დროებით ორივე თვალით დაბრმავდა და წინა პომერანიის ქალაქ პაზევალკის ლაზარეთში გადაიყვანეს. ლაზარეთის აქტების ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ჰიტლერის სიბრმავე გერმანიის პირველ მსოფლიო ომში დამარცხების ფაქტზე მომხდარი ჰისტერიული რეაქციის შედეგიც შეიძლება ყოფილიყო. ყოველ შემთხვევაში იგი სამხედრო ფსიქიატრის მიერ იქნა გამოკვლეული და ამ უკანასკნელის დიაგნოზით, როგორც ფსიქოპატი, ლაზარეთიდან იქნა გათავისუფლებული.

ჰიტლერის სულიერი მდგომარეობის იდენტურ შეფასებას ვხვდებით ჰაიდენის ნაშრომში, სადაც ეს უკანასკნელი ციტირებას უკეთებს ჰიტლერის ასმეთაურს: “ამ ჰისტერიკს მე არასოდეს არ გავხდი უნტეროფიცერს!” ასე რომ ჰიტლერის ომში არ დაწინაურებას არაფერი საერთო არ უნდა ჰქონდეს მის ავსტრიულ წარმოშობასთან. სებასტიან ჰაფნერის სიტყვებით ბრძოლის ველზე მიღებული ცოდნა “ერთადერთი განათლება” იყო, რომელიც ჰიტლერმა ოდესმე მიიღო.

აღმავლობა

პირველი პოლიტიკური ნაბიჯები

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ჰიტლერი დარჩა არმიაში და დაბრუნდა მიუნხენში. 1919 წლის ივლისში ის დანიშნული იქნა რაიხსტაგის ჯაშუშად.

ჰიტლერი მხარს უჭერდა ანტისემიტიზმს, ნაციზმს, ანტიკაპიტალიზმს, ანტიმარქსიზმს და ცდილობდა პოლიტიკაში შეეტანა ახალი იდეა ებრაელების წინააღმდეგ. დრექსლერი აღფრთოვანებული იყო ჰიტლერის ორატორული ნიჭით და ამიტომაც გადაწყვიტა, რომ თავის პარტიაში მიეღო. ჰიტლერი შეუერთდა "დაპ–ს" 1919 წლის 12 სექტემბერს. ჰიტლერმა გაიცნო დიტრიხ ეკარტი, პარტიის ერთ–ერთ დამაარსებელი, რომელიც იქცა ჰიტლერის დამრიგებლად, ასწავლიდა მას, როგორ უნდა ჩაეცვა, როგორ უნდა ელაპარაკა, როგორ უნდა წარდგენილიყო აუდიტორიის წინაშე. პარტიის პოპულარობის მიზნით, მისმა წევრებმა გადაწყვიტეს სახელი შეეცვალათ და მას ნაციონალ–სოციალისტური გერმანული მუშათა პარტია უწოდეს. 1921 წლისთვის ჰიტლერი დიდ გავლენას ახდენდა ხალხზე. ამავე წლის თებერვალში, ჰიტლერი სიტყვით გამოვიდა დაახლოებით 6000 ადამიანის წინაშე მიუხენში. მას ჰქონდა ორატორობის გასაოცარი ნიჭი, რის შედეგადაც მალე მოიპოვა ხალხის კეთილგანწყობა. 1921 წლის 29 ივლისში, ადოლფი დანიშნეს ნაციონალურ–სოციალისტური პარტიის ფიურერად.

