ჩან კაიში

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩან კაი–ში

ჩან კაიში იგივე ძიან ძეში (ჩინ. 蔣介石; (დ. 31 ოქტომბერი, 1887, ფენხუა, ჯეძიანის პროვინცია — გ. 5 აპრილი, 1975) – ჩინეთის რესპუბლიკის დამაარსებლის სუნ იატსენის ერთ-ერთი უერთგულესი თანამებრძოლი, გომინდანის თავმჯდომარე 1925 წლიდან, ჩინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 1927-1949 და 1950-1975 წლებში, ჩინეთის რევოლუციური არმიის მთავარსარდალი 1925 წლიდან, გენერალისიმუსი 1928 წლიდან.

ადრეული წლები[რედაქტირება]

ჩან კაი-ში დაიბადა ჯეძიანში, ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ და განვითარებულ პროვინციაში. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი შეძლებულთა რიცხვს მიეკუთვნებოდა, ისინი ცხოვრობდნენ სახლში, რომელიც იმავდროულად მაღაზიასაც წარმოადგენდა. მისი მამა – რომელიც დინჯი, მკაცრი და ხელმომჭირნე პიროვნება იყო, მარილის გაყიდვით არჩენდა ოჯახს. ექვსი წლის ასაკში ჩანი კერძო სკოლაში მიაბარეს.

ჩან კაი-ში გაიზარდა ეპოქაში, როდესაც ქვეყანა გამაჩანაგებელ თავდასხმებს განიცდიდა და მარცხისგან დაუძლურებულ ქვეყანაში სამხედრო პროფესია არაპრესტიჟულად ითვლებოდა. 1905 წლს ჩანმა მოულოდნელად განაცხადა, რომ სამხედრო პროფესიის მიღება სურს. მას ღრმად სწამდა ჩინელი ხალხის მომავლის და აღშფოთებული იყო ცინის დინასტიის უსუსურობითა და უმოქმედობით. სამაგიეროდ ის აღფრთოვანებული იყო იაპონიით, რომელმაც მანამდე უძლეველი რუსეთის იმპერია დაამარცხა 1905 წელს. იაპონელებმა დაამტკიცეს, რომ შესაძლებელია ეომო და დაამარცხო ევროპული სახელმწიფოები, რამაც დიდი გავლენა იქონია აღმოსავლეთის ქვეყნების ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძებაზე.

1906 წელს,ნაწნავის დემონსტრაციულად მოჭრის შემდეგ (ნაწნავი ხელისუფლებისადმი მორჩილებას ნიშნავდა), ჩანი პირველად ჩადის იაპონიაში, რათა იაპონურ სამხედრო სასწავლებელში ესწავლა. თუმცა აღმოჩნდა, რომ მას ამისათვის ოფიციალური მიმართვა სჭირდებოდა სამშობლოდან. ის ჩინეთში დაბრუნდა და ბაოდინის სამხედრო სასწავლებელში ჩააბარა, სადაც სწავლება იაპონური სისტემით მიმდინარეობდა. ის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული არმიის ოფიცერთა მომზადების მოკლევადიან კურსებზე ჩაეწერა. წლის ბოლოსათვის წარმატებით გაიარა იაპონური ენის გამოცდა მათთვის, ვისაც იაპონიაში უნდოდა სწავლის გაგრძელება. 1908-1909 წლებში ის იაპონიის ქვეითთა სასწავლებელში სწავლობს. ამავდროულად გაწევრიანდა ჩინეთის რევოლუციურ ორგანიზაცია ”ტუნმენსოიში”, რომელიც იაპონიაში დაარსდა სუნ იატსენის მიერ. მიუხედავად იმისა, რომ ჩინელ კურსანტებს აკრძალული ჰქონდათ პოლიტიკური საქმიანობა, ჩან კაი ში გაერთიანების წევრი ხდება და ერთგულების ფიცს დებს.

სინხაის რევოლუცია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სინხაის რევოლუცია.

1906-1911 წლებში ”ტუმენჰოის” ხელმძღვანელობით ჩინეთის სხვადასხვა პროვინციებში ეწყობოდა ლოკალური ხასიათის ანტიმანჯურიული შეიარაღებული გამოსვლები. 1911 წლის ძლევამოსილმა უჩანის აჯანყებამ დასაბამი მისცა „სინხაის რევოლუციას“. რევოლუცია დაიწყო ჯარისკაცთა აჯანყებით 1911 წლის 10 ოქტომბერს ქ. უჩანში, ძველი ჩინური კალენდრის მიხედვით ”სინჰაის” წელს. რევოლუცია, რომლის მამოძრავებელი ძალები იყო ეროვნული ბურჟუაზია, გლეხობა, მუშები, ლიბერალი მემამულეები, სწრაფად გავრცელდა ჩინეთის უმეტეს რაიონებში. ნოემბრის ბოლოსათვის სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ჩინეთის პროვინციები და მნიშვნელოვანი ქალაქები რევოლუციას მიემხრნენ და მანჯურიის დინასტიის ხელისუფლება ვეღარ ფლობდა მართვის სადავეებს. აჯანყებულ რაიონებს სათავეში ჩაუდგნენ ლიბერალური ბურჟუაზია და მემამულეთა წარმომადგენლობები. ”სინჰაის რევოლუციამ” ფაქტობრივად დაამხო მანჯურთა დინასტა და ჩინეთი რესპუბლიკად გამოაცხადა.

