ჰერმან გერინგი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰერმან გერინგი

ჰერმან ვილჰელმ გერინგი (გერმ. Hermann Wilhelm Göring) (დ. 12 იანვარი, 1893, როზენჰაიმი, გერმანია — გ. 15 ოქტომბერი, 1946, ნიურნბერგი, გერმანია) — გერმანელი პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, პირველი მსოფლიო ომის გმირი, რაიხსმარშალი, პრუსიის პრემიერ- და შინაგან საქმეთა მინისტრი, ნაცისტური გერმანიის საჰაერო მიმოსვლის (Luftfahrt) მინისტრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1932 წლამდე[რედაქტირება]

გერინგი, 1907 წელს

გერინგი დაიბადა ბავარიაში, ჰაინრიხ ერნსტ და ფრანცისკა გერინგების ოჯახში. მამამისი იურისტი და 1885–1888 წ.წ. გერმანული სამხრ.-დას. აფრიკის (ახლანდ. ნამიბია) პირველი რაიხსკომისარი იყო. მამის გავლენით პატარა ჰერმანი კარლსრუეს კადეტთა სასწავლებელში იქნა შეყვანილი, რომელიც 1914 წელს დაამთავრა.

პირველი მსოფლიო ომის დასაწყისითანავე გერინგი მოქმედ არმიაში ჩაეწერა და ბრძოლებში გამოჩენილი ტაქტიკური ტალანტის და მამაცობისთვის ინფანტერიის ლეიტენანტის წოდება მიენიჭა. 1915 წელს რევმატიზმების გამო იგი ლაზარეთში მოხვდა, რომელიც მალე უნებართვოდ დატოვა და განაცხადი საჰაერო ძალებში (Luftwaffe) შეიტანა. 1916 წელს მან პილოტის განათლება მიიღო.

1916 წლის 14 მარტს გერინგმა მტრის პირველი ბომბდამშენი ჩამოაგდო. ამის შემდეგ მან სახელი გაითქვა, როგორც მამაცმა პილოტმა და მეთაურობდა Luftwaffe-ეს „26-ე ესკადრონს“. 1918 წლის ივლისში მას კაპიტნის წოდება მიენიჭა და ლეგენდარული „წითელი ბარონის“ მოულოდნელი დაღუპვის შემდეგ იგი დაინიშნა „Nr. 1 ესკადრონის“, ე.წ. „რიხტჰოფენის ესკადრონის“ მეთაურად. ამ თანამდებობაზე გერინგი დარჩა ომის ბოლომდე და ჯამში 22 საჰაერო გამარჟვება მოიპოვა.

უკვე მე-19 საჰაერო გამარჯვების შემდეგ გერინგი დაჯილდოებულ იქნა „Pour le Mérite“-ით — პრუსიის უმაღლესი ორდენით. ეს მოვლენა გამონაკლისი იყო, ვინაიდან ამ ორდენით პილოტები, როგორც წესი, 20 საჰაერო გამარჯვების მოპოვების შემდეგ ჯილდოვდებოდნენ.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერინგი მუშაობდა შოუ-მფრინავად დანიაში და 1920 წლიდან მფრინავად შვედურ ავიაკომპანიაში „Svenska Luftrafik“. შვედეთში გაიცნო მან თავისი მომავალი პირველი მეუღლე ბარონესა კარინ ფონ კანცოვი (გერმ. Carin Freiin von Kantzow), რომელზეც მიუნხენში იქორწინა 1922 წლის თებერვალში. კარინი გარდაიცვალა ტუბერკულოზით 1931 წელს.

მისმა გმირულმა წარსულმა და კონტაქტებმა არისტოკრატიასთან ხელი შეუწყო გერინგის პოლიტიკური კარიერის სწრაფ აღმასვლას. 1922 წელს იგი ნაცისტური პარიის წევრი გახდა და იმავე წლის დეკემბერში ჰიტლერის ბრძანებით დაინიშნა „SA“-ს შეფად. 1923 წლის 9 ნოემბერს გერინგმა მონაწილეობა მიიღო ჰიტლერის მიერ მოწყობილ პუტჩის მცდელობაში (მიუნხენის პუტჩი), რომლის მარცხის შემგდომ იგი 4 წლით საზღვარგარეთ გაიქცა, სანამ 1927 წლის საყოველთაო ამინიისტიამ გერმანიაში დაბრუნების უფლება არ მისცა. თავდაპირველად მან იტალიას შეაფარა თავი, სადაც გაიცნო ბენიტო მუსოლინი და შემდგომ შვედეთიში გადავიდა. აქ გერინგი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. 1925 წლის სექტემბერში იგი დისპანსერის დახურულ განყოფილებაში გადაიყვანეს, რადგან ამ დროისათვის გერინგი უკვე მორფიუმზე ძლიერ დამოკიდებული იყო.

1927 წელს იგი დაბრუნდა გერმანიაში და ხელახლა შევიდა „NSDAP“-სა და „SA“-ში. 1928 წელს იგი რაიხსტაგის დეპუტატად აირჩიეს პარტიული ხაზით და ჰიტლერმა „SA“-ს ობერგრუპენფიურერის წოდება მიანიჭა.