პუტჩი და საპყრობილე

«ნსდაპ»-ის ხელახალი დაარსება და აღმასვლა

გზა კანცლერობისაკენ

დიქტატორი

დიქტატურის დამყარება

რასობრივი და გამანადგურებელი პოლიტიკა

ჰიტლერის პოლიტიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო მისი ებრაელთა ამოჟლეტაზე მიზანმიმართული ანტისემიტიზმი და რადიკალური სოციალდარვინიზმი. თავისი პირველი საჯარო გამოსვლებიდან დაწყებული სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე იგი მუდამ თავს ესხმოდა ებრაელებს და სხვა “რასობრივად ნაკლულ” ერებს, რომელთა შორისაც ის გულისხმობდა ბოშებს, პოლონელებს და რუსებს. მისი სოციალდარვინიზმი პირველ რიგში ეხებოდა სხეულით ისე სულით ავადმყოფებს, როგორც “სიცოცხლისათვის არასაჭირო” ელემენტებს. იგი მსოფლიო ისტორიას ხედავდა, როგორც “ძლიერისა” და “სუსტის” ბრძოლას, რომელშიც “მაღალხარისხოვანი რასებს” უნდა ამოუჟლიტათ “დაბალხარისხოვნები”. 1929 წელს «ნსდაპ»-ის პარტიულ კრებაზე ნიურნბერგში მან თქვა: “თუ გერმანია წლიურად ერთ მილიონ ბავშვს შობს და 700-იდან 800 ათასამდე სუსტს თავიდან მოიშორებს საბოლოოდ შედეგად მივიღებთ ძალთა ამაღლებას.” (გერმ.: „Würde Deutschland jährlich eine Million Kinder bekommen und 700.000 bis 800.000 der Schwächsten beseitigt, dann würde am Ende das Ergebnis vielleicht sogar eine Kräftesteigerung sein.“)

ასეთი და უამრავი მსგავსი შინაარსის გამონათქვამები ადასტურებენ ჰიტლერის სწრაფვას თავისი რასისტული და სოციალდარვინისტული მსოფლმხედველობის განსახორციელებლად. იგი მისი პოლიტიკის ხერხემალი იყო და არა “გვერდითი ასპექტი”, როგორც ბევრი ამამორჩეველი 1933 წელს ფიქრობდა. მიუხედავად იმისა, რომ პირველ მსოფლიო ომში 12.000 გერმანელი ებრაელი დაიღუპა იგი წარმოუდგენელი სიძულვილით წერდა «მაინ კამპფში»: “ ომის დაწყებისას და მის განმავლობაში, რომ თორმეტი, თხუთმეტი ათასი ეს ერის წამბილწველი ებრაელი მომწმლავი აირით გაგვეგუდა, ისე როგორც ეს ასობით ათას ჩვენს საუკეთესო მუშას ბრძოლის ველზე დაემართა, მაშინ ეს ფრონტზე გაღებული მილიონობით მსხვერპლი უქმად არ ჩაივლიდა.” მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე რამდენიმე თვით ადრე მისი ბრძანებით სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დეფიციტს წარმოადგენდა ფრონტიდან მასობრივად იხსნებოდა და ებრაელთა საკონცენტრაციო ბანაკებში დეპორტირებას ხმარდებოდა. თავის პოლიტიკურ ანდერძში ჰიტლერი “რასობრივი კანონების პუნქტუალურ ასრულებას” ითხოვდა.

ებრაელთა დევნა

ეუთანაზია

1939 წლის ოქტომბერში ჰიტლერმა ხელი მოაწერა ბრძანებას ე.წ. «ტ-4 აქციის» შესახებ. ამ ბრძანებით მან ხელი შეუწყო “ეუთანაზიას” ანუ სულიერად და ფიზიკურად დაავადებული მახინჯი ადამიანების განადგურებას, რომელთა არსებობაც, მესამე რაიხის იდეოლოგიური ენით რომ ვთქვათ, “ცხოვრებისათვის არასაჭირო” იყო. «ტ-4 აქციის» რეალიზირება დაევალა “ფიურერის კანცელარიას” და მის ხელმძღვანელს ფილიპ ბოულერს. ბოულერის ბრძანებით ფსიქიატრიული დაწესებულებები, საავადმყოფოები და სამკურნალო სანატორიუმები ადამიანთა ფიზიკურად გასანადგურებელ ბანაკებად იქნა გადაკეთებულნი. მხოლოდ მაშინდელი მესამე რაიხის ტერიტორიაზე 190.000-მდე სულიერად და ფიზიკურად ინვალიდი ადამიანი იქნა მოკლული - მომწამვლელი აირით, საწამლავით, დახვრეტით და შიმშილით.

