შინაარსზე გადასვლა

ინტერი მილანი (საფეხბურთო კლუბი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ინტერი (მილანი))
ინტერი
სრული სახელი Football Club Internazionale Milano SpA
მეტსახელი Nerazzurri (შავ-ლურჯები)
დაარსდა 9 მარტი, 1908; 116 წლის წინ (1908-03-09)
სტადიონი ჯუზეპე მეაცა,
მილანი, იტალია
(ტევადობა: 80,018 მაყურებელი)
პრეზიდენტი ჩინეთის დროშა სტივენ ჩჟანი
მწვრთნელი იტალიის დროშა სიმონე ინძაგი
კაპიტანი სლოვენიის დროშა სამირ ჰანდანოვიჩი
ლიგა სერია A
2023-24 მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონი
საიტი ოფიციალური საიტი
ძირითადი ფორმა
რეზერვის ფორმა
მესამე ფორმა

ინტერნაციონალე, ან მხოლოდ ინტერი (იტალ. Football Club Internazionale Milano) — იტალიური საფეხბურთო კლუბი ქალაქ მილანიდან (ლომბარდია). დაარსების დროიდან, 1908 წლიდან უწყვეტად ასპარეზობს იტალიის სერია A-ში.

კლუბს მოგებული აქვს 30 საშინაო ტიტული, არის იტალიის 20-გზის ჩემპიონი, 7-გზის თასის მფლობელი და 5-გზის სუპერთასის მფლობელი. 2006-2010 წლებში „ინტერმა“ ზედიზედ 5-ჯერ შეძლო იტალიის ჩემპიონის ტიტული მიპოვება, რაც ყველა დროის რეკორდია.[1] ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული კლუბი 3-ჯერ გახდა, ზედიზედ 2 სეზონში 1964 და 1965 წლებში, შემდეგ კი 2010 წელს, როდესაც შავ-ლურჯებმა ტრებლის შესრულება შეძლეს, ჩემპიონთა ლიგასთან ერთად შეძლეს იტალიის ჩემპიონატის და თასის მოგება.[2] კლუბი არის 2-გზის საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი. „ინტერმა“ 3-ჯერ შეძლო უეფა-ს თასის, 2-ჯერ საკონტინენტთაშორისო თასის, ხოლო 1-ხელ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ჩემპიონობა.

მთელი ისტორიის მანძილზე შიდა ტურნირებში მიღწეული წარმატებებით იტალიაში მე-2 კლუბია, ხოლო საერთაშორისო ტურნირებში მიღწეული წარმატებებით ევროპაში მე-7 კლუბი. მეტსახელი „ნერაძური“ (იტალ. Nerazzuri), ანუ შავ-ლურჯები, კლუბის ფეხბურთელთა ფორმის ფერებიდან მომდინარეობს. ასევე გააჩნია მეტსახელები „სანატრელი“ (იტალ. Beneamata) და „Biscione“, რაც მილანის ერთ-ერთი სიმბოლოს, მილანის საჰერცოგოს გერბზე გამოსახული დიდი მახრჩობელა გველის დასახელებაა იტალიურად.

„ინტერი“ საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ სან სიროზე, რომელიც 80 018 მაყურებელს იტევს და ასევე ატარებს ჯუზეპე მეაცას სახელს. სტადიონს კლუბი თანაქალაქელ „მილანთან“ იყოფს. სტადიონი არის ყველაზე დიდი იტალიურ ფეხბურთში.[3] კლუბის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე არის „მილანი“, მასთან დაპირისპირებას დერბი დელა მადონინა ეწოდება და არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დაპირისპირება ფეხბურთში.[4]

2010 წლის მონაცემებით „ინტერი“ იტალიაში არის მე-2[5] გულშემატკივართა რაოდენობით, ხოლო ევროპაში მე-6.

საფეხბურთი კლუბი „ინტერნაციონალე“ დაარსდა 1908 წელს, როდესაც რამდენიმე ამბოხებული ფეხბურთელი და მწვრთნელი „მილანს“ გამოეყო და ცალკე კლუბის დაარსება გადაწყვიტა. ეს ჯგუფი ძირითადად შვეიცარიელებისგან შეგდებოდა. როსონერის ორად გახლეჩვის წინ, ალპიელებს სერიოზული კონფლიქტი მოუვიდათ გუნდის ხელმძღვანელებთან და მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება შედგა. მიზეზი მარტივი იყო, ვინმე ძმები კამპერიოების ხელში მყოფი „მილანი“ ისეთ პოლიტიკას ატარებდა, სადაც უცხოელ ფეხბურთელთა ინტერესი მაქსიმალურად გაუთვალისწინებელი იყო. პროტესტანტთა სათავეში პარამიტიოტი იდგა, რომელმაც კლუბის 45 წევრი აიყოლია და ახალი კლუბის შექმნა გადაწყვიტა, კლუბ საერთაშორისო სტატუსის ასამაღლებლად „ინტერნაციონალე“ ეწოდა. გუნდის ფორმის ფერებიც მალე შეარჩიეს - შავი ფერი ღამესთან ასოცირდებოდა, ხოლო ლურჯი ცასთან. საწყის თვეებში გუნდს ერთგვარი სახელი, „ოქრო ლურჯებში“ შეარქვეს (დ’ორო ინ ლივიდი).

პირველი ინტერელები

ერთი წლის შემდეგ „ინტერი“ უკვე საკმაოდ წარმატებით უწევდა კონკურენციას ადგილობრივ ძლიერ კლუბებს. 1909-10 წლების სეზონში „შავ-ლურჯებმა“ იტალიის პირველი გუნდის წოდება მოიპოვეს. გათამაშების დასრულების შემდეგ, მათ და „პრო ვერჩელის“ ერთნაირი რაოდენობის ქულები ჰქონდათ მოგროვებული. დაინიშნა დამატებითი მატჩი, რომლის თარიღზე გუნდები კარგა ხანს ვერ შეთანხმდნენ. საქმე ის იყო, რომ 1910 წლის 24 აპრილს „პრო ვერჩელის“ ოთხი წამყვანი ფეხბურთელი ჯარში გაიწვიეს და კლუბის უფროსები იძულებულნი გახდნენ, პროტესტის ნიშნად, მილანელთა წინააღმდეგ შეხვედრაში 14-16 წლის ბიჭები გამოეყვანათ. ამ უწვერულმა ჭაბუკებმა მეტოქეს სამი გოლი გაუტანეს, თუმცა საკუთარ კარში ბევრად მეტი მიიღეს. შეხვედრა 10:3 დასრულდა და „ინტერმა“ პირველი ტიტული დაისაკუთრა.