რაიხსტაგის პრეზიდენტი[რედაქტირება]

1932 წლის 31 ივლისის საყოველთაო არჩევნებში „NSDAP“-მ დიდ წარმატებას მიაღწია და როგორც სიდიდით მესამე პარტია შევიდა რაიხსტაგში. ახალი რაიხსტაგის პირველსავე სხდომაზე „ცენტრისტული“ და „ბავარიის სახალხო პარტიის“ ხმების დახმარებით გერინგი რაიხსტაგის თავმჯდომარედ (გერმ. Reichstagspräsident) იქნა არჩეული. ეს თანამდებობა მას საშუალებას აძლევდა ყოველდღიურ პირდაპირ კავშირში ყოფილიყო რაიხსპრეზიდენტ ჰინდენბურგთან. მომდევნო სხდომაზე, 1932 წლის 12 სექტემბერს, პარტიული მაქინაციებით გიორნგმა ხელი შეუშალა რაიხსკანცლერ ფრანც ფონ პაპენს დაეთხოვა რაიხსტაგი. იმავე სხდომაზე გერინგმა დააყენა მთავრობის უნდობლობის საკითხი და ხმათა უმრავლესობით მიაღწია იმდენს რომ პაპენის მთავრობა გადადგა. თანამდებობის ბოროტად გამოყენებით მომდევნო თვეებში გერინგმა მაქსიმალურად შეუწყო ხელი ვაიმარის რესპუბლიკის დაშლას.

მესამე რაიხის ხანაში[რედაქტირება]

1933 წლის 30 იანვარს ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გერინგი „უპორტფელო მინისტრი“ გახდა. ჰიტლრმა მის დაქვემდებარებაში გადაიყვანა „პრუსიის შინაგან საქმეთა რაიხსკომისარიატი“, რაც იმას ნიშნავდა, რომ გერინგი მთელი გერმანიის პოლიციის შეფი გახდა. ამ თანამდებობაზე მისი პირველი ნაბიჯები იყო პოლიციის რიგების „SA“-ს, „სს“-ის და „შტალჰელმის“ წევრებით შევსება და „გესტაპოს“ დაარსება, რომელიც შეფად გერინგმა თავისი ნათესავი რუდოლფ დიელსი დანიშნა. იმავე წლის 10 აპრილს გერინგი დაინიშნა პრუსიის პრემიერ-მინისტრად (გერმ. Ministerpräsident). მაისში იგი გახდა „საჰაერო მიმოსვლის“ მინისტრი და „რაიხის მეტყევეთა და მონადირეთა უფროსი“ (გერმ. Reichsforst- und Reichsjägermeister). 1930 წლის აგვისტოში ჰინდენბურგმა მას გენერლის წოდება მიანიჭა.

რაიხსმარშლის ალამი

1934 წელს გერინგი დაკავებული იყო პოლიტიკური მტრების განადგურებით. ამ საქმეში მისი თანამზრახველები იყვნენ ჰაინრიხ ჰიმლერი და რაინჰარდ ჰაიდრიხი. 1935 წელს გერინგმა ჩაიბარა ხელახლა დაარსებული „Luftwaffe“-ეს მთავარსარდლობა და იმავე წლის 10 აპრილს მეორედ იქორწინა. ამჯერად მსახიობ ემი ზონემანზე (გერმ. Emmy Sonnemann), რომელთანაც შეეძინა ქალიშვილი ედა. 1936 წელს „Luftwaffe“-ემ პირველი საბრძოლო ნათლობა მიიღო ესპანეთის სამოქალაქო ომში. გერინგის ბრძანებით „ლეგიონი კონდორი“ დიქტატორ ფრანსისკო ფრანკოს მხარეზე იბრძოდა. 1936 წლის 18 ოქტომბერს გერინგი დაინიშნა „ოთხწლიანი გეგმის“ ხელმძღვანელად და დაევალა გერმანიის მსხვილ ინდუსტრიის მაგნატებთან მჭიდრო თანამშრომლობით ქვეყნის საომარი მდგომარეობისათვის მომზადება. ამ მიზნით 1937 წელს დაარსებული იქნა „ჰერმან გერინგის საიმპერიო საამქროები“ (გერმ. Reichswerke Hermann-Göring), რომელიც 1944 წლამდე 12 ქარხნით და 228 საამქროთი მსოფლიოს უმსხვილესი ფოლადის მწარმოებელი კონცერნი იყო.