გერმანიის ორივე ეკლესიის, კათოლიკურისა და პროტესტანტულის წარმომადგენლები - მაგ.: მიუნსტერის ეპისკოპოსი, კარდინალი გრაფი კლემენს აუგუსტუს ფონ გალენი - მკაცრად აკრიტიკებდნენ და ილაშქრებდნენ ეუთანაზიის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დანაშაულებრივი ქმედებები ნაცისტებს სააშკარაოზე არ გამოჰქონდათ ისინი პრაქტიკაში მაინც ტარდებოდნენ.

შეიარაღებისა და ექსპანსიის პოლიტიკა

1938 წლის მინხენის გარიგების შემდეგ. მარცხნიდან მარჯვნივ: ჩემბერლენი, დალადიე, ჰიტლერი და მუსოლინი.

ვაიმარის რესპუბლიკის დემოკრატი პოლიტიკოსების მსგავსად ჰიტლერის უპირველესი საგარეო პოლიტიკური ამოცანა ვერსალის ხელშეკრულების გაუქმება იყო. თუმცა, განსხვავებით დემოკრატებისაგან ჰიტლერი ამ მიზნის მისაღწევად ახალ სამხედრო კონფლიქტს დასაშვებად მიიჩნევდა. ახალ ომამდე საქმე არ მისულა. ევროპის სახელმწიფოებმა გერმანიასთან ახალი სამხედრო და ეკონომიკური ხელშეკრულებები გააფორრმეს (მაგ.: ინგლის-გერმანიის საზღვაო ხელშეკრულება, გერმანია-პოლონეთის 1934 წლის თავდაუსხმელობის პაქტი და სხვ.).

თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის გაზრდა 1934 წელს, რაინის ოლქის დაკავება 1935 წელს და «რაიხსვერის» ვერსალის ზავის პირობებით გათვალისწინებულ რაოდენობაზე მეტად გაზრდა წარმოადგენდა ზავის პუნქტების უხეშ დარღვევას, თუმც ამას ევროპის ქვეყნების მხრიდან პროტესტი არ მოჰყოლია.

ჰიტლერი და მეორე მსოფლიო ომი

ადოლფ ჰიტლერი

ებრაელთა განადგურების გარდა ჰიტლერის მეორე მთავარი ამოცანა იყო გერმანიის მსოფლიო იმპერიად გადაქცევა. ამ მხრივ იგი არა მარტო პირველი მსოფლიო ომის დანაკარგების გაბათილებას, არამედ აღმოსავლეთში უზარმაზარი ტერიტორიების დაპყრობას და კოლონიალური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას ესწრაფვოდა. ჰიტლერის მიზნების განხორციელება სამხედრო კონფლიქტის გარეშე წარმოუდგენელი იყო და ამიტომაც იგი მთელი ძალისხმევით ემზადებოდა მისთვის. ნაციზმსა და ბოლშევიზმს შორის არსებული გადაულახავი ანტაგონიზმი ხელს უწყობდა კონფლიქტის გამწვავებას და რაკი ჰიტლერის აგრესია ძირითადად სსრკ-ის წინააღმდეგ იყო მიმართული ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი თავდაპირველად ფიურერში საბჭოეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ბუნებრივ მოკავშირეს ხედავდა.

გერმანიის მიერ ჩეხოსლოვაკიის დაპყრობის შემდეგ დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის წამყვანი პოლიტიკური წრეები გერმანიასთან ომის გარდაუვალობას მიხვდნენ და დაიწყეს კავშირის კაბმა სსრკ-თან. ჰიტლერმა, რომელსაც სურდა თავიდან აეცილებინა ორ ფრონტზე ომი, ყველსათვის მოულოდნელად 1939 წლის 23 აგვისტოს თავდაუსხმელობის პაქტი დადო სტალინთან. ფიურერისათვის ეს პაქტი სხვა არაფერი იყო თუ არა დროის მოგება. იგივე მიზნები ამოძრავებდა სტალინსაც, რომელიც თავის მხრივ გადამწყვეტი ომისათვის ძალების მოკრებას საჭიროებდა. პაქტის შემდეგ ჰიტლერს გზა გაეხსნა საფრანგეთის, ინგლისისა და პოლონეთის წინააღმდეგ საომრად.