შემდეგი „სკუდეტო“ გუნდმა ზუსტად ათი წლის შემდეგ მოიპოვა. სეზონის ფინალში ბოლონიაში ერთმანეთს „ინტერი“ და „ლივორნო“ დაუპირისპირდნენ, მატჩი მილანეთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა. 1926 წელს „ინტერნაციონალეს“ რიგებში გამოჩნდა ფეხბურთელი, რომელიც ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე გახდა არა მარტო ამ კლუბის ისტორიაში, არამედ მთელს იტალიურ ფეხბურთში. საუბარია ჯუზეპე მეაცაზე, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა სერია A-ში. „ინტერის“ პირველი მწვრთნელი და კაპიტანი ვირჯილიო ფოსატო იყო, რომელმაც კლუბს ორი სკუდეტო მოაპოვებინა, 1910 და 1920 წლებში. მას შეეძლო გუნდისთვის უფრო მეტი სარგებელის მოეტანა, თუმცა პირველ მსოფლიო ომში გაიწვიეს, იტალიისა და ავსტრიის არმიათა შორის ბრძოლაში, სადაც გმირულად დაიღუპა.

1920-იანი წლების ბოლოს და 1930-იანების დასაწყისში იტალიაში ფაშისტების ხანა დადგა და ეს „ინტერსაც“ შეეხო. კლუბი იძულებული გახდა „მილანეზეს“ შეერთებოდა. ამით, ბენიტო მუსოლინიმ თავიდან მოიშორა ფაშისტებისთვის მეტად არასახარბიელო სახელის მქონე გუნდი. ამრიგად „ნერაძურის“ სახელიც გადაერქვა და იმ დროს „ამბროზიანად“ იწოდებოდა. გარდა ამისა, შეიცვალა საკლუბო ფერებიც, შავ-ლურჯი თეთრ-წითლად გადაიქცა. უმაღლეს ლიგაში მისი ადგილი ჩინოვნიკებმა „ფიუმანის“ გადაულოცეს, რომელიც სახელშეცვლილი სლოვენიური „რიეკა“ იყო. ეს ნაბიჯი ბალკანელთა „იტალიიზაციისთვის“ და გაფაშისტებისთვის იქნა გადადგმული.

1930-იანები და 1940-იანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1931 წელს კლუბის სათავეში მოვიდა „გენერალ პო“-ს მეტსახელით ცნობილი ფერნანდო პაცანი. პირველ რიგში მან გუნდის სახელწოდება შეცვალა და „ამბროზიანა-ინტერი“ დაარქვა. ასევე შეიცვალა საკლუბო ფერებიც, თეთრ-წითელი გუნდი ისევ შავ-ლურჯად გადაიქცა. იმ პერიოდში იტალიაში სულ სხვა გუნდები ქმნიდნენ ამინდს, მაგრამ მიუხედავად ამისა, „ამბროზიანა-ინტერმა“ მაინც მოახერხა ერთხელ ჩემპიონობის მოპოვება და სამჯერ მეორე ადგილზე გასვლა.

1940-იან წლებში გუნდში ბრწყინავდა ჯუზეპე მეაცა, რომელიც შემდეგში „ინტერის“ ლეგენდად იქცა. 1940-1943 წლებში ჯუზეპემ ითამაშა „მილანსა“ და „იუვენტუსში“, ასევე 1946 წელს „ინტერში“ დაბრუნებამდე იცავდა „ვარეზეს“ და „ატალანტას“ ღრსებას. 1946-47 წლების სეზონის დასრულების შემდეგ მეაცამ კარიერა „ინტერში“ დაასრულა. სერია A-ში მას 277 გოლი ჰქონდა გატანილი, საიდანაც 247 „ინტერის“ მაისურით შეუგდო მეტოქეთა კიპერებს. სტადიონ სან სიროზე მესამე იარუსი მიამატეს, რომელსაც თავიდან ჯუზეპე მეაცას სახელი მიეცა, ხოლო შემდგომში ამ ფეხბურთელის პატივსაცემად, მისი სახელი და გვარი მთელს არენას ეწოდა.

სანდრო მაცოლა

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, კლუბმა საბოლოოდ შეიცვალა სახელწოდება და ისევ „ინტერნაციონალე“ დაერქვა. ამიერიდან მილანური გუნდი მთელს იტალიაში ახალი ტაქტიკური ნოვაციების დანერგვის პიონერად იქცა. 1953 წელს „ინტერმა“ მორიგი სკუდეტო მოიგო. გუნდის მთავარი მწვრთნელი ალფრედო ფონი იყო, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო თამაში ლიბეროთი. ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელს იმ დროს თავისუფალ მწმენდავსაც ეძახდნენ. აღნიშნული სიახლის წყალობით, 1953-54 წლების სეზონში „შავ-ლურჯებმა“ სერია A-ში იმ გუნდზე ორჯერ ნაკლები გოლი გაუშვა, რომელიც მეორე იდგა ამ მაჩვენებლით. მომდევნო სეზონში „ინტერი“ მერვე ადგილზე გავიდა, რასაც კლუბის პრეზიდენტის - კარლო რინალდო მასერონეს გადადგომა მოყვა. მის ადგილზე ლეგენდარული ანჯელო მორატი დაინიშნა, რომელიც იმ დროისთვის იტალიის უმსხვილესი ნავთობკომპანიის მფლობელი იყო. სწორედ ამ ადამიანის ხელში გახდა „ინტერი“ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი. 1950-იანი წლების ბოლოს კლუბი მთლიანად გადავიდა მორატების ოჯახის მფლობელობაში, რომელსაც ანჯელო, ერმინია, ადრიანა, ჯანმარკო, მასიმო, ბედი, ჯოა და ნატალინო მორატები შეადგენდნენ. 1957 წელს შავ-ლურჯთა რიგებში არგენტინელი თავდამსხმელი ანტონიო ვალენტინ ანხელილო ჩაირიცხა, რომელმაც იმ სეზონში სერია A-ს გათამაშებაში 33 გოლი გაიტანა. ეს მიღწევა მას შემდეგ ვერავინ გააუმჯობესა და ვერც გაიმეორა. 1960-61 წლებში კლუბი ახლოს იყო ჩემპიონობასთან, მაგრამ დასკვნითი შეხვედრა კალჩოს მამებმა გაუგებარი მიზეზების გამო გადაათამაშებინეს და პროტესტის ნიშნად, შავ-ლურჯებმა „იუვენტუსს“ დუბლ-შემადგენლობიდან 17-18 წლის ფეხბურთელები დაუპირისპირეს და სასტიკადაც დამარცხდნენ - 1:9. მილანელთაგან ერთადერთი გოლი ახალგაზრდა სანდრო მაცოლამ გაიტანა, რომელმაც მამის (წარსულში „ტორინოს“ ცნობილი ფეხბურთელი) გარდაცვალების შემდეგ კარიერის გაგრძელება „ინტერში“ გადაწყვიტა და ჯუზეპე მეაცას დარად, კლუბის ლეგენდად იქცა.

„ინტერის“ შემადგენლობა 1964-65 წლების სეზონში.

