მარტინ ბორმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბორმანი 1934 წელს

მარტინ ბორმანი (გერმ. Martin Bormann; დ. 17 ივნისი, 1900, ვეგელებენი, გერმანიის იმპერია — გ. 2 მაისი, 1945, ბერლინი, მესამე რაიხი) — გერმანელი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ნაციონალ-სოციალისტური პარტიის პარტიული კანცელარიის ხელმძღვანელი (1941–1945), ფიურერის პირადი მდივანი (1943–1945), პარტიის საქმეების რაიხსმინისტრი (30 აპრილი2 მაისი, 1945), ფიურერის მოადგილის შტაბის ხელმძღვანელი (1933–1941), რაიხსლაიტერი (1933–1945).

1922 წელს გაწევრიანდა ფრაიკორში. რუდოლფ ჰესთან ერთად ვალტერ კადოვის მკვლელობის გამო[კომ. 1] თითქმის ერთი წელი გაატარა ციხეში. 1927 წელს გახდა ნაცისტური პარტიის წევრი. მუშაობდა სადაზღვევო განყოფილებაში, 1937 წლიდან კი შუცშტაფელში (SS).[კომ. 2] 1933 წელს ბორმანი დაინიშნა ფიურერის მოადგილის, რუდოლფ ჰესის შტაბის ხელმძღვანელად.

სამსახუროებრივ მდგომარეობას იყენებდა საკუთარი გავლენის და ბიურიოკრატიული აპარატის შესაქმნელად. 1935 წლიდან ასრულებდა ადოლფ ჰიტლერის პირადი მდივანის მოვალეობას (1943 ბორმანი ოფიციალურად დაამტკიცეს ამ პოსტზე), შედიოდა მის პირად გარემოცვაში, აწვდიდა უახლესი მოვლენების შეჯამებას და მისთვის ბრიფინგების ორგანიზაციას ახდენდა. მას შემდეგ, რაც ჰიტლერის მოადგილე რუდოლფ ჰესი თვითნებურად გადაფრინდა გაერთიანებულ სამეფოში სამშვიდობო მოლაპარაკებებისათვის, ბორმანი გახდა ნაცისტური პარტიის პარტიული კანცელარიის ხელმძღვანელი და თავის თავზე აიღო ფიურერის ყოფილი მოადგილის მოვალეობები. ბორმანი თვითონ ნიშნავდა ადამიანებს სამოქალაქო პოსტებზე და აკონტროლებდა ახალი კანონმდებლობის მიღებას, რამაც მას 1943 წლის ბოლოსათვის შიდა პოლიტიკის დე-ფაქტო კონტროლი მოუტანა. დიდი გავლენის გამო შეიძინა არაერთი მტერი ნაცისტური პარტიის ელიტიდან — იოზეფ გებელსი, ალბერტ შპეერი, ჰერმან გერინგი და სხვა. ბორმანი იყო ქრისტიანული ეკლესიის, ებრაელების და სლავების დევნის ერთ-ერთი მთავარი მომხრე.

1945 წლის 16 იანვარს ჰიტლერთან ერთად გადავიდა ფიურერბუნკერში. ფიურერის თვითმკვლელობის შემდეგ 2 მაისს ჯგუფთან ერთად დატოვა რაიხსკანცელარია. სავარაუდოდ, თავი მოიკლა ლერტსკის ვაგზალთან ახლოს. ნიურნბერგის პროცესზე დაუსწრებლად მიუსაჯეს ჩამოხრჩობის გზით სიკვდილით დასჯა ადამიანობის წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულების გამო. 1972 წელს, გათხრების შემდეგ, აღმოაჩინეს ბორმანის ნეშტი.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა გერმანიის იმპერიის ქალაქ ვეგელებენში. გაიზარდა ტეოდორ ბორმანის (1862–1903) და ანტონი ბერნარდინის ლუთერანულ ოჯახში. მამის პირველი ქორწინებიდან ჰყავდა ორი ნახევარ-ძმა ელს და უოლტერ ბორმანი. ანტონი და ტეოდორ ბორმანების სამი შვილიდან ერთ-ერთი ჯერ კიდევ ახალდაბადებული გარდაიცვალა, თუმცა, გადარჩნენ მარტინი და მისი უმცროსი ძმა ალბერტი. ტეოდორ ბორმანი გარდაიცვალა მაშინ, როდესაც მარტინი სამი წლის იყო. მალევე, ანტონი ბორმანი კიდევ ერთხელ დაქორწინდა.[1] ბორმანი სწავლობდა სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში, თუმცა, 1918 წლის ივნისში, პირველი მსოფლიო ომის ბოლო თვეებში ბორმანი ჩაირიცხა 55-ე საველე არტილერიულ პოლკში, თუმცა, ფრონტზე ვერ მოხვდა. მიუხედავად ამისა, 1919 წლის თებერვლამდე მაინც იხდიდა სამხედრო სამსახურს და მორიგეობდა გარნიზონზე. სამხედრო სამსახურის შემდეგ ბორმანი ცოტა ხნით მუშაობდა საქონლის გამოკვების წისქვილზე, ამის შემდეგ კი გახდა დიდი მეურნეობის ხელმძღვანელი მეკლენბურგში.[2][3] მეურნეობაში მუშაობის დაწყებიდან ცოტა ხანში ბორმანი გაწევრიანდა „მიწათმფლობელთა ანტი-სემიტურ ასოციაციაში“.[4] ვაიმარის რესპუბლიკაში ჰიპერინფლაციის და ეკონომიკური კრიზისის დროს გახშირდა ფერმებიდან სურსათის მარაგებს იპარავდნენ, რის გამოც ბევრმა მიწათმფლობელმა დაიქირავა „ფრაიკორის“ რაზმები თავიანთი ფერმების დასაცავად. გამონაკლისი არ გახდა არც ბორმანის ფერმა. 1922 წელს იგი ფრაიკორის რიგებში გერჰარდ როსბაჰის ხელმძღვანელობის ქვეშ ათეულის მეთაური და ხაზინადარი გახდა.[5]

1924 წლის 17 მარტს ბორმანს ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბორმანი თავის მეგობარს, რუდოლფ ჰესს სკოლის მასწავლებლის, უოლტერ კადოს მკვლელობაში დაეხმარა.[6][7] დამნაშავეები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ კადომ რურში მყოფ საფრანგეთის საოკუპაციო ხელისუფლებას ფრაიკორის წევრის, ალბერტ ლეო შლატეგერის ფრანგული მრეწველობის საბოტაჟის გეგმის შესახებ მოახსენა. შლატეგერი დააპატიმრეს, ხოლო 1923 წლის 23 მაისს სიკვდილით დასაჯეს. იმავე წლის 31 მაისის ღამეს რუდოლფ ჰესმა, ბორმანმა და მათამა თანამონაწილეებმა კადო ქალაქგარეთ წაიყვანეს, სცემეს, ხოლო შემდეგ კი ყელი გამოჭრეს.[8] ერთ-ერთი თანამონაწილის აღიარების შემდეგ პოლიციამ გვამი აღმოაჩინა და ივლისში მკვლელებს ბრალდებები წარუდგინა. 1925 წლის თებერვალში კი ბორმანი პირობითად დროზე ადრე განთავისუფლეს,[6] რის შემდეგაც მან მუშაობა განაგრძო დედასთან თიურინგიაში გამგზავრებამდე.[9]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Lang Jochen von,, The Secretary. Martin Bormann: The Man Who Manipulated Hitler, New York: Random House, 1979, ISBN 978-0-394-50321-9.
  • McGovern James,, Martin Bormann, New York: William Morrow & Company, 1968.
  • Miller Michael,, Leaders of the SS and German Police, Vol. 1, San Jose, CA: R. James Bender, 2006, ISBN 978-93-297-0037-2.

კომენტარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ნაცისტები თვლინენ, რომ კადომ რურში საფრანგეთის საოკუპაციო ხელისუფლების მიერ მოკლულ ალბერტ ლეო შლატეგერს უღალატა.
  2. შუცშტაფელი (გერმ. Schutzstaffel; შემოკლებით SS) — ნაცისტური სამხედრო ორგანიზაცია. ამ სტატიაში მოხსენებულია როგორც შუცშტაფელი ან SS

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lang 1979, pp. 16–18.
  2. Lang 1979, pp. 22–23.
  3. McGovern 1968, pp. 11–12.
  4. McGovern 1968, p. 12.
  5. McGovern 1968, p. 13.
  6. 6.0 6.1 Lang 1979, p. 40.
  7. Miller 2006, p. 147.
  8. McGovern 1968, pp. 13–14.
  9. Lang 1979, p. 43.