ომის დაწყება

ომის მიმდინარეობა

დასასრული ბუნკერში

1945 წლის მარტში პარკინსონით დაავადებულმა ჰიტლერმა წითელი არმიის საჰაერო დაბომბვებისაგან თავი ფიურერის ბუნკერს შეაფარა. 19 მარტს მან გასცა ე..წ. "ნერონის ბრძანება", რომლის მიხედვითაც უკანდახეულ გერმანელ მებრძოლებს ომს გადარჩენილი ინფრასტრუქტურა უნდა გაენადგურებინათ. ფიურერის ამ ბრძანების შესრულებას ხელი შეიარაღების მინისტრმა ალბერტ შპეერმა შეუშალა. 1945 წლის 22 აპრილს ჰიტლერი პანიკაში ჩავარდა, როცა მისთვის ნათელი გახდა დამარცხების გარდაუვალობა. მან საკუთარი შტაბის დიდი ნაწილი გაათავისუფლა და მიუხედავად ბორმანის, კაიტელის და გიოტინგის მრავალჯერადი თხოვნისა უარა განაცხადა ბერლინის დატოვებაზე. თავის შეფ-ადიუტანტს იულიუს შაუბს ჰიტლერმა დაავალა მისი დოკუმენტების და კორენსპონდენციის რაიხსკანცელარიაში, ბუნკერში, მიუნხენში და ობერზალცბერგზე განადგურება.

მომდევნო დღეებში ჰიტლერის ინტერესის ერთადერთი თემა თვიმკვლელობისათვის საუკეთესო საშუალების ამორჩევა იყო. მისი ბრძანებით ბუნკერში მყოფ ყველა პირს კალიუმის ციანიდის ამპულა დაურიგდა. 1945 წლის 29 აპრილს ჰიტლერმა იქორწინა ევა ბრაუნზე და მომდევნო დღეს 30 აპრილს ახლადშეუღლებულებმა 14:30-ზე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს. ორივემ კალიუმის ციანიდის ამპულები დაღეჭეს, ხოლო ჰიტლერმა ამასთან ერთად საფეთქელში ტყვია დაიხალა.

ფიურერის ბრძანების მიხედვით მისი და ევა ბრაუნის გვამები მარტინ ბორმანმა, ჰიტლერის კამერდინერმა ჰაინც ლინგემ, ადიუტანტმა ოტო გიუნშემ და ფიურერის დავცის რამდენიმე პირმა რაიხსკანცელარიის ეზოში ბომბის აფეთქების შედეგად წარმოქმნილ ერთ-ერთ ორმოში მოათავსეს, ბენზინი გადაასხეს, დაწვეს და შემდგომ მიწით დაფლეს. მაისის პირველ რიცხვებში საბჭოთა სპეცჯგუფმა ჰიტლერისა და ევა ბრაუნის დანახშირებული გვამები ამოთხარეს და რენტგენის სურათების და კბილების სქემის მიხედვით ამოიცნეს. სსრკ გვამების პოვნას ათწლეულების მანძილზე პოლოტიკური მოსაზრებებით საიდუმლოდ ინახავდა. ცივი ომის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 70-იან წლების დასაწყისში ჰიტლერისა და ევა ბრაუნის გვამები, რომლებიც მაგდებურგში ერთ-ერთ საბჭოთა ყაზარმის ეზოში იყო დამარხული, კგბ-ის მაშინდელი შეფის ანდროპოვის ბრძანებით დაფერფლილ იქნა და ფერფლი მდინარე ელბაში იქნა გადაყრილი.

ჰიტლერი თანამედროვე პოლიტიკურ სპექტრში

თანამედროვე გერმანელი ავტორები ჰიტლერზე

ვიდერშტანდი

სრული ინფორმაციისთვის იხილე «ვიდერშტანდი»

ომის დაწყებისთანავე მესამე რაიხის იატაქვეშეთში სამოქალაქო, პოლიტიკური და სამხედრო საწინააღმდეგო მოძრაობა ჩამოყალიბდა, რომელსაც «ვიდერშტანდი» (გერმ.: Widerstand) ეწოდებოდა. გერმანიის კომუნისტური პარტია, მისი გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაცია «წითელი კაპელა» და გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტია ჯერ კიდევ 1933 წლიდან ცდილობდნენ «ვიდერშტანდის» ორგანიზირებას და კოორდინირებას. პოლიტიკური ორგანიიზაციების გარდა ცალკეული მოქალაქეებიც იჩენდნენ პირად ინიციატივას. მაგ.: და-ძმა შოლი, რომლებმაც მიუნხენში პლაკატებითა და პროკლამაციებით მოსახლეობას დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდეს. 1942 წლის მიწურულს ისინი გამცემის წყალობით «გესტაპომ» დააპატიმრა. და-ძმა შოლი და მათი თანამოააზრეები ორგანიზაცია «თეთრი ვარდიდან» 1943 წლის თებერვალში ე.წ. „სახალხო სასამართლომ“ საჯაროჯო-საჩვენებელ პროცესზე გაასამართლა და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ყველა მათგანი იმავე დღეს დახვრიტეს.

ტერაქტები ჰიტლერზე

დოკუმენტებით დასტურდება ჰიტლერზე ტერაქტის განხორციელების 42 მცდელობა. ის არაერთხელ გადაურჩა სიკვდილს დაუჯერებელი შემთხვევთობის წყალობით, რაშიც ის საკუთარი "ზებუნებრიობის" დასტურს ხედავდა. 1939 წელს შვეიცარიელმა მორის ბავომ სცადა ჰიტლერისათვის ესროლა, თუმცა იგი მას საკმარის მანძილზე ვერ მიუახლოვდა და ამის გამო მცდელობა მარცხით დასრულდა. იმავე წელს მიუნხენის "ბიურგერბროის" ლუდის სარდაფში გეორგ ელსერის მიერ დადებული ბომბი აფეთქდა. ჰიტლერმა დაწესებულება აფეთქებამდე 2 წუთით ადრე დატოვა.

1943 წელს ჰენინგ ფონ ტრესკომ მოახერხა ბომბის ფარულად შეტანა იმ თვითმფრინავში რომლითაც ფიურერი მიფრინავდა. ბომბი არ აფეთქდა მექანიზმის ხარვეზის გამო. ამ მცდელობიდან რამდენიმე დღის შემდეგ რუდოლფ კრისტოფ ფონ გერსდორფს ჰიტლერი უნდა აეფეთქბინა ბერლინის "ცოიგჰაუსში" მოწყობილ გამოფენაზე. მცედლობა ამჯერადაც ვერ განხორციელდა. ჰიტლერმა გამოფენა მოსვლიდან ორიოდე წუთში ვადაზე ადრე დატოვა. 1944 წლის 20 ივლისს ფიურერის შტაბბინაში "ვოლფშანცეში" გრაფ კლაუს შენკ ფონ შტაუფენბერგის მიერ დადებული ბომბი აფეთქდა, მაგრამ ჰიტლერი ამჯერადაც სრულიად შემთხვევით გადარჩა.