ლონგ იანი და ჩან კაი–ში

1911 წლის 29 დეკემბრის აჯანყებული პროვინციების კრებამ ნანკინში რესპუბლიკის დროებით პრეზიდენტად სუნ იატსენი აირჩია, ნანკინში შეკრებილი 17 პროვინციიდან 16-მა დელეგაციამ ხმა მისცა სუნ იატსენს. 1912 წლის 1 იანვარს შედგა ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია. ეს დღე ითვლება ჩინეთის რესპუბლიკის დაარსების დღედ. იწყება დაუცხრომელი მუშაობა რესპუბლიკის პოლიტიკური და ეკონომიკური მოწყობისათვის, სუნის მონაწილეობით შემუშავდა პირველი კონსტიტუცია, 1912 წლის 12 თებერვალს იმპერატორი გადადგა ტახტიდან, მალე “ტუმენჰოი” ღებულობს ახალ პროგრამას – გათვალისწინებულია საყოველთაო განათლება, ქალებისა და მამააცების პოლიტიკურ უფლებათა გათანაბრება და სხვა.

მაგრამ დიდმა ქვეყნებმა არ სცნეს ნანკინის მთავრობა. რეაქციის ზეწოლით რევოლუციის ბანაკის შეთანხმებულმა ნაწილმა იუან ში-კაი მოითხოვა პრეზიდენტად, რომელიც მნიშვნელოვან სამხედრო ძალას განაგებდა. ეროვნული ერთიანობის მიღწევისა და სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად 1912 წლის 1 აპრილს სუნ იატსენმა თავიდან მოიხსნა პრეზიდენტის უფლებამოვალეობა იუან ში-კაის სასარგებლოდ. დროებით პრეზიდენტად არჩეულ იქნა იუან ში კაი.

სუნ იატსენი აგრძელებს რევოლუციურ საქმიანობას და “ტუნმეჰოის” ნაცვლად რამდენიმე ლიბერალ-ბურჟუაზიული ორგანიზაციის გაერთიანებით შექმნა” გომინდანი” – ეროვნული პარტია, რომლის მეშვეობითაც განაგრძობს ბრძოლას ჩინეთში დემოკრატიული წყობილების დასამყარებლად. მიზანი – პრეზიდენტ იუან ში-კაის ხელისუფლების შეზღუდვა და ჩინეთის რესპუბლიკის განმტკიცება. ში-კაის დიქტატურამ აკრძალა გომინდანი და 1913 წლის 4 ნოემბერს სუნ იატსენი კვლავ ემიგრაციაში წავიდა იაპონიაში.

იუნ ში-კაიმ ქვეყანაში სამხედრო დიქტატურა დაამყარა და ცინების პოლიტიკას აგრძელებდა. 1913 წელს მან ჩაახშო რევოლუციური გამოსვლები, 1915 წელს კი თავი იმპერატორად გამოაცხადა. ყოველივე ამან ქვეყანაში მეტად გაამწვავა ანტომონარქიული განწყობა, აჯანყებამ მოიცვა მთელი ქვეყანა. აჯანყებებში მონაწილეობდა ჩან კაი-ში, რა დროსაც დიდი სახელი მოიპოვა.

1916 წლის 6 ივნისს იუან ში კაი მოულოდნელად გარდაიცვალა. ვარაუდობენ რომ მან თავი მოიწამლა.

ჩან კაი–ში

ში-კაის სიკვდილის შემდეგ ქვეყანა ფაქტობრივად გაიყვეს მილიტარისტულმა ჯგუფებმა, დუძიუნებმა – გენერლებმა და პროვინციის ყოფიმა გუბერნატორებმა, რომელთაც საკუთარი ჯარი ჰყავდათ და გავლენის სფეროების გასაფართოვებლად ერთმანეთს ებრძოდნენ. იქმნებოდა ახალ-ახალი ბლოკები, გუშინდელი მოკავშირეები დღეს ერთმანეთს მტრობდნენ, პროვინციებში აწესებდნენ საკუთარ გადასახადებს და კანონებს, ჩინეთში ანარქიამ დაისადგურა.

გამონაკლისი იყო სამხრეთი-პროვინცია გუანდუნი, სადაც წარმოიქმნა ახალი რევოლუციური კერა, ხელისუფლების ორგანოებით. გუანდუნის დედაქალაქში – გუანჯოუში (კანტონში) სუნ იატსენის მთავრობა და გომინდანი მოქმედებდა. აქ 1917 წელს, პროვინციის დროებითმა ანსამბლეამ სუნი აირჩია სამხედრო მთავრობის ხელმძღვანელად, 1921 წლიდან პრეზიდენტის უფლებამოსილებით. სუნ იატსენი და გომინდანი ესწრაფვიან ჩინეთის გაერთიანებას, ფეოდალური შუღლისა და შინააშლილობების მოსპობას, ქვეყნის დამოუკიდებლობას, ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილების დამკვიდრებას.

გომინდანის და ეროვნულ -განმანთავისუფლებელი რევოლუციური ბაზის განმტკიცებამ გამოიწვია რეაქციული ძალების ახალი შეტევა, რომელთაც სუნ იატსენის მთავრობის დამხობა განიზრახეს. ინგლისელი კოლონიზატორების მიერ მოსყიდულმა სუნის უახლოესმა გენერალმა ჩენ ძიუნ-მინმა უღალატა მას და 1922 წლის 16 ივნისს ამბოხი დაიწყო. ერთგული სამხედროების თავგანწირული მოქმედებით სუნ იატსენი სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ იძულებული გახდა დაეტოვებინა გუანჯოუ და სამხედრო კრეისერით მდინარე ვამპუსათვის შეეფარებინა თავი. მასთან ერთდ იმყოფებოდა ჩან კაი-ში, რომელიც ადრე აფრთხილებდა სუნ იატსენს, რომ ძიუნ-მინი სანდო არ იყო. შეტაკებები დაახლოებით ორი თვე გრძელდებოდა, 6 აგვისტოს კი ცნობილი გახდა, რომ სუნის ერთგული ჯარები დამარცხდნენ. სუნ იატსენი მხოლოდ ჩან კაი-შის იმედად დარჩა.სუნმა საფრანგეთის კონცესიის ტერიტორიას შეაფარა თავი, ხოლო ჩან კაი-ში მიემგზავრება ფუძიანის პროვინციაში და ხელახლა აგროვებს ჯარებს გუანჯოუზე შესატევად. მიუხედავად დამარცხებისა, სუნ იატსენის ავტორიტეტი კვლავაც უზარმაზარი იყო, ჩანი ახერხებს სერიოზული ძალის ორგანიზებას და რევოლუციის ერთგული სხვა სამხედროების ენერგიული მოქმედებით 1923 წლის იანვარში განდევნეს ამბოხებულები. 1923 წლის 21 თებერვალს გამარჯვებული სუნ იატსენი კვლავ გუანჯოუში ბრუნდება. ჩან კაი-ში გომინდანის ჯარების შტაბის უფროსად ინიშნება.

1924 წლის ივნისში, ისევ ინგლისის აშკარა წაქეზებით, ახლა უკვე ვაჭრების კმაყოფაზე მყოფმა რაზმებმა მოაწყვეს ახალი ამბოხება, მაგრამ რევოლუციურმა ძალებმა, სუნ იატსენისა და ჩან კაი-შის ხელმძღვანელობით კვლავ ჩაახშეს ამბოხება.

განუწყვეტელი ამბოხებები, სამხედროების უნდისციპლინობა, ვაჭრებსა და მოხელეების უმართავი და პროვოკაციული მოქმედებანი ცხადად ადასტურებდა, რომ რევოლუციის გამარჯვაბისთვის საჭირო იყო დისციპლინირებული, საომრად მზადმყოფი არმია, მაგრამ ძველი გენერლების ნდობა მეტად სათუო იყო 1922 წლის მოვლენების შემდეგ. ამიტომაც სუნ იატსენმა დახმარებისათვის რუსეთს მიმართა. 1923 წლის 16 აგვისტოს გომინდანის დელეგაცია ჩან კაი-შის ხელმძღვანელობით მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ისინი კარგად მიიღეს. მოსკოვში დელეგაციას სამი თვის განმავლობაში უზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას პოლიტიკურ და სამხედრო-რევოლუციური ბრძოლის მეთოდებში, კონსულტაციებს ატარებდნენ ბოლშევიკური რუსეთის ცნობილი მოღვაწეები.

ამავე დროს გუანჯოუში ჩამოდის რუსეთის სამხედრო მრჩევლები, რომლებიც რევოლუციური ჯარის ორგანიზებაში ღებულობენ მონაწილეობას, იქმნება არმიის პოლიტიკური ორგანოები და ინიშნება კომისრები, რომელბმაც უნდა უზრუნველყონ ჯარის რევოლუციური შემართება და მაღალი საბრძოლო მზადყოფნა. გუანჯოუსთან ახლოს რუსეთის სახსრებით იქმნება სამხედრო რევოლუციური სკოლა, რომლის უფროსად ინიშნება ჩან კაი-ში.

1925 წელს სუნ იატსენი გარდაიცვალა, რამაც გომინდანის ხელმძღვანელობაში პოლიტიკური სიტუაცია უაღრესად დაძაბა. ამ პირობებში ჩან კაი-შიმ პოლიტიკური წინდახედულობა გამოიჩინა და არ მონაწილეობდა გომინდანის ლიდერებს შორის გამართულ პოლიტიკურ ბრძოლაში, მისი საქმე ბრძოლისუნარიანი, რევოლუციური ჯარის შექმნა იყო, რომელიც შემდეგ ჩინეთის რესპუბლიკის გამაერთიანებელი ძალა უნდა გამხდარიყო. 1925 წლის მაისში მას გომინდანის ჯარების მთავარსარდლად ნიშნავენ, თუმცა პოლიტიკური ძალაუფლება მის ხელში ჯერ არ იყო.

ჩრდილოეთის ლაშქრობა[რედაქტირება]

1925 წლის 1 ივლისს შეიქმნა ჩინეთის რესპუბლიკის ეროვნული მთავრობა, რომლის მეთაურადაც ირჩევენ ”ტუმენჰოის” ერთ- ერთ თანადამფუძნებელს – ვან ძინ ვეის, რომელიც გომინდანის საუკეთესო პუბლიცისტი იყო და დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

1926 წელს კი გომინდანის პარტიის მეორე ყრილობაზე ჩან კაი-ში არჩეულ იქნა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრად, უშუალოდ კომიტეტის პლენარულ სხდომაზე კი კომიტეტის მუდმივ წევრად. ამრიგად, 1926 წლისათვის, გომინდანში ორი ლიდერი გამოიკვეთა – სამხედრო ჩან კაი-ში, და სამოქალაქო - ვან ძინ-ვეი.

1926 წლის 18 მარტს მილიტარისტებმა დახვრიტეს დემონსტრაცია პეკინში, არეულობაა გუანჯოუშიც. წაროიქმნა მემარცხენე- კომუნისტური გადატრიალების საშიშროება, გომინდანის ნახევარზე მეტი კომუნისტური გავლენის ქვეშაა. საეჭვო გადაადგილებას იწყებს სამხედრო კრეისერი, რომელსაც კომუნისტი მეთაურობს. 20 მარტს ჩან კაი-შის ერთგული ჯარები განაიარღებენ კომუნისტებს. მემარცხენე პოზიციებზე მდგარი ვან ძინ-ვეი თანამდებობას ტოვებს და საფრანგეთში მიემგზავრება. ივნისისათვის ჩან კაი-შის ხელში თავი იყრის პარტიული, სახელმწიფო და სახედრო ძალაუფლება. ივლისში ავადმყოფობის გამო თანამდებობას ტოვებს მუდმივი კომიტეტის თავმჯდომარე ჟუან ცზიანც–ზიანი და ამ პოსტსაც ჩან კაი-ში იკავებს.

9 ივლისს ჩან კაი-ში ხდება ნაციონალური რევოლუციური არმიის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი და დაუყოვნებლივ იწყებს ”ჩრდილოეთის ლაშქრობას”. სულ რაღაც ნახევარ წელიწადში მან მიაღწია სიტუაციის სტაბილიზაციას ჩრდილო -აღმოსავლეთ ჩინეთში. მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯარისკაცთა რიცხვი მხოლოდ 100 000 იყო და დიდად ჩამოუვარდებოდა მოწინააღმდეგეთა საერთო რიცხოვნეობას(800 000) , მისმა კარგად გაწვრთნილმა ჯარმა შეძლო მიწინააღმდეგეზე უპირატესობის მოპოვება. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მსვლელობის დროს მოსკოვი რევოლუციურ ძალებს შეიარაღებით ამარაგებდა, ახმარდა ასევე ავიაციასაც. არმია ძლევამოსლად მიიწევდა ჩრდილოეთისაკენ და ხელისუფლებას ართმევდა დუძიუნებს. 1927 წლის მარტში გომინდანის რაზმები ტრიუმფით შევიდნენ შანხაისა და ნანკინში. ფაქტობრივად მთელმა ჩინეთმა, მანჯურიის გარდა, ცნო გომინდანის მთავრობა.

1927 წელსვე გამწვავდა ურთიერთობა რევოლუციური ძალების ორ განშტოებას – კომუნისტებსა და გომინდანს შორის. იანძიზე გადასვლის შემდეგ ფაქტურად ორხელისუფლებიანობა დამყარდა. უხანში კომუნისტები დაბანაკდნენ, ნანჩანში – გომინდანი, სადაც შეიქმნა ახალი ეროვნული მთავრობა. თუმცა ორხელისუფლებიანობა დიდხანს არ გაგრძელებულა – პოლიტიკური ინტრიგების შედეგად ჩანი იძულებული გახდა დაეტოვებინა ყველა თანამდებობა, გარდა ეროვნულ-რევოლუციური ჯარების მთავარსარდლობისა.

ჩან კაი-ში გამოწვევას ღებულობს და იწყებს ბრძოლას კომუნისტების წინააღმდეგ დევიზით – ”სახლში წესრიგის მოყვანის კამპანია”. ამასთან არ წყვეტს ურთიერთობებს მოსკოვთან, თუმცა მავე დროს დაიწყო მოკავშირეების ძებნა დასავლეთში.

ომი იაპონიათან[რედაქტირება]

1928 წლის ივლისში გომინდანის მთავრობა ოფიციალურად ცნეს აშშ-მ და სხვა სახელმწიფოებმა. ქვეყანა გაერთიანებული იყო, ნომინალურად მაინც და გომინდანის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა გამოაცხადა რევოლუციის სამხედრო ეტაპის დამთავრებისა და სუნ იატსენის მიერ გამოცხადებული პოლიტიკური მეურვეობის 6 წლიანი პერიოდის შესახებ, რითაც გათვალისწინებულია პარტიის სახელმწიფოზე პრევალირება. კომუნისტები მწვავედ აკრიტიკებდნენ და ადანაშაულებდნენ გომინდანს იმპერიალიზმთან კაპიტულაციაში, რევოლუციური პარტიიდან რეაქციულ პარტიად გადაქცევაში, მიაჩნდათ რომ ამით ” გაყიდულია სუნ იატსენის საქმე”. მიუხედავად ამისა, იაპონიის აგრესიამდე, 10 წლის განმავლობაში გომინდანმა ბევრი რამის გაკეთება შეძლო: დაიწო კაპიტალისტურ სახელმწიფოებთან ჩინეთის იმპერიის მიერ ადრე დადებული უსამართლო ხელშეკრულებების ლიკვიდაცია, აღდგა ქვეყნის საბაჟო დამოუკიდებლობა, შეიქმნა სახელმწიფო საბანკო სისტემა, ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს დარგებში გაიზარდა წარმოება, გაფართოვდა და მოდერნიზებულ იქნა კომუნიკაციის სიტემა, შეიქმნა სამოქალაქო ავიაცია, შეომღებულ იქნა ახალი, უფრო პროგრესული შრომითი კანონმდებლობა სუნ იატსენის კონცეფციის თანახმად. ქვეყნის შემგდომ განვითარებას ხელი შეუშალა იაპონიის იმპერიალისტურმა პოლიტიკამ.

1937 წლის ივლისში იაპონიამ გააძლიერა აგრესია და ჩინეთის დაპყრობა დაიწყო, რამაც ერთმანეთთან დროებით კვლავ დააკავშირა კომუნისტური და გომინდანის ძალები. 1937 წლის 7 ივლისს ჩან კაი ში დათანხმდა ერთიანი ანტიმპერიალისტური ეროვნული ფრონტის შექმნაზე გომინდანსა და ჩინეთის კომუნისტური პარტიას შორის შეთანხმების ბაზაზე, მაგრამ ერთიანი ფრონტის შექმნა მაინც ვერ მოხერხდა, გომინდანსა და კომუნისტებს შორის არ იყო ნდობის ატმოსფერო, კარგად ჩანდა, რომ მათ შორის მომავალი ომი გარდაუვალი იქნებოდა.

1937-45 წლებში ჩინეთი ეწეოდა მძიმე თავდაცვით საომარ მოქმედებებს, იაპონიის აგრესია ნაწილობრივ შეჩერებულ იქნა, თუმცა იაპონელებმა მაინც მოახერხეს დაეკავებინათ ჩინეთის ვრცელი ტერიტორიები. 1937 წელს მთავრობა ნანკინიდან უხანში გადავიდა, 1938 წელს კი უხანიდან ჩუნცინში. ამ პერიოდში იწყება ამერიკის პოლიტიკის დათბობა ჩინეთის მიმართ. 1943 წელს ჩინელთა ამერიკაში შესვლის აკრძალვა გაუქმდა. ჩინეთს ამერიკაში ძლიერი მეგობრები გაუჩნდნენ, დიდი იყო სურვილი უფრო ეფექტიანი მოქმედებებისა ანტიიაპონურ ომში, თუმცა იმდროინდელი მსოფლიო პოლიტიკური ვითარების გამო მოკავშირეთა დახმარება ჩინეთის ფრონტზე მეტად გართულებული იყო. 1944 წელს უკვე ჩუნცინის დაკავების საფრთხეც შეიქმნა და მთავრობა დედაქალაქის აღმოსავლეთში,მთიან, მიუვალ პროვინციაში გადატანას ვარაუდობდა. ჩანი მოუწოდებს ახალგაზრდობას წინააღმდეგობის გაწევისაკენ. 90 000 ახალგაზრდა შევიდა ახლად ჩამოყალიბებულ ახალგაზდრულ არმიაში, შეიქმნა 8 დივიზია, მაგრამ ომში ჩაბმა ვერ მოასწრეს – 1945 წელს ამერიკელებმა ატომური ბომბი ჩამოაგდეს ჰიროსიმასა და ნაგასაკში, რასაც მანჯურიაში საბჭოთა ჯარების შეტევა დაემატა. იაპონიამ კაპიტულაციას მოაწერა ხელი. დასრულდა 8 წლიანი ომი. ჩინეთს დაუბრუნდა ყველა ოკუპირებული ტერიტორია, მათ შორის კუნძული ტაივანი.

სამოქალაქო ომი[რედაქტირება]

იაპონისთან ომის დამთავრების შემდეგ, გაჩაღდა უმწვავესი ბრძოლა კომუნისტებსა და გომინდანს შორის იაპონიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დასაკავებლად. ერთდროულად ჩან კაი-შიმ და ჩკპ(ჩინეთის კომუნისტური პარტია)-ის ძალების სარდალმა გასცეს ბრძანება ტერიტორიების დაკავების შესახებ. უმთავრესი იყო მანჯურიის დაკავება, რომელსაც თავისი მრავალრიცხოვანი მოსახლეობით, ბუნებრივი სიმდიდრით, დიდი სამხედრო და სამრეწველო პოტენციალით, გადამწყვეტი სატრატეგიული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ახლა აქ საბჭოთა ჯარები იდგა და საბჭოთა ადმინისტრაცია მოქმედებდა, რომელმაც ხელისუფლეა ჩკპ-ს ჩააბარა. სტალინის მოსაზრება არ იყო მხოლოდ იდეოლოგიური, ის ვარაუდობდა, რომ თუ მანჯურია გომინდანის ხელში აღმოჩნდებოდა, მაშინ ადრე თუ გვიან აქ მოვიდოდა აშშ თავისი ღია კარის პოლიტიკით და უფრო სუსტი საბჭოთა ეკონომიკა ამ რეგიონიდან განიდევნებოდა. საშიში იყო ასევე აშშ-ს სახედრო ბაზების განლაგებაც. ამიტომაც საბჭოთა ადმინისტრაციამ არ დაუშვა პორტ-არტურისა და დალნიშის სამთავრობო ჯარები, ჩაუკეტა მათ რკინიგზა, არ შეაქმნევინა გომინდანს ადგილობრივი მისახლეობისგან პოლიციური და სამხედრო ნაწილები. მანჯურია შეუფერხებლად დაიკავეს ჩკპ-ს ნაწილებმა. ძიან ძინ-გოს დიპლომატიურმა მისიამ სტალინთან ვერაფერი გააწყო, მიუხდავად იმისა, რომ ჩან კაი ში სტალინს სთავაზობდა თანამშრომლობის და კეთილმეზობლური ურთიერთობების საუკეთესო პირობებს.

1946 წლის 10 იანვარს გომინდანი და ჩკპ შეთანხმდნენ შეეწყვიტათ საომარი მოქმედებები, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ, სამოქალაქო ომი ახალი ძალით გაჩაღდა. 1946 წლის ივნისში ჩანმა დაიწყო საერთო შეტევა კომუნისტების წინააღმდეგ, ამავე დროს 1946 წლის დეკემბერში ეროვნულმა კრებამ მიიღო ახალი კონსტიტუცია, რომლითაც გარანტირებული იყო მთელი რიგი დემოკრატიული თავისუფლებანი.

1947 წლის ზაფხულში მანჯურიაში ჩამოყალიბებულმა ჩკპ-ს არმიამ სტრატეგიული შეტევა დაიწყო გომინდანის წინააღმდეგ, მაგრამ გომინდანი მაინც აგრძელებს სახელმწიფოს მშენებლობას. 1948 წელს შეიქმნა ხელისუფლების ორგანოები სუნ ისტსენის გეგმის მიხედვით – საკანონმდებლო, აღმასრულებელი, საკონტროლო და საგამოცდო ორგანოები, გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია კომუნისტური აჯანყების ჩასახშობად, შემოღებულ იქნა დროებითი წესები მობილიზაციის პერიოდისთვის, რომლითაც შეჩერდა კონსტიტუციით გარანტირებული თავისუფლებანი და პრეზიდენტ ჩან კაი-შის მიენიჭა განსაკუთრებული, ფაქტობრივად დიქტატორული უფლებამოსილებანი,

მაგრამ ხელისუფლების გაძლიერება ვეღარ ხორციელდებოდა. ქვეყანა მოიცვა კორუფციამ, ფინანსურ სისტემას ანადგურებდა ინფლაცია, რომელმაც უზარმაზარ მაშტაბებს მიაღწია, ქალაქებში უკვე ვაჭრობდნენ დოლარებზე და ოქროზე, სოფელში ნატურით, გაჩნდა ძველებური ვერცხლის მონეტებიც. 1948 წელს მთავრობამ გამოაცხადა ფულადი რეფორმა, ბრუნვაში შედიოდა ე.წ. ”ოქროს იუანები”, მთავრობა სთავაზობდა მოსახლეობას გამოეცვალა ძველი ფული ახლით და ამასთან ავალდებულებდა მიეყიდნა სახელმწიფოსათვის საკუთარი ოქრო, ვერცხლი, მონეტები და უცხოური ვალუტა, ამავდროულად იყინებოდა საცალო ფასები. ამ რეფორმით მთავრობა ცდილობდა აელაგმა სპეკულაცია, განემტკიცებინა მოსახლეობის ნდობა ხელისუფლებისადმი. რეფორმას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. ოპერაცია დაიწყეს შანხაიდან, უმსხვილესი საფინანსო ცენტრიდან, შემდეგ განზრახული იყო მისი მთელ ქვეყანაზე გავრცელება. რეფორმის ჩატარება დაევალა ძაინ ძენ-გოს, რომელიც წარმატებაში დარწმუნებული იყო, განიხილავდა ამ პოლიტიკას როგორც სოციალურ რევოლუციას და დაიწყო ”ვეფხვებთან ბრძოლა”. ძაინ ძინ -გო მოქმედებდა რევოლუციური მეთოდებით. აგვისტოს ბოლოს დაიწყო ტოტალური ჩხრეკა ბაზრებზე, საწყობებში, სადგურებში, კანონის დამრღევები უმკაცრესად ისჯებოდნენ ჯარიმებით, ქონების კონფისკაციით, დაპატიმრებით. განსაკუთრებით სასტიკად ისჯებოდნენ სპეკულიანტები. ერთ თევში ცენტრალურმა ბანკმა მიიღო 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ოქრო, ვერცხლი და უცხოური ვალუტა. უბრალო ხალხი სიხარულით ეკიდებოდა რეფორმას, მაგრამ იგრძნობოდა ადმინისტრაციის და ჩინოვნიკების ყრუ წინააღმდეგობა, ისმოდა აგრეთვე სკეპტიკოსების ხმებიც, რომელბიც ეკონიმიკის მბრძანებლობითი მართვის წარუმატებლობას ჭვრეტდნენ, მითუმეტეს, რომ რეფორმის პირველ ნაბიჯებს არ მიჰყვა სხვა შედეგები: წარმოების გამოცოცხლება, კაპიტალის მოზიდვა, ექსპორტის ხელშეწყობა. საომარ მდგომარეობაში მყოფ მთავრობას არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა, აკრძალვებმა კი დააჩქარეს დამანგრეველი პროცესები, რომლითაც პირველ რიგში სწორედ უბრალო ხალხი დაზარალდა. ბაზარი ჩაკვდა, წარმოება შემცირდა, სავაჭრო მაფიამ დაიწყო ყველაფრის შესყიდვა და ქმნიდა ხელოვნურ დეფიციტს, რაც უკვე ფართო მასების უკმაყოფილებას იწვევდა, ბაზრებიდან ყველაფერი ქრებოდა: ბრინჯი, კვერცხი, თევზი, ქსოვილები. ბრინჯს უკვე კუბოშიც მალავდნენ, რომლებიც ჩინური ტრადიციით წინასწარ აქვთ ხოლმე მომზადებული და ბინის საპატიო ადგილას ასვენია. მიუხედავად უსასტიკესი ზომებისა, რეფორმატორებმა შავი ბაზარი ვერ გაანადგურეს, დაპატიმრებები საქმეს არ შველოდა, სპეკულიანტები ქრთამავდნენ პოლიციას, ”ოქროს იუანმაც” დაკარგა ნდობა, მოსახლეობის მდგომარეობა უარესდებოდა. მთავრობამ ვეღარ გაუძლო შექმნილ კატასტროფულ მდგომარეობას და ნოემბრის დასაწყისში გააუქმა ბრძანებულება ფიქსირებული ფასების შესახებ. სულ სამი თვე დასჭირდა იმის დამტკიცებას, რომ ბრძანებებით, მით უმეტეს სამოქალაქო ომის დროს, შეუძლებელია ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება.

1948 წლის მოერე ნახევარში კომუნისტური არმია ტოტალურ შეტევაზე გადავიდა, სტრატეგიული ინიციატივა უკვე მას ეკუთვნოდა და 1949 წლის შემოდგომისათვის დაიკავა ჩინეთის უდიდესი ნაწილი.

1949 წლის 12 იანვარს ჩან კაი-ში გადადგა პრეზიდენტობიდან, მაგრამ შეინარჩუნა გომინდანის ბელადის ”ძუნცაის” თანამდებობა და იბრძვის ბოლომდე. უარს უცხადებს გენერლებს ჯარების ბირმის საზღვრისკენ დახევაზე, რათა კომუნისტების შეტევის შემთხვევაში გადავიდეს ბირმის ტერიტორიაზე. მალე, მთავრობისგან საიდუმლოდ, მაგრამ ბანკირებთან შეთანხმებით გადაიტანს შანხაის ცენტრალური ბანკის მთელ ოქროს ტაივანზე. შემდეგ ეწვევა ფილიპნებისა და კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტებს ”აღმოსავლეთ აზიის ანტიკომუნისტური ბლოკის” შექმნის და ალაინსში აშშ-ს მოწვევის იმედით, მაგრამ უშედეგოდ. აშშ უკევ დიდი ხანია აღარ ეხმრება ჩან კაი-შის, რადგან თვლის, რომ გომინდანის ჩინეთის აღსასრული შორს აღარ არის.

1949 წლის 1 ოქტომბერს პეკინში საზეიმოდ გამოაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნა, 10 დეკემბერს კი ჩან კაი-ში, ძაინ ძინ-გოსთან ერთად სამუდამოდ ტოვებს მატერიკულ ჩინეთს და ტაივანზე გადადის, სადაც ოჯახის წევრები ადრევე იყვნენ ევაკუირებულნი. მათ თან წაიყვანეს ერთგული ჯარები, გომინდანის პარტიის წევრები და მათი ოჯახები, სულ დაახლოებით 1,6 მილიონი ადამიანი.

მრავალი სუბიექტური და ობიექტური მიზეზის გამო გომინდანი მატერიკზე დამარცხდა. ამ მიზეზებს შორისაა კომუნისტების უკეთესი ორგანიზებულობა და მკაცრი დისციპლინა, ბოლშევიკების რევოლუციური გამოცდილების გამოყენებით უკეთესი პროპაგანდისტული მუშაობა მოსახლეობასთან, განსაკუთრებით გლეხობასთან. მეორე მხრივ, რესპუბლიკის მთავრობის სახელმწიფო აპარატი ფაქტობრივად მთლიანად კორუმპირებული იყო, გომინდანი ვეღარ ახერხებდა საზოგადოების ეფექტიან მართვას, მოწყდა გლეხობას, არ იყო სერიოზული კავშირი ინტელიგენციასა და ახალგაზრდობასთან, მუხედავად ძიან ძინ-გოს აქტიური საქმიანობისა ახალგაზრდობის სახალხო კავშირში. ვერ განხორციელდა პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური რეფორმები ქვეყნის დემოკრატიული განვითარების რელსებზე დასაყენებლად, რაშიც თვითონ გომინდანის შეცდომებთან ერთად უდიდესი როლი იაპონიის აგრესიამ ითამაშა. თუმცა უმთავრესი მიანც საბჭოთა კავშირის დახმარება იყო, რომლის გარეშეც, როგორც მაო ძე-დუნი აღნიშნავდა, ჩკპ ვერ მოიპოვებდა სამხედრო გამარჯვებას.

ტაივანი[რედაქტირება]

ტაივანზე ჩან კაი-შიმ გააგრძელა თავისი მმართველობა, მოახერხა მთლიანად გაეკონტროლებინა კუნძული. ტაივანზე ჯერ კიდევ 1947 წელს არჩეულ იქნა ადგილობრივი ეროვნული კრება, ხოლო 1948 წელს საკანონმდებლო საბჭო, რომლის უფლებამოსილება შემდეგ განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდა. ჩან კაი-შიმ 1950 წლის 1 მარტს კვლავ აიღო პრეზიდენტის უფლებამოსილება, მაგრამ ტაივანზე გამაგრებული გომინდანის და ჩინეთის რესპუბლიკის მდგომარეობა არასახარბიელო იყო. დემორალიზებული არმია, ცუდი შეიარაღება, ფაქტობრივად არ არსებული ადმინისტარცია და ამავე დროს ჩკპ-ს გაცხოველებული მზადება ტაივანზე შეტების განსახორციელებლად. მატერიკზე უკვე მომზადებული იყო 30 ავიაბაზა, 400-მდე თვითმფრინავი, სადესანტო ხომალდების უზარმაზარი ფლოტი, მაღალი იყო გამარჯვებული კომუნისტური კარის საბრძოლო სულისკვეთებაც. კვლავინდებურად სერიოზული იყო სსრკ-ს სამხედრო დახმარება. გულდასმით მზადდებოდა ტაივანის რეჟიმის ძირგამომთხრელი მუშაობაც, კომუნისტებმა რამდენიმე გომინდანელი გენერალიც გაიყოლიეს ასაჯანყებლად.

აშშ-ს ადმინისტრაციაც ცდილობდა შორს ყოფილიყო ჩან კაი-შისგან, ტაივანის მთავრობის აღსასრული თითქოს გარდაუვალი იყო, მაგრამ ჩან კაი-ში არ ყრის ფარ-ხმალს და დაუშრეტელი ენერგიით ამზადებს კუნძულს თავდასხმის მოსაგერიებლად. კუნძულზე შემოღებულია საგანგებო მდგომარეობა, გომინდანის გარდა აკრძალულია ყველა სხვა პარტიის საქმიანობა, შეჩერებულია კონტიტუციის მოქმედება, გაუქმებულია გაფიცვებისა და შეკრებების უფლება. ძაინ ძინ-გო დანიშნულია თვდაცის სამინისტროს პოლიტიკური სამმართველოს უფროსად და ატარებს მეტად სერიოზულ სააგიტაციო მუშაობას ჯარსა და მოსახლეობაში, მათი სულისკვეთების ასამაღლებლად,რაშიც დიდ წარმატებას აღწევს. ხალხი რწმუნდება, რომ ტაივანი გადარჩება, თუ ყველანი ერთი იდეით შეკავშირდებიან.

1950 წლის 25 ივნისს ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებულმა ძალებმა გადალახეს 38-ე პარალელი და დაიწყეს შეტევა სამხრეთ კორეის წინააღმდეგ. კომუნისტური რევოლუციის ექსპორტი გაგრძელდა, მაგრამ ამჯერად უშედეგოდ. 1950-1953 წლების განმავლობაში გრძელდებოდა კორეის ომი, რომელშიც სამხრეთელების მხარეს იბრძოდნენ სანახევროდ ამერიკელებით დაკომპლექტებული გაეროს ჯარები, ხოლო ჩრდილოეთის მხარეს ჩინელი ”მოხალისეები” და გადაცმული საბჭოთა ჯარისკაცები. სისლისმღვრელი ომი დასრულდა 1953 წლის 27 ივლისის ზავით, რომელმაც კვლავ დააფიქსირა ორი კორეული სახელმწიფოს არსებობა. კორეის ომმა შეცვალა აგრეთვე აშშ-ს დამოკიდებულება ტაივანის მაიმართ. ”გამოირკვა”, რომ აშშ-ს ომის შემდგომი პოლიტიკა შორეულ აღმოსავლეთში არასწორი იყო. ამერიკელ სენატორთა ჯგუფმა გაავრცელა განცხადება ”ჩინეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის პოლიტიკა უნდა გახდეს აშშ-ს მტკიცე და თანმიმდევრული პოლიტიკა. პრეზიდენტი ჩან კაი-ში იყო და არის აზიის გამოჩენილი ანტიკომუნისტური ლიდერი. ჩვენი მტერი აზიაში და მთელ მსოფლიოში იდენტიფიცირებული უნდა იქნას რუსულ კომუნიზმთან. ჩან კაი-შიმ დაკარგა ჩინეთი მხოლოდ იმიტომ, რომ მან ვერ მიიღო საკმარისი მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერა ამერიკისგან და არა სახვა რაიმე მიზეზის გამო”.

კორეის ომის დაწყებიდან მეორე დღესვე პრეზიდენტმა ტრუმენმა გასცა ბრძანება მეშვიდე ფლოტის ტაივანის სრუტეში გაგზავნისა და ტაივანის გარეშე აგრესიისგან დაცვის შესახებ. 1954 წლის 2 დეკემბერს აშშ-ს მთავრობამ დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები დაამყარა გამინდანის ხელისუფლებასთან და დადო მასთან ე, წ. ურთიერთუშიშროების ხელშეკრულება, რომლის თანახმად აიღო ვალდებულება დაიცვას ტაივანი და სხვა კუნძულები, რომლებზეც ჩრ-ის იურისდიქცია ვრცელება.

ჩან კაი-შიც საშუალება მიეცა შედარებით მშვიდობიან პირობებში გაეგრძელებინა ჩინეთის რესპუბლიკის აღმშენებლობა. სახელმწიფო მმართველობის ერთპარტიული სისტემით მიღწეულ იქნა ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა, შემდგომში კარგად გამოიყენა ამერიკის დახმარება, უშუალოდ ქვეყნის ეკონომიკური საჭიროებისათვის, ჩაატარა აგრარული რეფორმა, დაიწყო სუნ იატსენის სამი სახალხო პრინციპის განხორციელება და ტაივანში მალე მოხერხდა ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების მოწესრიგება. შემდგომში ჩან კაი-შიმ აგრეთვე დიდი ყურადღება დაუთმო საექსპორტო წარმოებას, საგარეო ვაჭრობას და ეკონომიკის აქტივიზაციას, რამაც საშუალება მისცა ტაივანს მკვეთრად აემაღლებინა წარმოების ტემპები. რეფორმებისა და აშშ-ს მფარველობის წყალობით გომინდანმა ტაივანზე მოახერხა გადარჩენა, გამაგრება და მეტად მძიმე პირობებში დაეწყო ის გარდაქმნები, რომლებიც დიდი ხანია ჩაფიქრებული იყო. 1954 წლის ხელშეკრულებით ტაივანზე განლაგდა ამერიკული სამხედრო ძალები, შემდეგ სენატმა უფლება მისცა აშშ-ს პრეზიდენტს თავისი შეხედულებისამებრ გამოეყენებინა შეიარაღებული ძალები ტაივანის სახედრო თავდასხმისაგან დასაცავად. თავის მხრივ ტაივანიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აშშ-სათვის, როგორც ერთგვარი ”ჩაუძირავი ავიამზიდი”, სწორედ ტაივანიდან ხორციელდებოდა მატერიკული ჩინეთის საჰაერო დაზვერვა, მათ შორის ტაივანელი მფრინავების მეშვეობით და სადაზვერვო ინფორმაციებსაც ტაივანელი სპეციელისტები შიფრავდნენ, რადგან მათ გარეშე სხვადასხვა ჩინურ დიალექტებზე მიმდნარე საუბრების სწორად გაგება შეუძლებელი იყო.

ჩან კაი-შიმ კუნძულზე შემოიღო საყოველთაო სამხედრო ბეგარა და შექმნა სერიოზული შეიარაღებული ძალები.

ტაივანმა აშშ-დან მიიღო აგრეთვე მნიშვნელოვანი ეკონომიკური დახმარება, ინვესტიციები და თანამედროვე ტექნოლოგიები. ეკონომიკური დახმარება გრძელდებოდა 1950-1965 წლების განმავლობაში, ძირითადად სესხებისა და კრედიტების სახით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესაძენად, 1965 წლიდან კი ტაივანი უკვე ძირითადად თავისი ძალებით ვითარდებოდა.

რეფორმები სწრაფი ტემპით გახორციელდა, რაშიც ჩან კაი-შის ხელს უწყობდა მის გარშემო შეკრებილი ნიჭიერი ადმინისტრატორების მთელი პლეადა, მათ შორის აღსანიშნავია გენერალი ჩენ- ჩენი, რომელსაც ”აგრარული რეფორმის მამასაც” უწოდებდნენ. გუბერნატორი უ გოჯენი, რომელმაც საფინანსო სისტემა მაოწესრიგა. ჩან კაი-შის მარჯვენა ხელი იყო ძაინ ძინ გო, რომელსაც სახელმწიფოს მართვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებები ებარა.

ბოლო წლები[რედაქტირება]

1972 წლის თებერვალში ჩან კაი-ში მეხუთედ გადაირჩიეს ჩინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად, ვიცე პრეზიდენტად და აღმასრულებელი იუანის თავმჯდომარედ კი ჩანის ერთგული იან ძია-განი, რომელმაც ერთ თვეში აღმასრულებელი იუანის თავმჯდომარეობიდან გადადგომა ითხოვა და თავის მაგიერ ძიან ძინ-გოს მისცა რეკომენდაცია. საკანონმდებლო იუანის სხდომაზე 400 კაცი გამოცხადდა(მაშინ როდესაც ჩვეულებრივ 200-მდე წევრი თუ იკრიბებოდა), ძაინ ძინ გომ 381 ხმა მიიღო. ჩან კაი ში უკვე ნომინალურად არის სახელმწიფოს მეთაური.

ჩან კაი-ში, ”კაცი, რომელმაც დაკარგა ჩინეთი”, გარდაიცვალა 1975 წლის 5 აპრილს, 88 წლის ასაკში. იგი სიცოცხლის ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ მხოლოდ არახელსაყრელმა გარეშე პირობებმა და კომუნისტების აგრესიამ შეუშალა ხელი დიდი ჩინეთის აღირძინებას.

ლიტერატურა[რედაქტირება]