ანჯელო მორატი კლუბის გასაძლიერებლად არანაირ ძალიასხმევას არ იშურებდა, მაგრამ შედეგი არ ჩანდა. აპენინებზე პირველი მენავთობე დაუღალავად ყიდულობდა ვარსკვლავ ფეხბურთელებს და თითქმის ყოველ ექვს თვეში ერთხელ ცვლიდა მწვრთნელებს, მაგრამ ამით „ინტერი“ მხოლოდ უმნიშვნელო გამარჯვებებამდე მიდიოდა. თუმცა, მალე სიტუაცია შეიცვალა. ამბიციურმა პრეზიდენტმა „ბარსელონიდან“ არგენტინელი მწვრთნელი ელენიო ერერა გადმოიბირა. მაშინ ჯერ კიდევ ბევრისთვის უცნობმა მწვრთნელმა გუნდის წმენდას მიჰყო ხელი. ერერამ შვედი სკოგლუნდის, ანხელინოს, ფირმანისა და მრავალი სხვა გუნდიდან გაუშვა და მათ ადგილას ახალგაზრდა და პერსპექტიული ფაკეტი, სუარესი, კორსო, პიკი და გუარნიერი მოიყვანა. შემდეგ რევოლუციონერმა მწვრთნელმა გუნდის ტაქტიკური სქემისთვისაც მოიცალა და დაცვაში 5 მცველი დააყენა. შედეგად, „ინტერის“ კონტრშეტევები ყველა გუნდისთვის მომაკვდინებელი გახდა. შავ-ლურჯთა რიგებში ბრწყინავდა სწრაფი სანდრო მაცოლა, რომელიც რამდენიმეჯერ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირიც კი გახდა. ამ სათამაშო სისტემით „ინტერნაციონალემ“ ოთხ წელიწადში სამჯერ შეძლო ჩემპიონობის მოპოვება. ახლოს იყო მეოთხესთანაც, მაგრამ ჩემპიონთა თასის ფინალში მადრიდის „რეალთან“ გამარჯვების შემდეგ, სამიოდე დღეში „ბოლონიასთან“ დანიშნულ გადათამაშებაში ძალების აღდგენა ვეღარ მოახერხა და მატჩი დათმო. სეზონის შუა ნაწილში, „ბოლონიას“ შვიდი ფეხბურთელი დოპინგ-სკანდალში გაეხვა და ერთი პირობა, კლუბისთვის ქულებიც უნდა ჩამოეკლოთ, მაგრამ შემდეგ ეს აურზაური გაუგებარი მიზეზების გამო მიწყნარდა.

მომდევნო სეზონში „ინტერი“ ორივე ფრონტზე ბრწყინავდა. ჩემპიონთა თასის ფინალში იტალიელებმა ლეგენდარული ეუსებიოს „ბენფიკა“ დაამარცხეს. ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს ბრაზილიელმა ჟაირმა გაიტანა და შავ-ლურჯებს ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტიტული მეორედ მოუტანა. ტურნირი კი მილანელებმა ბუქარესტის „დინამოს“ განადგურებით დაიწყეს (6:0; 1:0). მეოთხედფინალში შოტლანდიურ „რეინჯერსს“ ორი მატჩის ჯამში 3:2 სძლიეს (3:1; 0:1), ხოლო ნახევარფინალში „ლივერპულთან“ პირველი მატჩის 1:3-ზე წაგების შემდეგ, ინგლისელებს შინ 3:0-ზე მოუგეს და ასე გავიდნენ ფინალში. ეროვნულ ჩემპიონატში ჩემპიონის ვინაობა ბოლო ტურებამდე გაურკვეველი იყო, თუმცა საბოლოოდ მაინც „ინტერმა“ იმარჯვა და თანაქალაქელი „მილანი“ 3 ქულით ჩამოიტოვა. მომდევნო წელს „ინტერნაციონალემ“ ანალოგიურ სტილში მოიგო სერია A, ჩამოიტოვა იმ დროისთვის მაღალ დონეზე მოთამაშე „ბოლონია“. ეს იყო შავ-ლურჯთა მეათე საჩემპიონო ტიტული, რომელმაც მათ უფლება მისცა მოგვიანებით მაისურზე ერთი ოქროსფერი ვარსკვლავი ამოექარგათ. ამ სეზონშივე „ინტერი“ ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში გავიდა, თუმცა ტურნირის მომავალ გამარჯვებულ, მადრიდის „რეალთან“ ორმატჩიანი დუელი დათმო, ჯამში 1-2. კიდევ ერთი წლის შემდეგ კლუბი კვლავ აღმოჩნდა ჩემპიონთა თასის ფინალში, თუმცა იტალიელებს არც ამ ჯერზე გაუმართლათ და გლაზგოს „სელტიკთან“ მატჩის სტარტზე მაცოლას მიერ დაწინაურებულებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს. შედეგად მეორე ტაიმში ორი უპასუხო ბურთი მიიღეს. 1964 და 1965 წლებში „ინტერმა“, როგორც ჩემპიონთა თასის გამარჯვებულმა გუნდმა ორჯერ აღმართა საკონტინენტთასორისო თასი. მეტოქე ორივე წელს არგენტინული „ინდეპენდიენტე“ იყო.

წარმატებულ წლებს ჩავარდნა მოჰყვა. 1980 წლამდე „ინტერმა“ მხოლოდ ერთხელ მოახერხა ჩემპიონობა, ერთხელ გავიდა ჩემპიონთა თასის ფინალში, სადაც იოჰან კრეიფის „აიაქსთან“ დამარცხდა, ანგარიშით 0-2. ორივე გოლი „მფრინავმა ჰოლანდიელმა“ გაიტანა. 1970-იან წლებში „შავ-ლურჯებმა“ ტალიის თასის მოგება შეძლეს. მორიგი აღმასვლა 1980-იანების ბოლოს დაიწყო, როდესაც გუნდს სათავეში ჯოვანი ტრაპატონი ჩაუდგა. იტალიელმა სპეციალისტმა პირველ რიგში გუნდში მაღალი დონის გერმანელი ფეხბურთელები - ანდრეას ბრემე, ლოთარ მათეუსი და კარლ-ჰაინც რუმენიგე მიიწყვია, თუმცა ეს უკანასკნელი „ინტერიდან“ 3 წელიწადში წავიდა და არ მოუწია 1988-89 წლების სეზონის ტრიუმფი, როდესაც მილანურმა კლუბმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შეძლო ჩემპიონობა. ყველას ეგონა, რომ ტრიუმფალური სვლა კიდევ გაგრძელდებოდა, თუმცა მოულოდნელად კლუბის მესვეურებმა პოსტი დაატოვებინეს ჯოვანი ტრაპატონის და მომდევნო ტიტულამდე ტიფოზებს მთელი 17 წელი მოუხდათ ლოდინი. 2006 წლამდე „შავ-ლურჯებმა“ სამჯერ მოიგეს უეფა-ს თასი. 1991 წელს ფინალში დაამარცხეს „რომა“, ანგარიშით 2:1, 1994 წელს „ზალცბურგი“ (2:0), ხოლო 1998 წლის ფინალში იტალიური „ლაციო“ (3:0). თუმცა ეს ტიტულები „ინტერის“ დონის გრანდისთვის საკმარისი არ იყო.

მიუხედავად ევროტურნირებზე მიღწეული წარმატებისა, 1990-იანი წლები ყველაზე უიღბლო პერიოდად ითვლება „ინტერის“ საუკუნოვან ისტორიაში. კლუბის პრეზიდენტები, ჯერ ერნესტო პელეგრინი, შემდეგ კი მასიმო მორატი ათეულ მილიონობით აშშ დოლარს არ იშურებდნენ გუნდის გასაძლიერებლად, ნაყიდი იქნა რონალდო, ივან სამორანო, ნვანკვო კანუ, რობერტო ბაჯო, კრისტიან ვიერი და მრავალი სხვა, თუმცა სეზონის ბოლოს სერია A-ს ტრიუმფატორი ან „მილანი“ ხდებოდა ან „იუვენტუსი“. განსაკუთრებით ამ უკანასკნელის მოგებები იყო საეჭვო, 2003-04 წლებში „ბებერი ქალბატონის“ ექიმის, რიკარდო აგრიკოლას აღიარებით, იგი მთელი ამ წლების მანძილზე ფეხბურთელებს გამარჯვებებში დოპინგით ეხმარებოდა. მოგვიანებით, ამის გამო გრანდიოზული სკანდალიც აგორდა, თუმცა 1990-იანების ცოდვები „იუვეს“ არავინ მოჰკითხა.

გამოსარჩევია 1999 წელს მასიმო მორატის მეტად უჩვეულო გადაწყვეტილება, დაითხოვა რა გუნდიდან წლის მწვრთნელად აღიარებული ლუიჯი სიმონი. მის ნაცვლად გუნდი მომდევნო სეზონის დასაწყისში მარჩელო ლიპიმ ჩაიბარა, თუმცა ამ შუალედში მილანელებს რუმინელი მირჩა ლუჩესკუ თავკაცობდა, რომლის ხელშიც „შავ-ლურჯები“ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ბრძოლაში გამოეთიშნენ. ლიპის მწვრთნელობისას „ინტერმა“ ღირებულს ვერაფერს მიაღწია, სწორედ „იუვეს“ ყოფილი მწვრთნელის დამსახურება იყო გუნდიდან რობერტო ბაჯოს წასვლა, რომელთანაც ძველი მტრობა აკავშირებდა. შედეგად ვიარეჯოელი სპეციალისტი 2000-01 წლების სეზონის სტრატზევე მოხსნეს თანამდებობიდან და მის ნაცვლად წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, მარკო ტარდელი დანიშნეს, რომელსაც გუნდისთვის ექტორ რაულ კუპერის დანიშვნამდე უნდა ეთავკაცა.

ტარდელის ხელში „ინტერმა“ ყველაზე სამარცხვინო მარცხი განიცადა მილანურ დერბიში, ანგარიშით 0:6. ამ წაგების შემდეგ კრისტიან ვიერიმ და ფაბიო კანავარომ მთელი ღამე რესტორანში გაატარეს და სიმწრის გასაქარვებლად უგონოდ დათვრნენ. ეს რომ ტარდელიმ გაიგო, ფეხბურთელები აითვალწუნა და გუნდში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. მაისში, ექტორ კუპერის მისვლამ სულზე მოუსწრო კლუბს, გასახდელში „დიდი აფეთქებისგან“. არგენტინელი მწვრთნელის ხელში ლომბარდიელებმა პირველივე სეზონი წარმატებულად ჩაატარეს და უკანასკნელ ტურამდე სატურნირო ცხრილშიც ლიდერობდნენ, მაგრამ 2002 წლის 5 მაისს, რომში, „ლაციოსთან“ დამარცხდნენ, ანგარიშით 2:4. ამავდროულად მათმა მდევრებმა, „იუვენტუსმა“ და „რომამ“ გასვლაზე შესაბამისად „უდინეზესა“ და „ტორინოს“ სძლიეს. შედეგად, „ინტერმა“ სეზონი მე-3 ადგილით დაასრულა.

ამ პერიოდში ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მომჯობინდა რონალდო, რომელმაც 2002 წელს კორეა-იაპონიაში გამართულ მუნდიალზე გაიბრწყინა და ზაფხულშივე მადრიდის „რეალში“ გადავიდა. ზოგიერთები იმასაც ამბობდნენ, ბრაზილიელი კუპერთან გართულებული ურთიერთობის გამო წავიდაო, თუმცა მოგვიანებით მწვრთნელმაც და ფეხბურთელმაც ეს ვერსია უარყვეს. 2002-2003 წლების სეზონში „ინტერი“ საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებოდა. სკუდეტოსთვის ბრძოლაში მილანელები ბოლო ტურებამდე შემორჩნენ, თუმცა საბოლოოდ მეორე ადგილს დასჯერდნენ. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, გათამაშების ნახევარფინალში ისინი თანაქალაქელ „მილანს“ შეხვდნენ და ორივე შეხვედრა ფრედ დაასრულეს. მატჩი, რომელშიც ნომინალურ მასპინძლად „ინტერი“ ითვლებოდა 1:1 დასრულდა, ხოლო მეორე შეხვედრა 0:0. შედეგად სტუმრად გატანილი გოლის წესით შემდეგ ეტაპზე „მილანი“ გავიდა. კუპერმა თავისი მესამე მილანური სეზონი საკმაოდ ცუდად დაიწყო და დერბიში წაგების შემდეგ, „ბრეშასთან“ ნათამაშები ფრე უკანასკნელი გამოდგა არგენტინელი მწვრთნელის ლომბარდიულ კარიერაში. მის ნაცვლად ალბერტო ძაკერონი დაინიშნა, რომელმაც გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ ოთხეულში მოახვედრა. თუმცა „ინტერმა“ ჯგუფური ეტაპის დაძლევა ვერ შეძლო.

ძლევამოსილი დაბრუნება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ინტერის ფანების ფირმა „კურვა ნორდი“

2004 წლის ზაფხულში, „ლაციოში“ გატარებული წარმატებული სამწვრთნელო კარიერის შემდეგ, „ინტერში“ გადაბარგდა ახალგაზრდა მწვრთნელი რობერტო მანჩინი. სწორედ მის ხელში განიცადა გუნდმა რეალური პროგრესი. მანჩინიმ მცირე საკადრო გადაადგილებები განახორციელა: ერნან კრესპო „ჩელსიში“ გაუშვა, ხოლო მის ნაცვლად „პარმაში“ განათხოვრებული ადრიანო დაიბრუნა. გარდა ბრაზილიელისა, გუნდი გააძლიერა დეიან სტანკოვიჩმაც. მის ხელში „შავ-ლურჯებმა“ ტიტულების მოგროვება ორჯერ მოგებული იტალიის თასით დაიწყო.

შემდეგ იყო „კალჩოპოლის“ მეტსახელით ცნობილი გახმაურებული სკანდალი, რომელსაც პიროვნებათაგან ლუჩანო მოჯი, ადრიანო გალიანი, სერჟიო კრანიოტი და კიდევ რამდენიმე გავლენიანი ფუნქციონერი, ხოლო გუნდთაგან „იუვენტუსი“, „მილანი“, „ფიორენტინა“, „რეჯინა“ და „ლაციო“ შეეწირენ. თემიდის მსახურთა გადაწყვეტილებით, „ბებერ ქალბატონს“ 2005 და 2006 წლებში მოგებული სკუდეტო ჩამოერთვა. პირველი საერთოდ გაუქმდა, ხოლო მეორე „შავ-ლურჯებს“ გადაეცა. ამ ფაქტის გამო მასიმო მორატის თაოსნობით მილანში ნამდვილი ზეიმი შედგა, რომელიც ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასი იყო. სწორედ ამის შემდეგ გაათმაგდა მტრობა „იუვესა“ და „ინტერს“ შორის. მილანური კლუბი ბევრი გულშემატკივარი დღესაც იმ აზრზეა, რომ არ იყო საჭირო კაბინეტებში წართმეული სკუდეტოს ასე პომპეზურად აღნიშვნა, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება.

ინტერის კაპიტანი და ლეგენდა ხავიერ ძანეტი

2006-07 წლების სეზონისთვის „ინტერმა“ ზლატან იბრაჰიმოვიჩი და პატრიკ ვიეირა შეიძინა, რომელთა დახმარებითაც სერია A ძალიან მარტივად მოიგო, ვინაიდან უმთავრესი კონკურენტი „იუვენტუსი“ ქვედა ლიგაში იყო დაქვეითებული, ხოლო „მილანს“ 8 ქულა ჰქონდა დაკლებული. ერთადერთი კონკურენტი „რომა“ იყო, რომელმაც ლომბარდიელებს ღირსეული წაააღმდეგობა ვერ გაუწია და „ინტერმაც“ ჩემპიონის წოდება ერთი თვით ადრე გაინაღდა. იმ სეზონში კლუბმა რამდენიმე რეკორდიც დაამყარა: ხუთი თვის მანძილზე ჩემპიონატში ზედიზედ 17 მატჩში იმარჯვა, რაც ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ ხუთმა გუნდმა მოახერხა. სეზონის ბოლოს ასევე სარეკორდო 97 ქულას მოუყარა თავი და გაიტანა ყველაზე მეტი, 80 გოლი. პარალელურად გუნდი გავიდა თასის ფინალში, სადაც „რომასთან“ დამარცხდა. ამ პერიოდში წარუმატებლად ასპარეზობდნენ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში. პლეი-ოფის ეტაპზე მარტივად გადიოდნენ, მაგრამ ფინალისკენ გზას მათ ხან „მილანი“ უღობავდა, ხან „ვილიარეალი“, ხანაც „ვალენსია“. საშინაო ჩემპიონატში კი წარმატებით ასპარეზობდნნ, 2007-08 წლების სეზონში ჩემპიონობა „შავ-ლურჯებმა“ ბოლო ტურში, მაგრამ მაინც ადვილად გაიფორმეს. რობერტო მანჩინის „ინტერში“ მოღვაწეობა წარმატებული გამოდგა, თუმცა იტალიელ სპეციალისტს მაინც არ აპატიეს ევროთასებზე წარუმატებლობა და 2008 წლის 29 მაისს, სკანდალური განცხადებით, მას პოსტი დაატოვებინეს.

გუნდის ახალი მწვრთნელის ვინაობაც მალე გაცხადდა: ეს „პორტუსა“ და „ჩელსიში“ სახელმოხვეჭილი ჟოზე მოურინიო იყო. თანაშემწედ წარსულში „ინტერის“ მცველი - „მილანელი“ ფრანკო ბარეზის ძმა, ჯუზეპე დანიშნა. აგვისტოში პირველი ტიტულიც მოიგო, იტალიის სუპერთასზე დაამარცხა „რომა“. მოურინიოს დროს გუნდს შეუერთდნენ სულეი მუნტარი, რიკარდუ კვარეშმა (რომელიც იანვარშივე გაანათხოვრეს „ჩელსიში“), მანსინი და ახალგაზრდა დავიდე სანტონი, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამართულ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრებში, კრიშტიანუ რონალდუს გასაქანი არ მისცა. თუმცა ინგლისელებმა ორი მატჩის ჯამში მაინც იმარჯვეს. შედეგად 2008-09 წლების სეზონში „ინტერი“ მხოლოდ 1 ტიტულს დასჯერდა.

ჟოზე მოურინიოს ტრიუმფი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ჟოზე მაურინიო
ბაიერნი ინტერის შემადგენლობსბი ფინალურ მატჩში

2009 წლის ზაფხულში ჟოზე მოურინიომ გუნდში რევოლუციური ცვლილებები განახორციელა, „ბარსელონაში“ გაუშვა გუნდის უპირობო ლიდერი ზლატან იბრაჰიმოვიჩი, შვედის სანაცვლოდ „ინტერმა“ სამუელ ეტო’ო და 40 მილიონამდე ევრო მიიღო. ამ თანხით მადრიდის „რეალიდან“ შეძენილ იქნა გუნდის კიდევ ერთი მომავალი ლიდერი - ვესლი სნეიდერი. ასევე დიეგო მილიტო „ჯენოადან“. სწორედ ამ ფეხბურთელების დახმარებით დაასრულა „ინტერმა“ 2009-10 წლების სეზონი ტრიუმფით.

სეზონის დაწყებიდან კლუბი სერია A-შიც მალევე გალიდერდა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდანაც უპრობლემოდ გავიდა მერვედფინალში. მთავარი ბრძოლა გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც იტალიის პირველობაზე „რომამ“ ზედიზედ მოიგო მატჩები და „შავ-ლურჯებს“ ერთ ტურში გადაასწრო კიდეც, მაგრამ დედაქალაქელებს მალევე დაუცდათ ფეხი და ხელმეორედ გალიდერებულმა ჟოზე მოურინიოს შეგირდებმა შანსი ხელიდან აღარ გაუშვეს. პარალელურად, „ინტერმა“ ევროპის უპრესტიჟულესი თასის მერვედფინალში ფავორიტად აღიარებულ „ჩელსის“ შინ 2:1 მოუგო, გასვლით მატჩში კი კარლო ანჩელოტის გუნდს 1:0 სძლიეს. მეოთხედფინალში იტალიელებმა ძალიან მარტივად მოუგეს „ცსკა“-ს. ნახევარფინალში კი „ინტერის“ მეტოქე ტურნირის ფავორიტი, ჩემპიონთა ლიგის წინა გამარჯვებული „ბარსელონა“ იყო. ჯუზეპე მეაცაზე გამართულ მატჩში, მიუხედავად დაწინაურებისა, ჟოზეპ გვარდიოლას გუნდმა ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლო და 1:3 დამარცხდა. საპასუხო მატჩში მილანელები 0:1 დამარცხდნენ, მაგრამ „ბარსელონას“ ვარსკვალურ კრებულს თავისუფლად თამაშის საშუალება არ მისცეს.

ფინალში „ინტერის“ მეტოქე მიუნხენის „ბაიერნი“ იყო, ხოლო ჟოზე მოურინიოსი ლუი ვან გალი, რომლის თანაშემწეც პორტუგალიელი „ბარსელონაში“ მუშაობისას იყო. გერმანული მანქანა ანგარიშით 2:0 დამარცხდა, დუბლით კი მილანელთაგან დიეგო მილიტო გამოირჩა, რითაც იგი სამუდამოდ შევიდა ფეხბურთის ისტორიაში, როგორც ერთი გუნდისთვის ერთ სეზონში მოპოვებულ ტიტულებში შეტანილი წვლილით. იტალიის თასის ფინალში „ინტერმა“ „რომა“ სწორედ არგენტინელის გოლით დაამარცხა. ასევე მილიტოს გოლით იმარჯვეს „შავ-ლურჯებმა“ ჩემპიონატის ბოლო ტურში, „სიენას“ წინააღმდეგ.

„შავ-ლურჯების“ მხარე ფინალურ მატჩში.

დიდი ტრიუმფიდან დღემდე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2010 წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ ჟოზე მოურინიო აუცილებლად წავიდოდა მადრიდის „რეალში“. მისი ადგილი ესპანელმა რაფაელ ბენიტესმა დაიკავა, რომელიც „ინტერში“ მისვლამდე „ლივერპულში“ მოღვაწეობდა.

2010 წლის 21 აგვისტოს, იტალიი სუპერთასის ფინალში „რომას“ 3-1 დამარცხების შემდეგ, „ინტერმა“ დააგროვა 4 ტიტული. 2010 წლის დეკემბერში, ტიტულებს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატიც შემატა (ფინალში „ტპ მაზემბე“ დაამარცხა ანგარიშით 3-0.[6]) და გახდა მესამე კლუბი მსოფლიოში, რომელმაც სეზონში 4 ტიტულზე მეტი მოიგო. მანამდე კვინტეპლის გაკეთება შეძლეს „ალ-აჰლიმ“ 2006 წელს და „ბარსელონამ“ 2009 წელს. თუმცა მონაკოში გამართულ ევროპის სუპერთასის შეხვედრაში, ლომბარდიელები „ატლეტიკო მადრიდთან“ დამარცხდნენ, ანგარიშით 0-2. 2010 წლის 23 დეკემბერს, სერია A-ში ცუდად ასპარეზობის გამო, რაფაელ ბენიტესი დაითხოვეს.[7] მისი ადგილი მეორე დღეს წარსულში ცნობილმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ლეონარდომ დაიკავა,[8] რომელიც წინა სეზონში „მილანს“ წვრთნიდა.

ინტერი 2011

ლეონარდომ გაწვრთნილმა გუნდმა, 12 მატჩში 30 ქულა დააგროვა, საშუალოდ 2,5 ქულა მატჩში, რაც აღემატებოდა როგორც ბენიტესის, ასევე მოურინიოს შედეგს. 2011 წლის 6 მარტს, ლეონარდოს თავკაცობით გუნდმა 13 მატჩში 33 ქულა დააგროვა და დაამყარა სერია A-ს რეკორდი. წინა რეკორდი ფაბიო კაპელოს ეკუთვნოდა, რომელმაც 2004-05 წლების სეზონში 32 ქულა დააგროვა 13 მატჩში. ჩემპიონთა ლიგაზე ლეონარდოს გაწრთვნილმა „ინტერმა“ მერვედფინალურ ეტაპზე მიუნხენის „ბაიერნის“ ბარიერი გადალახა (0-1; 3-2), მაგრამ მეოთხედფინალში „შალკესთან“ სენსაციურად დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. 29 მაისს, რომის ოლიმპიკოზე გუნდის უბერებელმა კაპიტანმა, ხავიერ ძანეტიმ იტალიის თასი აღმართა, რომელიც ინტერის ისტორიაში მეშვიდე იყო. ფინალში მილანელებმა „პალერმო“ დაამარცხეს, ანგარიშით 3-1. ერთი გოლი დიეგო მილიტომ გაიტანა, ხოლო დუბლი შეასრულა სამუელ ეტო’ომ. ამავე სეზონში, ეტო’ო-მ პირადი რეკორდი დაამყარა, კამერუნელმა „ინტერის“ მაისურით 2010-11 წლების სეზონში 38 გოლი გაიტანა.

სეზონის დასრულების შემდეგ პოსტი დატოვა ლეონარდომ. გუნდში იტალიელი სპეციალისტი ჯანპიერო გასპერინი მოვიდა. გასპერინიმ ორი თვის მანძილზე ვერც ერთი ოფიციალური მატჩის მოგება ვერ შეძლო და ამის გამო კლუბის პრეზიდენტი მასიმო მორატი იძულებული გახდა ახალი მწვრთნელი მოეძებნა. 2011 წლის სექტემბერში „ინტერს“ სათავეში ასევე იტალიელი სპეციალისტი, კლაუდიო რანიერი ჩაუდგა, მისი შემცვლელი კი ანდრეა სტრამაჩონი იყო.

2012 წლის 1 აგვისტოს, „ინტერის“ მცირე წილი შეიძინა ჩინურმა კონსორციუმმა, რომელსაც კენეთ ჰუანგი მეთაურობდა.[9] იმავე დღეს, „ინტერმა“ კონტრაქტი გააფორმა კორპორაცია „China Railway Construction“-თან, კლუბისთვის ახალი სტადიონის აშენებასთან დაკავშირებით.[9] 2013 წლის 30 ივნისს, მორატის ჰოლდინგი ფლობდა „ინტერნაციონალეს“ აქციების 98.2%-ს, რაც ნიშნავდა რომ გარიგება ჩინურ კომპანიასთან არ შედგა.[10] ამავე წლის 24 მაისს მთავარი მწვრთნელის პოსტზე სტრამაჩონი ვალტერ მაცარიმ ჩაანაცვლა. კლუბის ისტორიის უკანასკნელ წლებში 2012-13 წლების სეზონი იყო ყველაზე წარუმატებელი, „ინტერმა“ სერია A-ში დაიკავა მე-9 ადგილი და ვერ შეძლო ევროტურნირებზე გასვლა.

2013 წლის 15 ოქტომბერს, ინდონეზიურმა კონსორციუმმა (International Sports Capital HK Ltd.), რომელსაც მეთაურობენ ერიკ თოჰირი, ჰენდი სოტედიო და როსან როესლანი, შეიძინა „ინტერის“ აქციების 70%, კლუბის კაპიტალი გაიზარდა €75 მილიონ ევრომდე.[11][12][13] შეთანხმების შედეგად მორატის ჰოლდინგმა (Moratti's Internazionale Holding S.r.l.) შეინარჩუნა კლუბის 29.5%-იანი წილი.[14] შეთანხმების შედეგად კლუბის აქციები განაწილდა ჰოლდინგის 3 კომპანიაზე, „International Sports Capital S.p.A. of Italy“, „International Sports Capital HK“ და „Asian Sports Ventures HK“. „Asian Sports Ventures HK Limited“ თავის მხრივ ჰოლდინგია, რომელიც ეკუთნვის „Nusantara Sports Ventures HK Limited“-ს (მისი 60%-იანი წილის მფლობელია „ინტერის“ პრეზიდენტი ერიკ თოჰირი), „Alke Sports Investment HK Limited“-ს (20%) და „Aksis Sports Capital HK Limited“-ს (20%).

თოჰირი ასევე თანამფლობელობაშია ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატის (Major League Soccer) კლუბ „დი სი იუნაიტედსა“ და ინდონეზიის სუპერლიგის კლუბ „პერსიბ პანდუნგში“. 2013 წლის 2 დეკემბერს, „ინტერმა“ სტრატეგიული პარტრნიორობა გააფორმა „დი სი იუნაიტედთან“, ხოლო 2016 წლის იანვარში „პერსიბთან“.[15][16]

2014 წლის 14 ნოემბერს „ინტერის“ მწვრთნელად დაბრუნდა რობერტო მანჩინი.

2016 წლის 6 ივნისს, ჟანგ ჯინდონგის თანამფლობელობაში მყოფმა ჩინურმა „Suning Holdings Group“-მა, თოჰირის კონსორციუმისა და მორატის ოჯახისგან შეიძინა „ინტერის“ აქციების საკონტროლო პაკეტი.[17] ჰოლდინგის ოფიციალური ბლოგის ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეძენილი აქციების ფასი შეადგენდა €270 მილიონ ევროს. „ინტერნაციონალეს“ ინფორმაციით კლუბის კაპიტალი გაიზარდა €142 მილიონი ევროთი; მორატის კომპანიამ საკუთარი წილი თოჰირის ჰოლდინგს €60 მილიონ ევროდ მიჰყიდა; თოჰირის ჰოლდინგმა იგივე აქციები იმავე ფასად მიჰყიდა ახალ მფლობელს (Suning Holdings Group); ჯამში ჩინური ჰოლდინგის ინვესტიციამ შეადგინა €262.8 მილიონი ევრო.

ახალ მფლობელთან ერთად, პირველი სეზონის წინასასეზონო ამხანაგური მატჩები „ინტერმა“ სუსტად ჩაატარა. 2016 წლის 8 აგვისტოს, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მანჩინიმ მწვრთნელის პოსტი დატოვა.[18] მისი ადგილი ნიდერლანდელმა ფრანკ დე ბურმა დაიკავა, რომელიც 2016 წლის 1 ნოემბერს გაათავისუფლეს. სერია A-ს 11 მატჩში დე ბურის მეთაურობით „ინტერმა“ 4 მატჩი მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, ხოლო 5 წააგო.[19]

მთავარი მწვრთნელის დროებით შემცვლელებად დაინიშნენ სტეფანო ვეკი (2-ჯერ) და სტეფანო ვიოლი. 2017 წლის 9 ივნისს ლუჩანო სპალეტიმ 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა „ინტერნაციონალესთან“.[20][21]

სან სირო

„ინტერის“ საშინაო არენა მილანის სან-სორის რაიონში მდებარე სტადიონია, რომელიც ჯუზეპე მეაცას სახელობისაა. „ინტერსა“ და „მილანს“ ერთი სტადიონის გაყოფა უწევდათ და ახლაც ასე უწევთ. თუმცა, ერთი პერიოდი „შავ-ლურჯები“ ქალაქის განაპირას მდებარე მცირე ტევადობის არენაზე თამაშობდნენ, რომელიც საკმაოდ ძველი – ნაპოლეონის დროიდნელი იყო. აღნიშნულ ადგილას ახლა ოდნავ გაუმჯობესებული სტადიონისმაგვარი ნაგებობა დგას, სადაც სერია D-ს მატჩები იმართება. მანამდე კი, 1926 წელს, „მილანმა“ უმსხვილესი ინვესტორის „Pirelli“-ის დახმარებით სან-სიროში (მილანის გარეუბანი) სტადიონი ააშენა, რომელსაც ასევე სან სირო ეწოდა. რამდენიმე წლის შემდეგ, ამ არენაზე პრეტენზიას უკვე „ინტერიც“ აცხადებდა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, გამოიძებნა კონსენსუსი და იმ დღიდან დაწყებული, სტადიონი თანაბრად ეკუთვნით ორივე მილანურ კლუბს.

დერბი დელა მადონინას დროს, ტრიბუნებზე დაახლოებით 85 ათასი ადამიანი იკრიბება. ფერთა გამა კი მხოლოდ სამ ფერს – შავს, ლურჯსა და წითელს მოიცავს. უკანასკნელად ამ სარბიელს რეკონსტრუქცია 1990 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ჩაუტარდა და მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ თითქმის 20 წელი გავიდა, სტადიონი დღესაც იდეალურ მდგომარეობაშია. სტადიონი 85 700 მაყურებელს იტევდა, მაგრამ 2008 წლის ზაფხულში, უეფა-ს ახალი სტანდარტების გამო რაოდენობა 80 018 გახდა. აღსანიშნავია, რომ სტადიონი უეფა-ს კლასიფიკაციით არის ხუთ ვარსკვლავიანი.

ფორმის მწარმოებლები და მაისურის სპონსორები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პერიოდი ფორმის მწარმოებელი მაისურის სპონსორი
1979–1981 Puma
1981/1982 Inno-Hit
1982–1986 Mecsport Misura
1986–1988 Le Coq Sportif
1988–1991 Uhlsport
1991/1992 Umbro FitGar
1992–1995 ფიორუკი
1995–1998 Pirelli
1998– Nike

მიმდინარე შემადგენლობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე სლოვაკეთი სლოვაკეთი სამირ ჰანდანოვიჩი ()
2 მცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები დენზელ დიუმფრიზი
5 ნახევარმცველი იტალია იტალია რობერტო გალიარდინი
6 მცველი ნიდერლანდები ნიდერლანდები სტეფან დე ვრეი
7 თავდამსხმელი ჩილე ჩილე ალექსის სანჩესი
8 ნახევარმცველი ურუგვაი ურუგვაი მატიას ვესინო
9 თავდამსხმელი ბოსნია და ჰერცეგოვინა ბოსნია და ჰერცეგოვინა ედინ ჯეკო
10 თავდამსხმელი არგენტინა არგენტინა ლაუტარო მარტინესი
11 მცველი სერბეთი სერბეთი ალექსანდრ კოლაროვი
12 ნახევარმცველი იტალია იტალია სტეფანო სენსი
13 მცველი იტალია იტალია ანდრეა რანოკია
14 ნახევარმცველი ხორვატია ხორვატია ივან პერიშიჩი
19 თავდამსხმელი არგენტინა არგენტინა ხოაკინ კორეა
20 ნახევარმცველი თურქეთი თურქეთი ჰაქან ჩალჰანოღლუ
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
21 მეკარე იტალია იტალია ალექს კორდაცი
22 ნახევარმცველი ჩილე ჩილე არტურო ვიდალი
23 ნახევარმცველი იტალია იტალია ნიკოლო ბარელა
24 ნახევარმცველი დანია დანია კრისტიან ერიქსენი
32 მცველი იტალია იტალია ფედერიკო დიმარკო
33 მცველი იტალია იტალია დანილო დ'ამბროსიო
36 მცველი იტალია იტალია მატეო დარმიანი
37 მცველი სლოვაკეთი სლოვაკეთი მილან შკრინიარი
38 ნახევარმცველი იტალია იტალია მატია სანგალი
48 თავდამსხმელი ურუგვაი ურუგვაი მარტინ სატრიანო
77 ნახევარმცველი ხორვატია ხორვატია მარსელო ბროზოვიჩი
95 მცველი იტალია იტალია ალესანდრო ბასტონი
97 მეკარე რუმინეთი რუმინეთი იონუც რადუ
მეკარე ბრაზილია ბრაზილია გაბრიელ ბრაზანი

არენდით წასული ფეხბურთელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლუბის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პრეზიდენტი და მფლობელი ინდონეზიის დროშა სტივენ ჩჟანი
გენერალური მენეჯერი იტალიის დროშა მარკო ბრანკა
აღმასრულებელი მდივანი იტალიის დროშა ერნესტო პაოლილო
მთავარი მწვრთნელი იტალიის დროშა სიმონე ინძაგი

გამოჩენილი ფეხბურთელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინტერის ფეხბურთელებიდან გამოსარჩევია ისეთი ლეგენდები, როგორიცაა: ჯუზეპე ბერგომი, ხავიერ ძანეტი, ჯაჩინტო ფაკეტი, სანდრო მაცოლა, ჯუზეპე ბარეზი, მარიო კორსო, ვალტერ ძენგა, ტარცისიო ბურგნიჩი, ალესანდრო ალტობელი, რიკარდო ფერი, ჯუზეპე მეაცა. მათ სხვებზე მეტად უასპარეზიათ ინტერის მაისურით. ასევე სხვა და სხვა დროს ინტერის ღირსებას იცავდნენ ისეთი ცნობილი ვარსკვლავები, როგორებიცაა: ლუის სუარესი, ჟაირ და’კოსტა, რობერტო ბონინსენია, ჰერბერტ პროჰაზკა, ფულვიო კოლოვატი, მარკო ტარდელი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, სალვატორე სკილაჩი, ლოთარ მათეუსი, ანდრეას ბრემე, იურგენ კლინსმანი, დენის ბერგკამპი, იური ჯორკაეფი, რობერტო ბაჯო, რონალდო (ლუის ნაზარიო დე ლიმა), ფრანჩესკო ტოლდო, მარკო მატერაცი, ანდრეა პირლო, კრისტიან ვიერი, კლარენს ზეედორფი, ხუან სებასტიან ვერონი, გაბრიელ ბატისტუტა, ფაბიო კანავარო, ლუიშ ფიგუ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, სამუელ ეტო’ო, ესტებან კამბიასო, ჟულიო სეზარი.

ინტერის პრეზიდენტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • იტალიის დროშა ჯოვანი პარამიტიოტი, 1908–1909
  • შვეიცარიის დროშა ეტორე შტრაუსი, 1909–1910
  • იტალიის დროშა კარლო დე მედიჩი, 1910–1912
  • შვეიცარიის დროშა ემილიო ჰირცელი, 1912–1914
  • შვეიცარიის დროშა ლუიჯი ანსბახერი, 1914
  • იტალიის დროშა ჯუზეპე ვისკონტი დი მოდრონე, 1914–1919
  • იტალიის დროშა ჯორჯო ულსი, 1919–1920
  • იტალიის დროშა ფრანჩესკო მაურო, 1920–1923
  • იტალიის დროშა ენრიკო ოლივეტი, 1923–1926
  • იტალიის დროშა სენატორე ბორლეტი, 1926–1929
  • იტალიის დროშა ერნესტო ტორუზიო, 1929–1930
  • იტალიის დროშა ორესტე სიმონოტი, 1930–1932
  • იტალიის დროშა ფერნანდო პოცანი, 1932–1942
  • იტალიის დროშა კარლო მასერონი, 1942–1955
  • იტალიის დროშა ანჯელო მორატი, 1955–1968
  • იტალიის დროშა ივანო ფრაიცოლი, 1968–1984
  • იტალიის დროშა ერნესტო პელეგრინი, 1984–1995
  • იტალიის დროშა მასიმო მორატი, 1995–2004
  • იტალიის დროშა ჯაჩინტო ფაკეტი, 2004–2006
  • იტალიის დროშა მასიმო მორატი, 2006–2013
  • ინდონეზიის დროშა ერიკ თოჰირი, 2013-იდან დღემდე

ინტერის მწვრთნელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Italy – List of Champions. RSSSF.[მკვდარი ბმული]
  2. Inter join exclusive treble club. uefa.com. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო, 2012.
  3. Struttura Italian. sansiro.net. San Siro. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივნისი, 2010. ციტირების თარიღი: 4 ოქტომბერი, 2010.
  4. Is this the greatest derby in world sports?. Theroar.com.au (26 იანვარი, 2010). ციტირების თარიღი: 28 სექტემბერი, 2011.
  5. Italia, il paese nel pallone Italian (PDF). demos.it გვ. 3, 9–10 (24 სექტემბერი, 2010). ციტირების თარიღი: 20 ივლისი, 2011.
  6. TP Mazembe 0–3 Internazionale. ESPN Soccernet (18 December 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 დეკემბერი, 2010. ციტირების თარიღი: 18 December 2010.
  7. „Inter and Benitez separate by mutual agreement“. inter.it. 23 დეკემბერი, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-26. ციტირების თარიღი: 2017-06-20. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  8. „Welcome Leonardo! Inter's new coach“. inter.it. 24 დეკემბერი, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-27. ციტირების თარიღი: 2017-06-20. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  9. 9.0 9.1 Press release: Internazionale Holding S.r.l. F.C. Internazaionale Milano (1 August 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 5 ივნისი, 2015.
  10. F.C. Internazionale Milano S.p.A. bilancio (financial report and accounts), 30 ივნისი, 2013, PDF purchased from Italian C.C.I.A.A.
  11. Inter Milan Sells 70% Stake To Indonesia's Erick Thohir At $480M Valuation (16 ოქტომბერი, 2013).
  12. F.C. Internazionale statement. F.C. Internazaionale Milano (15 ნოემბერი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-08. ციტირების თარიღი: 5 ივნისი, 2015.
  13. FC Internazionale Milano SpA signs an agreement to open capital to new investors. F.C. Internazaionale Milano (15 ოქტომბერი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-23. ციტირების თარიღი: 6 ივნისი, 2015.
  14. F.C. Internazionale Milano S.p.A. bilancio (financial report and accounts), 30 ივნისი, 2014, PDF purchased from Italian C.C.I.A.A.
  15. F.C. Internazionale Milano and D.C. United announce collaborative agreement. F.C. Internazaionale Milano (2 დეკემბერი, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-06-08. ციტირების თარიღი: 6 ივნისი, 2015.
  16. Persib mentored by Inter Milan. Sindonews (9 იანვარი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-05-28. ციტირების თარიღი: 2017-06-20.
  17. Suning Holdings Group acquires majority stake of F.C. Internazionale Milano. F.C. Internazionale Milano (6 ივნისი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-09. ციტირების თარიღი: 6 ივნისი, 2016
  18. F.C. Internazionale statement. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-12. ციტირების თარიღი: 2017-06-20.
  19. F.C. Internazionale statement. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-03. ციტირების თარიღი: 2017-06-20.
  20. http://www.bbc.co.uk/sport/football/40225010
  21. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-29. ციტირების თარიღი: 2017-06-20.