ჰიტლერის ოჯახი

ლიტერატურა

ნაშრომები

ბიოგრაფიები

  • Alan Bullock: Hitler. Eine Studie über Tyrannei. Düsseldorf 1953 (deutsche Erstausgabe); englische Originalausgabe: Oxford 1951 (umfangreiches Quellenmaterial, Sach- und Personenverzeichnis)
  • Joachim Fest: Hitler. Eine Biografie. Frankfurt am Main, Berlin, Wien 1973
  • Hans Bernd Gisevius: Adolf Hitler: Versuch einer Deutung. München 1963
  • Sebastian Haffner: Anmerkungen zu Hitler. Fischer Taschenbuch Verlag, Frankfurt am Main 1978, ISBN 3-596-23489-1 (kurze biografische Studie, die laut Ian Kershaw "mit ihren sieben brillanten thematischen Essays eine der beeindruckendsten Studien des NS-Diktators" bleibt)
  • Brigitte Hamann: Hitlers Wien. Lehrjahre eines Diktators. Piper, München 1996 ISBN 3-492-03598-1 (Wien 1907-1913: Die Jahre, die Hitler prägten)
  • Konrad Heiden: Hitler I Das Leben eines Diktators. Zürich 1936
  • Konrad Heiden: Hitler II Ein Mann gegen Europa. Zürich 1937
  • Ian Kershaw: Hitler 1889 - 1936. DVA, Stuttgart 1998 (Aus dem Englischen) ISBN 3-421-05131-3
  • Ian Kershaw: Hitler 1936 - 1945. DVA, Stuttgart 2000 (Aus dem Englischen) ISBN 3-421-05132-1
  • Werner Maser: Adolf Hitler Legende-Mythos-Wirklichkeit. München und Esslingen 1971
  • Rudolf Olden: Hitler. Querido, Amsterdam 1935 (Nachdruck: Fischer Taschenbuch Verlag, Frankfurt am Main 1984, mit einem Vorwort von Werner Berthold). ISBN 3-596-25185-0
  • Gudrun Pausewang: Adi: Jugend eines Diktators, Ravensburger, Ravensburg 1997 ISBN 3-473-58151-8
  • John Toland: Adolf Hitler, Biographie 1889 - 1945. Bergisch Gladbach, Lübbe 1977. ISBN 3-7857-0207-8.
  • Vinnai, Gerhard: Hitler – Scheitern und Vernichtungswut. Zur Genese des faschistischen Täters. Psychosozial-Verlag. Gießen 2004. ISBN 3-89806-341-0

სხვადასხვა

  • Carl Amery: Hitler als Vorläufer. Auschwitz - der Beginn des 21. Jahrhunderts?. Luchterhand, München 1998 ISBN 3-630-87998-5
  • E. R. Carmin: Das schwarze Reich. Geheimgesellschaften und Politik im 20. Jahrhundert. Heyne, München 1997 ISBN 3-453-12588-6
  • Henrik Eberle und Matthias Uhl: Das Buch Hitler: Geheimdossier des NKWD für Josef W. Stalin, zusammengestellt aufgrund der Verhörprotokolle des Persönlichen Adjutanten Hitlers, Otto Günsche, und des Kammerdieners Heinz Linge, Moskau 1948/49, Gustav Lübbe Verlag, Bergisch Gladbach 2005
  • Giorgio Fabre: Il contratto. Mussolini editore di Hitler. Dedalo, Bari 2004. 236 S., € 15.–. ISBN . Zur Rezension bei NZZ (7.9.05; Mussolini kaufte die italien. Rechte an «Mein Kampf» und ließ das Buch bei Bompiani publizieren).
  • Philipp W. Fabry: Mutmaßungen über Hitler. Urteile von Zeitgenossen. Düsseldorf 1969
  • Joachim Fest: Staatsstreich. Der lange Weg zum 20. Juli. Siedler, Berlin 1994 ISBN 3-88680-539-5
  • Robert Gellately: Backing Hitler. Oxford und New York 2001 ISBN 0-19-820560-0
  • Nicholas Goodrick-Clarke: Die okkulten Wurzeln des Nationalsozialismus. 2. Aufl. Stocker, Graz und Stuttgart 2004 ISBN 3-7020-0795-4
  • Christian Graf von Krockow: Hitler und seine Deutschen. List, München 2001 ISBN 3-471-79415-8
  • Hans-Günter Richardi: Hitler und seine Hintermänner - Neue Fakten zur Frühgeschichte der NSDAP. Süddeutscher Verlag, München 1991 ISBN 3-7991-6508-8
  • Michael Rißmann: Hitlers Gott: Vorsehungsglaube und Sendungsbewußtsein des deutschen Diktators, Pendo, Zürich/München 2001 ISBN 3-85842-421-8
  • Gerd Schultze-Rhonhof: 1939 - Der Krieg, der viele Väter hatte. 2.Aufl. Olzog, München 2003 ISBN 3-7892-8117-4
  • Henry A. Turner: Hitlers Weg zur Macht. Der Januar 1933. Berlin 1999
  • სიკინჭალაშვილი რ., ქსე, ტ. 11, გვ. 673, თბ., 1987

იხილეთ აგრეთვე