1938 წელს გერმანიამ გერინგის უშუალო მონაწილეობით მოახდინა ავსტრიის „ანშლუსი“. მას აგრეთვე დიდი წვლილი მიუძღვის „მიუნხენის შეთანხმების“ დადებაში და ვერმახტის მთავარსარდლების, გენერალ-ფელდმარშალ ვერნერ ფონ ბლომბერგის და გენერალ ბარონ ვერნერ ფონ ფრიჩის, პოლიტიკური და სამხერდო სარბიელიდან ჩამოშორებაში. 1938 წლის 8 თებერვალს ჰერმან გერინგს ვერმახტის გენერალ-ფელდმარშლის წოდება მიენიჭა. იმავე წლის აპრილში მისი ბრძანებით ებრაელებს ჩამეორთვა და სახელმწიფოს გადაეცა ბანკების ანგარიშებზე არსებული ქონება. ნოემბერში ასევე გერინგის ბრძანებით ებრაულ მოსახლეობას გადასახადის სახით დააკისრეს სახელმწიფოსათვის 1,2 მილიარდი რაიხსმარკის გადახდა.

1939 წლის 30 აგვისტოს გერინგი დაინიშნა „რაიხის თავდაცვის საბჭოს“ თავმჯდომარედ. 31 აგვისტოს მისი ბრძანებით „Luftwaffe“ თავს დაესხა პოლონეთს. მომდევნო დღეს, 1939 წლის 1 სექტემბერს რაიხსტაგის წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში ჰიტლერმა იგი თავის „მემკვიდრედ“ დაასახელა. 1940 წლის 19 ივლისს გერინგმა მიაღწია სამხედრო კარიერის მწვერვალს — მას მიენიჭა სპეციალურად მისთვის შექმნილი „გროსდოიჩე რაიხის რაიხსმარშლის“ ტიტული (გერმ. „Reichsmarschall des Großdeutschen Reiches“).

1941 წლიდან, მას შემდეგ რაც „Luftwaffe“-ემ ინგლისის წინააღმგედ საჰაერო ომი წააგო, გერინგის პოპულარობამ და ავტორიტეტმა საგრძნობლად დაიკლო და იგი ნელ-ნელა ჩამოშორდა წამყვან პოლიტიკურ წრეს. 1942–1943 წ.წ. „Luftwaffe“-ემ ვერ შეძლო სტალინგრადისათვის ბრძოლაში მყოფი მე-6 არმიის საკმარისი უზრუნველყოფა, რისთვისაც პასუხისმგებლობა გერინგს დაეკისრა. 1944 წელს იგი ხელმეორედ დაინიშნა „ოთხწლიანი გეგმის“ ხელმძღვანელად, თუმცა ეს „თანამდებობა“ მისი, როგორც მეორეხარისხოვანი პოლიტიკური ფიგურის როლს ვერ ცვლიდა.

1945 წლის 23 აპრილს გერინგმა ბერხტესგადენიდან თანხმობა სთხოვა ჰიტლერს სახელმწიფო მმართველობის ჩაბარაბაზე. რასაც ფიურერის მრისხარე რეაქცია მოჰყვა. ჰიტლერმა ბრძანება გასცა დაეპატიმრებინათ გერინგი, მას ჩამოერთვა ყველა თანამდებობა და გარიცხულ იქნა „NSDAP“-დან.

დაპატიმრება, ტრიბუნალი და სიკვდილი[რედაქტირება]

გერინგი ნიურნბერგის პროცესზე

1945 წლის 7 მაისს გერინგი დაპატიმრებულ იქნა აშშ-ს მე-7 არმიის მიერ ავსტრიაში, ფიშჰორნის სასახლეში და გადაეცა ნიურნბერგის პროცესი. 1946 წლის 1 ოქტომბერს სამხედრო ტრიბუნალმა გერინგი დამნაშავედ ცნო დანაშაულის ოთხივე პუნქტში: 1) შეთქმულება მსოფლიო მშვიდობის წინააღმდეგ. 2) თავდასხმითი ომის დაგეგმვა, დაწყება და ჩატარება. 3) დანაშაული ომის კანონის წინააღმდეგ. 4) დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ და სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობით მიუსაჯა.

სიკვდილით დასჯის წინა დღეს, 1946 წლის 15 ოქტომბერს ჰერმან გერინგმა საწამლავით (ციან-კალიუმი) თავი მოიკლა საკანში.

იმის თაობაზე, თუ საიდან მოხვდა საწამლავი გერინგის ხელში მრავალი ვერსია არსებობს. ყველაზე პოპულარი მათგან არის ვერსია, რომლის ტანახმადაც საწამლავი გერინგმა ერთ-ერთი ამერიკელი ოფიცრისგან მიიღო, რომელსაც არ სურდა, რომ „Pour le Mérite“-ის ორდენის რაინდს სიცოცხლე სახრჩობელაზე დაესრულებინა. მეორე ვერსიით საწამლავი გერინგს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მიაწოდა. 2005 წელს ყოფილმა ამერიკელმა ჯარისკაცმა ჰერბერტ ლიი სტივერსმა განაცხადა, რომ 1946 წელს მას ორმა უცნობმა მამაკაცმა გერინგისათვის მისაცემად კაპსულაში მოთავსებული „მედიკამენტი“ გადასცა. სტივერსის ვერსიის თანახმად ეს „მედიკამენტი“ ციან-კალიუმი უნდა ყოფილიყო, რომლითაც გიორინმა თვითმკვლელობა შეძლო.

ჯილდოები[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: